სისუსტის უზენაესი უფლება

ჩემი მეგობარი 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

მინდოდა, ამ პოსტის წერა სხვანაირად დამეწყო, შემოვლით, შორიდან, სხვისი ისტორიით, წიგნის პერსონაჟის ცხოვრებით, გამოგონილი ამბით, მაგრამ მივხვდი, რომ ყოველი სიტყვა, წამოსული ჩემი გონებიდან და ჩემივე თითების გავლით, ვირტუალურ ქაღალდზე გადატანილი, ყალბი იქნებოდა. ყველაფერი იქნებოდა უსაშველოდ ყალბი, გარდა ერთი წინადადებისა _ ჩემი მეგობარი 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

ალბათ მისი ავადმყოფობა, გადარჩენისთვის ბრძოლა, ბოლო დღეების მეხსიერებისა და მოგონებების გარეშე გატარებაზე უარის თქმა და ევთანაზიით სიცოცხლის დასრულება არაფრით იქნებოდა გამორჩეული მსგავსი ისტორიებისგან, რომ არა ერთი პატარა, ჩემთვის კი უმნიშვნელოვანესი დეტალი _ ის ჩემი მეგობარი იყო.

7 ნოემბერს, შაბათ დილით, გორში მქონდა შეხვედრა დანიშნული. გაჭირვებით, მაგრამ მაინც ავდექი და წავედი. გადადებაზე არც მიფიქრია. რას იფიქრებდნენ ადამიანები, რომელთაც უნდა შევხვედროდი? რას იფიქრებდნენ ჩემი თანამშრომლები? ალბათ იტყოდნენ, რომ არ შემიძლია, ემოციებს მოვერიო, პირადი ცხოვრება და საქმე გავმიჯნო. არა, ამას ვერ დავუშვებდი.

მომდევნო დღეები უზარმაზარი საერთაშორისო კონფერენციისთვის მზადებას მოვანდომეთ. არც მე მიფიქრია, რომ საკუთარი თავისთვის ორი თავისუფალი დღე მიმეცა, არც სხვებს. დავდიოდი შეხვედრიდან შეხვედრაზე და ვფიქრობდი, რომ სადაც იყო, მიწა გამისკდებოდა, ან ცა დამემხობოდა თავზე, მაგრამ არც ერთი მოხდა და არც მეორე და როცა კონფერენცია დასრულდა, მივხვდი, რომ სისულელე ჩავიდინე, საკუთარ თავს სახლში ჯდომისა და ტირილის უფლება რომ არ მივეცი, რადგან ყველაფერი უჩემოდაც კარგად იქნებოდა.

არ გადამიდია არცერთი შეხვედრა, არ შემიჩერებია რემონტი, არ გამომირთავს ტელეფონი, ვპასუხობდი ყველა საქმიან წერილს და ვხვდებოდი, რომ ძალიან, ძალიან ცუდად ვექცეოდი საკუთარ თავს.

მინდოდა, ვყოფილიყავი სახლში, საწოლში ღრმად ჩაწოლილს მეყურებინა ჭერისთვის და წარმომედგინა, როგორი იყო ის დღე შვეიცარიაში, როგორც თვითონ მითხრა, მშვენიერი დღე, როგორ იღიმებოდა, როცა კლინიკაში შეიყვანეს, როგორი თვალები ჰქონდა, როცა ბოლოჯერ დაინახა პალატის სითეთრე.

მინდოდა, გამეხსენებინა ყველაფერი, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა _ დღეები, ქალაქები, ემოციები, გზები, წერილები, საჩუქრები, მაგრამ საკუთარ თავს ვაიძულებდი, სულ სხვა რამეებზე მეფიქრა _ ღონისძიების სტუმრების სიაზე, მოსაწვევებზე გამოფენაზე, სატელევიზიო სტუდიაში სკამების განლაგებაზე, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ, დაუსრულებლად.

მინდოდა, ერთ საღამოს შევხვედროდი ვინმეს, ვის მხარზეც ვიტირებდი, ვიტირებდი ბევრს, იმდენს, რომ იმ ვინმეს მხარი დასველებოდა, მაგრამ ჩემთან არავინ მოდიოდა და არც მე მივდიოდი ვინმესთან, რადგან მეგონა, რომ ვერავინ, საერთოდ ვერავინ, ყველაზე ახლობელი ადამიანების ჩათვლით, ვერ გაიგო, რა ცუდი იყო ჩემი დღეები და ღამეები _ კიდევ უარესი.

იმ დღეებსა და ღამეებში მე საკუთარ თავს სისუსტის უფლება წავართვი, რადგან ვერაფრით დავძლიე შიში, არ ვყოფილიყავი საცოდავი, არ ვყოფილიყავი უბედური და ჩემი ძლიერება ეჭვქვეშ არ დამდგარიყო.

ახლა ამ პოსტს სხვებისთვის ვწერ, მათთვის, ვისაც უკვე გამოუტირებია თავისი მძიმე დღეები, ან მათთვის, ვისაც ოდესმე მოუწევს დილემის წინაშე ყოფნა _ შეანელოს, ან შეაჩეროს ცხოვრება ცოტა ხნით თუ რკინის ჯავშანი ჩაიცვას და გარესამყაროს თავი მოაჩვენოს, რომ ყველაფერი რიგზეა. ამ პოსტს ვწერ მათთვის, ვინც თანაგრძნობას საჭიროდ არ თვლის, მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ბევრი საქმის გამო, თავისუფლად შეუძლია, ადგეს და დეპრესიაში ჩავარდეს, მათთვის, ვინც თითოეულ მზიან, ან წვიმიან დღეს ვერ აფასებს. ამ პოსტს ვწერ ჩემთვის _ ალბათ ოდესმე ისევ მომიწევს, გავიხსენო, რომ თავს ზემოთ ძალის ძებნა, თუნდაც მის პოვნას მუდმივად ახერხებდე, ყოველთვის არ არის საუკეთესო გამოსავალი.

ჩვენ, ყველას, გვაქვს უფლება, ზოგჯერ შევისვენოთ, თვალები დავხუჭოთ, პასუხისმგებლობები დავივიწყოთ, ვიტიროთ, ვიტიროთ ბევრი და ეს ყველაფერი საკუთარ თავს სისუსტედ არ ჩავუთვალოთ.

ჩვენ გვაქვს უფლება, ჩამოვსხდეთ შუა ქუჩაში და მხრები დავუშვათ, ისე, თითქოს, მკლავები ჩამოვიხსენით და სადღაც, ოთახის შორეულ კუთხეში მივაწყვეთ, თითქოს დაღლილ სხეულს ვეღარ ვგრძნობთ, თითქოს უწონობა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა.

ჩვენ ყველას გვაქვს სევდის უზენაესი უფლება, სისუსტის უზენაესი უფლება, ტირილის უზენაესი უფლება, რადგან ადამიანები ვართ და არაფერი არ გვიმარტივებს ცხოვრებას ისე, როგორც ადამიანურ, ზოგჯერ დავიწყებულ საწყისებთან დაბრუნება.

ჩვენ, ყველას, გვაქვს უფლება, დავრჩეთ ადამიანებად მაშინაც კი, როცა ჩვენგან ზეადამიანობას მოითხოვენ.

დღეს თბილისში მზიანი და თან, სუსხიანი დღეა.

ქუჩა ყვითელია.

მე კი ფანჯარასთან ვზივარ და ვფიქრობ, ნეტავ როგორი იყო ბერნში ის დღე, 6 ნოემბერი…

კომენტარები

comments