პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

არჩევითი დავალებები

ერთ მზიან შუადღეს მეექვსეკლასელმა ნინიმ საუბარი შემაწყვეტინა და ლურჯ ცელოფანში შეფუთული ნივთით ხელში მასწავლებლის მაგიდისკენ გამოემართა. ნინის უცნაურმა საქციელმა ყველა გაგვაკვირვა. რაღაც მინდა გაჩვენოთო და დროის დათმობა მთხოვა. მთელი არსებით მოეცვა წინასწარ განზრახულ ქმედებას. სანამ გაგვიმხელდა, რა ჰქონდა საგულდაგულოდ შეფუთული, საუბარი დაიწყო.

თქვენ რომ დაგვავალეთ დავალების დამოუკიდებლად არჩევა, ბავშვებს გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდათ, ამიტომ გადავწყვიტე, მათთვის საქმე გამეადვილებინა და თავად მოვიფიქრე დავალებებისთვის ინსტრუქციაო. მერე სათუთად გამოიღო მქრქალი ცისფერი, თეთრი ყვავილებით მოჩითული ლანგარი, რომელზეც 25 ქლიავისჯემიანი მაფინი იდო. ოთახში ვანილის სურნელი დატრიალდა. პაწაწინა ნამცხვრებში ჩარჭობილი იყო ქაღალდები საშინაო დავალების ინსტრუქციებითურთ. ლანგარი მარდად ჩამოატარა კლასში და სანამ კუთვნილ დავალებებს წავიკითხავდით, მაფინებს მუსრი გავავლეთ. კიდევ უფრო გაგვაკვირვა იმის გაგებამ, რომ ნამცხვრები თავად გამოეცხო და სოფლიდან ჩამოტანილი ქლიავის ჯემით მოერთო. ყველას, მათ შორის – კლასის დამრიგებელ მარი მასწავლებელსაც, შეგვხვდა ერთი დავალება.

მეორე დღეს, ოთხი მოსწავლის გარდა, დავალება ყველას შესრულებული ჰქონდა. სანამ სხვები კითხულობდნენ, ოთხივემ გაართვა თავი დავალების ინსტრუქციას.

ყველაფერი კი დაიწყო მეოთხე კლასში, რომელსაც პირველი კლასიდან ვასწავლი და ამ ხნის განმავლობაში ბავშვებმა დავალებების ინსტრუქციები კარგად გაითავისეს. დიფერენცირებული სწავლების პრინციპის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, მათთვის არჩევითი დავალებები შემეთავაზებინა. ვთხოვე, ჩემთვის ეკარნახათ იმ აქტივობათა სახელები, რომლებიც უყვართ. შედეგმა ჩემზე მეტად მოსწავლეები გააკვირვა. დაფა გადაიჭედა. სახელიც შევურჩიეთ – დავალებების სკივრი. ასევე, მსურდა, პატარა კვლევა ჩამეტარებინა, კერძოდ, დავკვირვებოდი, თავისუფალი არჩევანის მიცემისას რომელ და რამდენ დავალებას შეარჩევდნენ, რა მოსწონთ, რა უადვილდებათ, როგორი შესაძლებლობები აქვთ.

დავალებების სკივრში შემდეგი აქტივობები მოხვდა:

  1. სიტყვის რუკა;
  2. წერილი პერსონაჟს;
  3. პერსონაჟის დღიური;
  4. დღის ჩანაწერი;
  5. ხუთწუთიანი ესე;
  6. პერსონაჟის დღის ჩანაწერი;
  7. გმირის რუკა;
  8. კომიქსი;
  9. პერსონაჟის ალაპარაკება;
  10. ვენის დიაგრამა;
  11. დახატე ის, რაც გულით მოგეწონა;
  12. ხუთი მნიშვნელოვანი ფაქტი;
  13. კროსენსი;
  14. პერსონაჟების ჩატი;
  15. ამბის ჩარჩო (თავიდან…, შემდეგ…, ბოლოს…);
  16. წერილი კლასელს;
  17. თავისუფალი თემა;
  18. ნივთის აღწერა;
  19. კედლის გაზეთი;
  20. დიორამა;
  21. სიტყვის ლოტო.

დავალებების სკივრმა ბავშვები გამოაცოცხლა. მეორე დღეს ერთი სული ჰქონდათ, ჩემთვის გაეზიარებინათ თავიანთი არჩევანი. მათი რვეულები შინ წავიღე და სათითაოდ დავაკვირდი, ვის რა ჰქონდა შერჩეული.

უმეტესობას ხუთწუთიანი ესე, დღის ჩანაწერები, სიტყვისა და გმირის რუკა შეერჩია. რამდენიმეს ერთზე მეტი დავალება შეესრულებინა. მაგალითად, კომიქსი წიქარასა და ბიჭის შესახებ, პერსონაჟის ჩატი, წერილი ლენას „ვაფლის გულებიდან“, დღის ჩანაწერი, ეპიზოდის ილუსტრაცია – ეს ხუთი დავალება ანის რვეულში აღმოვაჩინე, ხოლო საბამ რვა დავალებით გაგვაოცა: სიტყვის რუკა, დღის ჩანაწერი, კომიქსები, ხუთი ნივთის აღწერა, ხუთწუთიანი ესე, პერსონაჟის ალაპარაკება, ნივთის ალაპარაკება, რეცეპტი.

დავალებების შემოწმებისას ერთი განსაკუთრებული ამბავი მოხდა. ნუცას შეერჩია თავისუფალი თემა სახელად „იღბლიანი დღე“. ათი წლის გოგო ჰყვებოდა, როგორ აღფრთოვანდა ავტობუსში ერთი გოგოს გულსაბნევებით. მერე გავბედე, მივესალმე და ვუთხარი, რა ლამაზია თქვენი გულსაბნევებიო. უცნობ გოგოს ერთი ცალი „ბროშკა“ ნუცასთვის უჩუქებია. ნუცას დავალებას რომ ვკითხულობდი, ორშაბათი დილა თენდებოდა. კვირას ჩემს პატარა გოგოს ეზოში ვასეირნებდი, თან „პეპი გრძელწინდას“ ვკითხულობდი. სწორედ იმ დროს მეგობრებთან ერთად ნუცამ ჩამოიარა, ძელსკამზე ჩამომიჯდა და საუბარი გამიბა. რა წიგნს კითხულობთო, მკითხა. შუადღის მზე სახეში ანათებდა და შავი თვალები მოეწკურა. წითელ ქუდზე ორი „ბროშკა“ მიემაგრებინა. საუბრის ბოლოს ვუთხარი, რომ ძალიან უხდებოდა. რამდენიმე საათში კი მის რვეულში ნუცას ლამაზი სამშვენისების ამბავი ამოვიკითხე. ახალი კვირა ამ ამბით დაიწყო. გაკვეთილიც საშინაო დავალების რვეულების მიმოხილვით, რჩევებითა და ნუცას „ბროშკების“ ამბის გაზიარებით დავიწყე.

ეს ყოველივე იმის დასამოწმებლად გიამბეთ, როგორი მნიშვნელოვანია საშინაო დავალებების გულისხმიერი კითხვა და უკუკავშირი. მეოთხე კლასისთვის შეთავაზებული დავალებების სკივრმა მეექვსე კლასში გადაინაცვლა და შემდეგ მერვე კლასამდეც მიაღწია. მათაც შევთავაზე დავალებების ნუსხის შედგენა და არჩევანი მივეცი.

მეექვსეკლასელი ნინის დავალებებიან მაფინებს დავუბრუნდეთ. გაგაცნობთ მის მიერ შერჩეულ ინსტრუქციებს, რომლებიც ჩემს რვეულში ჩავინიშნე:

  1. დახატე, რა ხდება შენს თავში;
  2. ქურდი რომ იყო, სად დამალავდი მოპარულ ნივთებს?
  3. სიტყვის რუკა;
  4. ოდესმე თუ დაუმეგობრდები უსახლკარო ადამიანს და რატომ?
  5. წიგნში დაიჭირე სამი კადრი, დახატე და დაასაბუთე შენი არჩევანი;
  6. თხრობა მთხრობელის შეცვლით;
  7. გაავლე პარალელი ამ წიგნთან;
  8. პერსონაჟის დღიური;
  9. ახლა როგორ ხასიათზე ხარ? ილაპარაკე ხასიათის შესახებ;
  10. რას გააკეთებდი ქურდის დასაჭერად?
  11. შეავსე ჩაღრმავებული კითხვის სქემა;
  12. უსახლკარო რომ იყო, რას გააკეთებდი, რას შეჭამდი და სად იცხოვრებდი?
  13. შეავსე ორმხრივი ჩანაწერების დღიური;
  14. შენი აზრით, როგორ გაგრძელდება წიგნი?
  15. თხრობის ჩარჩო;
  16. რომელია შენი საყვარელი თავი ამ წიგნიდან?
  17. დაწერე შენს ოცნებებზე;
  18. „გმირი ღამის ავტობუსიდან“ შეარჩიე 3 წინადადება და დაასაბუთე, რატომ მოგწონს;
  19. თავისუფალი თემა;
  20. მისწერე წერილი პერსონაჟს;
  21. შეავსე ვენის დიაგრამა.

 

ნინის დავალებათა ნუსხიდან შემხვდა: 1. თხრობის ჩარჩო; 2. შენი აზრით, როგორ გაგრძელდება წიგნი? – დამრიგებელს, მარი მასწავლებელს კი – ვენის დიაგრამა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ნინის მიერ ასე სახალისოდ მოფიქრებულმა დავალებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მეორე დღეს მთელი გაკვეთილი დავუთმეთ დავალებების კითხვას. მეც საგულდაგულოდ დავწერე, წავუკითხე და, როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა სწავლისადმი მოტივაცია აამაღლა. ერთი კვირის შემდეგ კიდევ ერთი მეექვსეკლასელი გოგო, ნატალი, მოვიდა სკოლაში ულამაზესად გაფორმებული ყუთით. შიგნით დავალებებთან ერთად კანფეტები მოეთავსებინა და სათითაოდ დაგვირიგა.

ნატალის დავალებებიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა:

  1. თავისუფალი თემა – დაწერე, რაც შენ გინდა;
  2. დაწერე თომასის დღიური კლასის საკითხავი წიგნიდან „გმირი ღამის ავტობუსში“;
  3. დაწერე შენს საყვარელ კალამზე;
  4. დაწერე ხუთწუთიანი ესე;
  5. აალაპარაკე შენი საყვარელი მულტფილმის გმირი;
  6. რვაწუთიანი ესე;
  7. მოიფიქრე კლასისთვის სახალისო დავალება;
  8. წარადგინე შენი საყვარელი ორი ნივთი;
  9. სკოლაში მოიტანე ფოტო და გვიამბე მისი ისტორია;
  10. თაბახის ფურცელზე დაწერე თომასისა და ჰექტორის დიალოგი;
  11. როდესაც ლიტერატურული კაფე გვექნება, შენ რომელი წიგნის წარდგენას აპირებ და რატომ?
  12. აღწერე შენი კლასელები;
  13. გვიამბე შენი საყვარელი მეგობრის შესახებ;
  14. დაწერე შენი საყვარელი დავალება;
  15. შექმენი სიტყვის რუკა ნებისმიერ სიტყვაზე;
  16. რა არის შენი ოცნება?
  17. შეავსე თხრობის რუკა ნებისმიერი თავის შესახებ წიგნიდან „გმირი ღამის ავტობუსში“;
  18. გაავლე პარალელი შენს ცხოვრებასა და რომელიმე წიგნს შორის;
  19. დაწერე შენს საყვარელ წიგნზე. რატომ მოგწონს?
  20. აღწერე შენი საყვარელი ლელა მასი. როგორია ის?
  21. აბრუნე ნებისმიერი ორი სიტყვა.

ამჯერად ჩემი დავალება ამგვარი აღმოჩნდა: პარალელი უნდა გამევლო ჩემს ცხოვრებასა და რომელიმე წიგნს შორის.

სწორედ იმ დილას, სანამ ჩემი 13 წლის გოგო სკოლისთვის ემზადებოდა, მე ლაპუტას შესახებ ვუამბობდი. „ლაპუტა, ზეციური კოშკი“ ჰაიაო მიაძაკის ანიმეა. მთავარი პერსონაჟი ბიჭი მეგობარ გოგოს ლაპუტას შესახებ უამბობს და აჩვენებს ჯონათან სვიფტის წიგნს „გულივერის მოგზაურობა“. ანიმეში წიგნის მოტივის შემოტანამ ძალიან გამახარა. თან დიდი ხანია მინდოდა ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თარგმნილი „გულივერის მოგზაურობის“ წაკითხვა. თარგმანი „ინტელექტმა“ გამოსცა სერიით „სკოლაში საკითხავი წიგნი“. ყდის დიზაინერი თეონა ჭანიშვილია. უთენია ფურცელ-ფურცელ ვეძებე სქელტანიან წიგნში ლაპუტაში გულივერის მოგზაურობა და მივაგენი. მეექვსე კლასს სწორედ ამ ამბავს მოვუყევი. ისიც გავიხსენე, საბავშვო ბიბლიოთეკის სერიაში რომ იყო დაბეჭდილი „გულივერის მოგზაურობა“, ბევრჯერ რომ ვცადე წაკითხვა და ვერ შევძელი. ოცი წლის შემდეგ კი ჩემმა რაჭველმა მოსწავლემ, თამარმა, წაიკითხა და რამდენიმე წინადადებით წაკითხვის სურვილი გამიღვივა.

ნატალის დავალებას კიდევ ერთი საინტერესო პროექტის იდეა მოჰყვა. ალექსანდრემ მეორე დღეს მოიტანა ფოტო, რომელზეც მისი 80 წლის პაპა კურსელებთან ერთად არის აღბეჭდილი, მაგნიტით დაფაზე მიამაგრა და უზარმაზარი სიყვარულით გვიამბო, რომ პაპა უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე მეტროში მუშაობს. ალექსის მოსმენისას დიდი სურვილი გამიჩნდა, პაპა სკოლაში მოგვეწვია და პირადად გაგვეცნო.

კიდევ ერთი კვირის შემდეგ ნინის და ნატალის თანაკლასელმა სანდრომ გაგვაოცა. ხელნაკეთ, უცნაური ფორმის მუყაოს კოლოფში ფურცლის ნაკუწებზე დავალებების სამოცამდე ინსტრუქცია ეწერა. ფურცლების ნახევარი გაფერადებული იყო და მათზე დაწერილი სიტყვა უნდა დაგვეხატა, ხოლო დანარჩენ, გაუფერადებელ ფურცლებზე დაწერილი სიტყვები – აგველაპარაკებინა. გადავწყვიტეთ, დავალებები კლასშივე შეგვესრულებინა. დავარიგეთ თაბახის ფურცლები, ორ ნაწილად გავყავით, ფურცლის ზედა ნაწილზე დავხატეთ, ქვედაზე კი ნივთი გავასულიერეთ. მე ოჯახის დახატვა და თოფის ალაპარაკება მხვდა წილად.

სანდროს დავალებებიც დიდი სიხარულით შეასრულა მთელმა კლასმა.

კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც არჩევით დავალებებს მოჰყვა, ის იყო, რომ უფროსკლასელებმა და უმცროსკლასელებმა ერთმანეთისთვის დავალების ინსტრუქციები მოიფიქრეს და კლასიდან კლასში დავატარებ შესასრულებელ თუ შესრულებულ დავალებებს.

არჩევით დავალებებამდე სამწლიანმა შრომამ მიმიყვანა. საშინაო დავალების შერჩევა, ინსტრუქციაზე მუშაობა, პასუხისმგებლობის გაღვივება, ურთიერთმოსმენა, განმავითარებელი კომენტარები, მუდმივი უკუკავშირი ბავშვების შინაგანი მოტივაციის გაღვივების მიზეზად იქცა. თუ დააკვირდებით მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ დავალებებს, მასწავლებლის მიერ შეთავაზებულზე გაცილებით მრავალშრიანი და სახალისოა. დიდი ბედნიერებაა, უყურო მათ განვითარებას, უყურო, როგორ მიქრიან წინ – სიხარულით, ერთმანეთზე ფიქრითა და ქმედების სურვილით აღვსილები. ამავე დროს, არჩევითი დავალებები მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ინტერესებს არის მორგებული და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას უწყობს ხელს.

ამ დავალებების შესახებ ფოტოამბები იხილეთ ბლოგზე:

https://comreadspress.wordpress.com/2023/02/26/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/?fbclid=IwAR0oXYQkJY2DvDEH7j-O1siZT9zU5jZrLSdVd08mUJBQeDVD4MRwWn7nwMM

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი