სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბავშვთან ეფექტიანი ურთიერთობის ხელშემწყობი ფაქტორები

ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე აღმზრდელს, განურჩევლად იმისა პედაგოგია ის, თუ მშობელი, სურვილი არ ჰქონდეს, რომ თავისი აღსაზრდელისთვის უახლოეს მეგობრად იქცეს, ადამიანად, რომლისთვის მიმართვისა და რომლისგან რჩევების მიღების სურვილი მას ყოველთვის ექნება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ბავშვის მომავალი, მისი განვითარება, პიროვნების ჩამოყალიბება, მისი ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობა ბევრად არის დამოკიდებული ჩვენზე, უფროსებზე, ჩვენს სიტყვებზე, ქცევაზე, ემოციურ რეაქციებზე. სწორედ ამიტომ აუცილებელია, გავითვალისწინოთ, როგორი ქცევა, საუბრისას გამოყენებული რომელი ფრაზა დაგვეხმარება ბავშვთან ეფექტიან ურთიერთობაში. როცა ბავშვთან ყოველდღიურად გვიწევს ურთიერთობა, ჩვენს ქცევასა და სიტყვას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია მის ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რამდენად მშვიდი, საკუთარ თავში, საკუთარ ძალებში დარწმუნებული და ბედნიერი გაიზრდება ის, რამდენად გაბედული, უშიშარი იქნება და სირთულეების გარეშე დაძლევს წინააღმდეგობებს, რამდენად სანდო ადამიანი ვიქნებით მისთვის, გავხდებით თუ არა მისთვის მეგობარი და პირველები გავიგებთ თუ არა ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება.

რეკომენდაციები – როგორ გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა ბავშვთან ეფექტიანი:

  • უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ბავშვის უპირობო მიღება, უპირობო სიყვარული გაურჩევლად იმისა, როგორ იქცევა და რამდენად მოსაწონია ის გარშემომყოფებისთვის. თავს ნუ შევიკავებთ და ვუთხრათ პატარას, რომ ჩვენ ის ძალიან გვიყვარს. „მე შენ მიყვარხარ“ – ყველას კარგად გვესმის, რომ ამ სამი სიტყვის მოსმენა, განსაკუთრებით საკუთარი მშობლებისგან ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბავშვისთვის. სწორედ მშობლები წარმოადგენენ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდა უყვარდეთ და იღებდნენ ბავშვს ისეთს, როგორიც არის. ვასწავლოთ ბავშვს უპირობო სიყვარული – სიყვარული მხოლოდ იმისთვის, რომ არსებობს. სასურველია ვუთხრათ პატარას ეს ფრაზა არა მხოლოდ ყოველდღე, არამედ დღეში რამდენჯერმეც კი – დილით, გაიღვიძებს თუ არა, სახლიდან სკოლისკენ ან საბავშვო ბაღისკენ მიმავალს, საღამოს, როცა სკოლიდან გამოსულს ვხვდებით. ეს სიტყვები უძლიერებს ბავშვს რწმენას, რომ ის გვიყვარს. ამიტომ, ვუთხრათ მას ეს სიტყვები რაც შეიძლება ხშირად. დღეს ბევრი მშობელი ჩივის, რომ დრო არ რჩება ბავშვთან ურთიერთობისთვის. თუმცა, დღის განმავლობაში თავისუფალი წუთების გამონახვა, სატელეფონო ზარი პატარასთან და ზემოაღნიშნული ფრაზის განმეორება ბევრ პრობლემას ააცილებდა მას თავიდან;
  • ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ის სასურველი და ნანატრი შვილია საკუთარი მშობლებისთვის. ამიტომ, მათი ნათქვამი ფრაზა – „ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ შენ გვყავხარ; ჩვენ სწორედ ისეთი ბავშვი გვინდოდა, როგორიც შენ ხარ“- ბავშვს თავს ბედნიერად აგრძნობინებს და საკუთარი ძალების რწმენას განუმტკიცებს, აავსებს მას სიხარულით და დაარწმუნებს, რომ ის შემთხვევით არ გაჩნდა ოჯახში და ამ სამყაროში;
  • ბავშვს სიამოვნებს, აბედნიერებს და საკუთარი ძალების რწმენას უძლიერებს ასევე იმის ცოდნა, რომ ის საკუთარი მშობლებისთვის მოსაწონი და მისაღებია. მართალია, ნებისმიერი მშობლისთვის საკუთარი შვილი საუკეთესო ბავშვია ამ სამყაროში, მაგრამ ზოგიერთი მშობელი ხშირად თავის შვილს არ ეუბნება ამ სიტყვებს იმის შიშით, რომ არ გაათამამოს ის. ჩვენ შეიძლება ვერ ვხვდებოდეთ, ვერ ვამჩნევდეთ, როგორ ვუყალიბებთ ჩვენი ქცევითა და სიტყვებით ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსს, როცა ვეუბნებით, რომ მას რაღაც ჭირს, რომ ის ლამაზი არ არის, არ არის სიმპათიური და მომხიბვლელი, არა აქვს ლამაზი ცხვირი, ყურები, თვალები და ა.შ. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ პირიქით მოვიქცევით – უფრო ხშირად შევაქებთ ბავშვს. ყოველთვის შესაძლებელია ნებისმიერ ბავშვში მოვძებნოთ ისეთი რამ, რაც მოწონებას და შექებას იმსახურებს. მთავარია, ამის სურვილი გვქონდეს;
  • განვითარების პროცესში ბავშვი შეიძლება რაღაც სფეროში, რაიმე საქმიანობაში წარმატებებს აღწევდეს, მაგრამ სხვა საქმიანობაში წარუმატებელი იყოს და მუდმივად მარცხს განიცდიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ პატარებს არ უყვართ იმის კეთება რაშიც წარუმატებლები არიან და მარცხს განიცდიან, შევეცადოთ, ბავშვთან ურთიერთობაში უფრო მეტად ორიენტირებული ვიყოთ მის წარმატებულ ნაბიჯებზე და ნაკლებად გავამახვილოთ ყურადღება მარცხზე. ეს ბავშვს საკუთარ თავში დარწმუნებულობას, გამბედაობას, შემართებას შემატებს და როცა დრო მოვა, რომ რეალიზება გაუკეთოს საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს, ის თამამად დათანხმდება შეთავაზებებს და ცხოვრებაში ბევრის მიღწევასაც შეძლებს;
  • ნებისმიერ მშობელს აქვს სურვილი იყოს პირველი იმ ადამიანთა შორის, ვისთანაც ბავშვი საკუთარი პრობლემით მისვლასა და რჩევების მოსმენას გადაწყვეტს, ვისაც ენდობა და ვის სიტყვასაც სერიოზული წონა აქვს. იმისათვის, რომ ბავშვისთვის ასეთ სანდო ადამიანად ვიქცეთ, საჭიროა, გამოვიჩინოთ  სიფრთხილე და მისგან მიღებული ინფორმაცია მისსავე წინააღმდეგ არ გამოვიყენოთ. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვთან საუბრისას არ იქნება ეფექტიანი ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა: „მე შენ გეუბნებოდი!“ „მე გაფრთხილებდი!“ „რამდენჯერ შეიძლება ამაზე გელაპარაკო!“  – იმიტომ, რომ ამ ფრაზების მოსმენის შემდეგ მომავალში ბავშვი ჩვენთან აღარ მოვა თავის პრობლემაზე სასაუბროდ. ყოველთვის მადლობა გადავუხადოთ ბავშვს იმისათვის, რომ გვენდო, მოვიდა და გვითხრა სათქმელი. თუმცა, მანამ, სანამ მას რაიმეს ვეტყვით, გულდასმით გავაანალიზოთ ის, რის თქმასაც ვაპირებთ, დაფიქრდეთ იქნება თუ არა ეს სარგებლის მომტანი მისთვის, დაეხმარება თუ არა პრობლემისთვის თავის გართმევაში და მომავალშიც მოისურვებს თუ არა ჩვენთან მოსვლას ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვების მოსმენის შემდეგ.

ზემოაღნიშნული დამოკიდებულებები ბავშვს ქედმაღალ და ამპარტავან ადამიანად ნამდვილად არ აქცევს, რისი შიშიც არცთუ უსაფუძვლოდ ხშირად აქვთ ხოლმე აღმზრდელებს. პირიქით, ასეთი დამოკიდებულებები თანდათან უფრო მეტ თავდაჯერებულობასა და საკუთარი ძალების რწმენას გამოუმუშავებს ბავშვს. ის გაიზრდება უფრო მშვიდი, გაწონასწორებული, ჰარმონიული. მისთვის უფრო ადვილი იქნება სამყაროსა და ცხოვრების აღქმა, ეცოდინება, რა სურს ცხოვრებაში, მშვიდად ივლის თავისი გზით და იქნება წარმატებული.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი