ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

წერის ექვსი მახასიათებელი

წერის სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია, რომლის გათვალისწინებით მოსწავლემ უნდა შეძლოს: სხვადასხვა სახის ტექსტის შეთხზვა, შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა, საკუთარი მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების წერილობით გადმოცემა, წერის სტრატეგიების (გეგმის შედგენა, ნაწერის გადამუშავება და რედაქტირება…) გამოყენება, წინადადებების გამართულად აგება, პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა და ა. შ.

წერის სწავლება ხანგრძლივი და რთული პროცესია. იგი მოითხოვს სისტემატურ მუშაობას,

მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებას, რათა მოსწავლე დაეუფლოს სხვადასხვა სახის

დანიშნულებისა და სტილის მიხედვით განსხვავებული ტექსტების შექმნას.

 

წერის სწავლებასა და სწავლაში დღეს ფართოდ არის გავრცელებული წერა ექვსი ძირითადი მახასიათებლის მიხედვით. ესენია:

  1. იდეები/აზრები და შინაარსი
  2. ორგანიზება
  3. ტონი და სტილი
  4. წინადადებები
  5. სიტყვების შერჩევა
  6. მართლწერა

განვიხილოთ თითოეული მახასიათებელი და მათი განსავითარებელი აქტივობები.

  1. იდეები და შინაარსი

წერა იდეების/აზრების გენერირებით იწყება. წერის მთავარი მიზანი სწორედ ამ იდეებისა და შინაარსის გადმოცემაა.

 

  • რისი თქმა მინდა? რა არის მთავარი სათქმელი? რამდენად გასაგებად და ფოკუსირებულად არის ჩამოყალიბებული ძირითადი იდეა?
  • მოცემულია თუ არა მნიშვნელოვანი დეტალები მთავარი იდეის შესახებ?
  • გაიგებს თუ არა რამე ახალს მკითხველი?
  • არის თუ არა ნაწერი საინტერესო და ადვილად გასაგები?

მსვლელობა:

მოსწავლეები კითხულობენ წინასწარ მომზადებულ/შერჩეულ ტექსტს:

  1. „ამ ზაფხულს დასასვენებლად ვიყავით. ძალიან ვიხალისეთ. ერთ საღამოს ტყეში წავედით. მინდორში კარავი გავშალეთ და იქ დავიძინეთ. დღისით ველოსიპედებით ვსეირნობდით. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც წავალთ დასასვენებლად“ . (I-IV კლასი)
  2. „წინა შაბათს მასწავლებელმა ექსკურსიაზე წაგვიყვანა თელავში. რამდენიმე საინტერესო ადგილი დავათვალიერეთ. ღამე პატარა სასტუმროში გავატარეთ. მეორე დილით წინანდლის ბაღში წავედით. დავათვალიერეთ სასახლე და მარანი. შემდეგ ლაბირინთში ვირბინეთ და ნატვრის ხეს ფერადი ბაფთები შევაბით. მე ერთი უცნაური სურვილი ჩავიფიქრე. იმედია, ამისრულდება“. (V -VI კლასი)

მასწავლებელი სვამს შეკითხვას: რით არის ეს ამბავი საინტერესო? მასწავლებლის თხოვნით მოსწავლეები წერენ შეკითხვებს, რომლებიც გაუჩნდათ მოცემული ამბის წაკითხვის შემდეგ. მაგალითად:

  • სად იყო დასასვენებლად წასული ამ ამბის მთხრობელი?
  • კიდევ ვინ იყო იქ?
  • რით იყო ეს ამბავი სახალისო?
  • როგორი ამინდი იყო?
  • რომელი მომენტი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ ამბავი მათი დასვენების შესახებ. თან გაითვალისწინონ თანატოლების მიერ დასმული შეკითხვები. შემდეგ სთხოვს რამდენიმე მოსწავლეს, წაუკითხოს ნაწერი კლასს. წაკითხვის შემდეგ მიმდინარეობს დისკუსია. მასწავლებელი ჩამოწერს ნაწერის იმ მახასიათებლებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ეფექტური წერისთვის. მაგალითად:

  • მოსწავლემ მნიშვნელოვანი დეტალები გადმოსცა;
  • ტექსტის იდეა გასაგები და მიზანმიმართულია.

 

  1. ორგანიზება

იდეების/აზრების ორგანიზება ეხმარება მკითხველს, თანმიმდევრულად მიჰყვეს ტექსტს და ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაზროს შინაარსი. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც დამწერს იდეების/აზრებისა და შინაარსის ორგანიზებაში დაეხმარება:

  • რამდენად გამოიწვევს ასეთი დასაწყისი მკითხველის ინტერესს?
  • არის თუ არა ნაწერის ორგანიზების მოცემული ვარიანტი საუკეთესო?
  • ებმის თუ არა აზრები/იდეები ძირითად გზავნილს?
  • გვაქვს თუ არა ეფექტური დასასრული, რომელიც კრავს შინაარსს?

მსვლელობა:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წაიკითხონ შეთავაზებული ტექსტი:

ნიმუში 1. „ამასობაში კი მგლებმა ყველა ცხვარი შეუჭამეს. მალე ყველამ გაიგო მატყუარა მწყემსის ამბავი და აღარავინ უჯერებდა. მწყემსი ტიროდა, ეს რა დამემართა, როგორ დამაკარგვინა ტყუილმა მთელი ფარაო. იმ დღის შემდეგ მწყემსი გამოსწორდა და ტყუილი აღარ უთქვამს. მეცხვარეები თოფებით მოცვივდებოდნენ ხოლმე დასახმარებლად, ბიჭი კი მათ დანახვაზე გულიანად იცინოდა და ეუბნებოდა, მოგატყუეთო. ბევრი იყვირა ბიჭმა, მიშველეთ, ნამდვილად მიჭირსო, მაგრამ არცერთმა მეცხვარემ აღარ დაუჯერა და არავინ მივიდა დასახმარებლად.

ერთხელაც მართლა დაესხნენ მგლები მის ფარას თავს. ფარას რომ ყარაულობდა, უცბად აყვირდებოდა ხოლმე, მგელი მოვიდა, მიშველეთო. იყო ერთი მწყემსი ბიჭი, რომელიც მუდამ იტყუებოდა“. (III-IV კლასი)

ნიმუში 2. „მე ძალიან მიყვარს მუსიკა. ისეთი კი არა, რომელსაც უსმენენ… ისეთი, რომელსაც

თვითონ ქმნი’’… მე შევედი ოთახში და ჩამოვჯექი სკამზე. ,,ორივე ხელი რომ მქონდეს, ვიოლინოზე დავუკრავდი’’, – თქვა მუსიკოსმა.

იმ დღეს ყველანი ველოდით, როდის გავიგონებდით მისი ინსტრუმენტის ხმას, მაგრამ ფანჯარა დუმდა. „მე არ შემიძლია არ დავუკრა“, – თქვა მუსიკოსმა. – მან დახედა ინსტრუმენტს:

„ეს ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელზედაც შეუძლია დაუკრას ცალხელა კაცმა“. კარები მუსიკოსმა გააღო. „დაუკარით, რა“, – გავუმეორე მე. ჩვენ დიდხანს ვისხედით ჩუმად. მე ავედი მასთან და მორიდებულად დავაკაკუნე კარზე. ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით. „დაუკარით რამე, რა…“ – ვუთხარი მე. „მე არ მეგონა, – თქვა მუსიკოსმა, – რომ გაწუხებდით თქვენ…’’ (V-VI კლასი)

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, გაუჭირდათ თუ არა ამბის წაკითხვა და მიდევნება

და რატომ.

 

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასახელებენ მიზეზებს (შინაარსი კარგად არ არის ორგანიზებული; აზრები და წინადადებები თანმიმდევრულად არ არის დალაგებული), მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ თანმიმდევრულად დაალაგონ წინადადებები და

ააწყონ ტექსტი ისე, რომ შინაარსი გასაგები იყოს.

 

  1. ტონი და სტილი

მწერლის ტონი არის ის, რაც ნაწერს თავისებურებასა და ინდივიდუალურ სტილს ანიჭებს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც დამწერს ტონის შერჩევაში დაეხმარება:

  • შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დამწერს ნამდვილად აინტერესებს თემა?
  • იგრძნობა თუ არა, რომ ტექსტი სწორედ ამ ავტორს ეკუთვნის?
  • რა გრძნობის გამოწვევას ცდილობს ავტორი?
  • ახერხებს თუ არა ნაწერი მკითხველის ყურადღების შენარჩუნებას? გაუჩნდება თუ არა მკითხველს სურვილი, რომ მეტი გაიგოს?

 

მსვლელობა:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წაიკითხონ ორი სხვადასხვა ნაწერი და გადაწყვიტონ,

რომლის ავტორი ახერხებს უკეთ მკითხველის დაინტერესებას.

 

ნიმუში 1. „მე მეგობრებთან ერთად მდინარეზე წავედი. ერთმა მეგობარმა თავისი ძაღლიც წამოიყვანა. გარეთ ძალიან ცხელოდა. ჩვენ მდინარეში ვიბანავეთ. ძაღლმაც ჩვენთან ერთად იბანავა და ძალიან მოეწონა. კარგად გავერთეთ და საღამოს უკან დავბრუნდით“. (I-IV კლასი)

ნიმუში 2. „ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემი მეგობრები მდინარეზე საბანაოდ წავედით. ერთმა ჩემმა მეგობარმა თან თავისი ჭკვიანი ძაღლიც წამოიყვანა, რომელიც ყველგან თან დაჰყვებოდა. მზე აცხუნებდა, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და ნამდვილი საბანაო ამინდი იყო. მდინარესთან რომ მივედით, ჟრიამულით შევცვივდით წყალში. ძაღლიც მხიარული ყეფით შემოგვყვა და ჩვენთან ერთად ჭყუმპალაობდა. ყველამ ბევრი ვიცინეთ, და ძალიან კარგად გავერთეთ. როცა ბანაობით გული ვიჯერეთ, მზეზე გავშრით. როცა მოსაღამოვდა და ძალიან მოგვშივდა, შინისაკენ გამოვეშურეთ“. (V-VI კლასი)

მასწავლებელი სვამს შეკითხვას: რომელი ნაწერი იკითხებოდა უფრო საინტერესოდ და

სასიამოვნოდ?

მეორე ამბავში ავტორის ტონი გამოკვეთილადაა გამოხატული, რაც დაეხმარა მკითხველს, უკეთ წარმოედგინა მოვლენები.

  1. წინადადებები

კარგი ნაწერი ერთგვარი რიტმით გამოირჩევა. წინადადებებს განსხვავებული სიგრძე და სტრუქტურა აქვს. ასეთი ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა სასიამოვნოა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც დამწერს გამართულად წერაში დაეხმარება:

  • რამდენად ადვილად იკითხება ტექსტი?
  • წინადადებები განსხვავებულად იწყება?
  • გამოყენებულია გრძელი და მოკლე წინადადებები?
  • ხმამაღლა კითხვის დროს ასეთი ნაწერი უფრო სასიამოვნოდ იკითხება?

 

მსვლელობა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წაიკითხონ ტექსტი:

„ჩემი ძაღლი შავია. მას ერთ ყურზე ყავისფერი ლაქა აქვს. ის მეგობრულია. მას უყვარს აბაზანაში ცურვა. მას როცა ვბანთ, ყველას გვწუწავს. მას უყვარს გასეირნება. მე მიყვარს ჩემი ძაღლი“.

მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს, რომ ტექსტის წინადადებების უმრავლესობა

ერთნაირად იწყება. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს, მოიფიქრონ ამ წინადადებების გადაკეთების გზები, რათა ტექსტი უფრო ადვილად იკითხებოდეს და ხმამაღლა

წაკითხვისას უფრო საინტერესოდ ჟღერდეს.

 

მასწავლებელი სთხოვს რამდენიმე მოსწავლეს, ხმამაღლა წაუკითხოს საკუთარი ნაწერი

კლასს. იმართება დისკუსია. მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ ამჯერად წინადადებები განსხვავებულად იწყებოდა და მეტ დეტალებს შეიცავდა. ამიტომ ტექსტი უფრო საინტერესო იყო მკითხველისთვის. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ ტექსტი აქტივობის დროს განხილული საკითხების გათვალისწინებით.

 

შენიშვნა: შესაძლებელია, რომ დისკუსიის გამართვასა და საკუთარი ვერსიის დაწერამდე მოსწავლეებმა მეორე, უფრო გამართული ტექსტიც წაიკითხონ.

  1. სიტყვების შერჩევა და გამოყენება

კონკრეტული სიტყვები, რომლებსაც ავტორი იყენებს, ქმნის მკაფიო სურათ-ხატებს, იპყრობს მკითხველის ყურადღებას და ტექსტს დასამახსოვრებელს ხდის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც დამწერს შესაფერისი სიტყვების შერჩევასა და გამოყენებაში დაეხმარება:

  • გამოყენებულია თუ არა ტექსტში ისეთი ზმნები ან ხატოვანი ფრაზები, რომლებიც

მკითხველის ყურადღებას „ანკესს გამოსდებს“?

  • გამოყენებულია უნიკალური სიტყვები?
  • ზედმეტად ხშირად ხომ არ არის გამეორებული ჩვეულებრივი სიტყვები?

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წაიკითხონ აბზაცი:

„წყალთან დიდი ირემი იდგა. მან დიდ ტბაში საკუთარ ჩრდილს დახედა. იფიქრა, რომ ლამაზი იყო. ის წყლის დასალევად მივიდა ტბასთან“.

მსვლელობა

მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ავტორმა არცთუ საინტერესო სიტყვები გამოიყენა. შემდეგ ის სთხოვს მოსწავლეებს, რომ გონებრივი იერიშის გამოყენებით მოიფიქრონ სიტყვები ან ფრაზები, რომლებითაც გარკვეულ სიტყვებს ჩაანაცვლებენ და ამით უფრო ცოცხალსა და დასამახსოვრებელს გახდიან ამ ტექსტს. მოსწავლეები გადაამუშავებენ ტექსტს უფრო ზუსტი და ხატოვანი სიტყვების მოშველიებით. მასწავლებელი სთხოვს რამდენიმე მოსწავლეს, რომ ხმამაღლა წაუკითხოს საკუთარი ნაწერი კლასს. მასწავლებლის თხოვნით მოსწავლეები ახალ ტექსტს წერენ განხილული საკითხების გათვალისწინებით.

 

  1. მართლწერა

ესა არის სწორად წერის წესები. წერის ეს მახასიათებელი გულისხმობს სალიტერატურო ენის ნორმების, გრამატიკული წესების დაცვას (ორთოგრაფია, სინტაქსი, პუნქტუაცია).

 

წერის რუბრიკა ექვსი მახასიათებლის მიხედვით

იდეები/

აზრები

·       მთავარი იდეა და თემა ბუნდოვანია ან სუსტად

არის გამოკვეთილი;

·       არ არის ფოკუსირებული თემაზე;

·       თემა სუსტად არის განვრცობილი, არ არის

საკმარისი დეტალები;

·       ავტორი არ გადმოსცემს საკუთარ აზრებს.

 

·       მთავარი იდეა მკაფიოდ არის გამოკვეთილი;

·       თემა კონკრეტულია, ავტორი ფოკუსირებულია თემაზე;

·       ნაწერი გამდიდრებულია მკაფიოდ აღწერილი, ზუსტი დეტალებით, რომლებიც შეესაბამება მთავარ იდეას;

·       ავტორი ინდივიდუალურ, ახლებურ ხედვას გვთავაზობს;

·       ავტორი ეყრდნობა საკუთარ ცოდნას/გამოცდილებას;

·       ავტორი იძლევა პასუხს მკითხველის სავარაუდო შეკითხვებზე.

 

სტრუქტურა/ორგანი-ზება ·       არ არის დასაწყისი და დასასრული (შესავალი და

დასკვნა);

·       არ არის გადასვლები;

·       ლოგიკური თანმიმდევრობა არ იკვეთება;

·       სტრუქტურა იმდენად უწესრიგოა, რომ არ ჩანს

წერის მიზანი.

 

·       სტრუქტურა შეესაბამება თემას და მიზანს;

·       ეფექტური, გამომწვევი, საინტერესო დასაწყისი/შესავალი;

·       ეფექტური დასასრული/დასკვნა;

·       აზრები თანმიმდევრულად არის გადმოცემული;

·       გადასვლები ლოგიკურად ებმის ერთმანეთს;

·       ადვილია ნაწერის მიდევნება და გაბმულად წაკითხვა.

ტონი ·       არ შეესაბამება ნაწერის მიზანს და თემას;

·       უსიცოცხლო, მოსაწყენი, მონოტონური;

·       არ იგრძნობა ავტორის განწყობა-დამოკიდებულება.

·       არ ჩანს აქტიური ინტერაქცია ავტორსა და მკითხველს შორის;

·       ავტორი ინდიფერენტულია, არ არის დაინტერესებული.

·       შეესაბამება აუდიტორიას, თემას და მიზანს;

·       ცოცხალი, მკაფიო, გულითადი, იუმორით შეზავებული;

·       ავტორი უწყვეტ ინტერაქციაშია მკითხველთან;

·       იგრძნობა ავტორის ენთუზიაზმი და ინტერესი საკუთარი აზრების მიმართ.

 

 

 

სიტყვების

შერჩევა

 

·       შეზღუდული ლექსიკა;

·       არასწორად, შეუსაბამოდ გამოყენებული სიტყვები;

·       ბუნდოვანი ტექსტი ხელს უშლის მკითხველს მთავარი მესიჯების აღქმაში.

·       მდიდარი, მრავალფეროვანი ლექსიკა;

·       ზმნები, ზედსართავი სახელები და არსებითი სახელები ადეკვატურად არის შერჩეული;

·       გამოყენებულია შეგრძნებების/წარმოსახვის აღმძვრელი აღწერითი სიტყვები;

·       არ არის უხვსიტყვაობა;

·       ერთი და იგივე სიტყვები ხშირად არ მეორდება;

·       სლენგი მიზნობრივად და ეფექტურად არის გამოყენებული.

 

წინადადებები ·       ძნელია ნაწერის მიდევნება;

·       დაუსრულებელი, მოუხეშავად გამოყენებული წინადადებები;

·       სიტყვათა თანმიმდევრობა დამაბნეველია.

·       ეფექტური ნაკადი და დინება;

·       წინადადებები ბუნებრივად ებმის ერთმანეთს;

·       გამოყენებულია განსხვავებული სტრუქტურისა და დასაწყისის მქონე

წინადადებები;

·       ადვილია ნაწერის მიდევნება და გაბმულად წაკითხვა.

 

მართლწერა ·       შეცდომები იმდენად ხშირად მეორდება, რომ მკითხველი წყდება შინაარსს;

·       სასვენი ნიშნები აკლია ან არასწორად არის დასმული;

·       ხშირია გრამატიკული შეცდომები;

·       ნაწერი მოითხოვს საფუძვლიან რედაქტირებას და კორექტურას.

 

·       სასვენი ნიშნები სწორად არის დასმული;

·       გრამატიკული წესები სწორად არის გამოყენებული;

·       ნაწერი მოითხოვს უმნიშვნელო რედაქტირებას.

 

 

ჰიპერბმულის საშუალებით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამოსაბეჭდი პლაკატი

 

წერის ექვსი მახასიათებელი

 

სტატია შექმნილია G-Pried – საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის სასწავლო – მეთოდოლოგიური რესურსების კრებულის – კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე – მასალაზე დაყრდნობით.

https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი