როგორ ვწეროთ ესე

“ცდა ბედის მონახევრეა”
              ქართული ანდაზა
“ლეს ესსაის” – ასეთი სახელწოდება შეურჩია თავის გულწრფელ წიგნს  ქალაქ ბორდოს მერმა მიშელ მონტენმა. ეს დიდი ხნის წინათ მოხდა – XVI  საუკუნეში.  ფრანგი ინტელექტუალები წიგნის გამოქვეყნებას  ორჭოფულად შეხვდნენ. ზოგმა  აღფრთოვანება ვერ დამალა, ზოგმა – ფარული აგრესია და ირონიული დამოკიდებულება.
რადგან ესსაი – ფრანგული სიტყვაა და ქართულად ცდას ნიშნავს,  მონ­­ტენმაც გადაწყვიტა, მტკიცე ნაბიჯი  გადაედგა და ყველაფერი ეცადა საკუთარი თავის შესაცნობად, რათა ამ გზით მაინც ამოეცნო  ადამიანური ბუნების საიდუმლო.     
კაცობრიობის მოღვაწეობის თითქ­მის ყველა სფეროს შეეხო ამ გამჭ­­რი­ახი ადამიანის გონება. პედა­გო­გი­კაც არ გამორჩენია და თავის წიგნში “ბავშვის აღზრდას” მთელი თავი და­­უთმო: “მე არ მსურს, რომ მხოლოდ მასწავლებელი წყვეტდეს ყველა­ფერს, მხოლოდ ის საუბრობ­დეს _ მოძღ­ვარ­მა  თავის შეგირდსაც უნდა მო­­უსმინოს”. ეს აზრიც XVI საუკუნისა და მონტენის კუთვ­­ნი­ლებაა.
 
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონტენის “ცდებს” უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან თანამედროვე კულტურა დღესაც აქტიურად იყენებს  მწერ­ლის  გაკვეთილებს.
სწორედ მონტენის წერისა და აზროვ­­ნების მანერას უკავშირდება ესეს, როგორც ლიტერატურული ჟანრის წარმოშობა. 
მაგრამ რას ნიშნავს მონტენის წერისა და აზროვნების მანერა? რით განსხვავდება მონტენის ესეები სხვა ლიტერატურული ტექსტებისგან?  შეგვიძლია თუ არა ვისწავლოთ და ვასწავლოთ კიდეც ესეს წერა? ამ კითხვებზე პასუხი  იქნებ თავად მონტენმა გვიკარნახოს. ლოგიკური გამოსავალია, თანაც შეიძლება  გაამართლოს კიდეც ამ მეთოდმა… 
ვცადოთ… 
აი, მონტენის პასუხიც: “მავანნი და მავანნი ადამიანს ქმნიან, მე კი მხო­­ლოდ მოგითხრობთ მის შესახებ, მის პიროვნებას აღვწერ. მე რომ მისი თავიდან გამოძერწვა შემეძლოს, სი­­მართლე გითხრათ, სრულიად სხვაგ­ვარად შევასრულებდი ამ საქმეს. მაგრამ ყოველივე უკვე აღსრუ­ლე­ბუ­ლია და ამაზე ფიქრიც ნაგვიანევია. 
ჩემი ნახატის შტრიხები ჭეშმარი­ტე­ბას არაფრით ამახინჯებენ, თუმცა გამუდმებულ ცვლილებას კი განიცდიან.
ჩემ მიერ აღწერილ საგანს ისეთად აღვწერ, როგორც იმ წუთში ვხე­­დავ… მოძრაობაში… უნდა გვახ­სოვ­დეს, ჩემი მონათხრობი გარკვეულ ჟამს შეეხება – მე ხომ შეიძლება უც­­ბად შევიცვალო… ჩემს ნაწერებში კი საგანი ზუსტად ისე აღინუსხება, როგორც ოქმში – ცვალებადობის მიზეზი ხან ჩემშივეა, ხანაც განსხ­ვავებულ სიტუაციაში – რის გამოც სხვადას­ხვაგ­ვარად წარმოჩნდებიან საგნები, ანდა, იმ განსხვავებულ თვალსაზ­რისებში, რომლითაც მი­­ვუდგები ხოლმე ამ საგანს. და აი, გამოდის, რომ ზოგჯერ ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები, ჭეშმა­რი­ტებას კი – არასოდეს…  მხოლოდ ჩემსავე თავს”.
დაგვეთანხმებით, რომ ეს პასუხი, ერთი შეხედვით, საკმაოდ სუბი­ექ­ტურია, ზოგადი. ძალიან ლაღად, მსუბუქად და თავისუფლად საუბ­რობს მონტენი ადამიანზე, შემოქ­მედებასა და ჭეშმარიტებაზე.      
გულწრფელად რომ ვთქვათ, არა­­­­აკადემიური განმარტებაა. თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, უთუ­­ოდ აღმოვაჩენთ, რომ მონტენის გამონათქვამი დაინტერესებულ მკითხველს ფიქრისა და აზროვ­ნე­ბისთვის განაწყობს, თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით,  დავინა­ხავთ, რომ მწერალი, ფაქტობრი­ვად, საკუთარი წერისა და აზროვნების მანერასაც ახასიათებს… 
მონტენის “ცდებმა”, ბიბლიასა და მარკუს ავრელიუსს თუ არ ჩავთვ­ლით, სათავე დაუდო ევროპული და ამერიკული ესეისტიკის განვითა­რებას. სწორედ მისმა არააკადე­მიურმა – ლაკონურმა, ექსპრესი­ულ­მა და ასოციაციურმა აზროვნებამ შექმნა ლიტერატურული სტი­ლი, რომელსაც დღეს ესეს ვუწოდებთ. 
რაც შეეხება შეკითხვას – როგორ ვწეროთ ესე? – მარტივად შგვიძ­ლია ვუპასუხოთ – მივბაძოთ მონ­­ტენს და არა მარტო მას! დაწვრი­ლებით შევისწავლოთ და გავაანა­ლიზოთ თანამედროვე ესეისტთა ტექსტების სტრუქტურა; დავაკ­ვირ­დეთ მათი აზროვნების მანერას, წერის სტილს; ანალიზის შემდეგ კი შევქმნათ სტრუქტურული სქემა, რომელსაც მოსწავლეებს შევთავა­ზებთ; მოსწავლეები კი, თავის მხრივ, მოცემული სქემის მიხედ­ვით, ადვილად შეძლებენ  წერის ტექნიკის დაუფლებას. 
არც თუ ურიგო მეთოდია, საკმაოდ პრაქტიკული და, პედაგოგიკური თვალსაზრისითაც, ერთი შეხედ­ვით, სრულყოფილი. მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ბევრი მნიშვნე­ლო­ვანი დეტალი გვრჩება უყურად­ღე­ბოდ. კერძოდ, რა უფრო არსე­ბი­თია, – წერის ტექნიკის დაუფლება თუ შემოქმედებითი აზროვნება და თა­­ვისუფლება? რას ვანიჭებთ უპი­რა­ტესობას, დამოუკიდებელ, არას­ტან­დარტულ აზროვნებას თუ ენობრივ ნორმებსა და ესეს სტრუქ­­ტურის ცოდ­ნას? თუ ეს საკითხები გადაჯაჭვუ­ლია ერთმანეთთან და გაუმართ­ლე­ბელია რომელიმე მათგანზე აქცენ­ტი­რება? 
ბოლო შეკითხვა ახალი მსჯელობის თემაა, ზოგადად, ლიტერატურის სწავლების თავისებურებას ეხება და ამიტომ სხვა დროისთვის გადავდოთ, ისედაც ბევრი შეკითხვები დაგვიგ­როვდა…
მონტენის შემდეგ ესემ, როგორც ლიტერატურულმა ჟანრმა დიდი ცვლილება განიცადა, გამრავალ­ფეროვნდა თემატური და სტილის­ტური თვალსაზრისით, მაგრამ  ყველაზე მთავარი – აზროვნების მანერის სუბიექტურობა და თავისუფლება უცვლელად შეინარჩუნა. რას ნიშნავს ეს? 
ჩვენ შემთხვევაში – სრულ შემოქ­მე­დებით თავისუფლებას. მოსწავ­ლემ უნდა იცოდეს, რომ განსხვა­ვე­ბული აზრისთვის მას არავინ გაკიცხავს; მისი თავისუფალი, ზოგ­­ჯერ პარადოქსული, მაგრამ გულ­­წრ­ფელი მოსაზრებები არ გახდება აღშფოთების საგანი. მონტენი ხომ თავის ნაშრომს გულწრფელ წიგნს უწოდებდა და გულახდილობას ძალიან აფასებდა. 
მაშ ასე, მოსწავლე თვითონ ირჩევს მისთვის სასურველ თემას და თა­­ვადვე განსაზღვრავს საკუთარი ნაწერის სტილს.   
ესეში მოსწავლემ უპირველესად საკუთარი ინდივიდუალური ფასე­ულობები უნდა წარმოაჩინოს. ნაწერში უნდა ჩანდეს მისი პიროვ­ნუ­ლი დამოკიდებულება სამყაროს­თან. სწორედ გამოხატვის ეს ფორ­­მა განასხვავებს ესეს ტრადიციული თხზულებისაგან, რომელშიც მოსწავ­­-ლემ ობიექტური მსჯელობა   კონკრე­­ტულ მოთხოვნას – მოცემული ტექსტის ლიტერატურულ ანალიზს უნდა შეუსაბამოს. 
ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესე ირაციონალური ტექსტია. მას აქვს თავისი სუბიექტური ლოგიკა, რომელიც ყოველთვის უნდა ჩანდეს ესეს ავტორის აზრებში, შთაბეჭ­დი­ლებებსა და განცდებში. მოსწავლეს  უნდა ავუხსნათ, რომ სრული თავი­­სუფლება არ ნიშნავს ქაოსურ და ეკლექტურ მსჯელობას. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია:
ნებისმიერ საკითზე მსჯელობი­სას, ორიგინალური მოსაზრე­ბე­ბისა და ინდივიდუალური პო­­ზიციის გამოხატვა, მაშინაც კი, თუ ესე ტრადიციულ თემაზე იწერება;  
განსახილველი პრობლემის არასტანდარტული ინტერპრე­ტა­ცია, მიუხედავად იმისა (და სწორედ იმის გამო), რომ არავინ მოითხოვს  მისგან ობიექტური ჭეშმარიტების ძიებას; 
ტექსტი გამოირჩეოდეს ლექსი­კური მრავალფეროვნებითა  და ხატოვანებით. გამოთქმული მოსაზრებები კი – ლოგიკური და სტილური გამართულობით.    
ცხოვრებისეული გამოცდი­ლე­ბი­სა და ისტორიულ-ლიტერატუ­რუ­ლი პარალელების გამოყენება და მათი ბუნებრივად დაკავშირება ტექსტის ძირითად იდეასთან, ავტორის პოზიციასთან. 
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრი­­ტერიუმებით უნდა შეფასდეს იმ მოსწავლის ესე, რომელიც ბავშ­ვო­ბის ასაკიდან კითხულობს, წერს, ფიქ­­რობს და აზროვნებას სწავლობს, ცხადია, მასწავლებლის დახმა­რე­ბით.
     

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის

ნებისმიერი ტიპის ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:
I.შესავალი
იმისათვის, რომ ესეს შესავალი ეფექ­­ტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:
1. ტექსტის შესავალ ნაწილში  მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე გააცანით მკითხ­ველს  განსახილველი საკითხი. 
2.დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ისაუბროთ ესეში;
3. შესავალი დაიწყეთ მკითხვე­ლი­სათვის ნაცნობი, ადვილად აღ­­საქმელი სიტუაციის (ფაქტი; ამ­­ბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.
II.ძირითადი ნაწილი
ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარ­­ტეთ და დაასაბუთეთ თქვენ მიერ გამოთქმული  დებულებები და მოსაზრებები. 
მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად.  წარმოაჩინეთ თქვენი პირადი დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი.
III.დასკვნითი ნაწილი
დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკით­­ხველს კიდევ ერთხელ დაუ­კონ­კ­რე­ტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული თემის აქტუალობა.
ფორმის თვალსაზრისით, გვხვდება ორი  სახის ესე:
1. ახსნითი (განმარტებითი), ინფორმაციული ესე;
2. არგუმენტირებული ესე.
ახსნითი ესე
ახსნითი ესეს ფუნქციაა ამა თუ იმ მოვლენის ან ფაქტის აღწერა, ზოგა­დი ანალიზი ან ახსნა. შესაბამისად, ამ ტიპის ესე არ გულისხმობს საკით­­ხის სიღრმისეულ ანალიზს ან გარკვეული პრობლემის გადაჭრას.  ახსნითი ესე აწვდის მკითხველს გარკვეულ ონფორმაციას, ეხმარება მას  ამა თუ იმ საკითხზე ზოგადი ცოდნის მიღებაში.
არგუმენტირებული ესე
არგუმენტირებულ ესეში ავტორი წარმოაჩენს თავის სუბიექტურ მოსაზრებებს, გვთავაზობს საკუთარ პოზიციას  და კონკრეტული არგუ­­მენტებით ლოგიკურად ასაბუთებს თავის სათქმელს.
მსჯელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არგუმენ­ტაცია, ანუ პოზიციის დასაბუთება და ადეკვატური არგუმენტებით გამყარება.
შინაარსობრივი თვალსაზრისით, ესე რამდენიმე სახეობად იყოფა:
ლიტერატურულ-პუბლიცისტური; კრიტიკული; ფილოსოფიური; ის­­-ტორიული; სამეცნიერო; ბიოგრა­ფი­ული; ფსიქოლოგიური; სოციოლო­გი­ური და ა.შ.
დეტალური გეგმის შედგენა
ტექსტის შესაქმნელად, დეტალური გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ესეს წერას, რადგან სწორად შედგე­­ნილ გეგმას ეყრდნობა მთელი ტექსტი. 
დეტალური გეგმა საშუალებას მოგ­­ცემთ, მკაფიოდ და გამართულად ჩამოაყალიბოთ სათქმელი,  ლოგი­კუ­რად წარმართოთ მსჯელობა და არ გადატვირთოთ იგი ზედმეტი ინფორმაციით. 
გეგმის პირველი ვარიანტი შეიძ­ლე­ბა ჩაასწოროთ მუშაობის პროცესში, დაუმატოთ ახალი პუნქტები ან პირიქით – ამოიღოთ ან გადაად­გი­ლოთ მისი შემადგენელი   ნაწილები.

კომენტარები

comments