ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

Kahoot-ის პლატფორმის  გამოყენება გაკვეთილზე

უკვე დიდი ხანია, ელექტრონული მოწყობილობები სკოლის მოსწავლეთა განუყოფელ ატრიბუტიკას წარმოადგენენ. შესაბამისად, სმარტფონებზე და ონლაინ თამაშებზე მოზარდების დამოკიდებულება ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა მასწავლებლებისათვის.  მათი დათმობა მოსწავლეებს გაკვეთილის მიმდინარეობის დროსაც უჭირთ.  ხშირად მომისმენია ჩემი მოსწავლეებისაგან გულითადი თხოვნა:

„- მასწ, ამ ერთ ხელს ვითამაშებ და მორჩა, ჩავერთვები აქტივობაში“.

ალბათ, ბევრისათვის ნაცნობი სიტუაციაა. ისიც ცნობილია, რომ მოწყობილობების ჩამორთმევა აკრძალვა უარყოფითად მოქმედებს მათზე და თამაშის კიდევ უფრო ძლიერ სურვილს აღძრავს მოზარდებში. აგრეთვე, ძალდატანებისას აგრესიული ხდებიან და საგაკვეთილო პროცესის ჩაშლამდეც კი შეიძლება მივიდეს საქმე. ამ სიტუაციაში, დეილ კარნეგის სიტყვები შთაგონების წყაროდ იქცა  ჩემთვის – „თუ ცხოვრება ლიმონს გარგუნებს, გააკეთე მისგან ლიმონათი“. მეც ამ პრინციპით ვიხელმძღვანელე. მოსწავლეთა სმარტფონები ერთ-ერთ სასწავლო რესურსად ვაქციე. კერძოდ, ინგლისური ენის ლექსიკური ერთეულების სწავლება-მართლწერა-დამახსოვრება Kahoot-ის ონლაინ თამაშით ვცადეთ.

მოგეხსენებათ, ლექსიკონის რვეულში ჩაწერა-სწავლა მოსწავლეებს დიდად არ ხიბლავთ; მონოტონური გამეორება და მასწავლებლის მიერ ლექსიკონიდან სიტყვების გამოკითხვა  მოძველებული მეთოდია და განახლებული სტრატეგიების მოძებნაა საჭირო.  ამიტომ, Kahoot-ის საგანმანათლებლო პლატფორმაზე შევქმენი ონლაინ თამაში, რომლითაც შესაძლებელია უცხო სიტყვების ცოდნის და მართლწერის შემოწმება. ამ სტატიაში  გაგიზიარებთ ლექსიკის სწავლებაში Kahoot-ის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმის  გამოყენების გამოცდილებას.

პირველ რიგში, განვიხილოთ თუ რა არის Kahoot -ი. Kahoot Play Game წარმოადგენს ონლაინ თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო პლატფორმას. მას ფართო გამოყენება აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. Kahoot-ით შემოთავაზებულ ქვიზებს და კითხვარებს ხალისი და მხიარულება შემოაქვს მოთამაშეთა წრეში. ნებისმიერი თემატური ერთეულის ან თემის შეჯამება შეიძლება ამ ონლაინ რესურსით. ასევე, მას იყენებენ პიროვნების ან საკითხის წარდგენისასაც საჭიროებისამებრ.

Kahoot-ის დახმარებით, ერთ სათამაშო სივრცეში თავს იყრის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანი.   თამაშს თან ერთვის მიმზიდველი ვიზუალური გაფორმება და მუსიკა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, ავტორის სურვილის შესაბამისად. ასევე, მარტივია მისი ტექნიკურად გამართვაც.

პლატფორმაზე თამაშის შესაქმნელად, საჭიროა თამაშის ორგანიზატორის მიერ ანგარიშის შექმნა (რეგისტრაცია) საიტზე kahoot.com. თამაშის მონაწილე კი სმარტფონის ან ნებისმიერი ქსელში ჩართული მოწყობილობის საძიებო ველში აკრებს kahoot.it. შედეგად, მონაწილის ეკრანზე გამოჩნდება თამაშის კოდის მოთხოვნა. შემდეგ, ორგანიზატორი აჩვენებს თამაშის კოდს დიდ ეკრანზე (ამისათვის, შესაძლოა დაგვჭირდეს პროექტორი ან მონიტორი) და თამაშის მონაწილეები თავიანთი სახელებით ერთვებიან ონლაინ პლატფორმაზე. ამდენად, რეგისტრაცია და ქვიზის შექმნა ევალება  მასწავლებელს. მოსწავლე მხოლოდ პინ კოდით და სახელით ერთვება თამაშში. იმისათვის რომ, ქვიზის შექმნის პროცესი უფრო მარტივად აღსაქმელი იყოს, გაგიზიარებთ ჩემს მიერ შექმნილ ვიდეო-გზამკვლევს kahoot-ის შესახებ

მოსწავლის ეკრანზე გამოჩნდება ამგვარი პასუხის შესაბამისი ფერადი ყუთები. მას ევალება რაც შეიძლება მალე აირჩიოს სწორი პასუხის შესაბამისი ფერის ღილაკი.

 

Kahoot-ის ონლაინ პლატფორმას უამრავი დადებით და უარყოფით მხარე გააჩნია.  დადებით მხარეებად მიიჩნევა შემდეგი:

  • იგი ინტერაქტიური ონლაინ თამაშია;
  • თვითონ ანგარიშობს მოსწავლეთა ქულებს და საბოლოო შედეგებს;
  • შეჯიბრებითობის პრინციპზეა დაფუძნებული;
  • არ საჭიროებს მოსწავლეებისაგან სპეციფიკური ცოდნის და უნარების ფლობას.

უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მოსწავლეთა გახშირებული მოთხოვნა თამაშის განმეორებით ჩატარებაზე. იმისათვის რომ, მეორე უკიდურესობაში არ აღმოვჩნდეთ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად და ახლა, სასწავლო თამაშზე არ მიეჯაჭვონ, გაგიზიარებთ აქტივობას სახელწოდებით „Spelling Test“, იგივე „მართლწერის ტესტი“. ეს აქტივობა დასაშვებია ყოველ გაკვეთილზე განვახორციელოთ. აქტივობა კი ასე წარიმართება: მასწავლებელი ხმამაღლა წაუკითხავს მოსწავლეებს ინგლისურ  სიტყვას ორჯერ. მოსწავლეები ფურცელზე წერენ სიტყვას თავისი ქართული მნიშვნელობით. შემდეგ, მასწავლებელი აკრებს ფურცლებს და შეამოწმებს მოსწავლეთა ნაწერებს. პარალელურად, მოსწავლეები მოძებნიან ლექსიკონში ან წიგნში (ე.წ. Wordspot-ში) მოცემულ სიტყვებს, თუ რა დაწერეს სწორად და რა შეეშალათ. ბოლოს კი, მასწავლებლის მიერ შეფასებულ ნაწერსაც გაანალიზებენ. სასურველია, ყოველ გაკვეთილზე ნაკარნახევი სიტყვების რაოდენობა ხუთს არ აღემატებოდეს. შედეგად, დრო დაიზოგება სხვა სასწავლო აქტივობებისათვის და მოსწავლეებიც ნაკლებ სტრესს მიიღებენ ცოტა რაოდენობის უცხო სიტყვის დაწერისას.

მოსწავლის დაწერილი „მართლწერის ტესტი“

ამგვარად, „მართლწერის  ტესტით“ ხდება ახალი ლექსიკური ერთეულების სწავლა და წინა გაკვეთილებზე ნასწავლის განმტკიცება (ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა). ამავე დროს იგი მოზარდებს იცავს თამაშზე დამოკიდებულებისაგან.

საბოლოო ჯამში, Kahoot-ის თამაშზე დაკვირვების და მოსწავლეთა გამოკითხვის საფუძველზე, საგულისხმო დასკვნები გამოვიტანე. კერძოდ, მოსწავლეები:

  • ხალისით და პოზიტიური განწყობით სწავლობენ უცხო ენის ლექსიკას;
  • იაზრებენ ონლაინ-თამაშების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობას;
  • სასაუბრო ლექსიკიდან ამოიღებენ PUBG-ს და მისთანანს (საგაკვეთილო პროცესში მაინც);
  • განივითარებენ შეჯიბრებისას ეთიკის ნორმების დაცვის უნარს;
  • სწავლობენ სხვისი გამარჯვების აღიარებას და მათი შრომის დაფასებას;
  • საკუთარი გამარჯვების სურვილით, ეჩვევიან უფრო მუყაითად მუშაობას;
  • დაბოლოს, მასწავლებლობა ხდება დაძაბულობისაგან თავისუფალი საქმიანობა პედაგოგისათვის. მას არ უწევს საგაკვეთილო დროის ფუჭად ხარჯვა და მოსწავლეებთან კონფლიქტური სიტუაციებისგან თავის დაღწევა.

აღნიშნული ონლაინრესურსი შეუძლია გამოიყენოს როგორც უცხოური ენების მასწავლებელმა, ასევე, ნებისმიერი საგნის სწავლებით დაინტერესებულმა პირმა. აი, ასე მივიღე „ლიმონისაგან“ ჯანსაღი სასმელი სახელად Kahoot-ი. იმედია, გამოგადგებათ ამ სასმლის ჩემეული რეცეპტი. მოსწავლეებისაგან კი ნამდვილად დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი