სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

„უუნარო ვარ“. გახსოვდი დამარცხებული?

ასეთი შეფასება ხშირად ჟღერს ჩემთან შეხვედრებზე. საკუთარი თავის შესახებ ამ რწმენის მატარებელნი იტანჯებიან განცდით, რომ აწმყოში თუ არა, მომავალში მაინც მათ უუნაროებად და უნიჭოებად შეაფასებენ; ირგვლივ მყოფები აუცილებლად „მიხვდებიან“, „ამხელენ“ და „გამოამჟღავნებენ“, რომ ისინი „უუნაროები“ და „უნიჭოები“ არიან. ამ მოლოდინის თანმხლებ მტანჯველ, ძლიერ შფოთვასთან გასამკლავებლად ადამიანი ოთხ გზას მიმართავს:

გაქცევა  – როდესაც ამ რწმენის მქონე ადამიანი აღმოჩნდება ისეთი სირთულის ან ამოცანის წინაშე, რომელიც მასში აცოცხლებს შეფასებას − „უუნარო ვარ“, ის ცდილობს, გაექცეს ამ რწმენის მაცოცხლებელ გარემოს თუ გამღიზიანებელს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი გადააწყდა ტექსტის ისეთ მონაკვეთს, რომლის შინაარსის გაგებაც ერთი წაკითხვით გაუჭირდა. თუ მან ეს სირთულე შეაფასა როგორც მისი უუნარობის ან უნიჭობის დასტური, შესაძლოა, ტექსტის კითხვა შეწყვიტოს და ყურადღება სიამოვნების აღმძვრელი ან ისეთი საქმიანობისკენ მიმართოს, რომელიც მასში უნარიანობის განცდას აღძრავს. ნაცვლად იმისა, რომ ტექსტის მონაკვეთთან დაბრუნება და მასში ჩაღრმავება სცადოს, ვიდეოთამაშს არჩევს, რადგან იქ დაბრკოლებების გადალახვა, ერთი მხრივ, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელია, მეორე მხრივ კი შესაძლებელი. ანუ მას აქვს განცდა, რომ შეუძლია დასახულ მიზანს მიაღწიოს და, შესაბამისად, კმაყოფილება განიცადოს. კმაყოფილება და სიამოვნება კი ორი ისეთი რამაა, რისკენაც, როგორც წესი, მივილტვით.

დაპირისპირება – თუ ადამიანი უუნარობის განცდასთან გასამკლავებლად დაპირისპირებას ირჩევს, მას უჭირს ამ განცდის აღმძვრელი გარემოს მიტოვება. გაქცევის ნაცვლად ის ირჩევს თავაუღებლად შრომას, ზოგჯერ უარს ამბობს სიამოვნების სხვა წყაროებზე, ვერ წყვეტს დაბრკოლებებზე ფიქრს, ვერ ივიწყებს მათ. გაიხსენეთ, რამდენჯერ გაგიგრძელებიათ მშფოთვარე ფიქრი ისეთ ამოცანაზე, რომლის ამოხსნაც მყისიერად ვერ შეძელით. ცნობისმოყვარეობით სავსე მიზანდასახულობისგან განსხვავებით, უუნარობის განცდასთან დაპირისპირებით გამკლავება გაჯერებულია უსიამოვნო შფოთვით, სულსწრაფი დაჟინებით. მეჩქარება დავამტკიცო, რომ უუნარო არ ვარ. „ვაითუ ვერ შევძლო“, „ვაითუ თავი ვერ გავართვა“. ამ შემთხვევაში დაჟინებას ამოძრავებს უუნარობის დადასტურების შიში და არა შემეცნების წყურვილი ან წრფელი ცნობისმოყვარეობისთვის საჭირო უსაფრთხოების განცდა, რომელიც, შეცდომის პასუხად, უპირველეს ყოვლისა, ირგვლივ მყოფებისგან მიღებული, თანმიმდევრულად გამოხატული, შემწყნარებლური დამოკიდებულების გაშინაგნების შედეგია.

გაშეშება – თავი ხელებში მაქვს ჩარგული და ტექსტს დავყურებ. რაღაც ვერ გავიგე და ამის პასუხად ჩემს გონებაში თითქოს სრული სიცარიელეა; სხეული შებოჭილი მაქვს, გულისცემა – ზოგჯერ შენელებული, ზოგჯერ აჩქარებული, მაგრამ ვხვდები, რომ საკუთარ თავში შევბრუნდი, გარემოს გავუუცხოვდი. რადგან გარემოს დატოვება და გაქცევა არ შემიძლია, თითქოს ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება, სულაც არ ხდება ჩემს თავს; სიტყვები, რომლებსაც ვკითხულობ, უშინაარსოა, მიჭირს ტექსტზე ყურადღების შეჩერება და, საერთოდაც, რა მოხდება, თუ ოცნებებში ჩავიკარგები, სადაც ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია?

განრიდება – განრიდება უუნარობის განცდასთან გამკლავების სხვა გზებისგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანი სრულიად განერიდება გარემოს, სადაც შესაძლოა მისი უუნარობა დადასტურდეს. მაგალითად, შესაძლოა უარი თქვას სიახლეებსა და წამოწყებებზე, რადგან ეშინია, რომ ცხოვრების რომელიღაც საფეხურზე მაინც აუცილებლად „ამხელენ“ „უუნარობასა“ და „უნიჭობაში“. „ვაითუ მიხვდნენ, სინამდვილეში როგორიც ვარ…“

ოთხივე გზა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ქცევაა და ოთხივე მათგანი მიზნად ისახავს უუნარობის რწმენის დადასტურებისგან თავის დაცვას.

რატომ გვეშინია ასე უუნარობისა და უნიჭობის რწმენის დადასტურების?

ადამიანების უმრავლესობისთვის ძირეული, უუნარობის შფოთვას „ამოფარებული“, მის მიღმა მდგომი შფოთვა უარყოფის და მის საფუძველზე მივიწყების შფოთვაა. რა მოხდება ყველაზე უარესი, თუკი წარმოვიდგენთ, რომ მართლაც უუნაროდ და უნიჭოდ მიგიჩნიეს? ამ კითხვაზე პასუხი ხშირად ასახავს გარიყვის, უარყოფისა და მიტოვება-მივიწყების შფოთვასა და მოლოდინს: „ადამიანები ჩემდამი ინტერესს დაკარგავენ, იფიქრებენ, რომ მოსაწყენი ადამიანი ვარ, რომ ჩემთან მეგობრობა არ ღირს, უვარგისად ჩამთვლიან და დამივიწყებენ“. ასეთი მტანჯველი, უკიდურესად მტკივნეული შფოთვა, როგორც წესი, განვითარების საკმაოდ ადრეულ საფეხურზე განცდილი მიტოვებისა და მივიწყების შფოთვის ანარეკლია.

როგორ უმკლავდებოდნენ ჩემს მარცხს ჩემი მშობლები თუ სხვა აღმზრდელები? მარცხი ჩემი განვითარების განუყოფელი ნაწილი იყო თუ მე, როგორც მარცხის განმცდელ (და არავითარ შემთხვევაში უუნარო ან უნიჭო) ადამიანს, მივიწყებდნენ? მშობლები და სხვა აღმზრდელები უგულებელყოფდნენ თუ არა იმას, რომ მეც შეიძლებოდა დავმარცხებულიყავი, მეც შეიძლებოდა უზადოდ ვერ გამერთმია თავი ამოცანისთვის? რას მეუბნებოდნენ, როდესაც ხელი მეცარებოდა?

კიდევ უფრო ზუსტად: გახსოვდი დამარცხებული? თუ ზურგს მაქცევდი, მებუტებოდი და ჩემთან კავშირის გაწყვეტა მარცხის პასუხად მიღებული სასჯელი იყო?

უუნარობის განცდისა და მისგან განრიდების მიღმა ხშირად სასოწარკვეთილი ვედრებაა: ხომ არ დამივიწყებ, თუ დავმარცხდი? ხომ დამიყრდნობ, თუ რამეს ვერ გავუმკლავდი? ოღონდ დამიყრდნობ დროებით და არა იმისთვის, რომ სამუდამოდ შენზე დავრჩე დამოკიდებული, რადგან ჩემი ძირეული მოთხოვნილება, უსაფრთხოების განცდასთან ერთად, სწორედ უნარიანობის განცდაა, სირთულეებთან შეჭიდებისა და მათი დაძლევისკენ ლტოლვა. შენგან მჭირდება თანაგრძნობა და შემწყნარებლობა – არა როგორც სამუდამო თავშესაფარი, რომელშიც ზრდას შევწყვეტ, არამედ დროებითი, იმისთვის, რომ შევძლო, ისევ გავიდე სამყაროში, საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებული, იმ განცდით, რომ შემიძლია შევიმეცნო, გავიზარდო და განვვითარდე – არა როგორც გზააბნეული, შფოთვით სავსე ადამიანი, რომელიც, არც კი ვიცი, საით მიემართება (ჩემი ქცევები უწესრიგო, განსაზღვრულ მიზანს მოკლებულია, რადგან არ მეგულები), არამედ ადამიანი, რომელსაც, საკუთარი უსაფრთხოების განცდისგან გამომდინარე, უნარი შესწევს, დაგეგმოს, გაიაზროს, აწონ-დაწონოს, რა ელის და ასე შეაბიჯოს ზრდასრულთა სამყაროში, რომელიც სავსეა პირობებით და სადაც მარცხი მართლაც გარდაუვალია.

გახსოვდი დამარცხებული?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი