შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მხატვრული პერსონაჟის ახლებური გააზრებისთვის

ცნობილია, რომ არ არსებობს მხატვრული ტექსტის ერთადერთი, კანონიკური წაკითხვა. როგორც ამბობენ, ის ყოველთვის მკითხველის პიროვნებაში “გადატყდება”, ანუ ხდება ნაწარმოების ინდივიდუალური აღქმა. ამავე დროს ყოველი ეპოქა, ყოველი თაობა მასში აღმოაჩენს ახალ სიღრმეებს, ახალ აზრებს, ახალ მინიშნებებს.

“ლიტერატურული ნაწარმოების აღქმა ისტორიული პროცესია, რადგან ხშირად ყოველი ეპოქა ხელახლა ახდენს ნაწარმოების ინტერპრეტაციას და საკუთარ მიზნებს, მოთხოვნილებებსა და წარმოდგენებს უქვემდებარებს მას. ნაწარმოების ახალი გაგება შეიძლება განსხვავდებოდეს ტრადიციული გაგებისგან, ახალ ინტერპრეტაციას შეიძლება თითქმის არაფერი ჰქონდეს საერთო წინამავალ ინტერპრეტაციასთან და, მიუხედავად ამისა, მხატვრული ნაწარმოების გაგება შეიძლება ორჯერვე იყოს მიღწეული” (რევაზ ყარალაშვილი). ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიტერატურის სწავლებისას. ხშირად კლასიკური ტექსტები, ლიტერატურული შედევრები იმ ინტერპრეტაციით ისწავლება, რომელიც ნაკლებად არის მნიშვნელოვანი და საინტერესო თანამედროვე მოსწავლისთვის. ამიტომაც დგება საკითხი მათი სწავლების საჭიროების შესახებ.
შესაძლებელია, ლიტერატურული შედევრების სწავლება ისეთი მიმართულებით წარვმართოთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო გახდეს თანამედროვე მოსწავლისთვის და, საზოგადოდ, 21-ე საუკუნის ადამიანისთვის. ამ მხრივ ბევრ მნიშვნელოვანს ვიპოვით კლასიკურ ტექსტებში.
ზემოთქმულის გათვალისწინებით შევეცდებით, განვიხილოთ “ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟის, ავთანდილის, მხატვრული სახე. მიჩნეულია, რომ თანამედროვე პიროვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი, აქტიური, დინამიკური. მას უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი. კრიტიკოსი აკაკი ბაქრაძე წერს: “ავთანდილის მოქმედება ყოველთვის შეესაბამება იმ კონკრეტულ ვითარებას, იმ კონკრეტულ სიტუაციას, რომელშიც მას უხდება მოქმედება. ასეთი მრავალმხრივობა ხასიათისა, მრავალმხრივობა მოქმედებისა იმდროინდელ ლიტერატურაში არც კი შეიძლება შეგვხვდეს სადმე, რადგან მაშინ ავტორები მიმართავდნენ ერთპლანიანობას. იმას, რასაც ავთანდილთან შეხვდებით, შეხვდებით მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს ან შემდეგ, მე-19 საუკუნის ლიტერატურაში, ან უკვე ჩვენს დროში, როდესაც ადამიანი წარმოდგენილია მისი მრავალმხრივი შინაგანი სამყაროთი ან მრავალმხრივი ქმედებით. ეს არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ავთანდილის ანალიზისას, მით უფრო, რომ მას დღევანდელობისთვისაც აქვს მნიშვნელობა. იგი დღევანდელობის გაკვეთილიც გახლავთ”.
ავთანდილი რომ უაღრესად ბრძენი და გონიერი ადამიანია, ამის შესახებ ბევრი რამ დაწერილა და ამჯერად ამ საკითხზე არ შევჩერდებით, მისი ხასიათის სხვა მხარეზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ავთანდილის თვისებებს შორის გამოვყოფთ მის საზრიანობას, მოხერხებულობას, პრობლემების გადაჭრის უნარს. იგი არც ერთ ვითარებაში არ იბნევა, ყოველთვის პოულობს გამოსავალს რთული სიტუაციიდან და იმ ნაბიჯს დგამს, რომელიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. თუ კარგად დავაკვირდებით ავთანდილის აზროვნებისა და მოქმედების სტილს, დავინახავთ, რომ იგი საფეხურებრივად მიჰყვება პრობლემის მოგვარებას და ყოველთვის სასურველ შედეგს აღწევს: განსაზღვრავს პრობლემას, წარმოისახავს ალტერნატიულ ვარიანტებს, განიხილავს მათ და შემდეგ აყალიბებს მოქმედების გეგმას.
რთულ ვითარებაში აღმოჩნდება უცხო მოყმის საძებრად წასული ავთანდილი, როდესაც გააცნობიერებს, რომ ორი თვეღაა დარჩენილი ვადის ამოწურვამდე. იგი შემდეგნაირად განსაზღვრავს პრობლემას:

“თქვა: თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად?
თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,
რომელსა ვეძებ ვერა ვცნა ამბავნი მე მისთანანი”.
ამ შემთხვევაში მას მკვდრად გამოაცხადებენ და დაიტირებენ. ავთანდილი ხედავს, რომ თითქმის გამოუვალ მდგომარეობაშია, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ ეძლევა და ასე იმხნევებს თავს:
“დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების”.
შემდეგ, როდესაც იგი ხატაელი ძმების დახმარებით მიაგნებს უცხო მოყმის კვალს, მასთან მიახლოებას არ ჩქარობს, ისევ მშვიდად განსაზღვრავს პრობლემას:
“რადგან ისი არის რადმე უცნობოდ და ასრე რეტად,
რომე კაცსა არ მოუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,
მივეწევი, შევიყრებით ერთმანეთის ცემა-ჟლეტად,
ანუ მოვჰკლავ, ანუ მომკლავს დაიმალვის მეტის-მეტად”.

პრობლემის განსაზღვრის შემდეგ ავთანდილი ნაკლებად სახიფათო გზას ირჩევს, თუმცა საკუთარ ძალაში დარწმუნებულია:

“სადაცა მივა, მივჰყვები, რაზომც მოჰვლოდეს ზღუდენი,
მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი”.

მკითხველი ხედავს, რა მოხერხებულად მოქმედებს მეორე დღეს ავთანდილი ასმათთან საუბრისას. იგი ხან ატირებულია (“ცრემლ-დენილი შეევედრა, ადგა, მუხლი მოუყარა”), ხან გულმოსული (“ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბჯინა”), ხან კი _ იუმორით აღსავსე (,,შემოჰყივლა, არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?”) და საბოლოოდ მაინც აღწევს საწადელს.
დღემდე საკამათო თემად რჩება ავთანდილის ურთიერთობა ფატმანთან და ჭაშნაგირის მოკვლა. აღსანიშნავია, რომ “ვეფხისტყაოსნის” გმირები უნივერსალური ეთიკური პრინციპებით ხელმძღვანელობენ. კოლბერგის მორალური განვითარების თეორიის მიხედვით, პოსტკონვენციურ დონეზე მყოფი ადამიანების აზროვნება ეფუძნება აბსტრაქტულ და ზოგად პრინციპებს, რომლებიც არ არის დამოკიდებული საზოგადოების წესებსა და კანონებზე. ასეთიAადამიანები სწორ და არასწორ საქციელს შინაგან უნივერსალურ კანონებზე დაყრდნობით განსაზღვრავენ. კრიტიკოსი თამაზ ვასაძე წერს: “რუსთაველის გმირები თავიანთი რაციონალიზმის კარნახით ზოგჯერ შორდებიან რაინდულ მორალს. ასე ხდება მაშინ, როცა რაინდული წესით მოქმედება მიზანშეუწონელი თუ სულაც დამღუპველია. რუსთაველის მიერ დანახულ რთულ, მრავალმხრივ ადამიანში რაინდულ კეთილშობილებასთან რაციონალურობა, პრაგმატულობა თანაარსებობს”.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჭაშნაგირის მოკვლა მაინც საკამათო თემად უნდა ჩაითვალოს და ამითაც არის მხატვრული ლიტერატურა ღირებული, რომ იქ მუდამ არის სადავო, სიღრმისეულად გასააზრებელი საკითხები, რომლებზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ არსებობს. რაც არ უნდა საკამათო იყოს ავთანდილის ცალკეული ქმედება, ერთი რამ ფაქტია: დიდ სიბრძნესა და გონიერებასთან ერთად იგი აღჭურვილია იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც სჭირდება ყველა ეპოქის, მათ შორის _ თანამედროვე ადამიანს. ის არის აქტიური პიროვნება, რომელსაც შეუძლია ურთულეს სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად მოქმედება.
“ჩვენთვის ავთანდილს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, რადგან ის ძალიან მკაფიოდ და ნათლად გვასწავლის, როგორ და რანაირად შეიძლება იყოს გამოყენებული სიბრძნეც და პრაქტიციზმიც, ანუ უნარი, ყველა კონკრეტულ ვითარებაში ადამიანმა იპოვოს გამოსავალი და იპოვოს გზა ხსნისა” (აკაკი ბაქრაძე).
ამ კუთხით დანახული ავთანდილი უფრო მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეთათვის. ჯობს, ამ მიმართულებით წარიმართოს მუშაობა გაკვეთილზე და ნაკლები ყურადღება დაეთმოს მისი ღვთაებრივი სილამაზისა თუ ზებუნებრივი ფიზიკური ძალის წარმოჩენას (თუმცა მოსწავლეებს იმდროინდელი ესთეტიკური პრინციპებიც უნდა ავუხსნათ).
ამრიგად, ჩვენ შევეცადეთ, გვეჩვენებინა, რომ კლასიკური ტექსტები ამოუწურავი წყაროა და მათი გამოყენება შესაძლებელია არა მარტო სულიერი ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად, არამედ იმ უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც, რომლებიც მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი