პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აფრიკიდან აფხაზეთამდე და უკან

2009 წელს გიორგი ოვაშვილმა გადაიღო მხატვრული ფილმი „გაღმა ნაპირი”, რომელიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნა ნომინირებული. პრემიერა 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა ბერლინში. სურათი სულ ოცდაათამდე ქვეყანაში იქნა ნაჩვენები, უამრავი ჯილდო მიიღო, წარმატება მოუტანა რეჟისორს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ქართულ კინოში ძალიან ცოტაა თანამედროვე ფილმი, რომლის პოპულარობაც გასცდა საქართველოს საზღვრებს და უცხოელი მაყურებლისა თუ კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში მოექცა. „გაღმა ნაპირი” ტრაგიკული სურათია, რომელიც აფხაზეთის ომის შედეგად დაზარალებული ხალხის ყოფას, მათ ტკივილს ეხმიანება. თედოს შემზარავი ისტორია იმ საზარელი მოვლენების ანარეკლია, რომლებმაც უამრავი ხალხი შეიწირა, იძულებით აყარა საკუთარი მიწიდან და ფიზიკურად მოსპო. ეს მოუშუშებელი ტკივილია, რომელსაც თითოეული დევნილი დღესაც ისევე მძაფრად განიცდის, როგორც ომის დღეებში.
რეჟისორის ჩანაფიქრმა გაამართლა და წარმატებაც უმალ მოვიდა… საინტერესოა მთავარი გმირის სახე, რომლის როლიც ბრწყინვალედ შეასრულა არაპროფესიონალმა მსახიობმა, პატარა ბიჭმა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, 12 წლის თედო, რომელიც დედასთან ერთად გამოექცა ომს, სახლიდან გარბის და მარტო ბრუნდება აფხაზეთში, რათა სოხუმში დარჩენილი მამა იპოვოს.
არ ვიცი, მაყურებელმა იცის თუ არა, რომ ეს ფილმი ნუგზარ შატაიძის არაჩვეულებრივი მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული. ავტორმა გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის პრიზიც მიიღო.
ნაწარმოების ეკრანიზაცია საზოგადოებაში ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ერთნი მიიჩნევენ, რომ ფილმი ჯობია, მეორენი ლიტერატურულ პირველწყაროს ამჯობინებენ. კონკრეტულ შემთხვევაში პირადად მე ძალიან მიჭირს, ვიყო მიუკერძოებელი, კრიტიკული, რადგან მოთხრობამაც და ფილმმაც დიდი სევდა მომმგვარა. ეკრანზე გაცოცხლებული ამბავი ხშირად უფრო მძაფრ გრძნობებს იწვევს; ის, რასაც კითხვის დროს მხოლოდ წარმოიდგენ, თვალით დანახვისას გაცილებით მწარეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვს ეხება. მაგრამ არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ მოთხრობას წაიკითხავს და საოცარ ტკივილს არ იგრძნობს. ყოველივე ისეთი ადამიანური და ცოცხალი ენით არის მოთხრობილი, რომ მკითხველს წარმოსახვის დაძაბვა აღარ სჭირდება.

ნუგზარ შატაიძე ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე მწერალია. მისი მოთხრობები, ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ისწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, რაც ნამდვილად მისასალმებელია. საოცარია, მაგრამ მის ძირითად პროფესიას ლიტერატურასთან საერთო არაფერი ჰქონია – მან პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სპეციალობით თბოენერგეტიკოსი გახლდათ. ერთი შეხედვით რადიკალურად განსხვავებულ საქმიანობას მისთვის ხელი არ შეუშლია, სულიერებით სავსე ნაწარმოებები შეექმნა. თავად ამბობდა: „ჩემთვის ამბავი კი არ არის მთავარი, არამედ მარჯვედ ნაპოვნი სიტყვა და ამ სიტყვებისგან აგებული მარჯვე წინადადებაო”. მართლაც, ამბებს რა გამოლევს – ვიდრე ადამიანი არსებობს, იარსებებს ამბავიც; მთავარი ისაა, ვინ როგორ მოჰყვება, როგორ მიაწვდის მკითხველს. ამ თვალსაზრისით თანამედროვე ლიტერატურა ძალიან მრავალფეროვანია.

კიბერსამყაროში ადამიანები ადამიანური პრობლემებისთვის თითქოს ვეღარ ვიცლით. ზოგჯერ ჩვენი ყოფა ვირტუალურ თამაშს წააგავს – მიზნისკენ მივიწევთ, ერთიმეორის მიყოლებით ვლახავთ დაბრკოლებებს, ვეფლობით ყოველდღიურ საზრუნავში და გვავიწყდება ის ადამიანები, ვისაც ძალიან ვჭირდებით. ახალ საუკუნეში უფრო პრაგმატულები გავხდით, სხვისი ტკივილი შორეული, უცხო და გაუგებარი გვეჩვენება. თუმცა არსებობს ადგილი, სადაც ხშირად ვიჩენთ თანაგრძნობას. ეს ადგილი ქუჩაა, სადაც შენი თვალთახედვის არეში უამრავი გაჭირვებული ადამიანი ექცევა. ოღონდ წამიერად, მერე კი ყველაფერს დავიწყების მდინარე წალეკავს…
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში” სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს ქუჩებში მოგზაურობა. პარადოქსია, მაგრამ აფრიკა ჩვენთანაც არის. თბილისი ხომ ცხოვრების გზაა, სადაც ყველანი ერთმანეთის მეგობრები ან მტრები ვართ – ჩვენი შინაგანი მოცემულობა არ გვაძლევს საშუალებას, შუაში ვიდგეთ. ამ გზაზე თან გვდევენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენგან, ერთი შეხედვით, მხოლოდ ფინანსური თანადგომა სჭირდებათ. ვინ იცის რამდენჯერ გაგვიღია მოწყალება ქუჩაში მარტოდმარტო მოხეტიალე, ჭუჭყიანი, მიტოვებული პატარა ბავშვების დასახმარებლად, ბავშვობადაკარგული თვალებით რომ შემოგვცქერიან და თითქოს ხსნას ელიან. ალბათ, გაგიგონიათ, რომ პატარები მოწყალების მიღებას არ უნდა მივაჩვიოთ – მათ უნდა იცოდნენ, რომ ადამიანმა მხოლოდ თავისი შრომით უნდა მოიპოვოს ლუკმაპური, მაგრამ… არსებობს უამრავი „მაგრამ”, რაც გვიბიძგებს, გავიღოთ მოწყალება, მცირედით მაინც დავეხმაროთ, რადგან სხვა არაფერი შეგვიძლია და ეს ისეთი სურვილია, რომელსაც ვერავითარი სწავლება ვერ დაუდგება წინ.

მახსოვს, ერთმა მეგობარმა მითხრა, მაწანწალები და მათხოვრები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან – ასეთიაო ბუნების კანონი. არადა, ჩვენ რომ სულ ამ კანონებს ვებრძვით? როგორც ჩანს, ამ ომში დამარცხება გარდაუვალია.
ნუგზარ შატაიძე აღწერს პატარა მაწანწალა ბიჭებისა და გოგონების ცხოვრებას, მოგვითხრობს, როგორ ატირებენ და აწვალებენ მეტროში დაუცველ ბავშვებს, როგორ ართმევენ იმ მცირედსაც, მხოლოდ ლუკმა პურის საყიდლად რომ ეყოფათ, როგორ ყნოსავს გათოშილი მოზარდი წებოს, რეალობას რამდენიმე წუთით მაინც რომ გაექცეს და იწყება საოცარი მოგზაურობა აფრიკაში – ყველაზე მიმზიდველ კონტინენტზე, სადაც საოცარი ცხოველები – სპილოები, ჟირაფები, ზებრები ბინადრობენ… მაგრამ თურმე მოწყალების სათხოვნელი ადგილებიც დასწრებაზე ყოფილა და რაკი ყველგან ძალა აღმართს ხნავს, ყველაზე „ბარაქიანი” ადგილიც მას რჩება, ვინც უფრო ღონიერია. წუპაკა იმ ბავშვების საერთო სახეა, ადრეული ასაკიდანვე რომ არიან განწირულნი, რადგან ქუჩაში გადარჩენა ძალიან ძნელია. მთავარი გმირი სწორედ მეგობრის ტრაგიკულმა სიკვდილმა აიძულა, ახალი ცხოვრება დაეწყო, და დაეწყო სწორედ მამის პოვნით. როგორც ჩანს, წარსულის დაბრუნების გარეშე ახლის დაწყება შეუძლებელია, მამა კი წარსულის ხატია, ბედნიერი, უზრუნველი წარსულისა, თეთრი თოლიების კივილით და ზღვის ხმაურით რომ იყო სავსე.

ოცდაშვიდი ლარითა და ზურგჩანთაში თევზის კონსერვებით, ბიჭი აფხაზეთისკენ მიმავალ მატარებელში ჯდება, ოღონდ იცის, რომ თავი ყველას მუნჯად უნდა მოაჩვენოს, რადგან ქართულად ლაპარაკი საშიშია. გმირის ტრაგედიას კიდევ უფრო ამძაფრებენ პერსონაჟები, რომლებიც მას ამ მოგზაურობის დროს ხვდებიან. თუნდაც ის ორი ახალგაზრდა, რომლებმაც თედო მანქანით წაიყვანეს. მათი უღირსი საქციელი პატარა ბიჭის აღშფოთებას და პროტესტს იწვევს, მაგრამ უსამართლობის წინააღმდეგ მისი ბავშვური შემართება მარცხდება… მაგრამ რეჟისორის მიზანიც ხომ ის არის, მაყურებელი მთლიანად დაიპყროს, მთელი გულით განაცდევინოს რეალობა, ის ჭუჭყი მოსცხოს, რომელსაც ყველა გაურბის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენი სინამდვილეა.
აფხაზეთში (ტყვარჩელში) ჩასული მოზარდი იმ სახლისკენ მიდის, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, პოულობს ნაჭრის დათუნია გერასიმეს – თავისი წართმეული ბავშვობის სახეს. სახლი, რომელსაც აღარც კარი აქვს, აღარც ფანჯარა, ნაგვით არის სავსე. ეზო ცარიელია, ერთი მოხუცი, მარო ბებოღა დარჩენილა წარსულის ნუგეშად, კედელზე კი ბიჭის სახლიდან წამოღებული ძველი საათი უკიდია. მარო ბებოსგან იგებს ბიჭი მამის ამბავს და კიდევ უფრო სევდიანი ბრუნდება თბილისში.

მამის დაოჯახება, ახალი ცხოვრების დაწყება ბავშვისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა. ალბათ, მკითხველი თავად განსჯის, რატომ. ძნელია, ოცნებას ასე ახლოს ჩაუარო და ვერ მისწვდე… ღირდა კი წვალება იმ ადამიანის გამო, რომელსაც თურმე საერთოდ არ ახსოვდა დევნილი, გაუბედურებული ოჯახი? იქნებ გმირის ცხოვრება სხვაგვარად წარმართულიყო, მამასაც რომ არ დავიწყებოდა? ეს რიტორიკული კითხვაა, რომელზეც ძნელად იპოვი პასუხს.

მოთხრობაში გვხვდებიან პერსონაჟებიც, რომელთა უანგარო სიკეთე მოზარდს აოცებს. როგორც ჩანს, ადამიანს კარგი უფრო უკვირს, ვიდრე ცუდი.

სამწუხაროდ, ის, რასაც პატარა ბიჭი გაურბოდა მოგზაურობის დასაწყისში, ძნელი დასაძლევი აღმოჩნდა. წუპაკას სიკვდილმა იგი გამოაფხიზლა, იმედი ჩაუსახა, ოცნება გაუღვიძა, მაგრამ ამაოდ… მრავლისმთქმელია მოთხრობის ფინალი, რომელიც სულით ხორცამდე შეძრავს მკითხველს. აფხაზეთიდან დაბრუნებული გმირი ღრმად ჩაეფლო ქუჩის სიბინძურეში და სულ მალე შორეული აფრიკიდან მასთანაც მივიდნენ საოცარი ცხოველები, მაგრამ სპილოებისა და ჟირაფების ნაცვლად მას სვავები და ორი აფთარი ესტუმრა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი