პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სალომე

ყველას, ვისაც „შუაღამის შვილები” წაუკითხავს, შეიძლება არ აღიაროს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სჯერა, რომ ერთ დღეს დაბადებულებს შორის მაგიური კავშირი არსებობს. კავშირი, რომელიც ოდესმე, ამოუხსნელი ძალით, ამ ადამიანების გადაკვეთის წერტილს იპოვის, შეიძლება ერთმანეთს ვერ შეახვედროს, მაგრამ გადაკვეთით, აუცილებლად გადაკვეთს.

სალომე 1986-ში დაიბადა, მე – ზუსტად ოთხი წლის თავზე. პირველად კი 2009 წლის შემოდგომაზე გადავიკვეთეთ, როცა ლიტერატურულ კონკურსში საკუთარი ძალები მოვსინჯე. სალომე ამ კონკურსის ჟიურის წევრი იყო. 12 ნოემბრის მაგიამ ამისთვის ხელსაყრელი ნიადაგი მოამზადა: ორივეს წერის დაუმორჩილებელი სურვილი და ჭირვეული ხასიათი დაგვანათლა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოგვახვედრა, მოგვიანებით კი სალომეს, თაბახის ორ ფურცელზე, ჩემი თავი აპოვნინა.

„ამ ტიპზე რას იტყვით? არ ჩანს უინტერესო ვინმე”, – უთქვამს ჟიურის სხვა წევრებისთვის და როგორც იტყვიან, საკუთარი აზრი კბილებით გაუტანია. ეს მოგვიანებით გავიგე. მისგანვე, ცხადია. სალომეს საკუთარი დამსახურებების დამალვა არ უყვარს და არც ყალბი თავმდაბლობა ახასიათებს, როგორც ნამდვილ ან როგორც ჩვენს ქვეყანაში ამბობენ – ჭეშმარიტ პოეტებს სჩვევიათ ხოლმე.

სალომე პოეტია. მე პოეზიის დაახლოებით ისევე გამეგება, რამდენიც საქართველოს პარლამენტის წევრთა დიდ ნაწილს პოლიტიკისა (ანუ თითქმის არაფერი). თუმცა ამ საქმის გურუებს ვიცნობ და ისინი ამბობენ, რომ სალომე ბენიძე კარგი ოსტატია. სხვა თუ არაფერი, მახსოვს, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის წინ, ქანდარაზე შემომსხდარი სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ვიღაც პოეტ გოგონაზე ლაპარაკობდნენ,  2008 წლის ომს რომ ბალადა მიუძღვნა. მაშინ სალომეს არ ვიცნობდი. მოგვიანებით, როცა ეს ამბავი ვუთხარი, აღმოვაჩინე, რომ ეს ლექსი მკითხველის ზედმეტი ყურადღების გამო შესძულდა. უფრო სწორად, მაშინ მიაჩნდა, რომ „ომის ბალადა, ანუ ჩემი ჯარისკაცი ქმარი” სულაც არ უნდა ყოფილიყო მისი სავიზიტო ბარათი, რადგან ამ ლექსზე უკეთესებიც დაუწერია.

ტყუილი არ არის, როცა ამბობენ საქართველო პოეტების ქვეყანაა. ყველა ლექსს წერს. თუ ფურცელზე არა, გონებაში მაინც. სალომე არა მხოლოდ ლექსის წერის გამოა პოეტი, არამედ ყოველდღიური ცხოვრებით და ღამით ნანახი სიზმრებითაც კი, რომლებსაც მოგვიანებით ამზეურებს ხოლმე. მეცხრამეტე საუკუნეში რომ ეცხოვრა, ის აუცილებლად იქნებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, თუმცა ამასთან ერთად ქალთა უფლებებსაც დაიცავდა, ისევე, როგორც ახლა. რედაქტორებს დაარწმუნებდა და გაზეთის ფურცლებს წერილებით გაავსებდა, რომლებსაც ცენზორები წითელ მელანს გადაუსვამდნენ. სალომე ბენიძის სამივე ცხოვრებას, საჯაროს, პირადისა და საიდუმლოს აქვს შინაარსი, მისია, რომელსაც ის ერთგულებს, მიჰყვება და მეეჭვება როდესმე ამ მართალი გზიდან გადაუხვიოს. სხვანაირად რომ ვთქვა, სალომე იმის ჩიტი არ არის, რომ ფეხი დაუცდეს.

არადა, პოეტები, განსაკუთრებით ქართველები, მგრძნობიარე ხალხია. სალომე ბენიძე კი – განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მის წყენაზე იოლი მხოლოდ აუთქვეფავი კვერცხის შეწვაა. მას გულთან ისე ახლოს მიაქვს უმნიშვნელო დეტალები, რომ ხანდახან სურვილი გიჩნდება, მისი თავის ზემოთ რაიმე ბლაგვი საგანი დააფიქსირო და ხელი გაუშვა. თუმცა, სწრაფადვე მოდიხარ გონს და ხედავ, რომ შენ წინ სალომე ბენიძე დგას – დუტის ყვითელ ქურთუკში გამოწყობილი კეთილი არსება, რომელსაც ვილნიუსში ცხოვრების პერიოდი ენატრება; მერილ სტრიპის გარეგნობის მქონე ლამაზი ქალი, სწორი ცხვირით, ღრმა თვალებითა და ზღვასავით მბზინავ თმაში თეთრი ბილიკით, რომელიც მის გარეგნობაში დახვეწილობისა და სიბრძნის სამკაულია; პოეტი, რომლისთვის მინიჭებული პრემია „საბა” ისე გამიხარდა, რომ რუსთაველის თეატრის ბოლო იარუსიდან კინაღამ გადმოვხტი; და, რაც მთავარია, ზოდიაქოთი მორიელი, რომელსაც კუდის მოქნევა შეუძლია.

ბენიძესთან მეგობრობა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჰგავს – ის ერთდროულად დიდი საჩუქარი და დიდი პასუხისმგებლობაა. სალომე არც პურს გთხოვს და არც წყალს. თუმცა რეგულაციებს გიწესებს და პერიოდულად მათი შესრულებისკენ მოგიწოდებს, შეშფოთებას გამოხატავს, სანქციებით გემუქრება.

მხოლოდ სალომე ბენიძეს შეუძლია დაგირეკოს და გითხრას, რომ აბაშიძის ქუჩაზე მანქანა გაუფუჭდა, ელვის სისწრაფით ადგილზე მისულმა კი აღმოაჩინო, რომ უბრალოდ საწვავი გაუთავდა.

მხოლოდ სალომე ბენიძის გამო შეგიძლია ხვატსა და პაპანაქებაში თბილისის ოფიციალურად აღიარებულ ჯოჯოხეთში, ელიავას ბაზრობაზე მასთან ერთად იხეტიალო და ხელოსნებს ისეთი რამ დაამზადებინო, რაც მანამდე არც კი უნახავთ.

სალომეა ის, ვინც ჩემი და ნინიას ყოველი ჩხუბისა და დაშორების შემდეგ მწერდა სამ სიტყვიან მესიჯებს: „სხვა არავინ მომითრიო”.

სალომე ჩემი გულმხურვალე გულშემატკივარია. ალბათ ყველაზე მეტად უჭირს იმის დაჯერება, რომ ლიტერატურის ჯურღმულებში მის მიერ აღმოჩენილი ბიჭი, მეგობრებსა და პოტენციურ მკითხველებს იმედს გაუცრუებს და ოთხი წლის წინ დაწყებულ წიგნს ვერ დაასრულებს. ამის გამო, ჩემს ტელეფონზე უცვლელ დროს ეწერება Salome Benidze, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ორი წუთის განმავლობაში საყვედურები და შეკითხვები უნდა ვისმინო. რამდენჯერმე მისი ზარის იგნორირებაც ვცადე და ისეთი ამბავი მეწია, მეგონა, აშშ ერაყში ხელახლა შევიდა.

სალომეს პირობა მივეცი – როცა წიგნში უკანასკნელ წერტილს დავსვამ, მაშინვე ჩავიცვამ, პარფიუმერულ მაღაზიაში გავიქცევი და შენს საყვარელ სუნამოებს შორის ყველაზე იაფიანს გიყიდი-მეთქი. მას შემდეგ, ასე მიდის დრო: ბენიძე თავად ყიდულობს მის საყვარელ სუნამოს და ჩემი წიგნის უკანასკნელი წერტილის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. თუმცა, უკვე გამოჩნდა.

რაც არ უნდა იყოს, როცა არ უნდა დავამთავრო ან ვერ დავამთავრო იმ ამბის წერა, რომელიც ოთხი წლის წინ დავიწყე, არა მგონია, ჩემი და სალომეს მეგობრობა ოდნავ მაინც შეირყეს. ჩვენ თორმეტმა ნოემბერმა დაგვამეგობრა და აწი, რამ უნდა დაგვაშოროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი