პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თანამშრომლობა თუ კონკურენცია?

„თამაში ბავშვის სამსახურია“.

მარია მონტესორი[1]

„რაიმე ახლის შექმნა ხდება არა ინტელექტით, არამედ თამაშის ინსტინქტით“.

კარლ იუნგი[2]

 

ბავშვებს ბუნებრივად უჩნდებათ ერთმანეთთან თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ ჩვენ მათ კონკურენციისკენ ვუბიძგებთ. რა ზიანი მოაქვს კონკურენციას, რომლის განვითარებასაც ჩვენ ვუწყობთ ხელს სკოლასა და სკოლის გარეთ?

ქვემოთ წარმოგიდგენთ ბოსტონის კოლეჯის პროფესორის, ბავშვთა ფსიქოლოგიის დოქტორის, პიტერ გრეის[3] მოსაზრებას ბავშვებში კონკურენციასა და თანამშრომლობის საკითხებზე.

დოქტორი პიტერ გრეი: „რამდენიმე წლის წინ წავიკითხე ქ-ნი ჰილარი ფრიდმანის საინტერესო წიგნი, რომელმაც ჩემში ერთდროულად გამოიწვია კმაყოფილებაც და ტკივილიც. წიგნის სათაურია: „თამაში მოგებისათვის: ბავშვების გაზრდა კონკურენციის კულტურაში“ (Friedman, L. H., Playing to Win: Raising Children in a Competitive Culture. Berkeley, CA: University of California Press, 2013). ეს ნაშრომი აღწერს იმ მეთოდებსა და მიგნებებს, რომლებიც ქ-ნმა ფრიდმანმა პრინსტონის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსტენსიური კვლევის დროს, სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას გამოიყენა. დოქტორ ფრიდმანს აინტერესებდა შემდეგი საკითხი – რატომ ხარჯავს ბევრი მშობელი უზარმაზარ თანხებსა და დროს ბავშვების არასასკოლო, კონკურენტულ აქტივობებზე? ამ კითხვის საპასუხოდ მკვლევარმა მოიძია ისეთი მშობლები, რომლებიც მათი ელემენტარული სკოლის ასაკის ბავშვებისთვის (აშშ-ში ელემენტარული სკოლა მოიცავს 4-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს) მსხვილ თანხებს იხდიან და დაჰყავთ შვილები ისეთ წრეებზე, რომლებიც შინაარსითა და ფორმით ბავშვებს შორის შეჯიბრს მოიაზრებს: ჭადრაკზე, ცეკვებზე ან ფეხბურთზე. ჯამში ქ-ნმა ფრიდმანმა გამოკითხვა ოთხმოცდათხუთმეტ ასეთ ოჯახში ჩაატარა და ზოგ შემთხვევაში მან ბავშვებიც გამოჰკითხა.

აღნიშნული მშობლების ჯგუფი ხარჯავდა საკმაოდ სოლიდურ თანხებს წრეზე სიარულში, მწვრთნელებისთვის და აღნიშნულ წრეებზე, შეჯიბრებებსა და სხვა ღონისძიებებზე სიარულში, შეჯიბრებში მონაწილეობისთვის. ამ დროს, ყველა ხელს უწყობდა შვილებს, ამ აქტივობებში მაღალი შედეგი დაედოთ და ზოგიერთ შემთხვევაში, თვითონაც აქტიურად სწავლობდნენ ამ სპორტს/აქტივობას, რათა მეტად დახმარებოდნენ ბავშვებს წარმატების მიღწევაში. რატომ აკეთებდნენ ისინი ამას?“

ამონარიდი ჰილარი ფრიდმანის წიგნიდან: „ეს მშობლები ხომ არ გაგიჟდნენ? რა ხდება? ნუთუ მათ დაკარგეს საკითხის გადაწყვეტის უნარი? არა. მათ [იციან], რომ ბავშვებს, ცხოვრებაში შეხვდებათ ძალიან რეალური ზღუდე-კარიბჭეები და კარიბჭეთა მცველები, რომელთა გავლა და გადალახვა მათ მოუწევთ“.

ამ ციტატის კომენტირებისას, დოქტორი გრეი შემდეგ მოსაზრებას გვთავაზობს: „ამ განცხადებით, ჰილარი ფრიდმანი გამოხატავს მშობლების ქცევის მისეულ აღქმას, რომელიც გადმოცემულია მის წიგნში. აღნიშნული წიგნი შეიქმნა, დოქტორი ფრიდმანის სადოქტორო დისერტაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს თექვსმეტთვიან საველე სამუშაოებს აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთის ერთ-ერთ მსხვილ ქალაქში (ქალაქის სახელი მითითებული არ არის). გამოკითხულ ოჯახებს ჰყავდათ სულ მცირე ერთი ბავშვი მაინც ელემენტარულ სკოლაში და დაჰყავდათ ისინი ჭადრაკის, ცეკვების ან ფეხბურთის წრეებზე. საინტერესოა რომ ქ-ნმა ფრიდმანმა, კვლევისას, საკმაოდ ბევრი დრო გაატარა იმ ტურნირებზე, რომლებშიც გამოკვლეული ოჯახების ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას (საცეკვაო სტუდიებში, საჭადრაკო კლუბებში, ფეხბურთის მოედნებზე) და იქ შეხვდა მათ მშობლებს, ბავშვებსა და მწვრთნელებს, ბავშვების პერსპექტივების შესასწავლად.

ფრიდმანმა კვლევის მეშვეობით შემდეგი დასკვნები გააკეთა: მშობლებს სჯეროდათ, რომ ინტენსიური შეჯიბრები კარგი მოსამზადებელი კურსია მათი ბავშვებისათვის უკვე ზრდასრული ასაკისათვის; ყველა მშობელი აღნიშნავდა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში არსებულ საზოგადოებაში და წარმატებისთვის აუცილებელია კონკურენტული დამოკიდებულება და უნარები, რომლებიც აქეზებენ კონკურენციას; შენ უნდა გსურდეს მოგება, რათა მოიგო; ფოკუსირებული უნდა იყო მოგებაზე; ბევრი იმუშაო მოგებისათვის და გარკვეული მსხვერპლი გაიღო მოგებისთვის“.

დოქტორი გრეის აზრით, აღსანიშნავია, რომ მშობელთა უმეტესობა არ ელოდა, რომ მათი ბავშვები ჩემპიონობას მიაღწევდნენ ჭადრაკში, ფეხბურთსა თუ ცეკვებში, ან პროფესიონალები გახდებოდნენ ამ სფეროებში. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ბავშვებში გამარჯვების სურვილის განვითარება-ჩამოყალიბება და დისციპლინის იმ წესების გამომუშავება, რომლებიც მათ ნებისმიერ სხვა სფეროში გამოადგებოდათ. ეს, მათი რწმენით, დაეხმარებოდა ბავშვებს ისეთი სამომავლო საფეხურების გადალახვაში, როგორებიცაა, პრესტიჟულ კოლეჯში ან უნივერსიტეტში სწავლა, მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა და კარიერული წინსვლა მუშაობისას. ფრიდმანმა ტერმინიც კი მოიფიქრა: კონკურენტული ბავშვის კაპიტალი, ან ბავშვის კონკურენტული კაპიტალი (competitive kid capital), რაც მისი განმარტებით, წარმოადგენს იმ ჯილდოს, რომელიც მომავალში მშობლების მიერ გაწეულ ინვესტიციას მოჰყვება შედეგად.

ბავშვებში გამარჯვების ჟინის განსავითარებლად და შესანარჩუნებლად ბევრი მშობელი ბავშვებისთვის გარკვეულ მატერიალურ საჩუქრებსაც იგონებდა, რომლებიც ღირებულებით ბევრად აღემატებოდნენ შეჯიბრებში ჩამორიგებულ იაფფასიან თასებსა და მედლებს. მაგალითად, ჭადრაკში ახალი რანგის მიღება ჯილდოვდებოდა მოგზაურობით დისნეილენდში, ან ჯიბის ფულის გაზრდით. ბევრი მათგანი ბავშვს უბრალოდ „ქრთამავდა“, რათა გაეხანგრძლივებინათ მათი სავარჯიშო დრო. ამ ქმედებებით, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, მშობლები ბავშვებში ამყარებდნენ რწმენას იმის შესახებ, რომ მატერიალური ჯილდო უფრო ღირებულია, ვიდრე თანდაყოლილი ან ბუნებრივი ინტერესი“.

ფრიდმანის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბავშვებს, აშკარად მათ მშობლებზე ნაკლებად აინტერესებდათ შეჯიბრებში მოგება, თუმცა მათ მართლაც იზიდავდა მშობლების მიერ დაპირებული ჯილდოები. ბევრმა ბავშვმა თქვა, რომ ყველაზე მეტად შეჯიბრებში მოსწონდათ მეგობრების შეძენის შესაძლებლობა, რადგან სხვაგვარად, ისინი ამ ბავშვებს ვერ შეხვდებოდნენ (აქ აღსანიშნავია ის, რომ აშშ-ში, ხშირად, უმეტესწილად თეთრკანიანი, საშუალო ფენის ან მდიდართა კლასის წარმომადგენელი ამერიკელები, ძირითადად ქალაქების გარეუბნებში, ე.წ. „სუბურბიაში“ ცხოვრობენ კერძო სახლებში და ქალაქის ცენტრებზე უკეთეს ეკოლოგიურ გარემოში. თუმცა განსახლების ამ თავისებურების გამო, ამერიკელ ბავშვებს, ამერიკული ცხოვრების ასეთი წესის გამო, საკმაოდ შეზღუდული აქვთ მეზობლებთან, ან „უბნელებთან“ ერთად თამაშისა და ურთიერთობის შესაძლებლობა, ლ.ა.). ზოგიერთი ბავშვი იმასაც ამბობდა, რამდენად ცუდად გრძნობდა თავს მეგობრის დამარცხების შემთხვევაში, რადგან ეს მისთვის მეგობრის დაკარგვას ნიშნავდა. ბავშვები, როგორც გამოკითხვამ აჩვენა, იშვიათად საუბრობდნენ საკუთრივ შეჯიბრზე ან იმ სპორტზე/აქტივობაზე, რომელშიც იბრძოდნენ გამარჯვებისთვის. ფრიდმანის მიხედვით, არცერთ მშობელს არ აღუნიშნავს, რომ მათი ინვესტიცია ბავშვებისთვის მეგობრების შეძენაშიც იდებოდა.

 

ბავშვების თანამშრომლობისკენ მიდრეკილი ბუნება და თამაში

პროფესორი პიტერ გრეი: „მე ასობით საათი მაქვს გატარებული ბავშვების თამაშის ყურებაში – ეს იყო, საბავშვო ბანაკში თუ დასასვენებელ ჯგუფში ზედამხედველობისას, როდესაც თვითონ ვიყავი უფროსკლასელი-„თინეიჯერი“, თუ მაშინ, როდესაც მე გავხდი ახალგაზრდა მშობელი, ან უფრო გვიან პერიოდში, როდესაც როგორც როგორც მკვლევარი, ვსწავლობდი ბავშვების თამაშსა და მათ განვითარებას. ის, რაც ამ წლების განმავლობაში, აღნიშნული დაკვირვებებით დავინახე, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ბავშვებს უყვართ თამაში ყოველგვარი ზედამხედველობისა და ჩარევის გარეშე და იშვიათად შეჯიბრის ფორმატში. მაშინაც კი, როდესაც ისინი შეჯიბრის შინაარსის მქონე თამაშში არიან ჩართულნი, მათთვის მეგობრების შეძენის პროცესი, გართობა და ყველას კმაყოფილება უფრო საინტერესოა, ვიდრე გამარჯვება ან მოგება. ხშირად ბავშვები თამაშისას ქულებსაც კი არ ითვლიან. ჩემი დაკვირვებების მსგავსად, ანთროპოლოგების კვლევები ადასტურებენ, რომ სხვადასხვა კულტურაში, სადაც უფროსები (მშობლები) არ წაახალისებენ შეჯიბრსა და კონკურენციას ბავშვებში, განსაკუთრებით კი მონადირე-შემგროვებელთა ტომებში, ბავშვები იშვიათად ან არასდროს არ თამაშობენ კონკურენციის შინაარსის მქონე თამაშებს“.

პროფესორ გრეის აზრით, ნამდვილი თამაში, გახლავთ ისეთი თამაში, რომელიც უშუალოდ ბავშვების მიერ იმართება. ასეთი თამაში მოითხოვს თანამშრომლობას და ფუჭდება კონკურენციით. კონკურენცია ანგრევს ხალისს, სულ მცირე იმისთვის მაინც, ვინც თანმიმდევრულად აგებს მას (სხვადასხვა მიზეზების გამო, ლ.ა.) და რომლისთვისაც ასეთი თამაში აღარ არის სახალისო. თამაშის ყველაზე ფუნდამენტური უფლება, მისი მიტოვების თავისუფლება გახლავთ და სწორედ ეს გახლავთ ის ძალა, რაც მოთამაშეებს უბიძგებს თანამშრომლობისკენ. თუ გსურს თამაში გააგრძელო, მაშინ შენი თანამოთამაშეები, თამაშისას, ბედნიერად (ან კარგად, კომფორტულად) უნდა გრძნობდნენ თავს. საჯაროდ, ნებისმიერი ხერხით, თანამოთამაშეების დამარცხება, მით უმეტეს ეს თუ ხშირად ხდება და მუდმივად მეორდება, მათ თამაშის ხალისს უკარგავს. ბავშვებმა ეს კარგად იციან და როცა ეს ავიწყდებათ, მათ ამას ის ბავშვები ახსენებენ, ვისაც აღარ სურს თამაში.

პროფესორი გრეი აგრძელებს თავის მოგონებებს, რომლებიც მისი ბავშვობის დროის თამაშებს აღწერს: „კარგად მახსოვს, როგორ თამაშობდნენ ბავშვები ერთმანეთთან ჩემი ბავშვობისას, სანამ უფროსები აიღებდნენ „თამაშის სადავეებს“ თავიანთ ხელში. იმ დროს, თუ ბეისბოლის თამაში გვინდოდა, ვიკრიბებოდით რომელიმე თავისუფალ ადგილას. არ მახსოვს ოდესმე, ჩვენი თამაშისას იქ უფროსები ყოფილიყვნენ.

თამაშის მთავარი მიზანი გართობა და ხალისი გახლდათ. თუ ისე მოხდებოდა, რომ ვინმეს რაიმე არ მოსწონდა, ეს თამაშის მიტოვებით თავდებოდა, შესაბამისად, როცა რომელიმე გუნდს ვინმე გამოაკლდებოდა, თამაშიც წყდებოდა ხოლმე. მოგება-გამარჯვება არასდროს ყოფილა მთავარი მიზანი“.

„აქვე უნდა დავძინოთ, რომ მოგვწონდა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, საუკეთესო შედეგის ჩვენება და მიღწევა თამაშის დროს; ახალი შემოქმედებითი გზების გამონახვა ბეისბოლის ბიტით თუ მინდორზე სირბილის დროს (საუბარია ბეისბოლზე, სადაც ბურთი, ბიტა და სირბილი, თამაშის მთავარი ელემენტებია, ლ.ა.). თუმცა არასდროს ყოფილა ბრძოლა ქულებისა და ანგარიშისათვის. საუკეთესო მოთამაშეები, ხშირად თვითშეზღუდვას მიმართავდნენ, რათა თამაში უფრო თანაბარი და ყველასთვის სახალისო ყოფილიყო. ასევე კარგად მახსოვს ტენისის გრძელი მატჩები, რომელშიც მთავარი არა ანგარიში, არამედ ბადეზე ბურთის გადაგდება და მისი აქეთ-იქით დიდი ხნით გათამაშება უფრო იყო ხოლმე. ასეთი ტენისი საკმაოდ მნიშვნელოვან უნარებს მოითხოვდა. უკეთეს მოთამაშეს ბურთი ისე უნდა ჩაეწოდებინა, რომ სიძნელე შეექმნა მეორისათვის (ძალიან ადვილი დარტყმები არ იყო სახალისო), მაგრამ არა ისე, რომ მისი მიღება შეუძლებელი გამხდარიყო“.

„ხანდახან, ჩვენ თვითონვე ვიგონებდით წესებს ან პირობებს, რაც თამაშს უფრო გაართულებდა – ვთქვათ, თითოეული დარტყმა, სხვადასხვა მხარეს უნდა ყოფილიყო მიმართული, ან ბურთს ბადეზე გარკვეულ სიმაღლეზე უნდა გადაეფრინა და არა უფრო მაღლა და სხვა. ერთადერთი ანგარიში, რომელსაც ყურადღებით ვეკიდებოდით, გახლდათ ის, თუ რამდენი ხანი შევძლებდით უშეცდომოდ ბურთის აქეთ-იქით გადაგდებას.

რა თქმა უნდა, ხანდახან, ბავშვები თვითონვე ებმებიან შეჯიბრში. მაგრამ ჩვეულებრივ, ეს მაშინ ხდება, როდესაც მათ თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. ამ დროს შეჯიბრი უფრო ერთმანეთის გამოცდას გულისხმობს, ვიდრე ვინმეს დაჯაბნას ან დამარცხებას!“ – ამბობს დოქტორი გრეი.

პროფესორ გრეის აზრით, ზემოთ აღწერილი შეჯიბრი, სრულიად შესაძლებელია ყოფილიყო ჯანმრთელი, მით უმეტეს მაშინ, თუ გულისხმობდა ან განიზრახავდა რაიმეს უკეთ მიღწევას ან შესრულებას და არა ვინმეს დამარცხებას. იგი ასევე დასძენს, რომ (და აქ არ არის საუბარი რაიმეს რომანტიზაციაზე) ხანდახან ბავშვები ერთმანეთზე ბრაზობენ, ჩხუბობენ და ჩაგრავენ კიდეც ერთმანეთს, რაც ასევე, ურთიერთობების ნაწილია. ისინი ყოველთვის დამჯერნი და კარგები არ არიან. მაგრამ იმის სწავლა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ურთიერთობებში რთულ საკითხებს უფროსების ჩარევის გარეშე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ის ბავშვების ზრდის პროცესის, განვითარებისა და ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბების პროცესების ნაწილს წარმოადგენს.

პიტერ გრეი ასევე აღნიშნავს, რომ და-ძმის ურთიერთობები ხშირად არის პრობლემური, ხშირია ჩხუბი და დაპირისპირება მათი ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში, თუმცა დღეს ამ წერილში ამ თემას არ განვიხილავთ. პიტერ გრეის ზოგადი დასკვნით, ბავშვები ერთმანეთთან ბუნებრივად თანამშრომლობენ, როდესაც ამაში უფროსები არ არიან ჩარეული.

(პირველი ნაწილის დასასრული)

[1] მარია მონტესორი (1870-1952) – იტალიელი ექიმი, განმანათლებელი, პედაგოგი, ბავშვთა სწავლების „მონტესორის მეთოდისა“ და სამეცნიერო პედაგოგიკის მიმართულების შემქმნელი.

[2] კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961) – შვეიცარელი მოაზროვნე, ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, არქეტიპული ფენომენის, კოლექტიური არაცნობიერის, ექსტრა- და ინტრავერსიის კონცეფციების შემქმნელი.

[3] პიტერ ოტის გრეი (Peter Otis Gray, დაბ. 1946 წელს), ამერიკელი ფსიქოლოგი, მკვლევარი და ავტორი. დოქტორი ასწავლის ქ. ბოსტონში (აშშ), „ბოსტონ კოლეჯში“ და არის მრავალი წიგნის ავტორი, რომელიც ბავშვთა ფსიქოლოგიასა და მათი განვითრების ევოლუციურ საფუძვლებს ეხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი