პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეა.

ბოლო ათწლეულის მანძილზე, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის და მისი მნიშვნელოვნების შესახებ ცოდნის გავრცელება დაიწყო. ფსიქიკური ჯანმრთელობა ფართო და მრავალგანზომილებიანი ცნებაა, რომლის განსაზღვრაც უამრავი ცვლადის გათვალისწინებას და მათი წვლილის აღიარებას გულისხმობს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საუბრის დროს, მნიშვნელოვანია ორ ძირითად კითხვაზე პასუხის გაცემა:

ა) რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და რომელი ცვლადებისგან შედგება ის?

ბ) რისთვის გვჭირდება და რატომაა მნიშვნელოვანი ფსიქიკური კეთილდღეობის განცდა?

განათლების სფეროში ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის აღიარება მოიცავს ამ სფეროში ჩართული ყველა ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებას, მათ ფსიქიკურ კეთილდღეობაზე შეძლებისამებრ ზრუნვას და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედი ცვლადების მართვას. თანამედროვე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო ეყრდნობა როგორც ფსიქიკური აშლილობებისგან[1] თავდაცვის ღონისძიებების, ასევე იმ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვის მნიშვნელოვნების აღიარებას, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები გამოავლინდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოყვანილი განსაზღვრებები სრულქმნილ ფსიქიკურ კეთილდღეობას აღწერს და შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისათვის ისინი რამდენადმე დამტვირთავი აღმოჩნდეს, სასურველია, გვახსოვდეს, რომ მიზანი არა იმდენად სრულყოფილი კეთილდღეობის მიღწევაა, რამდენადაც თითოეული ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე იმგვარად ზრუნვა, რომ მან მისთვის დამაკმაყოფილებელ, ფსიქიკური კეთილდღეობის განცდას მიაღწიოს, რაც, შემდგომში, საშუალებას მისცემს, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს.

 რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ფსიქიკური კეთილდღეობის განცდა ჯანმრთელობის განსაზღვრების ერთ – ერთი კომპონენტია. 1951 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა ფსიქიკური ჯანმრთელობის განსაზღვრება, რომლის თანახმადაც ფსიქიკური ჯანმრთელობა არის „სხვა ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებისა და სოციალური თუ საგნობრივი გარემოს შესაბამისად შეცვლის უნარი (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, 1951: 4).“[2]

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანმრთელობის განუყოფელი და არსებითი კომპონენტია.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა განაპირობებს, რამდენად შეუძლია ადამიანს სხვა ადამიანებთან სრულფასოვანი ურთიერთობის დამყარება, მისი ირგვლივმყოფების ცხოვრებაში შესაბამისი წვლილის შეტანა.[3]

სოციალური ფსიქოლოგის – მარი იაჰოდას თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობა ექვს კრიტერიუმს მოიცავს. ეს კრიტერიუმებია:

  • საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულება − ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს საკუთარი თავისადმი და თავისი შესაძლებლობებისადმი დადებითი დამოკიდებულება აქვს. ის აცნობიერებს თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შეუძლია, ადაპტირდეს ახალ ცხოვრებისეულ გარემოებებთან, რომელიც მოიაზრებს როგორც ახალ როლთან ადაპტაციას, ასევე როლის დაკარგვას. ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი მიღწევად მიზნებს ისახავს და ასაკთან ერთად, ცვლის მიზნების თავისებურებებსაც. მას უნდა ჰქონდეს იდენტობის, მთლიანობის, მიკუთვნების, უსაფრთხოებისა და მნიშვნელოვნების განცდა.
  • ზრდა, განვითარება და თვითაქტუალიზაცია − ეს კრიტერიუმი მოიცავს იმას, თუ როგორ ეპყრობა ადამიანი თავის უნარებსა და შესაძლებლობებს. ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ისწრაფვის თავისი უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად გამოყენების, ზრდისა და განვითარებისაკენ.
  • ინტეგრაცია − ეს კომპონენტი მოიცავს ემოციების მართვისა და მათთან გამკლავების უნარს. ასევე, იმას, თუ რამდენად ბალანსირებულია ადამიანის მიერ განცდილი და გამოხატული. ამ კრიტერიუმის მიხედვით ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა შესაძლოა იმითიც შეფასდეს, თუ რამდენად წარმატებით ართმევს თავს სტრესულ სიტუაციებს და რამდენად მედეგია შფოთვის მიმართ.
  • დამოუკიდებლობა − ეს კრიტერიუმი მოიაზრებს ადამიანის უნარს, შეძლოს წონასწორობის პოვნა სხვებზე დამოკიდებულებასა და დამოუკიდებლობას შორის და გაიაზროს თავისი ქმედებების მოსალოდნელი შედეგები. გარდა ამისა, დამოუკიდებლობა მოიაზრებს სხვა ადამიანების თავისუფლებისა და გადაწყვეტილებების პატივისცემის უნარს.
  • რეალობის აღქმა − ეს კრიტერიუმი მოიაზრებს ადამიანის უნარს, შეძლოს სამყაროზე არსებული წარმოდგენების გადამოწმება და მათი მტკიცებულებების შესაბამისად შეცვლა. გარდა ამისა, იგივე კრიტერიუმი მოიაზრებს სოციალური მოვლენების სწორად აღქმისა და სხვების განცდებისა და დამოკიდებულებების პატივისცემისა და სხვა ადამიანების თანაგრძნობის უნარს.
  • გარემოში ორიენტირების უნარი − გარემოსთან შეგუების უნარი მოიაზრებს ადამიანის სხვადასხვა გარემოებასთან, კულტურის მიერ მოაზრებული სტანდარტების შესაბამისად, შეგუების უნარს.[4]

რისთვის გვჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობა და რატომაა მნიშვნელოვანი ფსიქიკური კეთილდღეობის განცდა?

თანამედროვე კვლევების შედეგები იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვნების ვარაუდის საფუძველს.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკურ და სხეულებრივ ჯანმრთელობას შორის კავშირის შესახებ ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია, ამ დროისთვის არსებული კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა სხეულებრივ ჯანმრთელობაში თანამონაწილე ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ცვლადია. სხეულებრივი ჯანმრთელობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ისინი ერთმანეთზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობა საგრძნობლად განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება სხეულებრივი ჯანმრთელობა ნებისმიერ ასაკში. ფსიქიკური კეთილდღეობის პიროვნული განცდა უკავშირდება, ზოგადად, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებას, ხოლო გრძელვადიანი სტრესი და განცდილი ტრავმა იმუნურ სისტემას ასუსტებს, რაც, თავის მხრივ, სხეულებრივი დაავადებებისადმი მოწყვლადობას ზრდის.[5][6][7][8]

როგორ ჟღერდა ფსიქიკური ჯანმრთელობის თქვენეული განსაზღვრება ამ სტატიის წაკითხვამდე? რაიმენაირად გაამდიდრა მოცემულმა განსაზღვრებებმა თქვენი წარმოდგენები ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ?

[1] ფსიქიკური აშლილობები მოიცავს მდგომარეობებს, რომლებიც მოცემულია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მეათე გამოცემის V თავში.

[2] David Pilgrim, Key Concepts in Mental Health, (SAGE Publications Ltd, London, 2005, 2009), 3.

[3] “Mental health: strengthening our response,” World Health Organization (WHO), March 30, 2018. https://www.who.int/en/news-room/fact-sheets/detail/mental-health-strengthening-our-response.

[4] BT Basavanthappa, Essentials of Mental Health Nursing, (Jaypee Brothers Medical Publishers, 2011) 24 –  28.

[5] Margaret M. Barry, Rachel Jenkins, Implementing Mental Health Promotion, (Elsevier Limited, 2007), 257.

[6] E. Van Lente et al., “Measuring population mental health and social well-being,” International Journal of Public Health 57, no. 2, (April 2012): 421 – 430.

[7] “Mental health: a state of well-being,” World Health Organization (WHO), June 22, 2018. https://www.who.int/features/factfiles/mental_health/en/.

[8] ეს სტატია ეყრდნობა საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების Facebook გვერდზე განთავსებულ მასალას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რომლის თარგმნასა და შედგენაზე პასუსიხსმგებელია სტატიის ავტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი