ოთხშაბათი, თებერვალი 1, 2023
1 თებერვალი, ოთხშაბათი, 2023

„სასწრაფო დახმარება“ ძველი ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე

როგორ ვასწავლოთ, როგორ ვისწავლოთ, როგორ გავიგოთ, როგორ გავაგებინოთ ძველი ქართული ლიტერატურა – ეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთი მთავარი კითხვა თუ თავსატეხია. მიუხედავად მასწავლებლების წარმოუდგენელი ძალისხმევისა, ხშირად, ეს საოცარი ლიტერატურული სამყარო მაინც უცხო და შორეული რჩება ჩვენი მოსწავლეებისათვის, არადა, ქართულ ლიტერატურაზე, მის განვითარებაზე, მის მომავალზე საუბარი შეუძლებელია ძველი ქართული ლიტერატურის ტექსტების ანალიზის, წაკითხვის, შეყვარების გარეშე.

ყოველთვის ვეძებთ ახალ საშუალებებს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და, ამავე დროს, მარტივი გავხადოთ.

„ქართული მწერლობის“ ახალი, სასკოლო გამოცემის ყდა ცოტათი იმ ცნობილი ცხრატომეულისას მოგაგონებთ, ყველას რომ გვქონდა სახლში. მაგრამ გამოცემის შემადგენლობა და კონცეფცია აბსოლუტურად განსხვავებულია.

ეს პოლიჟანრული წიგნია,  ძველი ქართული ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს, რაც მთავარია, ტექსტების განაწილება ჟანრობრივი კატეგორიზაციის პროცესში ძალიან გვეხმარება.

წიგნი „შუშანიკის წამებით“ იწყება და ბესიკის პოეზიით სრულდება, ქართული ლიტერატურის სწავლების კურიკულუმში მოაზრებული  ცნობილი ტექსტების გარდა, სხვა, შედარებით უცნობ ავტორებსაც ვეცნობით, რაც საერთო ლიტერატურული კონტექსტის გაგებაში გვეხმარება.

წიგნს საინტერესო კონცეფცია აქვს, ყველა პროზაული ტექსტი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, თანამედროვე ქართული ენითაა მოცემული. ეს ამ წიგნის ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკული ნაწილია. გარდა იმისა, რომ შინაარსის დეტალები არ გამოგვრჩება, თუ გაკვეთილზე ძველ ქართულ ტექსტს დავუწყვილებთ, ერთგვარი ექსპერიმენტი გამოგვივა, ენის სხვადასხვა დროში მოგზაურობა. აღსანიშნავია, რომ პროფესიონალური და აკადემიური „გადაახალქართულების“ დროს, ახალი ქართული ტექსტის რედაქტორი, ლეილა ბერიაშვილი ახერხებს, რომ ძველი ქართული ენისთვის დამახასიათებელი სინტაქსი, თხრობის სპეციფიკა შეუნარჩუნოს ტექსტს, რაც, შემდგომში, ტექსტის ძველი ქართული ვერსიის წაკითხვას გაგვიადვილებს. ეს ერთგვარი წანამძღვარი, შემზადებაა იმისთვის, რომ ტექსტის ორიგინალი უფრო ყურადღებით წავიკითხოთ.

ჟანრებზე მოგახსენეთ და განსაკუთრებით სხვადასხვა ჟანრის პროზაული ტექსტების წაკითხვა დააინტერესებთ ჩვენს მოსწავლეებს. ფენტეზის ასეთი პოპულარულობის დროს „ამირანდარეჯანიანის“ ზღაპრული გმირები მათ აუცილებლად მოეწონებათ, სამოგზაურო და სათავგადასავლო ლიტერატურის მოყვარულ მოზარდებს სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ დააინტერესებთ, ხოლო ისტორიული ლიტერატურით გატაცებულ მოსწავლეებს ლეონტი მროველის „რვა ძმის ამბის“,  მეფეთა ისტორიკოსების თხზულებების გადაკითხვა გაახარებთ.

არც პოეზიის მოყვარულებს დასწყვეტს გულს ეს კრებული, აქ ხომ ცნობილი ჰიმნოგრაფიული ტექსტების გარდა საერო პოეზიის ნიმუშებიცაა წარმოდგენილი. რასაკვირველია, შოთა რუსთაველის გარეშე ქართული ლიტერატურის ვერცერთი ანთოლოგია ვერ იარსებებს, ჩახრუხაძისა და შავთელის სახოტბო პოეზია როგორც ქართულის, ისე ისტორიის გაკვეთილებზე გამოგადგებათ, ქართველ მეფეთა პოეზიასთან ერთად, სადაც ისეთი ბრწყინვალე ლირიკის ნიმუშებს შეხვდებით, როგორიცაა, მაგალითად, ვახტანგ მეექვსის „რანი და მოვაკანი და“.

წიგნის პოეტურ ნაწილში დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანიც“ შედის, ეს ბრწყინვალე პოეტური ტექსტი, რომელიც დიდ მეფესა და მოღვაწეს სულ სხვა თვალით გაგვააზრებინებს.

კიდევ ერთი საჭირო და პრაქტიკული ნაწილი მცირე შესავალი ტექსტებია, სადაც მარტივად, ლაკონურად და ამომწურავადაა მოცემული ინფორმაცია ავტორის, ტექსტის, ეპოქის შესახებ. ამ საინფორმაციო ტექსტების გაცნობა სულაც ცალკე საგაკვეთილო აქტივობად შეგიძლიათ დაგეგმოთ და დროის მაქსიმალური დაზოგვით გააცნოთ მოსწავლეებს მნიშვნელოვანი დეტალები.

რასაკვირველია, ძველი ქართული ტექსტების ენა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვცადოთ არ გავწყვიტოთ ის ენობრივი მთლიანობა, რომელიც 21-ე საუკუნის მკითხველს უძველეს ტექსტებთან აკავშირებს, მაგრამ ამ მიზნისკენ სვლა აუცილებლად უნდა გავიმარტივოთ აკადემიურად, უდიდესი პასუხისმგებლობით შესრულებული ადაპტირებული ტექსტებით, რომელთაც, მაგალითად, ამ ანთოლოგიაში იპოვით.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი