პარასკევი, თებერვალი 3, 2023
3 თებერვალი, პარასკევი, 2023

ფემიციდი ლიტერატურის გაკვეთილზე

კომპლექსური დავალებები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩევა და ყველაზე ხშირად იწვევს აზრთა სხვადასხვაობას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. მინდა, შემოგთავაზოთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩემ მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კომპლექსური დავალების აღწერა და რეფლექსია.

თემა – ფემიციდი და მხატვრული ლიტერატურა, როგორც ამ უმძიმეს პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი.

კლასი – მერვე

კომპლექსური დავალების პირველ ეტაპზე განვიხილეთ შემდეგი ლიტერატურული ნაწარმოებები: გიორგი ლეონიძის „მარიტა“, რევაზ ინანიშვილის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“, ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“, ლეილა ბეროშვილის „ლილი“. აღნიშნული ნაწარმოებების  განხილვას დავუთმეთ 4 გაკვეთილი.

მეორე ეტაპზე ვიმსჯელეთ ფემიციდის არსსა და სახეებზე (ინტიმური, ე.წ „ღირსების მკვლელობა“…), ქალის როლზე საზოგადოების ცხოვრებაში და დავწერეთ არგუმენტირებული ესეი – „როგორ დავამარცხოთ ფემიციდი მხატვრული ტექსტების დახმარებით, როგორ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერების დონე სწორად მიწოდებული ინფორმაციითა და აქცენტებით“. ამ საკითხების განხილვას ორი  გაკვეთილი დავუთმეთ. ერთი  გაკვეთილი ფემიციდზე მსჯელობა, ერთიც – ესეის დაწერა.

პარალელურად, მოვიძიეთ ის ხალხური ანდაზები, რომლებმაც ხელი შეუწყო საზოგადოებაში ქალების მიმართ ნეგატიური განწყობის გაღვივებას: „ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო“, „კარგი ცოლის ყოლას კარგი ცხენის ყოლა ჯობია, კარგი ცხენის ყოლას კი კარგი თოფის ქონაო“… ასევე ერთად ჩამოვწერეთ ყველა გენდერული სტერეოტიპი (კაცს უნდა კარიერა, ქალს – ოჯახი; კაცს უკეთ გამოსდის ტექნიკური საგნები, კაცი უფრო ნიჭიერია… არგუმენტირებული მსჯელობით და მაგალითებით დავადასტურეთ ამ მსჯელობის მცდარობა. მაგალითად, ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გოგოებს ბევრად მაღალი მაჩვენებლები აქვთ ტექნიკურ საგნებში, ვიდრე – ბიჭებს. საკითხზე მსჯელობას ერთი გაკვეთილი დავუთმეთ.

მომდევნო ეტაპზე დავამზადეთ პოსტერი-გაზეთი სახელწოდებით „არა ფემიციდს“, რომელშიც ჩავრთეთ ჩვენ მიერ მომზადებული ესეი, ანდაზები, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები, ფემიციდის სტატისტიკა საქართველოში და საზღვარგარეთ და ის ნაწყვეტები „მარიტადან“, რომლებშიც კარგად ჩანს, ერთი მხრივ, ავტორის სიყვარული მარიტასადმი, მისი სულიერი და ფიზიკური სილამაზე, მეორე მხრივ, საზოგადოების სახე, რომელიც მშვენიერებას, სიყვარულსა და სიცოცხლეს დაუფიქრებლად ანადგურებს. პოსტერს ერთი გაკვეთილის განმავლობაში ვამზადებდით.

შემდეგ ეტაპზე ვნახეთ თ. აბულაძის კინოშედევრი „ნატვრის ხე“. ჩვენს თემას დავუკავშირეთ ფუფალას პერსონაჟიც, ვიმსჯელეთ ფილმსა და ნაწარმოებს შორის მსგავსება-განსხვავებებზე, ბრბოს ფსიქოლოგიაზე, სახელმძღვანელოში წარმოდგენილ საინტერესო ილუსტრაციაზე, სადაც სახე მხოლოდ ციციკორეს აქვს, ხალხი კი უსახო მასადაა წარმოდგენილი. აღნიშნულ საკითხებს დავუთმეთ 2 გაკვეთილი.

ბოლო გაკვეთილზე მოსწავლეებმა გააკეთეს თავიანთი ნაშრომის პრეზენტაცია, რაც შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

ჩართულობა თემაზე მუშაობის პროცესში;

ერთმანეთის მოსაზრების გათვალისწინება და პატივისცემა;

მიღებული ცოდნის სრულფასოვანი პრეზენტაცია და საკითხის გააზრების სისრულე.

მიმაჩნია, რომ ესგ-ში კომპლექსური დავალებისთვის განსაზღვრული ყველა სტანდარტი დავიცავით. ზოგადად კი, როგორც მასწავლებელი, სწავლების ამ მეთოდს მივესალმები. იქნებ, ვინმეს მსჯელობა და პარალელები მარტივი და ბანალური მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ – მე-8 კლასია, უფრო ღრმად საკითხზე ვერ ვიმსჯელებდით და ვერც ვირჯინია ვულფს წავიკითხავდით, თუმცა ყველაფერი წინაა.

რაც შეეხება ესეის, მოსწავლეებმა ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ რევაზ ინანიშვილის ნოველაში „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“ დედით ქართველი თავადი ვიტგენშეინი სიცოცხლეს დაუფიქრებლად სწირავს ქალის დასაცავად, მაშინ, როცა რუსი გენერალი ასეთი თავგანწირვით გაოცებულია, ბოლომდე ვერც კი აცნობიერებს, რა ხდება და დუელანტს ასეთ რამესაც კი ეუბნება: „ამ ქალის გამო არ ღირს“.

მოსწავლეებმა იმაზეც იმსჯელეს, როდიდან გაჩნდა ქართველებში ქალებისადმი უპატივცემლობა, მათი ჩაგვრისა და მათზე ბატონობის სურვილი. საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პრობლემასთან ბრძოლა კომპლექსურია, მაგრამ რადგან ფემიციდის ძირითად მიზეზად განათლების ნაკლებობა დაასახელეს, ჩათვალეს, რომ მხატვრული ლიტერატურა ამ პრობლემასთან ბრძოლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, მთავარია, პრობლემა იყოს სწორად მიწოდებული და საზოგადოებამ აღიაროს, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია, რომ ის არავისი საკუთრება არ არის და სრული უფლება აქვს იცხოვროს ისე, როგორც თავად გადაწყვეტს. ესეიში ყურადღება იმაზეც გამახვილდა, რომ ადამიანის ნიჭსა და შესაძლებლობებს სქესი არ განსაზღვრავს, რაც ქალებმა მას შემდეგ დაამტკიცეს, რაც განათლების მიღებისა და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მიეცათ.

შეიძლება ძალიან იდეალისტი ვარ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ჩემი მოსწავლეები, განსაკუთრებით ბიჭები, რომლებმაც ამ თემაზე იმუშავეს, არასდროს გახდებიან მოძალადეები.

სწორედ ამ თემაზე მუშაობისას, ქვეყანაში ბოლო ათ თვეში მოხდარ 22 შემთხვევას  ფემიციდის კიდევ ერთი, 23-ე შემთხვევა დაემატა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი