პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ხუთი გრძნობა და ბევრი ამბავი

კატო ჯავახიშვილის საბავშვო წიგნის „სიყვარულით, ელლი“ შესახებ

„მხოლოდ ის გაძლებს, რაც მარტოობაში ჩაისახა, ღმერთის პირისპირ“ – ეს „სადიდო აზრი“ ემილ ჩორანს ეკუთვნის. თუმცა მასში ზუსტად ის დვრიტაა, რასაც ყველა ბავშვი თავისებურად მოაწერდა ხელს, უფრო სწორად რომ ვთქვათ – საკუთარ თავში ბავშვობაშენახული ყველა ადამიანი – ვეებერთელა და შეუცნობელ სამყაროში, ღმერთის პირისპირ მარტოდმარტო მოთამაშე სული.

ამ აზრითაა დამუხტული პოეტ კატო ჯავახიშვილის საბავშვო წიგნი „სიყვარულით, ელლი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ეს პატარა, ელეგანტური წიგნი ავტორის დებიუტია საბავშვო ლიტერატურაში. ვინც კატო ჯავახიშვილის პოეზიას იცნობს (და ასეთი ბევრია!), მისთვის განსაკუთრებულად მოულოდნელი და საინტერესოა საბავშვო ტექსტი ავტორისგან, რომელიც უკიდურესი სიმძაფრით, სიურრეალისტური კოშმარებით და დაუნდობლად გაშიშვლებული ტკივილებით ქმნის მხატვრულ სამყაროს, დანტე ალიგიერისეული კარიბჭის ეპიგრაფით: „თქვენ აქ მომსვლელნო, იმედები დატოვეთ ყველა…“, თუმცა, სწორედ ეს წარმოსახვითი ფეიერვერკი, მრავალფეროვანი ვიზუალური იდეები და ემოციური ინტელექტის ზღაპრული ვიბრაციები დაეხმარა პოეტ კატო ჯავახიშვილს, შეექმნა ეს მშვენიერი ტექსტი, რომელიც თანაბრად სასიამოვნო და რაც მთავარია, საგულისხმო წასაკითხია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.

საგულისხმოც და საკურნებელიც. „სიყვარულით, ელლი“ თერაპიული ტექსტია, რომელიც მხატვრული სიტყვის/ამბის ზემოქმედებით ბავშვური სულის და ფსიქიკის ჭრილობებს ძალიან ფრთხილად და ფაქიზად ეხება.

ყველაფერი კი დიდი მარტოობით იწყება. პატარა გოგოს – ლილეს მარტოობით. ამ მარტოობას თავისი მიზეზი აქვს – გოგონას დედა გარდაიცვალა. ამ ტკივილით დაბნეული მამა ვეღარ ახერხებს შვილთან ურთიერთობას, ამიტომ ყველაზე მარტივ გზას ირჩევს – გაურბის მას, ფორმალური სიმკაცრით და „მშობლური“ კანონებით ცდილობს მისი ყურადღების მოპოვებას. ბებია იტალიაშია სამუშაოდ, მამაც სულ სამსახურშია – „მოწყენილობის კომიტეტში“, როგორც ლილე ეძახის. საერთოდაც, ყველაფერი მის გარშემო მოწყენისფერი ხდება. ამას ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ დედის სიკვდილზეც უცნაურად ელაპარაკებიან – ატყუებენ, თითქოს უცხო ქვეყანაშია წასული. არადა, ლილე ყველაფერს ხვდება. ეს ტყუილები, ენის მოჩლექა, გაუგებარი დამოკიდებულებები ლილეს დღითიდღე საკუთარ ნაჭუჭში კეტავს. ტანჯავს განცდა, რომ მისი არავის ესმის, რომ ყველამ პირი შეკრა მის წინააღმდეგ.

სწორედ ასეთ დროს ჩნდება მის ცხოვრებაში ზღაპრული მეგობარი, რომელიც, ცოტა ხნის წინ, ძალიან ყოფით გარემოში თვითონ დახატა – მწვანეთვალება, ორი ცეცხლისფერი ნაწნავით, ფეხზე ბებიას გამოგზავნილი ბოტასით, მწვანე ქურთუკით და თავზე პომპონიანი ქუდით, და რაც მთავარია – ზუსტად იმ ჭრელი კაშნეთი, რომელიც ოდესღაც მამამ დედას აჩუქა. ასე დაიბადა ელლი, გოგონა, რომელიც ლილემ ჯადოსნური კალმით ჩაიფიქრა და რომელმაც ამ კალმით მისთვის ზღაპარი დაწერა.

წარმოსახვითი მეგობრის იდეა ნაცნობია ლიტერატურაში. ის ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხიცაა, რომელიც პერსონაჟის მხატვრული სამყაროს ახალ პლასტებს ხსნის. ასეა ამ ტექსტშიც – ელლი ლილეს ანარეკლია, მისი „სხვაა“ – მისი განუხორციელებელი ოცნებების რეალიზება, მისი ყველა დაფარული შესაძლებლობის ამოფრქვევა და მთელი სამყაროს შემორიგება. სახელებიც ხომ მსგავსი აქვთ – ერთი აკუსტიკით და სემანტიკით – ელლი/ლილე – მზის შვილები, მზის ენერგიით დამუხტულები.

ელლიმ ლილეს მგრძნობიარე ბუნებას ტკივილისა და შიშის საბურველი უნდა ახადოს. ამ მიზნით იწყება მათი მოგზაურობა შეგრძნებების სამყაროში – ხედვა, ყნოსვა, შეხება, გემო და ყურთასმენა – ეს ხუთი მოვლენაა შესაცნობი და „მოსაშინაურებელი“. ელლი ამ ჯადოსნურ თავგადასავალში ისეთ პერსონაჟებს იშველიებს, რომლებმაც თავის დროზე ზუსტად ეს გზა გაიარა – შიშების მოთვინიერების და მგრძნობელობის კოსმიურ რეგისტრში დაუნჯების გზა.

გალაკტიონ ტაბიძე, ნიკო ფიროსმანი, ჰამლეტ გონაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე და მარიამ დემურია – ეს ხუთი სამყარო ამოიზრდება ლილეს და ელლის საოცარ მოგზაურობაში.

ყველამ ვიცით, რომ თოვლი თეთრია. მაგრამ როცა ციდან დაფრქვეულ თოვლში იისფერს დაინახავ, თან დაამატებ, რომ ის „ირიბია და ალმაცერი“, ეს უკვე მზერის ისეთი სიმაღლეა, სადაც მარტოობა არათუ ტანჯვად, არამედ ღვთაებრივ დღესასწაულად მოგეჩვენება; როცა ზოოპარკში გამომწყვდეული ჟირაფის თავისუფლებაზე ისე ძალიან ოცნებობ, რომ ხატვას იწყებ და ამ თავისუფლებას მას შენს ნახატში ანიჭებ, მაშინაც უნდა იცოდე, რომ ზოგჯერ ეს შენი დახატული ოცნება ამქვეყნად ყველა სინამდვილეზე ნამდვილია, თავისუფლებას კი იმ დროს განიცდი, „როცა ლომივით გშია, მაგრამ ჟირაფს წასვლის ნებას აძლევ“.

მაშინაც იმარჯვებ, როცა მერცხლისთვის მოქნეული ქვა ყველაზე მეტად შენ გეტკინება და ეს ტკივილი გულიდან სიმღერად წაგსკდება. უნდა იცოდე, რომ ასეთი სიმღერა სამყაროს ხმას გამოსცემს და როგორც დიდ წიგნში „ვეფხისტყაოსანშია“, მასზე „სმენად მხეცნიც მოვიდიან“… სამყარო სურნელის მრავალფეროვნებაცაა და რაც უფრო მეტად გაარჩევ ერთმანეთისგან ამ სურნელებებს, მით უფრო მეტად მოგაჯადოებს მშვენიერება და სიყვარული…

ტექსტს კომპოზიციურად კრავს ვირტუალური თეატრის ეპიზოდი – მარიამ დემურიას სამყაროში მოხვედრილი ლილე და ელლი სახელდახელო სპექტაკლის მონაწილეებად იქცევიან, სადაც საკუთარი თავი უნდა ითამაშონ. ამ სპექტაკლის უჩვეულობა იმაშია, რომ პიესაში არცერთი სიტყვა აღარაა – ყველა სიტყვა და ამბავი გამქრალია ფურცლებიდან. ამ თავსატეხს ლილეს მამა ამოხსნის – მათ მთავარი ამბავი უნდა იპოვონ, რომელიც ფურცელზე/სცენაზე დრამატურგიას დააბრუნებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ – რეალობაში ცხოვრებას დააბრუნებს. ეს მთავარი ამბავი კი, აი რა ყოფილა:

„ახლა მივხვდი, რომ როგორი მწარეც არ უნდა იყოს, სიმართლის თქმა სჯობს. მივხვდი, რომ ჩემი გოგონასთვის მხოლოდ მამა კი არა, მეგობარიც უნდა ვყოფილიყავი“, – ეს ლილეს მამის, სანდროს აღსარებაა. ჭეშმარიტებაც გაცხადებულია – „თურმე, როცა ადამიანები საჭირო სიტყვებს ვერ პოულობენ, ამბები გარბიან. და გარბიან არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ ჩვენი მეხსიერებიდანაც. აი, უკვე წიგნებშიც ყველაფერი თავის ადგილზეა. ყველა ამბავი დაბრუნებულა. თვალის ახელა ხომ ერთმანეთის პოვნას ნიშნავს“…

ამ წიგნის მნიშვნელოვანი პერსონაჟია ფსიქოლოგი, რომელიც, მართალია ყველაზე მცირე დოზითაა ტექსტში, თუმცა მისი ენერგია ყველა ეპიზოდში იგრძნობა. ის ერთგვარი ფარული „დირიჟორია“, რომელიც ამ თავგადასავალის მუსიკას ხელმძღვანელობს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია წიგნის მხატვრობაც – თეა აკობიას არაჩვეულებრივი, ნატიფი ილუსტრაციები, რომლებიც ამ თავაგდასავლის უზუსტეს ვიზუალიზაციას ქმნიან. თითოეული ნახატი დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, ერთდროულად ნაცნობი და უცნობი აქცენტებით, ბავშვობის სურნელითა და იდუმალებით სავსე.

ამბავი, რომელიც დიდი და მტკივნეული მარტოობიდან დაიწყო, თვითცნობის დღესასწაულით სრულდება – ლილემ საკუთარ თავთან ერთად, მამაც დაიბრუნა და მთელი სამყაროც. ზუსტად ისევე, როგორც წიგნებმა – სიტყვები, მარიამ დემურიას სპექტაკლში. ელლი კი სხვა ზღაპრებისთვის ემზადება, ის ტოვებს მეგობარს, რადგან ლილეს მარტოობა ახლა უკვე აღარაა საშიში. სამაგიეროდ, მისი ზღაპრები სხვა გოგონებს დასჭირდება, სხვა ბიჭებს, შესაძლოა უფროსებსაც კი… ყველას, ვინც შიშის და ტკივილის სიბნელეში ჩაწოლილა და დახმარება სჭირდება.

ეს წიგნი აცოცხლებს იმედს, რომ ამ სიბნელიდან გამოსასვლელი ძალა ყველა ადამიანშია. მთავარია, სწორად გამოიხმოს ის. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წარმოსახვითი მეგობარი, ვისთვის მფარველი ანგელოზი, ვისთვის ხილული სულიერი – ჩვენი „სხვა“, სამყაროს სარკეში ყველაზე უტყუარი პირადი ანარეკლი, რომელიც ზუსტად იმ თავგადასავალში შეგვიძღვება, რომელსაც თავად განვაპირობებთ, ჩვენი არაცნობიერი ენერგიითა და მეხსიერების ლაბირინთებით.

„სიყვარულით, ელლი“ ხელოვნების ძალასაც ეძღვნება. ძალას, რომელიც გადარჩენის/გამოსავლის გზას ყველაზე ღვთაებრივ ნათელში, ყველაზე კოსმიურ ფერებში გამოატარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი