შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

წარმატებაზე შეშლილთა სამყაროში  

სანამ თომას ბერნჰარდის „დაღმამავალის“ კითხვას დავიწყებდი, ვინ იცის, მერამდენედ გადავიკითხე რობერტ მუზილის „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“, რომლის ამოჩემების მიზეზიც კარგად ვერ გამირკვევია. ერთი კია: მიზიდავს და ყოველი წაკითხვისას თავბრუს მახვევს – თითქოს სხვა წიგნია, თითქოს ჩემი თვალიც სხვისი გამხდარა. ავსტრიელი მწერლების ნაწარმოებები განგებ არ დამიწყვილებია – ახალ საკითხავს დაუფიქრებლად წამოვავლე ხელი. ბერნჰარდის რომანის მთხრობელმა კი მატარებელში სწორედ მუზილის ამ წიგნის წაკითხვა მოინდომა, მაგრამ ვერ შეძლო, გული ვერ დაუდო. ცხადია, მატარებლის ლიტერატურას არც „დაღმამავალი“ მიეკუთვნება. ისიც არაერთხელ მიბრუნებას, ხელახლა გააზრებას მოითხოვს.

1953 წელს, ზალცბურგში სამი პიანისტი დამეგობრდება – ახალგაზრდები, რომლებიც შეუძლებლის შესაძლებლად ქცევას ისახავენ მიზნად: ისეთ წარმატებას უნდა მიაღწიონ, როგორიც სიზმრად არავის უნახავს, შემსრულებელსა და ინსტრუმენტს შორის მანძილი უნდა გააუქმონ, სხეულის ნაწილად უნდა გაიხადონ როიალი, რომელზეც დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებებს დაუკრავენ. „მინდა, „სტეინვეი“ ვიყო“, – ეს ფიქრი აქვთ, ეს რთულად აღსაქმელი სურვილი. მათ შორისაა გლენ გულდი, კანადელი ვირტუოზი, რომლის ჩრდილშიც ბუნებრივად მოექცევიან მისი ავსტრიელი მეგობრები, ბახის „გოლდბერგის ვარიაციების“ იდეალური შესრულებით თავზარდაცემულებს საბოლოოდ განზრახვაზე ხელის აღება რომ მოუწევთ. „გლენ გულდი რომ არ გამეცნო, ალბათ დაკვრას თავს არ დავანებებდი და ვირტუოზი შემსრულებელი გავხდებოდი, – გვიყვება უსახელო მთხრობელი, – იქნებ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი შემსრულებელიც კი გამოვსულიყავი-მეთქი, ვფიქრობდი სასტუმროში. მაგრამ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს რომ ვხვდებით, სხვა გზა აღარ გვრჩება, თავი უნდა დავანებოთ-მეთქი, ვფიქრობდი“.

გულდთან მეგობრობა კიდევ ერთი პიანისტისთვის აღმოჩნდება საბედისწერო. ვერთჰაიმერი ვერაფრით შეეგუება იმ აზრს, რომ ჰორიზონტს უფრო მეტად ვერ მიუახლოვდება, ბახისა თუ სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებების სრულყოფილად შესრულებას ვერ შეძლებს. „ვერთჰაიმერს არ შესწევდა უნარი, საკუთარი თავისთვის შეეხედა, როგორც უნიკალური მოვლენისთვის, – ვკითხულობთ წიგნში, – როგორც შეუძლია, როგორც უნდა შეეძლოს ყველას, თუ არ უნდა, რომ ჭკუიდან შეიშალოს. ყველა ადამიანი ერთადერთი და განუმეორებელია-მეთქი, სულ ვეუბნები საკუთარ თავს და ამან გადამარჩინა. […] ვერთჰაიმერს ამის საშუალება არ ჰქონია, ამიტომ უნდოდა სულ, რომ გლენ გულდი ან კიდევ გუსტავ მალერი ან მოცარტი და მისთანანი ყოფილიყო-მეთქი, ვფიქრობდი. ამან გააუბედურა ადრიდანვე და მერეც სულ ეს აუბედურებდა. გენიოსობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ვიყოთ განუმეორებელი და ამას კიდეც მივხვდეთ-მეთქი, ვფიქრობდი. ვერთჰაიმერი განუწყვეტლივ ვიღაცას ეჯიბრებოდა, სხვას ბაძავდა, სულ იმაზე მეტი უნდოდა, ვიდრე ჰქონდა…“  სწორედ ამ მიზეზით დაიწყება მისი დაღმასვლა, თვითგანადგურებისკენ სწრაფვა, რასაც, ცხადია, კეთილი ბოლო ვერ ექნება.

თომას ბერნჰარდის თვალი ყოფის მრავალ მხარეს სწვდება და დასაგმობსაც მალევე პოულობს წარმატებაზე შეშლილი ადამიანების სამყაროში. გამუდმებული შეჯიბრი ძალას აცლის მათ, სიცოცხლის დღეებს უმწარებს, საბოლოოდ კი ნაბიჯის წინ გადადგმას შეუძლებლად აქცევს. მოჯადოებულ წრეში მასწავლებლებიც ისევე არიან ჩართულნი, როგორც სხვები: „საითაც არ გაიხედავ, ყველგან ეს მუსიკის მასწავლებლები მოკალათებულან, ყველგან ესენი უკრავენ და სპობენ და ანადგურებენ ათასობით და ასიათასობით მოსწავლეს, თითქოს თავიანთი ცხოვრების მისიად უცევიათ, ჩანასახშივე ჩაკლან ახალგაზრდა მუსიკოსების განსაკუთრებული ნიჭი. სხვაგან ვერსად შეხვდები ასეთ უპასუხისმგებლობას, როგორიც გაბატონებულა ჩვენს მუსიკალურ აკადემიებში, რომელთაც ამ ბოლო დროს მუსიკალურ უნივერსიტეტებს უწოდებენ-მეთქი, ვფიქრობდი“. დიდია მათი, ისევე, როგორც მშობლების წილი ვერთჰაიმერის ტრაგედიაში. უბედურმა, თავგზააბნეულმა ადამიანებმა კიდევ ერთი უბედური, თავგზააბნეული გამოზარდეს.

მუზილის ტერლესიც ხომ მარტივად გაება ხაფანგში, მოძალადეც და მსხვერპლიც ერთდროულად გახდა. ბერნჰარდსაც იზიდავს ის ყველაფერი, რაც საბოლოოდ სიმართლისთვის თვალის გასწორებას მოითხოვს. მისი სიმართლე კი იქნებ უფრო თავზარდამცემიც იყოს – წარმატებით გაბრუებულებისთვისაც, წარუმატებლობით გაბრაზებულებისთვისაც, ახალი თაობის აღმზრდელებისთვისაც და მათთვისაც, სამოთხე რომ სადღაც სხვაგან ეგულებათ: ვენაში, ზალცბურგში…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი