პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სპორტის ექსპერტები სკოლებში სპორტის სწავლების შესახებ

ქართული სპორტის ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც დიდი წარმატებისთვის სკოლის მოსწავლეებს მიუღწევიათ. სპორტული განათლების სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი კონკრეტულ საჯარო სკოლებში სპორტული განათლების მაღალი ხარისხი იყო, რადგან ახალგაზრდა სპორტსმენებმა საბაზისო სპორტული განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ. დღეს სპორტის სწავლების კუთხით სათანადო დონეზე მდგომი სკოლა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა. მსოფლიო გამოცდილება კი გვაჩვენებს, რომ მოზარდისთვის სპორტის გაკვეთილებს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
სპორტის ექსპერტსა და სპორტულ კომენტატორს ვახტანგ გეგელიას მიაჩნია, რომ ქართული სკოლებისთვის ავსტრიული მოდელი ყველაზე მისაღები უნდა იყოს. ბატონი ვახტანგის თქმით, ავსტრიაში სპორტული განათლება სასკოლო ასაკიდანვე მაღალ დონეზე დგას და ეს განსაკუთრებით სპორტის ზამთრის სახეობებს ეხება. 
ვახტანგ გეგელია: “არაერთი ქვეყნის სპორტული განათლების სისტემა მინახავს, ბევრის შესახებაც წამიკითხავს და დავრწმუნდი, რომ ავსტრიის მაგალითია ჩვენთვის ძალიან საინტერესო. ავსტრიაში, ჩვეულებრივ სახელმწიფო სკოლებთან ერთად, სპორტული სკოლებისა და ინტერნატების ფართო ქსელია გაშლილი. ბავშვებს განსაკუთრებით ზამთრის სახეობებში ავარჯიშებენ და ზამთრის ოლიმპიადებზე ამ ქვეყნის ასეთი კარგი შედეგებიც სწორედ სპორტის სწავლების მაღალი ხარისხის დამსახურებაა. ზამთრის სპორტი, რასაკვირველია, ჩვენთანაც აქტიურად უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ, ალბათ მაინც საქართველოსთვის ტრადიციულ სახეობებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ესენია ძიუდო, ჭიდაობა, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი… ავსტრია, საქართველოს მსგავსად, პატარა ქვეყანაა, მაგრამ იქ უკვე იმდენს მიაღწიეს, რომ ავსტრიელი სპორტსმენები მრავალ სახეობაში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებიან. ვფიქრობ, ჩვენც სწორედ ამისაკენ უნდა ავიღოთ გეზი”.
სპორტის სპეციალისტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ დღეს ქართულ საჯარო სკოლებში სპორტის სწავლების მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ძალზე დაკნინებულია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად სპორტის მასწავლებლების მომზადება-გადამზადება არ კმარა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ავთანდილ ბერიძე მიიჩნევს, რომ ახალ ქართულ სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, არ გააჩნია ახალგაზრდობის სპორტული აღზრდის გეგმა და სტრატეგია. ასეთი სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში მწვრთნელებსა და სპორტის მასწავლებლებს ზუსტად ეცოდინებოდათ, რა შედეგები სჭირდება ქვეყანას და რა უნდა იყოს ბავშვისთვის მინიმალური სპორტული მონაცემების ზღვარი.
ავთანდილ ბერიძე: “ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის სწავლებისას ზუსტი და სწორად გათვლილი სტანდარტების დაწესება. საბჭოთა კავშირის დროს სპორტის მასწავლებლებს განათლების სამინისტრო მიუთითებდა, საშუალოდ რა მანძილზე უნდა ერბინათ მოზარდებს, რა მანძილზე უნდა გადამხტარიყვნენ ქვიშაში, რამდენი აზიდვა უნდა გაეკეთებინათ ტურნიკზე და სხვა. ეს იყო მინიმალური ზღვარი, რომლის გადალახვაც მცირედი მონდომების შემთხვევაში, ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო. ახლა, სამწუხაროდ, ეს ნორმები ბევრმა სპორტის მასწავლებელმა არ იცის და ხშირად ყველაფერი მათ სურვილზეა დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, ყველა მოზარდს ერთნაირი მონაცემები ვერ ექნება, თუმცა საშუალო დონე განსაზღვრული უნდა იყოს. ერთ სამწუხარო რამეს გეტყვით: რომ დააჯამოთ, მაგალითად, 80-იან და 90-იან წლებში დაბადებულთა სპორტული მაჩვენებლები, სამწუხარო შედეგებს მიიღებთ. აშკარაა, რომ ყოველი მომდევნო თაობა ჩვენს ქვეყანაში მთლიანობაში უარეს სპორტულ შედეგებს აჩვენებს (სირბილში, გამძლეობაში, ხტომაში და სხვა), ვიდრე წინა. არც 2000-იანების თაობაა უკეთესი. რა თქმა უნდა, ის უფრო ბევრ რამეში ერკვევა, უკეთ იცნობს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მაგრამ სპორტში ერთობ არასახარბიელო მონაცემები აქვს. სრულიად სხვა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც მოზარდების ზოგადი მაჩვენებლები წლიდან წლამდე უმჯობესდება”.
თანამედროვე სპორტში ძალიან გაიზარდა ფიზიკური დატვირთვა, რაც სპორტის ბევრ სპეციალისტს არ მოსწონს. ზოგიერთი ფიზიოთერაპევტი იმასაც კი ამბობს, რომ ასეთი დატვირთვით ახლანდელ ბავშვებს ჭარმაგ ასაკში შესაძლოა გულთან დაკავშირებული დაავადებები განუვითარდეთ. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმად, სპორტში ზედმეტი დატვირთვა არ არსებობს და ადამიანის ორგანიზმს რისი ატანაც შეუძლია, იმაზე მეტს, უბრალოდ, ვერ იგუებს.

ავთანდილ ბერიძე: “არაერთი ცნობილი სპორტსმენი მივარჯიშებია. ძიუდოისტით დაწყებული, ფეხბურთელითა თუ კალათბურთელით დამთავრებული, ვისაც ფიზიკური კონდიციის ამაღლება სურს, ჩემთან მოდის. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოჭადრაკეს სირბილში ფეხბურთელისთვის გაუსწრია. ეს იმიტომ, რომ ის ფეხბურთელი ბავშვობიდან სპორტულად არასწორად აღზარდეს. ზოგიერთ მწვრთნელსა და სპორტის მასწავლებელს მიაჩნია, რომ თუ მოზარდს სპორტული ტექნიკა განუვითარეს, ეს სავსებით საკმარისია და მხოლოდ ტექნიკით შეიძლება ფონს გასვლა. ეს მიდგომა საფუძველშივე მცდარია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სახეობაში მოთამაშე ასაკობრივი ნაკრებებია. ჩვენი ჭაბუკები სასკოლო ასაკში ძალიან კარგად ასპარეზობენ, ბევრ ტიტულსაც იგებენ, მაგრამ მიაღწევენ 17-18 წელს და ვეღარაფერს აკეთებენ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორი ფიზიკური აღზრდის გამო კონკურენციას ვეღარ უწევენ უცხოელ თანატოლებს, რომლებიც ბავშვობიდანვე მთელი დატვირთვით ემზადებიან და ჭაბუკობისას უკვე დიდ ტალანტებად გვევლინებიან. სწორედ აქედან მოდის ქართველი სპორტსმენის შესახებ გავრცელებული წარმოდგენა. უცხოელებმა იციან, რომ ქართველი ტექნიკურია, მაგრამ ფიზიკურად სუსტი და მისი დაჩაგვრა უშუალო შერკინების დროს, თუნდაც სათამაშო სახეობებში, ყოველთვის შეიძლება. აი, ამას უნდა ვებრძოლოთ ყველა!”
ზემოთ ნახსენები პრობლემების კვლევას კვლავ სკოლასთან, უკეთ, სკოლებში სპორტის უხარისხო სწავლებასთან მივყავართ. საქმეს ისიც ართულებს, რომ მოსწავლეთა მშობლების ნაწილს სპორტის სწავლების ხარისხი დიდად არ ანაღვლებს. სპორტის გაკვეთილებს დღეს ძალიან ცოტა ბავშვი ესწრება, საგანი არაპოპულარულია. ვახტანგ გეგელიას მიაჩნია, რომ გამოსავალი კარგი ევროპული მაგალითების გადმოღება და სწორად განხორციელებაა. მისი თქმით, სკოლებში სპორტის სწავლების საქმეს ის ხალხი უნდა წარუძღვეს, ვინც არა მხოლოდ კარგი პედაგოგი, არამედ კარგი ფსიქოლოგიც იქნება და სპორტიც ეყვარება.
ვახტანგ გეგელია: “50 წლის გავხდი და კარგად მახსოვს, ჩემი მოსწავლეობის დროს ფიზკულტურის გაკვეთილი გამორჩეული სიყვარულით სარგებლობდა. მაშინ არ იყო კომპიუტერი და სხვა ასეთი გასართობები, თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა მიზეზი, რომ ფიზკულტურა გვიყვარდა – თავად მიდგომა, დამოკიდებულება იყო სხვანაირი. სპორტსმენები გმირებად მიგვაჩნდა და გვსურდა, მათ დავმსგავსებოდით. მომავალ თაობასაც სწორედ ასეთი გმირები სჭირდება და არა ცრუგმირები, რომელთა მიბაძვა არც სწორია და არც რაიმე ღირებულს შეგვძენს.
ჩემი აზრით, ყოფილი სპორტსმენების სასწავლო პროცესში ჩაბმა ძალიან კარგი იდეაა. მათი გამოცდილება და ავტორიტეტი ბევრ მოზარდს გაუღვიძებს სპორტისადმი ინტერესს და ყველა ბავშვისგან დიდ სპორტსმენს თუ არა, ჯანსაღ პიროვნებასა და კარგ მოქალაქეს მაინც მივიღებთ.
აუცილებელია ბავშვებზე მუდმივი სამედიცინო დაკვირვება და სპორტთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციათა გათვალისწინება. ტალანტები არ გვაკლია; უბრალოდ, ამ საქმის სწორი ორგანიზაციაა საჭირო”.
ვახტანგ გეგელიას თქმით, უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს, რომელთა მიხედვითაც, ცნობილი სპორტსმენები სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ სკოლებში მასწავლებლებად მიდიან. გაამართლებს თუ არა ეს პროექტი საქართველოში, ჯერ, რა თქმა უნდა, არავინ იცის, თუმცა სპორტის ქართველი სპეციალისტები ამ აზრს განიხილავენ და უკვე ბევრი მხარდამჭერიც ჰყავთ.
როდესაც უკანასკნელ ზაფხულის ოლიმპიადაზე, ლონდონში, ოქროს მედალი 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, სააგენტო “როიტერის” ბრიტანელ ჟურნალისტს საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი წევრისთვის უთქვამს:” თქვენს პატარა ქვეყნაში იმდენი ცნობილი მოჭიდავე გაიზარდა, ქართველი ბავშვები ალბათ ჭიდაობის მეტს არაფერს აკეთებენო”. ჟურნალისტის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ საქართველოში სულ რამდენიმე ჭიდაობის სკოლაა და ისინიც, მცირე ფინანსების გამო, სათანადოდ ვერ ფუნქციობს. არადა, მთელ მსოფლიოში ყველა აღიარებს, რომ სპორტი პირველ რიგში ბავშვებსა და მათ მომავალზე დგას!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი