ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

უკარება ტეფლონი

კულინარიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, გემოების, არომატების, ფერების შეხამებასთან ერთად, ისეთი პროდუქტების შექმნაცაა, რომლებიც ნაკლებ ზიანს მიაყენებს ადამიანის ორგანიზმს. ახალი, მიმზიდველი მარკეტინგული ტერმინიც მოვიგონეთ – „ჯანსაღი კვება“, თუმცა საკვების უვნებლობა ოდითგანვე აქტუალური იყო. იმ დროიდანვე, როცა კარაქი ერბოდ ვაქციეთ, ხაჭო – დამბალხაჭოდ, რძე – ყველად, ხორცი – ლორად, როცა აღმოვაჩინეთ, რომ დამარილებული ხორცი უფრო მეტხანს ინახებოდა, არამალფუჭებად ჩურჩხელას შესანიშნავად შეეძლო ცოცხალი ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსის შევსება და ა.შ. მაგრამ, ასე მომრავლებული კულინარიული შოუებისა თუ კონკურსების და შეფმზარეულის პროფესიის ესოდენი პოპულარობის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ხალხი, რომლის კულინარიული შესაძლებლობები ერბოკვერცხის შეწვას ვერ სცდება და მათაც კარგად უწყიან, რომ უცხიმოდ შემწვარ კვერცხს ტაფას ვერ აფხეკ, ხოლო თვით ტაფა, თუ კარგად არ გარეცხე, სულ მალე ყორნისფერს მიიღებს და ქვიშით ხეხვაც ვეღარ უშველის.

ერთხელაც ტაფების ხეხვით შეწუხებულმა მეუღლემ ფრანგ ინჟინერ მარკ გრეგუარს სთხოვა, ისეთი რამ მოეგონებინა, ტაფას კვერცხი თუ კარტოფილი აღარ მიჰკვროდა. მანაც, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, 1954 წელს დაამზადა პირველი ასეთი ტაფა, რომელიც დღემდე ტეფალის სახელით არის ცნობილი. გამოგონება, ერთი შეხედვით, მარტივი იყო – გრეგუარმა ლითონის ზედაპირს გადააკრა უკვე ცნობილი პოლიტეტრაფთორეთილენის პოლიმერის თხელი აფსკი, რომელიც „მრავალჯერადი“, ზედაპირზე ფიქსირებული ცხიმის ფუნქციას ასრულებდა.

დღეს უამრავი კომპანია ამზადებს ასეთ ჭურჭელს, თუმცა, როგორც გვჩვევია, ყველას „ტეფალის“ სახელით ვიხსენიებთ.

მაგრამ მარკ გრეგუარი მეუღლეს თხოვნას ვერ შეუსრულებდა, 1910 წელს ოჰაიოში როი პლანკეტი რომ არ დაბადებულიყო და ქიმიის შესწავლით არ დაინტერესებულიყო. პლანკეტმა ბავშვობა სიღარიბეში გაატარა, მაგრამ მოახერხა, სწავლა ინდიანის მანჩესტერის კოლეჯში გაეგრძელებინა. მთელი სტუდენტობა პოლ ფლორთან, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატთან, ერთად გაატარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ორივემ დოქტორანტურაში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. როიმ 1936 წელს დაიცვა დისერტაცია ნახშირწყლების ჟანგვის მექანიზმის შესახებ. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ ის ცნობილმა კომპანია „დიუპონმა“ მიიწვია. იქ პლანკეტი ახალი გამაცივებელი აგენტების – ფთორქლორნახშირბადების მიღებაზე მუშაობდა. კვლევისთვის იყენებდა ტეტრაფთორეთილენს, რომელიც აირადი ნაერთია და ამიტომ, გაცივებული, სპეციალურ ლიტრიან ბალონებში ინახებოდა. 1938 წლის 6 აპრილის დილას პლანკეტმა მორიგი ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მოამზადა სარეაქციო სისტემა, ჩატვირთა შესაბამისი დამხმარე რეაგენტები და ბალონის ონკანი მოუშვა ტეტრაფთორეთილენის რეაქტორში გასატარებლად. ამ რუტინულ მოქმედებას ის ყოველი ექსპერიმენტის დროს ასრულებდა, მაგრამ ამჯერად ბალონიდან გაზი არ გამოვიდა. პირველი აზრი, რამაც პლანკეტს გონებაში გაუელვა, იყო: ალბათ სარქველი მოიშალა და გაზი გაიპარაო, თუმცა ეჭვი ბალონის აწონამ გააქარწყლა – მისი წონა უცვლელი აღმოჩნდა. კიდევ რამდენიმე მეთოდით შემოწმებამ აჩვენა, რომ ტეტრაფთორეთილენი ისევ ბალონში იყო, მაგრამ რაღაც „ჯადოსნობის“ წყალობით ზნე შეეცვალა და გარეთ გამოსვლა არაფრისდიდებით არ უნდოდა. რაკი „თერაპიული“ გზით არაფერი გამოვიდა, „ქირურგიულ ჩარევას“ მიმართეს: ბალონი გაჭრეს. იქიდან თეთრი ფხვნილი გადმოცვივდა. აშკარა გახდა, რომ ტეტრაფთორეთილენი პოლიმერიზაციის რეაქციაში შესულიყო. როგორც ჩანს, ამას ბალონის რკინის იონებმა შეუწყო ხელი – კატალიზატორის როლი შეასრულა. შემდგომი ექსპერიმენტები უკვე მიზანმიმართულად ჩატარდა და სულ მალე პოლიტეტრაფთოერთილენის – ახალი პოლიმერის – მიღების მეთოდიც შემუშავდა.

ამ მიგნებას თეორიული ქიმიის განვითარებასთან ერთად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აღმოაჩნდა. პოლიმერის მიღებისთანავე დადგინდა, რომ ახალი ნივთიერება საგრძნობლად განსხვავდებოდა მანამდე არსებული პოლიმერებისაგან. ის ცეცხლს არ ეპუებოდა – ძალიან მაღალი ლღობის ტემპერატურა ჰქონდა. პრიალა ზედაპირის წყალობით ხახუნისა და ცვეთის მიმართაც გულგრილი იყო. სხვა ნაერთებთან არ მეგობრობდა და ადვილად არ ურთიერთქმედებდა.

სწორედ თვისებათა ამ ტრიადის – თერმომდგრადობის, ცვეთამედეგობისაა და ინერტულობის – წყალობით დაიმკვიდრა მან სხვა პოლიმერებთან ერთად საპატიო ადგილი ტექნიკასა და ტექნოლოგიებში.

ტექნოლოგია თავდაპირველად ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში იყენებდნენ. ასეთი საჭიროება იდგა ურანის გამამდიდრებელ საწარმოებში. კოროზიისადმი მედეგობის უნიკალური თვისებების გამო საწარმოს მილები და აგრეგატების სარქველები პოლიტეტრაფთორეთილებით დაფარეს.

მომდევნო წლებში მისი მიღების მარტივი და იაფი მეთოდების შემუშავებასა თუ გამოყენების არეალის ძიებაში არაერთი ლაბორატორია თუ კომპანია ჩაერთო.

1950-იან წლებში შეიქმნა მისი თანაპოლიმერები. ვისწავლეთ მისი თვისებების მართვაც. დღეს უკვე შესაძლებელია ისეთი პოლიფთორეთილენების მიღება, რომლებიც, ერთი მხრივ, ინარჩუნებენ საწყისი პოლიმერის სასურველ ქიმიურ და მექანიკურ თვისებებს, მეორე მხრივ კი უფრო ადვილად ექვემდებარებიან დაყალიბებას, ჩამოსხმას და თუნდაც გახსნას. ამით მათი გამოყენება უფრო პრაქტიკული გახდა და ტექნიკისა და ტექნოლოგიების არაერთი სფერო მოიცვა.

ტეფლონით დაფარული სამზარეულო თუ სამრეწველო ჭურჭელი უკვე ვახსენეთ. დღეს ტეფლონებს ასევე შეხვდებით საქარე მინის საწმენდებში, სპეციალურ ხალიჩებში, ავეჯსა და ტანსაცმელში, ნათურებში, მინის საფარებში, ფასადის საღებავებში და სხვა.

ფილადელფიამ პლანკეტი 1951 წელს დააჯილდოვა ჯონ სკოტის მედლით, რითაც პატივი მიაგო გამოგონებას, რომელმაც ხელი შეუწყო „კაცობრიობის კომფორტს, კეთილდღეობასა და ბედნიერებას“. 1985 წელს ის აშშ-ს ეროვნული გამომგონებლების დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ტეფლონის ტაფას პოლიფთორეთილენის ფენა აქვს გადაკრული, რომელიც, თავისი ინერტულობის წყალობით, არ იკარებს წყალსა და ცხიმს, მაგრამ „ნაზია“ და უხეშ მექანიკურ მოპყრობას ვერ ეგუება, ამიტომ თუ გინდათ, ტეფალის ფენამ დიდხანს შეასრულოს „უცვეთელი ცხიმის“ ფუნქცია, ნუ გახეხავთ უხეშად და ნუ მოურევთ მეტალის ინსტრუმენტით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი