შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ლექსიკის სწავლების ეფექტური გზები

უცხო ენის სწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ლექსიკური მარაგის გაზრდა. როგორ ვეხმარებით მოსწავლეებს ახალი სიტყვების დამახსოვრებაში? ყველა მასწავლებელს თავისი მეთოდი აქვს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ლექსიკური ერთეულების ეფექტური დამახსოვრებისთვის:

. გაიმეორეთ სიტყვები ყოველ ორშაბათს:
სთხოვეთ მოსწავლეებს, იმუშაონ წყვილად და ჩამოწერონ ათი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა, რომლებიც გასულ კვირას ისწავლეს.
დააჯგუფეთ წყვილები ოთხად. სთხოვეთ ჯგუფებს, შეთანხმდნენ და ჩამოწერონ მნიშვნელოვანი სიტყვების ახალი სია.
საბოლოოდ მთელ კლასთან ერთად შეადგინეთ გასულ კვირას ნასწავლი ათი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის სია.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ 6-12 სიტყვა ის მაქსიმალური რაოდენობაა, რომლის სწავლაც შესაძლებელია ერთ დღეში.
ამის უკეთ გასაცნობიერებლად შეიძლება მოსწავლეებს შესთავაზოთ ასეთი რამ:
გაკვეთილის ბოლოს ჩამოწერეთ დაფაზე ყველა ახალი სიტყვა.
თუ დაფაზე 20 სიტყვა წერია, უთხარით მოსწავლეებს, რომ 14 უნდა წაიშალოს.
ჰკითხეთ თითოეული სიტყვის შესახებ: “დავტოვოთ თუ წავშალოთ?” ხმების უმრავლესობით კლასი წყვეტს, დატოვონ თუ წაშალონ სიტყვა.
მეორე დღეს შეამოწმეთ, ყველას ახსოვს თუ არა დარჩენილი 6 სიტყვა.
იმისთვის, რომ სიტყვა დიდხანს დარჩეს მეხსიერებაში, მისი ერთხელ გამეორება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.
დადგენილია, რომ სიტყვის გამეორების ოპტიმალური სიხშირე ასეთია:
. პირველადი შეხებიდან ათი წუთის შემდეგ;
. ერთი დღის შემდეგ;
. ერთი კვირის შემდეგ;
. ერთი თვის შემდეგ;
. ექვსი თვის შემდეგ.
სიტყვების რეგულარულად გასამეორებლად შეიძლება:
. გავუზიაროთ მოსწავლეებს ეს ინფორმაცია;
. გამოვცადოთ ისინი ამ ინტერვალებით;
. ვთხოვოთ მათ, ახალი სიტყვები პოსტერებზე დაწერონ და კლასში გამოაკრან;
. გამოვყოთ დრო მოსწავლეების მიერ ერთმანეთის გამოსაცდელად.
შეიძლება გააკეთოთ “სიტყვების ტომარაც”, რომელშიც პატარა ბარათებზე დაწერილ ახალ სიტყვებს ჩაყრით. საამისოდ დაგჭირდებათ ნაჭრის ტომარა/კონვერტი/ყუთი და ცარიელი ბარათები. ყოველთვის, როცა კი ახალი სიტყვა შეგხვდებათ, მას ბარათზე დაწერთ და ტომარაში ჩააგდებთ. შეიძლება, ეს რომელიმე მოსწავლესაც დაავალოთ.
“სიტყვების ტომრის” გამოყენება ლექსიკის გასამეორებლად სხვადასხვანარად შეიძლება. მაგალითად, ასე:
. ამოიღეთ ტომრიდან რამდენიმე სიტყვა. სათითაოდ განმარტეთ მათი მნიშვნელობა ან მიეცით მოსწავლეებს რაიმე მინიშნება. მოსწავლე, რომელიც პირველი დაასახელებს სიტყვას, მოიგებს ბარათს. ის მოსწავლე, რომელსაც საბოლოოდ ყველაზე მეტი ბარათი დაუგროვდება, გამარჯვებულია.
. აიღეთ ერთ-ერთი ბარათი. შეადგინეთ წინადადება, რომელშიც ეს სიტყვაა გამოყენებული, ოღონდ სიტყვის წარმოთქმის მაგივრად მაგიდაზე დააკაკუნეთ. მოსწავლე, რომელიც გამოიცნობს სიტყვას, აგრძელებს თამაშს – თავად იღებს ერთ-ერთ სიტყვას ტომრიდან და ადგენს წინადადებას, გამოსაცნობი სიტყვის წარმოთქმის მაგივრად კი მაგიდაზე აკაკუნებს.
. ამოიღეთ ერთი ბარათი და დაიწყეთ შეთხზული ისტორიის/ზღაპრის მოყოლა. წინადადებაში თქვენ მიერ ამოღებული სიტყვა უნდა გამოიყენოთ.
ისტორიას/ზღაპარს მოსწავლეები აგრძელებენ. თითოეული მათგანი იღებს ერთ ბარათს და მოცემული სიტყვის გამოყენებით ადგენს მომდევნო წინადადებას.
შედარებით მცირე ასაკის მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ ასეთი თამაშიც:
ვთხოვოთ მსურველს, ამოიღოს ტომრიდან ერთი ბარათი და ბარათზე დაწერილი სიტყვა დაფაზე დახატოს. დანარჩენები უყურებენ და ცდილობენ, გამოიცნონ სიტყვა.
კიდევ ერთი სახალისო თამაში ახალი სიტყვების გასამეორებლად, რომელიც ამავე დროს პრაქტიკული სავარჯიშოცაა მეტყველების უნარის განსავითარებლად:
დაყავით ჯგუფი ორ გუნდად.
სთხოვეთ მოხალისე მოსწავლეს, გამოვიდეს კლასის წინ და დაფისკენ ზურგშექცევით დაჯდეს სკამზე.
მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას, მოსწავლეები კი ცდილობენ, თავიანთი გუნდის წევრ მოსწავლეს აუხსნან ეს სიტყვა განმარტებების/მაგალითების გამოყენებით. თუ მოსწავლე სიტყვას გამოიცნობს, გუნდი ერთ ქულას იგებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი