პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალი თაობის აღზრდის საკითხები(ვაჟა-ფშაველას ერთი წერილის გამო)

აღზრდა – ყოფაქცევის ჩვევები, რომლებსაც იძლევა სკოლა, ოჯახი, გარემო და გამოვლინდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ასეთია ცნების პირდაპირი განმარტება. ამრიგად, აღმზრდელობა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც გულისხმობს მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში აქტიურ მონაწილეობას, მისთვის საჭირო უნარების განვითარებას, გონებრივი და ფიზიკური მონაცემების სწორად გამოყენების სწავლებას. აქედან გამომდინარე, აღმზრდელი თავად უნდა იყოს დაჯილდოებული მრავალმხრივი ნიჭით, შეეძლოს სიღრმისეული აზროვნება და ბავშვის შინაგანი სამყაროს წვდომა.

ადამიანის ფიზიკური, მორალური და გონებრივი განვითარება ჯანსაღ გარემოში უნდა მოხდეს, ამიტომ საჭიროა, ყურადღება მივაქციოთ სოციუმს, რომელშიც მოზარდი ცხოვრობს და ვითარდება. გარეგანი ფაქტორები და დამკვიდრებული წესები ხშირად განსაზღვრავს ადამიანის პიროვნულ თვისებებს. საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობა ხელს უწყობს სამყაროსთან ბავშვის ადაპტაციას და შეგუებას. გარემოს აღქმასა და შეცნობაში მას ეხმარება თანატოლებთან ურთიერთობა, ოჯახი და სკოლა.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, დღეს მთელი დატვირთვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და მასწავლებლებზე მოდის. საზოგადოება მათ ავალებს, აღზარდონ პროგრესულად მოაზროვნე, დისციპლინირებული, ტოლერანტი და განათლებული თაობა. ბავშვის აღზრდა მეტად საპასუხისმგებლო და საინტერესო საქმეა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ აუცილებელია, მასში ჩაერთონ მშობლებიც. მასწავლებელი და მშობელი უნდა თანამშრომლობდნენ, რადგან მათ საერთო მიზნები და გამოწვევები აქვთ. საზოგადოების თითოეული წევრი ვალდებულია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ახალი თაობის აღზრდაში. ამგვარ მეთოდს იყენებდნენ მონტესორის სკოლაში. მშობელი პირნათლად ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. ის გრძნობდა, რომ სკოლა მისიც იყო და ამგვარი თანამშრომლობა ბავშვს წაადგებოდა სასიკეთოდ.
რასაკვირველია, ბავშვის აღზრდა ოჯახიდან უნდა დაიწყოს, ამაში არავინ შეგვედავება; საქმე ის არის, რა მეთოდებს მიმართავს მშობელი, როგორ აწვდის ის ბავშვს საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, რა ღირებულებებს უნერგავს და როგორ ახდენს საზოგადოებაში მის ინტეგრირებას.

როგორც ჩანს, აღნიშნული საკითხებით დიდი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი ვაჟა-ფშაველაც ყოფილა დაინტერესებული. 1879 წლიდან “დროებაში” გამოჩნდა მისი პირველი პუბლიცისტური წერილები. თავდაპირველად პუბლიკაციები აღმოსავლეთის მთის ხალხთა ცხოვრებას ეხებოდა. მოგვიანებით მისი ყურადღების არეში არაერთი საჭირბოროტო საკითხი მოექცა.

გვინდა გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას ერთი შესანიშნავი წერილი ზემოთ ნახსენები საკითხების თაობაზე, კერძოდ, “საუბარი ბავშვებზედ”. მწერლის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ მას განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები და მასწავლებლად მუშაობის დროს სულ თავის აღსაზრდელებს დასტრიალებდა თავს. ოცნებობდა, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთება და მშობლიური ენის სიყვარული გაეღვივებინა.
ვაჟა-ფშაველას ინტერესების სფერო მრავალმხრივი გახლდათ: ნაციონალური საკითხები, კოსმოპოლიტიზმი და ნაციონალიზაცია, მთის პრობლემები… რაც მთავარია, იგი ფიქრობდა ახალი თაობის სულიერ გაჯანსაღებაზე, აღელვებდა მოზარდთა აღზრდის საკითხები, რადგან მიაჩნდა, რომ ერის სულიერი გამოღვიძება და ხსნა მხოლოდ ჭეშმარიტ ღირებულებებზე აღზრდილ თაობას შეეძლო.

XX საუკუნის დასაწყისში ცნობილმა მეცნიერმა ჟან პიაჟემ დაასკვნა, რომ ბავშვები ცოდნას იღებენ და აგებენ სქემების საშუალებით. მართალია, ვაჟა-ფშაველა არც ფსიქოლოგი ყოფილა და არც მეცნიერი, მაგრამ, როგორც ჩანს, პედაგოგიური გამოცდილება მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბავშვის ბუნება შეესწავლა. ვაჟა წერდა: “კაცის სწავლა-ცოდნა მიდის იმ წესზე, როგორზედაც ქოხის შენება. ჯერ საძირკველს ჩააგდებენ, მერე კედლებს ამოიყვანენ, ძელზე-ძელს დასდებენ, ან ფიცარს ფიცარზე დააწყობენ, ისე კაცის სწავლაა _ ძველს სწავლას კაცი უმატებს ახალ-ახალს”.

აღმზრდელობით საქმიანობაში ძალზე მნიშვნელოვანია პირადი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რადგან მოზარდის გონება ყველაფერს ისრუტავს და ინახავს, ნანახსა და გაგონილს ერთმანეთს უხამებს, ადარებს; მრავალფეროვანი და საინტერესო ინფორმაცია მას საშუალებას აძლევს გამოიტანოს სწორი და უტყუარი დასკვნა, შეაფასოს მოვლენა, გამოიჩინოს გამჭრიახობა და არ შეცდეს. აქ, ალბათ, გაგვახსენდება რუსი მეცნიერი ლევ ვიგოტსკი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ბავშვის აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ხერხია საზოგადოებასთან კომუნიკაცია. პირადი გამოცდილების გაზიარება იმას არ ნიშნავს, რომ მოზარდი ჩვენი გავლენის ქვეშ მოვაქციოთ და არ მივცეთ დამოუკიდებლად ფიქრისა და განსჯის საშუალება. თუმცა, რასაკვირველია, აღზრდა გულისხმობს გარკვეული ჩვევების სწავლებას, რომლებიც ბავშვმა უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააქტიურების შემდეგ. ამიტომ საჭიროა, მოზარდს ჰქონდეს შეფასებისა და შეგუების უნარი, შეეძლოს კონკრეტულ საკითხზე ყურადღების კონცენტრაცია. როგორც ვაჟა-ფშაველა წერდა, “კაცი იმას უფრო იხსომებს, რასაც დიდ ყურადღებას აქცევს”. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, მშობელიც და მასწავლებელიც ცდილობდნენ, აღსაზრდელის ყურადღება სასიამოვნო და საინტერესო მოვლენებისა და ინფორმაციისკენ იყოს მიმართული.
ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ბავშვი პიროვნებაა. მას მხოლოდ სიყვარულით უნდა ვასწავლოთ, ძალადობით ვერაფერს გავხდებით. აუცილებელია, ადამიანს უყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებს; სხვაგვარად არაფერი გამოვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი თაობის აღზრდა დიდ პასუხისმგებლობასა და ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანი სიტყვებითა და საუბრით როდი შეიცნობა, – მის ხასიათსა და შინაგან სამყაროზე მისი ქცევა და საქმე მეტყველებს. ამრიგად, ბავშვის ზნეობრივ-მორალური აღზრდა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. ცოდნა და განათლება სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს. “ღმერთმა გააჩინა კაცი, ჩაუდგა იმას თავისი სული. სული არის ძალა, იარაღი, რომელიც უნდა მოიხმაროს კაცმა, რომ გახდეს ჭკვიანი, გონიერი, პატიოსანი, შეიძინოს სწავლა”, – წერდა ვაჟა. ბავშვს ბავშვობიდან მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და სათნოება უნდა ჩავუნერგოთ. ზოგჯერ, თუ ვაჟას დავესესხებით, “მშობლები თავიდგანვე მიაჩვევენ შვილებს უწმინდურობას; ტანისამოსს არ გამოუცვლიან, არ მიაჩვევენ სიფაქიზეს. ბავშვს ეს ტანის უწმინდურობა მოქმედებაშიც უწმინდურობას მიაჩვევს, სიდიდეშიც ვეღარ მოიშორებს. ამიტომ აღმზრდელი, მშობელი ვალდებულია, მოზარდს ასწავლოს სიყვარული, გაუღვივოს თანაგრძნობა, ჩაუნერგოს კაცთმოყვარეობა, მიმტევებლობა.

თანამედროვე ყოფაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა ტოლერანტობა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ. აქედან გამომდინარე, მოზარდ თაობას ადრეული ასაკიდან უნდა ვასწავლოთ თანატოლების პატივისცემა, მათი აზრებისა და შეხედულებების გაზიარება, მიღება. ასეთ ღირებულებებზე აღზრდილი თაობა იქნება უფრო მეტად შემწყნარებელი, თავისუფალი, ადამიანის უფლებათა პატივისმცემელი, რაც წარმატებული და ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. ცნობილია, რომ შურისმაძიებელი, დამპყრობელი და სხვისი უფლებების შემლახავი სახელმწიფოები ძალიან მალე წყვეტენ არსებობას. ჩვენი მიზანია, თავისუფლების მოყვარული და კეთილშობილი ახალგაზრდები აღვზარდოთ.

ვაჟა-ფშაველა წერდა: “ბოროტი არ იბადება არადროს კაცი, მის გაბოროტებაში გამზდელი, მშობლები, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე”. ხშირად მოზარდის ცუდ ან კარგ საქციელს მაგალითი განსაზღვრავს. ბავშვი ბაძავს უფროსს, გაუცნობიერებლად იბეჭდავს და იმახსოვრებს თითოეულ მოვლენას, რომელიც მას კარგი ჰგონია. ზოგჯერ მოზარდის უსაქციელობა მშობლისა და გარემოს ბრალია. მშობელი, როგორც მასწავლებელი, თავად უნდა აკონტროლებდეს თითოეულ სიტყვას, ქცევას, რადგან ბავშვმა ადვილად შეიძლება ისწავლოს ბოროტება.
ფსიქოლოგებმა აღზრდის ოთხი ტიპი გამოყვეს და დაასკვნეს, რომ ავტორიტეტული ყველაზე მისაღები და ეფექტურია. დიდმა ქართველმა მწერალმა და ჰუმანისტმა მარტივად ახსნა ყოველივე: სიყვარული მთავარია, მაგრამ შვილების სიყვარული საკმარისი როდია; მათი აღზრდისთვის ცოდნა და განსჯაა საჭირო. ოჯახური გარემო და ოჯახში დამკვიდრებული წესები, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მოზარდის ქცევაზე, ამიტომ პასუხისმგებლობა ჯერ ოჯახის წევრებს ეკისრებათ, მერე კი იმ სოციუმს, რომელიც გარს ახვევია ბავშვს.

ამრიგად, ახალი თაობის აღზრდა საზოგადოების თითოეული წევრის ვალია. მხოლოდ სკოლა და მასწავლებელი ვერ გადაჭრის იმ პრობლემებს, ვერ დაძლევს სირთულეებს, რომლებიც საზოგადოების წინაშე დგას. მშობლის როლი და მისი წვლილი აღმზრდელობით საქმიანობაში განუზომელია. მოზარდს მუდმივი ყურადღება და, რაც მთავარია, სიყვარული სჭირდება. მოსაზრება, თითქოს სკოლა აყალიბებს ადამიანს კარგ ან ცუდ პიროვნებად, მიუღებლად მიგვაჩნია, რადგან მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა, მხოლოდ აღმზრდელების ძალისხმევა, მათი მონდომება, აღზარდონ კეთილშობილი, გონიერი, სამშობლოს მოყვარული ახალგაზრდობა, შედეგს ვერ გამოიღებს. ახლი თაობა ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა აღვზარდოთ. “მარტოკა კაცს იმდენი ძალ-ღონე არა აქვს, რამდენიც მთელს ხალხის გროვას, კაცობრიობას. მთელს კაცობრიობას შეუძლიან გადასცეს თავისი გამოცდილება ახალ თაობას, ყველა ახალგაზრდას”, – ამბობდა ვაჟა. შეუძლებელია არ დაეთანხმო, რადგან ქვეყნის, ერის წარმატების საიდუმლო მის წიაღში, ახალ, პროგრესულად მოაზროვნე თაობაშია. ერი მაშინ იღუპება, როცა ახალგაზრდობას არ შესწევს ძალა, შექმნილს, უკვე არსებულს რაიმე ახალი, საკუთარი მიუმატოს. ყველაფრის საწყისი სწავლა და წვრთნაა. ცოდნა და განათლება არის იარაღი, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ მოქმედებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი