ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

არ დაწვა ფოთოლი

ბავშვობიდან ბევრი ტკბილი მოგონება მომყვება. ერთადერთი, რაც დღემდე ცუდად მახსენდება, შემოდგომის საღამოებია. მეზობლის ეზოდან ამოსული კვამლი, რომელიც სუდარასავით ეფარებოდა ატმოსფეროს ქვედა ფენას და დაუკითხავად იჭრებოდა ჩვენს სასუნთქ ორგანოებში. ის უსიამოვნო სუნი დღემდე მახსოვს…

 

***

შემოდგომა წელიწადის ულამაზესი დროა. ფოთოლცვენა, ფერები… ბუნებრივი იქნება, მოსწავლეებს ვკითხოთ, სად მიაქვთ ეზოებში, ქუჩებში, ბაღებში მოგროვილი ფოთლები, მუშავდება თუ არა ორგანული ნარჩენები?

მათი ნაწილი ბუნებრივი ლპობის სახით უკან, ბუნებაშივე ბრუნდება, ნაწილი, სხვა ნარჩენებთან ერთად, ნაგავსაყრელებზე ხვდება. გავრცელებულია კიდევ ერთი, გაცილებით საზიანო პრაქტიკა – ფოთლების დაწვა. ფოთლების წვის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, რომლებიც საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იმავდროულად, იზრდება ხანძრის გავრცელების საშიშროება. ფოთლების დაწვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ნარჩენების კოდექსის მიხედვით, ქუჩაში, ეზოსა თუ ბაღში ფოთლების დაწვის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი და კანონდამრღვევს დააკისროს 500 ლარის ოდენობის ჯარიმა.

დამეთანხმებით, რომ სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. მთავარია მოტივაცია, ხელშეწყობა და დრო. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ მასწავლებლები. მოდი, ერთად ვიკითხოთ: მაინც რისი გაკეთებაა შესაძლებელი სკოლის პირობებში?

ხშირად სკოლაში არსებულ თუნდაც მწირ რესურსს ეფექტურად ვერ ვიყენებთ. შეგიძლიათ, საკლუბო თუ საგაკვეთილო ფორმატში მოიწვიოთ ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც ისაუბრებს ფოთლების დაწვის შედეგად გამოყოფილი კვამლის მავნებლობაზე. შემდეგ უკვე მოქალაქეობის მასწავლებელი ან სამოქალაქო კლუბის მეურვე გაშლის ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული სანქციების თემას. სასურველია, ასეთ გაკვეთილს მოჰყვეს რაიმე შეთანხმება – მაგალითად, კომპოსტის წარმოების დაწყება.

 

ჩვენი გამოცდილება

ყველა სკოლას აქვს ჩამოწერილი ან დაზიანებული მერხები. მათი გამოყენებით შესაძლებელია კომპოსტის მარტივი ყუთის დამზადება. ამის უამრავი თვითმასწავლებელი არსებობს ინტერნეტში.

ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში 2021 წლიდან მოქმედებს კომპოსტის ყუთი. შარშან მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე მოგროვებული ფოთლების კომპოსტირება შევძელით. ჩვენ მიერ წარმოებული ნიადაგი უკვე გამოვცადეთ. ყოველგვარი დანამატების გარეშე, განათლების ბაღში, სადაც ნაყოფიერი ნიადაგი არ არის და მხოლოდ ბეტონია, ვეებერთელა მცენარეები გავახარეთ.

 

კომპოსტის ყუთი სკოლაში ჩამოწერილი ნივთებისგან, გატეხილი მერხებისგან დავამზადეთ. 2022-2023 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კიდევ ერთი ყუთი შევმატეთ ბაღს.

სამოქალაქო კლუბში ვმსჯელობდით მისი ავსების შესაძლო ვარიანტებზე. ერთ-ერთ მოსწავლეს მოუვიდა იდეა, დაგვეწყო ფართომასშტაბიანი კამპანია „არ დაწვა ფოთოლი – მოიტანე სკოლაში“. სამოქალაქო კლუბთან ერთად პროექტში აქტიურად ჩაერთო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა. მან კლასებში გაავრცელა ინფორმაცია, სამოქალაქო კლუბმა კი დაწყებითი საფეხურის კლასის დამრიგებლებთან ითანამშრომლა.

ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო ფოთლების შემოდინება. იმავდროულად, დაწყებითი საფეხურის ოთხ კლასში განვათავსეთ დამატებითი ნაგვის ურნები ორგანული ნარჩენებისთვის. ყოველი დღის ბოლოს ერთი მოსწავლე და ერთი სამოქალაქო კლუბის წევრი აგროვებდნენ ორგანულ ნარჩენებს და კომპოსტის ყუთში ყრიდნენ.

ფოთლების და სხვა ორგანული ნარჩენების კომპოსტირება შეგიძლიათ დაუკავშიროთ მდგრადი განვითარების მე-11 და მე-13 მიზნებს. მსგავსი მიდგომით ვასწავლით, რომ ლოკალურ ნაბიჯებს (ქმედებებს) გლობალური შედეგი მოჰყვება. სწორედ ამას გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნების პრაქტიკაში განხორციელება. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან. ისინი თავიდან ბოლომდე არიან ჩართულნი პროცესში. უყურებენ სრულ სურათს, ფოთლებისა თუ სხვა ორგანული ნარჩენების მობილიზებით დაწყებული, კომპოსტის ყუთებში მათი განთავსებით გაგრძელებული. შემდეგ შეგიძლიათ, სხვადასხვა ინტერვალით მიიწვიოთ მასწავლებელთან ერთად და აჩვენოთ, როგორ იქცევა ნელ-ნელა ორგანული ნარჩენები ნაყოფიერ ნიადაგად.

დამეთანხმებით, ეს შთაბეჭდილება სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებათ.

ამგვარად შევძლებთ, ავამაღლოთ მოსწავლეთა ცნობიერება ამ კუთხით, ვასწავლოთ, როგორ გაუფრთხილდნენ ატმოსფეროს, გარემოს დაბინძურების ნაცვლად როგორ გაამდიდრონ ნიადაგი სასარგებლო ნივთიერებებით და გაახარონ მცენარეები.

გამოყენებული მასალა:

https://sustainability.ge/burning-leaves/ – ფოთლების დაწვის მავნებელი პრაქტიკა

https://www.sustainability.ge/sdgs/ – მდგრადი განვითარების მიზნები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი