პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მეცნიერების პოეზია და პოეზიის მეცნიერება

მეცნიერება და პოეზია ერთმანეთთან ახლოსაა, რადგან ორივე წარმოადგენს გონების აქტივობას, რომელიც ემორჩილება გარკვეულ წესებს და მიმართულია სამყაროს შეცნობისაკენ.

იმანუელ კანტი

პოეზია შეიძლება შეეხოს ყველაფერს, რასაც კი ადგილი აქვს ამ სამყაროში.

ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი

 ხელოვნებისა და მეცნიერების შერწყმა ახალი ტენდენცია სულაც არ არის. ლეონარდო და ვინჩიმ შეისწავლა ადამიანის სხეული როგორც მხატვრულად, ასევე მეცნიერულად, გალილეო სწავლობდა ხელოვნებას, რათა უკეთ გამოესახა ტელესკოპით ნანახი, პიკასომ კი მათემატიკა და ტექნოლოგია ხელოვნებაში შეაერთა და მიიღო კუბიზმი.

გენიოსთა უმრავლესობა მხოლოდ ერთი დარგის ცოდნით არ შემოიფარგლებოდა. 21-ე საუკუნემ კი ეს ტენდენცია გაააქტიურა და არა მხოლოდ გენიოსთათვის. სამყაროს, რომელსაც ერთი ფუნდამენტი აქვს და მრავალი ფორმით გამოიხატება, განსხვავებულ გამოხატვის ფორმათა სინთეზი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. სინამდვილეში, ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია.

„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა…“.

ამ უთვალავ ფერებშია მეცნიერებაც და ხელოვნებაც. „ვეფხისტყაოსანიც“ მხოლოდ გენიოსი პოეტის ტექსტი არ არის, იმდენი დაფარული და დაუფარავი ცოდნაა მასში, ვერასდროს რომ ვერ ამოიწურება მისი კვლევა-ძიება. ამ გაგებით, „ვეფხისტყაოსანსაც“ შეგვიძლია ვუწოდოთ „მეცნიერების პოეზია“.

ავთანდილის მიმართვა მნათობებისადმი ნამდვილად ეფუძნება ცოდნას ასტროლოგიაში:

„მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:

„აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა…”.

„არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ფილოსოფია, პოეზია და მეცნიერება თავდაპირველად ერთურთის გვერდიგვერდ თანაარსებობდნენ. მათი საერთო ძირი მითოსია. ასტრონომია თავის ჩანასახში მაგიურ პრაქტიკას წარმოადგენდა და უშუალოდ უკავშირდებოდა ასტროლოგიას. სწორედ სოკრატემდელმა ფილოსოფოსებმა ჩაუყარეს საფუძველი ფიზიკას ევროპაში. ემპედოკლე პოეტური კოსმოლოგიის ავტორია, ხოლო პითაგორა სამოსელი, ვისი წყალობითაც მათემატიკა ლეგენდარული ნახტომებით განვითარდა, მისტიკოსი გახლდათ. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას ინდოეთში მეცნიერებათა ჩამოყალიბების შესახებაც. სულვასუტრას საკრალური მათემატიკა ქრისტეს დაბადებამდე პირველ ათასწლეულში შეიქმნა. ასევე, განუყოფელი იყო ერთურთისგან ფილოსოფია, პოეზია და მეცნიერება მესოპოტამიაში, ეგვიპტესა და ჩინეთში“ (ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი – მეცნიერების პოეზია, თარგმნა თამარ კოტრიკაძემ)[1].

ენცენსბერგერი თვლის, რომ ხელოვნებისა და მეცნიერების განხეთქილება მე-19 საუკუნის „დამსახურებაა“. მისივე თქმით: ზოგიერთი ლირიკოსიც კი უკვე გათავისუფლდა მეცხრამეტე საუკუნის სქემებისგან და აღიარა, რომ პოეზია შეიძლება შეეხოს ყველაფერს, რასაც კი ადგილი აქვს ამ სამყაროში. ის სულელური ცრურწმენა, ვითომდა, პოეზია მხოლოდ გრძნობათა გადმოსაცემად იყოს განკუთვნილი, ასევე მეცხრამეტე საუკუნიდან მოგვთრევს.

სამწუხაროდ, ისეთი გამოცდილებაც არსებობს ქართულ სინამდვილეში, როცა არათუ „პოეზია შეიძლება ყველაფერს შეეხოს“, არამედ პოეტურ ლექსიკას და თემებსაც კი მიჯნავდნენ/მიჯნავენ სხვა ჩვეულებრივი, ყოფითი ლექსიკიდან და თემებიდან. მახსენდება ბესიკ ხარანაულის ლექსი „კარტოფილის ამოღება“ როცა გამოქვეყნდა, როგორი ვნებათაღელვა მოჰყვა. ერთხელ, როცა ეს ლექსი პირველკურსელებთან ვახსენე, ნახევარ ჯგუფს სიცილი აუტყდა… – რაო, ლექსს ჰქვია „კარტოფილის ამოღება“? მართალია, ლექციის ბოლოს უკვე სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ ე.წ. არაპოეტურმა ლექსიკამ მათ „ყური მოჭრა“. აი, ფრაგმენტი ამ ლექსიდან:

„…მაგრამ სულ სხვაა კარტოფილის ამოღება –
შედეგი, ძიება და სიხარული.
შრომა, რა თქმა უნდა, დიდი არ უნდა,
მით უმეტეს, როცა ორნი იღებენ ხოლმე.
ერთი რომ ბარით კარტოფილს ამოჰყრის –
მეორე აჰკრეფს.
როცა დედაჩემი მიწას აცლის კარტოფილს, ანდა
სადმე დამალულს ეძებს თავის გრძნეულ თითებით,
მე, ბარის ტარს დაყუდებული,
ვუყვები რამეს,
ხოლო როდესაც
ახალ ორმოს თხრას შევუდგები,
ის მეტყვის რამეს…
და ასე ვართ ოთხ-ხუთ საათს,
მზის ქვეშ ჩვენ ვართ ორნი ხოლმე
და სხვა არავინ,
საჩოთიროს არაფერს ვიტყვით,
რომ გუნება არ გავიფუჭოთ.
რომ დავტკბეთ ასე,
ვილივლივოთ მზეში, ჰაერში,
ამოვთხაროთ ჩვენი წარსული,
ამოვყაროთ ოქროები,
პირი ვუჩინოთ,
ოთხ-ხუთ საათს მოვიწყინოთ, გული დავიტკბოთ
და მერე ისევ გაისამდე მიწაში ჩავფლათ“.

დიახ, პოეზია შეიძლება შეეხოს ყველაფერს. პოეზია ყველაფერშია და ის საგანთა და მოვლენათა „სხვა განზომილებაა“. ეს არის ის, რაც ჩვეულებრივს არაჩვეულებრივად აქცევს და სხვა რაკურსით და პერსპექტივით დაგვანახებს. არის პირიქითაც, როცა პოეზიას კვებავს მეცნიერება. იტალო კალვინო წერს: „ლიტერატურის უკიდეგანო სამყაროში ყოველთვის არის რაღაც ახალი. მაგრამ როდესაც ლიტერატურა ვერ მარწმუნებს იმაში, რომ მე ამაოდ არ ვდევნი მოჩვენებებს, – მაშინ მივმართავ მეცნიერებას, რომელიც ათავისუფლებს ჩემს ხილვებს სიმძიმისგან“. (იტალო კალვინო, „ექვსი რჩევა მომავალ ათასწლეულს“)[2].

ისევ ენცენსბერგერის ზემოხსენებული სტატიიდან დავიმოწმებ: რიცხვთა თეორიის დიდი ინგლისელი მკვლევარი გ. ჰ. ჰარდი, ვისზეც ვერაფრით ვიტყვით, „რბილი” მეცნიერების მიმდევარიაო, თავის წიგნში „მათემატიკოსის აპოლოგია” (1967) მოგვითხრობს თავისი სტუმრობის შესახებ მეგობარ გენეტიკოსთან, სტივ ჯონსთან, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ ლიტერატურაშია გათვითცნობიერებული. ამის ვარაუდის საფუძველს ის გვაძლევს, რომ იგი სემუელ ტეილორ კოლრიჯისეულ ციტატას წარმოთქვამს, ინგლისელი რომანტიკოსი პოეტისა, რომელიც სამეფო ინსტიტუტში ქიმიის ლექციების კურსს ესწრებოდა. როცა მას ჰკითხეს, რისთვის აკეთებდა ამას, კოლრიჯმა მიუგო: იმისთვის, რომ მეტაფორების მარაგი გავიმდიდრო”.

განა მეცნიერება არ მიმართავს მეტაფორებს?

მაშ, რა არის – ჩირაღდნები, ლაქების კერები, გვირგვინები, მზის ქარები, ზოდიაქოთა ნათება, გალაქტიკური შრიალი, მუხრუჭის გამოსხივება, შავი ხვრელები, სიბნელის ღრუბლები, აკრძალული ხაზები, წითელი გოლიათები, თეთრი ჯუჯები, რენტგენული აფეთქებები, პულსატორი პლანეტები, ჯუჯა გალაქტიკები, ბურთულების გროვები, სპირალური ნისლი, ჭიის სოროები, შავი გამოსხივება, თეთრი შრიალი, გამრუდებული სივრცე, გადახლართული განზომილებები და მრავალი სხვა.

რაში გვეხმარებიან მეტაფორები? აბსტრაქტული ცნებებისა და იდეების გაგებაში. რამდენი დაფარული საიდუმლოა სამყაროში, რომლის პირდაპირი სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, მაგრამ ერთი კონკრეტული მეტაფორა და უკვე გასაგები ხდება. ფიზიკოსი რიჩარდ ფეიმანი ამბობდა: „დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არავის არ ესმის კვანტური მექანიკა“. აი, ნილს ბორი კი ასე გამოთქვამდა: „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როცა საკითხი ეხება ატომებს, ენა შეიძლება გამოიყენო, როგორც პოეზია“. პოეზია ხშირად გვევლინება ერთადერთ მხსნელად, ახსნას შეუცნობელი.

არსებობს განზომილება, სადაც მეცნიერება და ხელოვნება, გული და გონება, ინი და იანი – ერთიანდება ერთი აზრის, ერთი იდეის გადმოსაცემად.

 

ესეც მეცნიერების პოეზიიდან ერთი ნიმუში[3]:

ლარს გუსტავსონი, დისკუსიები”

აკუსტიკის ძველი სახელმძღვანელოები
გვირჩევენ უცნაურ ექსპერიმენტებს:

უნდა მოვთავსდეთ აბსოლუტურად სიმეტრიულ ეზოში
ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულში გალავნებით
რომლებიც მართი კუთხით დგანან ერთურთის მიმართ
შემდეგ ამოვირჩიოთ ერთი კუთხე
და გავისროლოთ პისტოლეტი.

აღმოჩნდება ერთი წერტილი, სადაც გასროლის ხმა არ ისმის.

შენ მიაღწიე აკუსტიკურ კვანძს:
თვალი მას ვერ აღიქვამს.

ტბის სრულიად გლუვი ზედაპირის ირგვლივ
გარკვეული კუთხით
და გარკვეულ რიტმში
უნდა განვათავსოთ სამი პიროვნება
რომლებიც ერთმანეთს გასძახებენ „აქ ვარ”.
დიდი ხანი არ გავა, რომ გავიგონებთ „აქ ვარ, აქ ვარ, აქ ვარ”.
ყველა მხრიდან, უწყვეტად,
და ვერცერთი საკუთარ ხმას ვერ გაარჩევს
სხვათა ხმებისაგან.

რა საამო მონაცვლეობითი ჟღერადობაა!

და პატარა ელექტრულ საათსაც თუ
მოვათავსებთ მინის ჭურჭელში
საიდანაც ჰაერს ამოვტუმბავთ
მის წიკწიკს უკვე ვეღარ გავიგონებთ.

ამრიგად, დასტურდება ეჭვი,
რომ მედიუმი სანდო არ არის,
რომ მას შეუძლია თავის ჭკუაზე იმოქმედოს.

თავის ჭკუაზე, თავის ჭკუაზე.

დრო, რომელიც კიდევ რჩება, მუდამ ძალზე მოკლეა.
მხოლოდ ის, ვინც ძალიან მარტოსულია, გამოსცემს მჟღერ ხმებს.
ერთობ ცივი ზამთარია. ყველა ნავი ყინულშია ჩაქვავებული.

კრიალა ამინდში კი – ციგურები, წითელი ციგურები,
ისეთი ხმით, როგორსაც პატარა საათები გამოსცემენ,
მინის “ჰერმეტული ზარის” ქვეშ.

ჩუ, ვიღაც ლაპარაკობს. ვისი ხმაა, შენი თუ ჩემი?

ექო, მომხიბლავი ნიმფა დასახიჩრებული ხმით!

 

 

[1] https://arilimag.ge

[2] https://www.paranteza.info/post/calvino-six-memos-1

[3] გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი