ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქიმიის მუზეუმები

თუ იცით რა განსხვავებაა ჰუმანიტარსა და ბუნებისმეტყველს შორის? ჰუმანიტარების მზერა წარსულისკენაა მიპყრობილი, ბუნებისმეტყველი კი წინ, მომავლისკენ იყურება, რადგან „მომავალი” სისხლში აქვს გამჯდარი. არა, ჩემი სიტყვები არ გეგონოთ, ბერნარ შოუმ თქვა დიდი ხნის წინად. მე ჩემს თავს ორივე კატეგორიას ვაკუთვნებ, ჰუმანიტარსაც და ბუნებისმეტყველსაც. წერა ბავშვობიდან გამომდიოდა, უამრავ გაზეთთან მითანამშრომლია და ჟურნალისტის დიპლომიც მიდევს სახლში. აი, ძირითად პროფესიად კი მაინც ქიმიას მივიჩნევ. გამოდის რომ, ჩემი მზერა ორივე მიმართულებითაა მიპყრობილი-წარსულშიც და მომავალშიც.

 
ისე, თუ წარსულს არ იცნობ, ცოტა ძნელია მომავლისკენ იმზირებოდე. უნდა გამოიყენო წარსული მომავლისთვის, რადგან უსაძირკვლოდ მომავლის აშენება ვის გაუგია. დღესაც წარსულის გამოყენებაზე მინდა დავწერო. როგორ გამოვიყენოთ ქიმიის წარსული მისსავე სწავლების პროცესში. არც კი იფიქროთ, კვლავ ისტორიულ ექსპერიმენტებს აგრძელებსო. არა, ქიმიის მუზეუმების შექმნის და ფუნქციონირების გამოცდილებაზე მინდა მოგითხროთ.
იტალიაში ქიმიის მუზეუმების არსებობის მართლაც დიდი გამოცდილება აქვთ. ძირითადად შემდეგ ქალაქებშია: რომი, გენუა,ბოლონია, პალერმო. აქედან ყველაზე ძველი, რომში 1986 წელს გაუხსნიათ და La Sapiensa-ს უნივერსიტეტის ქიმიის ინსტიტუტის კორპუსში მდებარეობს. მისი ნახვის პატივი მეც მხვდა წილად. მართალია მცირე ფართობი აქვს დათმობილი, მაგრამ ექსპონატები ძალიან საინტერესოა. ძველი აპარატურა, ჭურჭელი, 50-60-იანი წლების რეაქტივები ძალიან საინტერესო დიზაინის ფლაკონებში. ამავე წლების პერიოდული ტაბულა და უამრავი ქიმიური შინაარსის პლაკატი. მუზეუმის დირექტორი, ამავე უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და იტალიის ქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტი ლუიჯი კამპანელაა. სწორედ ის მიწევდა მასპინძლობას და გიდობას მუზეუმში. ვკითხე, მაინც რა დანიშნულება აქვს მუზეუმს-თქო. აქ რომ მოვლენ სკოლის მოსწავლეები და ამ ძველ სამუზეუმო ექსპონატებს დაათვალიერებენ, ხომ შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ ქიმია მკვდარი მეცნიერებაა და არ ვითარდება-თქო. საქმეც მაგაშიაო-მიპასუხა პროფესორმა კამპანელამ, მუზეუმის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა აჩვენოს მეცნიერების განვითარების გზა. როგორ ვითარდება თუნდაც აპარატურა, ჭურჭელი. როგორი ცენტრიფუგით ან ექსიკატორით მუშაობდნენ ადრე და როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი ეხლა. მუზეუმი კვირაში სამჯერ სკოლიდან მოსულ ჯგუფებს მასპინძლობს, რომლებსაც აქ საგანმანათლებლო ლექციები ეკითხებათ სხვადასხვა თემატიკაზე. თემები თვეში ორჯერ იცვლება. სამუზეუმო ნაწილის დათვალიერების და ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ზედა სართულებზე ულტრა თანამედროვე ლაბორატორიებში გადაყავთ მოსწავლეები და სწორედ აქ ჩანს ნათლად ქიმიის განვითარების გზა-რა იყო და რა არის. რაც განსაკუთრებულად მომეწონა, მოსწავლეებს უხსნიან, როგორ მუშაობს აპარატი შიგნიდან. დე, იცოდეს, რომ მხოლოდ ღილაკზე თითის მარტივად დაჭერა საკმარისი არ არის.
რას აკეთებს მუზეუმი სხვა დღეებში? იგივეს, ოღონდ ამ შემთხვევაში ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ მოსვლა და ლექციის მოსმენა. მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი ყოფილა, რომ ჩაწერა წინასწარ ინტერნეტით ხდება.
მუზეუმი, რომ დინამიურად ვითარდება ესეც ფაქტია. ორ თვეში ერთხელ სხვადასხვა თემებზე გამოფენები ეწყობა. ასევე ეწყობა სხვადასხვა სანახაობითი ექსპერიმენტების შოუ. თემატიკა სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს: საკვები, გარემო, უსაფრთხოება და ა.შ.
მაინც რა არის ქიმიის მუზეუმის დანიშნულება?
· მომავალი თაობისთვის ქიმიის ისტორიის შენახვა. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენი ადგილობრივი ისტორია. იტალიის ქიმიის მუზეუმებში სწორედ ამ ქვეყანაში ქიმიის განვითარების ისტორიაზეა აქცენტი გაკეთებული.
· სასწავლო დანიშნულება- აქ შეიძლება ერთგვარ მაგიურ წრეზეც კი ვისაუბროთ. მუზეუმში ჩატარებული ლექცია-გაკვეთილი წარმოშობს ცნობიმოყვარეობას. წარმოქმნილი ცნობისმოყვარეობა ზედა სართულებზე არსებულ თანამედროვე ლაბორატორიებში ჩატარებულ ექსპერიმენტებში პოვებს რეალიზებას. მიღებული შედეგები ქმნის ცოდნას, რომელიც თავის მხრივ გაოცებას იწვევს და ეს უკანასკნელი კვლავ ცნობისმოყვარეობას წარმოშობს. მოკლედ, მუზეუმის სწორედ გამოყენება მართლაც მაგიური წრის „ჩართვას” უწყობს ხელს, რომელიც წესით აღარ უნდა გაჩერდეს.
· ქიმიის განვითარებაში გარკვეული წვლილის შეტანა.
რა თემები შეიძლება იყოს მსგავს მუზეუმებში მუდმივად მოქმედი?
· ქიმია და მედია; ან თუნდაც ქიმია და რეკლამა;
· ქიმიური ქარხნები; საქართველოს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით აქტუალურად მეჩვენება. უფრო მეტიც, თვით ეს ქარხნებიც შეიძლება ჩართულნი იყვნენ საგანმანათლებლო პროცესში და ფაქტიურად თავისივე თავს ხვალინდელი კადრი მოუძიონ.
· ქიმიის ისტორია; ჩემი აზრით, აქცენტი საკუთარ ისტორიაზე უნდა იყოს გაკეთებული. მაგ. ქართველი ქიმიკოსები, რამდენი იცის მათზე მომავალმა თაობამ? ან საქართველოში როგორ ვითარდებოდა ქიმია, არსებობს ამგვარი ხელმისაწვდომი ინფორმაცია? როდესაც ქართულ ქიმიაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ ურიგო არ იქნებოდა მოქმედი ქართველი ქიმიკოსებიც გაეცნოთ მოსწავლეებს, რადგან ფაქტების მოშველიება არა მხოლოდ წარსულიდან, აწყმოდანადაც ძალიან სასარგებლო და საჭიროა.
· ქიმია ასახული ლიტერატურაში; აქ ლიტერატურასთან კავშირი შეიძლება დამყარდეს. ეხლა, პირველივე რაც მახსენდება ნავთობია, როგორ არის ის ასახელი ლიტერატურაში. როგორც იოვანე საბანისძე გადმოგვცემს, არაბებმა ქრისტიანობისთვის წამებულ აბოს თავი მოჰკვეთეს, ხოლო მის გვამს ნავთობი გადაასხეს: „…მოიღეს შეშაი და თივაი და ნაფთი დაასხეს გვამსა მას ზედა წმიდასა და დააგზნეს ცეცხლი, ვიდრემდის დაწვნეს ხორცნი იგი წმიდისა მოწანისანი…” ეს უტყუარი დასტურია იმისა, რომ ნავთობი, როგორ საწვავი უძველესი დროიდან არის ცნობილი საქართველოში. სურვილის შემთხვევაში უამრავი მსგავსი მაგალითის მოძიება შეიძლება ქართული ლიტერატურული წყაროებიდან და სახეზე ძალიან უცნაური, მაგრამ ეფექტური საგანთაშორისი კავშირი გვექნება.
·
ცალკე თემაა ე.წ. ვირტუალური მუზეუმები, რომლებსაც ასევე არა ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებათ საგანმანათლებლო მიმართულებით. ამგვარი საგანმანათლებლო ვირტუალური ტურები თითქმის ყველა მუზეუმს აქვს თავის პერსონალურ გვერდზე განთავსებული.
ცნობები ქიმიაზე სხვადასხვა მუზეუმებშიცაა (აქ არა ქიმიური მუზეუმები იგულისხმება) გაბნეული.
მუზეუმთა მუზეუმი ლუვრი… (ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან ყველაფერი ფრანგული მხიბლავს და მიზიდავს). ხელნაწერთა განყოფილებაში ქიმიის ენციკლოპედიის პირველი ნიმუშის სამ გადარჩენილ ტომს ნახავთ. ავტორი ქემეიას მიმდევარი (მის დროს ტერმინი ალქიმია ჯერ დამკვიდრებული არ იყო) ეგვიპტელი ზოსიმაა, რომელმაც ენციკლოპედიის მაგვარი ნაშრომი შექმნა (სულ 28 ტომი), სადაც დარიშხანი და ტყვიის აცეტატი აღწერა დეტალურად. თუმცა, დიოკლეტიანეს პირადი მითითებით ზოსიმას და მის ნაშრომს დევნა გამოეცხადა და განადგურდა. სასწაულებრივად გადარჩა სამი ტომი, რომელიც ლუვრში ინახება.
ლუვრშივე შეგიძლიათ მოიძიოთ ლავუაზიეს მიერ დაწერილი ქიმიის პირველი სახელმძღვანელო: „შესავალი ელემენტარულ ქიმიაში”. ეს იყო სახელმძღვანელოს დაწერის პირველი მცდელობა. მანამდე, ზოსიმას შემდეგ ნაშრომი დაწერა არაბმა ალქიმიკოსმა ალ-რაზიმ იგივე რაზესმა, ალბერ დიდმა იგივე ალბერ მაგნუსმა, როჯერ ბეკონმა (ეს უკანასკნელი იმით არის საინტერესო, რომ მისი წიგნები მასთან ერთად საეკლესიო ციხეში 15 წლით დააპატიმრეს), რობერტ ბოილმა და …ბოლოს ლავუაზიემ, რომელმაც ნაშრომს სწორედ სახელმძღვანელოს სახე მისცა. თუმცა, ორი შეცდომა დაუშვა: სინათლე და სითბო განიხილა, როგორც ელემენტები და დაჟინებით ამტკიცებდა მხოლოდ ჟანგბადიანი მჟავები არსებობენ, უჟანგბადო კი არაო.
ლავუაზიეს სამუშაო ლაბორატორიის ორიგინალის ნახვა კი
გოტინგემის უნივერსიტეტში არსებულ ქიმიის მუზეუმშია შესაძლებელი. https://www.uni-goettingen.de/en/1.html
ინფორმაცია ზოგიერთი ქიმიური მუზეუმების შესახებ შემდეგ გვერდებზე შეგიძლიათ მოიძიოთ:
რომი: https://www.chem.uniroma1.it/museo/inglese.htm
ფილადელფია: https://www.bshs.org.uk/travel-guide/chemical-heritage-foundation-museum-philadelphia
ლონდონი: https://london.allinfo-about.com/features/science.html
https://www.britishmuseum.org/about_us/departments/staff/conservation_and_science/philip_fletcher.aspx

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი