შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ სწავლობენ თანამედროვე მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოებაში მცხოვრები ბავშვები სკოლის გარეშე  

დაახლოებით 10-12 ათასი წლის წინათ, დედამიწაზე სასოფლო-სამეურნეო წესის გაჩენამდე, ადამიანები თავს მონადირეობითა და საკვებად გამოსადეგი მცენარეულობის შეგროვებით ირჩენდნენ. როგორც წესი, ესენი იყვნენ მცირე (20-დან 100 კაცამდე) მომთაბარე ჯგუფები, რომლებიც ტროპიკული და ზომიერი სარტყლების ტყეებში, ველებზე, უდაბნოებში და გარე სამყაროსგან წყლის დიდი მასით იზოლირებულ კუნძულებზე მოიპოვებდნენ საკვებს (ხორცეულს, თევზეულს, მცენარეთა ნაყოფს, სოკოებს). მონადირე-შემგროვებელთა ეს ჯგუფები მთლიანად იყვნენ დამოკიდებულნი, ერთი მხრივ, საცხოვრებელ ტერიტორიაზე, მის რესურსებზე, მეორე მხრივ კი საკუთარ ცოდნაზე, უნარებსა და ინსტინქტებზე. მათ იცოდნენ ნადირობა, სანადირო იარაღის დამზადება, ცხოველებისა და მცენარეების ბუნება, ადგილის გეოგრაფია, კლიმატის თავისებურებები… აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ და ამ ცოდნას ახალ თაობას გადასცემდნენ.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყებამ ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა. მიწათმოქმედებსა და მესაქონლეებთან მონადირე-შემგროვებელთა გახშირებულმა კონტაქტებმა ათასწლეულების განმავლობაში მკვეთრად შეამცირა ნადირობაზე დამოკიდებული ჯგუფების რაოდენობა. ზოგი მეცნიერი მათ სრულ გაქრობასაც კი წინასწარმეტყველებდა საზოგადოებაში ახალი სამეურნეო წესების დამკვიდრების გამო, თუმცა ასე არ მოხდა: ეკვატორულ აფრიკაში, ბრაზილიაში, პერუსა და ვენესუელაში, ახალ გვინეაში და ფილიპინებზე, ავსტრალიისა და აფრიკის სავანებსა და უდაბნოებში, კანადისა და გრენლანდიის ყინულოვან ნაპირებზე დღესაც ასეულობით ტრადიციული ჯგუფია, რომლებიც წინაპრებისგან გადმოცემული წესებითა და ტრადიციებით ცხოვრობენ.

საინტერესოა, რომ, თანამედროვე ანთროპოლოგიური თეორიებისა და დედამიწის სხვადასხვა ადგილას მოპოვებული არქეოლოგიური მასალების მიხედვით, მონადირე-შემგროვებელთა პრაქტიკა შესაძლოა ორი მილიონი წლის იყოს(!), ეს კი პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის ევოლუციური განვითარება, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტიპები, ძირითადი ინსტინქტები, უნარები და ისტორიული ცოდნა მონადირე-შემგროვებელთა წესებთან უფრო მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე ისტორიულად სულ მცირე ხნის წინ გაჩენილ სასოფლო-სამეურნეო ცხოვრებასა და მის თავისებურებებთან.

„ჩვენ შეიძლება სიბრალული ვიგრძნოთ მონადირე-შემგროვებელთა მიმართ მათი დროში გაყინული უბრალოების გამო, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ცდებით. ტრადიციულ ხალხებს ჰქონდათ უზარმაზარი ცოდნა, მათ იცოდნენ თავიანთი მიწისა და მასზე მობინადრე ცხოველების ყველა საიდუმლო, ჰქონდათ მდიდარი და მრავალფეროვანი ცხოვრება. ჩვენ ეს იქიდან ვიცით, რომ საფრთხის გაჩენისთანავე მათ თავდაუზოგავი ბრძოლა დაიწყეს და ბოლომდე იბრძოდნენ ცხოვრების წესის გადასარჩენად. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არსებული მონადირე ტომების ხალხებს ემუქრება მემაღაროეების, ტყისმჭრელების, მესაქონლე ფერმერებისა და მიწათმოქმედების შეჭრა მათ მიწებზე, რადგან მომხდურებისთვის ფული უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ადამიანობა… და ეს, სავარაუდოდ, ჩვენი კულტურის ყველაზე თვალში საცემი თვისებაა“, – ამბობს კარლ საფინა, ეკოლოგიის დოქტორი, მწერალი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, ლონგ-აილენდის უნივერსიტეტისა და ფილადელფიის დრექსელის კვლევითი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

 

ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს თანამედროვე თურქი ანთროპოლოგის, ბრიტანეთის აკადემიის სტიპენდიატის გულ-დენიზ სალალის სტატიიდან თანამედროვე მონადირე-შემგროვებლებსა და სწავლების მათთან გავრცელებულ წესებზე.

 

როდესაც კონგოს ეკვატორულ ტყეში მცხოვრები ცამეტი თვის ეტენი ცდილობს, ბასრი დანით დაჭრას ნანადირევის ხორცი, ამას არავინ უშლის. მეტიც, ეტენს ხშირად ნახავთ ბასრი საგნებით მოთამაშეს – ის ცდილობს, მიბაძოს ცხრა წლის დეიდა ბვაკას, რომელიც უკვე ოსტატურად ხმარობს მაჩეტეს ველური იამსის ან ჯუნგლების ბუშის ასაჩეხად.

ეტენისა და ბვაკას ურთიერთობა ერთმანეთთან და მათი ტომის სხვა წევრებთან გვიჩვენებს, როგორ გამოიმუშავებენ მბენჯელეს ტომის მონადირე-შემგროვებლების ბავშვები იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ეკვატორულ ტყეებში თავის გადასარჩენად.

მე როგორც ევოლუციური ანთროპოლოგი დაინტერესებული ვარ მონადირე-შემგროვებლების ბავშვების სწავლების პროცესით. ეს ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს, გვეხმარება გავერკვიოთ, როგორ გადასცემდნენ ადამიანები ერთმანეთს ცოდნასა და უნარებს სოფლის მეურნეობის გაჩენამდე. მონადირე-შემგროვებლებზე დაკვირვებით შესაძლებლობა გვეძლევა, გავიზიაროთ მათი ცოდნა გარემოს შესახებ და თვალი მივადევნოთ კულტურის ჩამოყალიბებას მონადირე-შემგროვებელთა ტრადიციულ საზოგადოებებში.

ადამიანთა კულტურა უპრეცედენტოა, რადგან იგი დაგროვებითი და თანმიმდევრულია. ჩვენ ვაგროვებთ ცოდნას არსებული უნარებისა და ინფორმაციის შეკრებით და განვითარებით, ვიყენებთ ამ ცოდნის კომბინაციებს და ვშობთ ახალს. ეს პროცესი დროთა განმავლობაში გვაძლევს კომპლექსურ მოვლენებს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა ინტერნეტი. თავდაპირველად იყო ენა და მეტყველება, შემდეგ გაჩნდა დამწერლობა და ბეჭდვა, რადიო- და სატელეფონო კომუნიკაცია, რასაც კომპიუტერები და ინტერნეტი მოჰყვა. მაგრამ კულტურა გროვდება და ვითარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინფორმაციის სწორად, ფაქიზად გადაცემა ხდება.

ჩვენი კვლევისთვის მე და ჩემმა კოლეგებმა ასზე მეტი ვიდეო ვნახეთ მბენჯელე-ბაიაკას პიგმეების ცხოვრების შესახებ, რათა მონადირე-შემგროვებელთა ბავშვებისთვის ცოდნის გადაცემის წესებს გავცნობოდით; გაგვეგო, როგორ სწავლობენ ბავშვები დანის გამოყენებას, პატარების მოვლა-პატრონობას და საკვებად ვარგისი მცენარეების შეგროვებას.

მბენჯელეს ტომის ბავშვები ფეხის ადგმისთანავე იწყებენ ამ უნარების დასწავლას გარემოში თავისუფლად გადაადგილების, სხვებზე დაკვირვებისა და მიბაძვის საშუალებით. სწავლის ეს გზა – დაკვირვება და მიბაძვა – საუკეთესოა უნარების ზუსტად, უშეცდომოდ დასასწავლად და ნათლად გვიჩვენებს, რომელ კონცეფციებსა და პროცესებს სწავლობს ბავშვი პირველ რიგში ან რაგვარი კომუნიკაცია მიმდინარეობდა პრეისტორიული ხანის მონადირე-შემგროვებლებს შორის.

[მცირეწლოვანი ბავშვებისთვის] აღნიშნული უნარების სწავლება კიდევ ერთი დიდებული მეთოდია, ის ინფორმაციის ზედმიწევნით გადაცემას უზრუნველყოფს, თუმცა თუ ამ პროცესს შევადარებთ სწავლების, ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში დამკვიდრებულ წესებს, სადაც ფორმალური განათლება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მკაცრად განსაზღვრულ იერარქიას გულისხმობს, აღმოვაჩენთ, რომ მბენჯელეს ტომის მონადირე-შემგროვებლებს შორის მასწავლებელი ან სწავლების ფორმალური პროცესი უბრალოდ არ არსებობს. ზრდასრულები ხელს უწყობენ ბავშვების მიერ თვითმართვად სწავლება-სწავლას და იშვიათად ერევიან მათ აქტივობებში. ეს იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა მათ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანს იქ ყოველდღე უწევს საკვების მოპოვება.

მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ სწავლება აუცილებელი არ არის? არა და არა! დაკვირვება გვიჩვენებს, რომ სწავლება უნივერსალური პროცესია. ეს პროცესი ნებისმიერი ტიპის საზოგადოებაში კულტურის განვითარებასთან ერთად იდგამს ფეხს. როდესაც ცოდნა და უნარები რთული და კომპლექსური ხდება, სწავლების აუცილებლობა წარმოიშობა, რადგან შეუძლებელია, მაგალითად, მათემატიკის სწავლა მხოლოდ მათემატიკოსზე დაკვირვებით.

დღეს მბენჯელეს ხალხში სწავლებას მიმართავენ მხოლოდ აბსტრაქტული ინფორმაციის გადასაცემად. მაგალითად, იმისა, როგორ უნდა მოექცე სხვებს. ნაცვლად პირდაპირი ინსტრუქციების მიცემისა, მონადირე-შემგროვებლების „მასწავლებლები“ ხშირად სწავლებისთვის საჭირო გარემოს ქმნიან და თვალყურს ადევნებენ ბავშვების აქტივობებს. მაგალითად, საკუთარი თვალით მინახავს, თანაბრად როგორ უნაწილებდა საკვებს მოზარდი ბიჭი დასახლების ყველა წევრს, ზრდასრული კი ამ პროცესს მხოლოდ მეთვალყურეობდა და მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში რჩევა მიეცა ბავშვისთვის პროცესის სწორად წარსამართავად.

 

ბავშვობისა და თამაშის მნიშვნელობა

ჩვენ, ადამიანებს, განსაკუთრებით გრძელი ბავშვობის პერიოდი გვაქვს. საშუალოდ, ცხოვრების თითქმის თვრამეტ წელს ვატარებთ ისე, რომ სხვების მიერ მოწოდებულ საკვებზე ვართ დამოკიდებული. შიმპანზეები, მაგალითად, საკვებს დამოუკიდებლად მოიპოვებენ დედის ძუძუს მიტოვების შემდეგ, ხუთი-ექვსი წლიდან. ბევრი თანხმდება, რომ ასე ჩამოყალიბდა ევოლუციურად, რათა ბავშვს საკმარისი დრო ჰქონოდა იმ კომპლექსური უნარების განსავითარებლად, რომლებიც აუცილებელია მონადირისა და შემგროვებლისთვის.

დღეს საზოგადოებათა უმეტესობაში ეს ფუნქცია სკოლებმა იტვირთეს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ათასობით წლის განმავლობაში ადამიანებს ფორმალური სკოლები არ ჰქონდათ. მბენჯელეს ტიპის ტრადიციულ საზოგადოებებში ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს თამაშში ატარებენ. იმის გამო, რომ ამ საზოგადოებებში ბავშვების ჯგუფები შერეული ასაკისაა, იქმნება საკმაოდ ხელსაყრელი გარემო, რათა მათ ერთმანეთისგან ისწავლონ.

კვლევამ გვიჩვენა, რომ უნარების სწავლებისა და ცოდნის გადაცემის დაახლოებით 60% ბავშვების სათამაშო ჯგუფებში ხდება. ერთ-ერთი თამაშის დროს მბენჯელეს ტომის ბავშვები იმეორებდნენ ტყის სულებთან დაკავშირებულ იმ რიტუალებს, რომლებსაც უფროსები ასრულებენ ხოლმე. ამ დროს ქალები მღერიან და ტაშს უკრავენ, რათა ტყის სულები ბანაკში მოიწვიონ. მამაკაცები, რომლებიც ამბობენ, რომ ტყეში სიარულისას სულები დაიჭირეს, ტანს ველური ფოთლებით იფარავენ და საიდუმლო ბილიკით ბრუნდებიან ბანაკში, რათა საბოლოოდ ყველას თვალწინ შეასრულონ რიტუალური ცეკვა. რიტუალების იმიტირებით ბავშვები ითვისებენ თავიანთი ხალხის კულტურულ პრაქტიკას და არსებულ გენდერულ როლებს.

მე, თურქეთში გაზრდილი ბავშვი, ბედნიერად ვიხსენებ იმ წლებს, როცა ბავშვებთან ერთად ქუჩაში თამაშის საშუალება მქონდა. საოცარი იყო ის თავისუფლების განცდა, რომელიც ახლდა მბენჯელეს ტომის ბავშვების თამაშს და შემოქმედებითი ნიჭი, რომელიც ჩანდა მათ მიერ ტყიდან მოტანილი ნაირ–ნაირი მასალის სათამაშოდ ქცევასა და გამოყენებაში.

ვფიქრობ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი მონადირე-შემგროვებლებისგან. მათი საზოგადოებების შესწავლა მხოლოდ იმას კი არ გვიჩვენებს, როგორ ყალიბდება კულტურა, არამედ ბავშვების განათლების, მათთვის ცოდნის გადაცემის პროცესსაც სხვა თვალით დაგვანახებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი