პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ონლაინ კლას-კომპლექტში კომპლექსური დავალების დამუშავების დადებითი და გასაუმჯობესებელი მხარეები

მსოფლიოში კოვიდ-ვირუსის გავრცელების შემდეგ სხვადასხვა ქვეყანა სწავლების განსხვავებულ ფორმატზე გადავიდა. დისტანციური სწავლება ზოგ ქვეყანაში სინქრონულად მიმდინარეობდა, ზოგან ასინქრონულად. 2020 წლის 12 ივნისს ცვლილება შევიდა ზოგადი განათლების შესახებ კანონშიც https://matsne.gov.ge/ka/document/view/4890677?publication=0, სადაც დისტანციური სწავლება აღიარეს, როგორც სწავლების ფორმა, რომლებსაც არეგულირებს კანონი, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე რესურსცენტრთან შეთანხმებით ცალკეული სკოლა ან კლასი შესაძლოა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს. მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, დაარეგისტრიროს ახალგაზრდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე კვირის განსაზღვრულ დღეს, ან მოხსნას დისტანციური სწავლების ფორმატიდან. საქართველოს სკოლებში, განსაკუთრებით დედაქალაქის სკოლებში მოსწავლეთა საკმაო რაოდენობა რეგისტრირდება ან ხსნის რეგისტრაციას ყოველკვირეულად. შესაბამისად, სკოლის ონლაინ კლას-კომპლექტებში ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს. ეს სირთულეს ქმნის შემაჯამებელი სამუშაოების ნიშნების ასახვაში, კომპლექსურ დავალებებზე მუშაობაში. ონლაინ კლასკომპლექტში მუშაობას აქვს გარკვეული დადებითი და ასევე გასაუმჯობესებელი მხარეები. მინდა, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა ბიოლოგიის სწავლების პროცესში ონლაინ კლას-კომპლექტში მუშაობის განმავლობაში და წარმოგიდგენთ მოსწავლეების გამოკითხვის შედეგებს:

კლასის ზოგადი დახასიათება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:

  • კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა მიმდინარეობდა კლასკომპლექტში, ონლაინ რეჟიმში;
  • კლასკომპლექტში მოსწავლეთა რაოდენობა სემესტრის მანძილზე სისტემატურად იცვლებოდა (საშუალოდ 20 მოსწავლე);
  • ცვლილება ხდებოდა ყოველი კვირის ბოლოს;
  • კომპლექსური დავალება განთავსებული იყო Teams-ის კლასის საქაღალდეში, რაზეც წვდომა ჰქონდა ყველა მოსწავლეს;
  • სსსმ მოსწავლეს (აუტისტური სპექტრი) ეგზავნებოდა პირადი შეტყობინების სახით;
  • კომპლექსური დავალებების შესრულებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესში ჩაერთო მოსწავლეთა საშუალოდ 65%;
  • კონკრეტული დავალების შესრულების პროცესში დამუშავების ეტაპზე ჩაერთო საშუალოდ 70%, პროდუქტი წარმოადგინა 60%-მა.

მოსწავლეებმა შექმნეს ბროშურები. ბროშურის სახით სრულყოფილად დავალება წარმოადგინა ხუთმა მოსწავლემ. სსსმ მოსწავლემ დაკვირვების შედეგი მცირე ტექსტის ფორმით წარმოადგინა. დანარჩენები დამუშავების ეტაპზე მონაწილეობდნენ და ასრულებდნენ დავალებებს, თუმცა პროდუქტი არ/ვერ შექმნეს.

შეფასება ხდებოდა SOLO ტაქსონომიის რუბრიკის მიხედვით. შედეგები ასე გადანაწილდა:

დავალებაზე მუშაობის პროცესში გამოვიყენე სასწავლო რესურსები:

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპების თანმიმდევრობა ასეთია:

  • აქტივობა 1: კომპლექსური დავალების პირობის წარდგენა და პროდუქტზე მსჯელობა;
  • აქტივობა 2: წინარე ცოდნის გააქტიურება კითხვებზე პასუხის გზით;
  • აქტივობა 3: გარემოზე ქიმიური ნაერთების (სასუქები, პესტიციდები, ინსექტიციდები, ფუნგიციდები) ზემოქმედების შედეგების ამსახველი ტექსტის გაცნობა გაცნობა/მსჯელობა;
  • აქტივობა 4: ვიდეოს https://www.youtube.com/watch?v=1PDjVDIrFec ნახვა და მჟავა წვიმების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ჩანიშვნა;
  • აქტივობა 5: სათბურის ეფექტი – ვირტუალურ ლაბორატორიაში მუშაობა https://bit.ly/3Os6m8g;
  • აქტივობა 6: მაკროცნება კვლევის ეტაპების და ანგარიშის განხილვა/მსჯელობა;
  • აქტივობა 7: სადემონსტრაციო ვიდეო-ექსპერიმენტი https://bit.ly/3ynntCL
  • აქტივობა 8: საშინაო კვლევა – მჟავა წვიმის გავლენა ცოცხალ და არაცოცხალ გარემოზე;
  • აქტივობა 9: ბუკლეტზე მუშაობა და წარდგენა;
  • აქტივობა 10: რეფლექსია.

გამოიკვეთა საგანთა შორის კავშირები:

  • ბიოლოგია – ეკოლოგიური ფაქტორები;
  • ქიმია – ნივთიერება, ქიმიური რეაქცია;
  • ფიზიკა – ენერგიის მუდმივობის კანონი და ნივთიერებების მიმოქცევა;
  • სამოქალაქო განათლება – მდგრადი განვითარების მიზნები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.

მეტაკოგნიციის უნარის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოსწავლეები:

  • საუბრობდნენ, როგორ უნდა შეექმნათ პროდუქტი. ის შექმნეს;
  • ერთმანეთს ადარებდნენ საკუთარ ახლანდელსა და წინა ნამუშევარს;
  • მსჯელობდნენ, როგორ განახორციელეს კვლევის ეტაპები;
  • პასუხობდნენ შეკითხვას, რას შეცვლიდი ახლიდან რომ იწყებდე მუშაობას;
  • პროდუქტის წარდგენის დროს მსჯელობდნენ, რა გააკეთეს ადვილად და სად სჭირდებათ დახმარება.

დავალების დამუშავების პროცესში დასმული იყო შეკითხვები, რომლებიც მიემართებოდა ცოდნის სამივე კატეგორიას:

დეკლარაციული (ვიცი):

  • დაასახელე ანთროპოგენული ფაქტორები;
  • აღწერე მჟავა წვიმის ჩამოყალიბების ეტაპები.

პროცედურული (შემიძლია):

  • როგორ შექმნი მჟავა წვიმის ექსპერიმენტულ მოდელს;
  • როგორ შექმნეს ექსპერიმენტული მოდელი;
  • როგორ ჩაატარეს კვლევა.

პირობისეული (ადეკვატურად ვიყენებ):

  • იმსჯელე ცემენტის მტვრით გამოწვეულ საფრთხეებზე და შეაფასე მისი გავლენა გარემოს ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დავალებაზე მუშაობის დასრულებისას რეფლექსიის ეტაპზე ჩავატარე ანონიმური ონლაინ გამოკითხვა, რამდენიმე შეკითხვის პასუხი დიაგრამის სახით არის წარმოდგენილი:

გამოიკვეთა შემდეგი სახის სირთულეები:

მოსწავლეებისთვის:

  • მობილობის გამო მოსწავლეებს სამუშაოდ არათანაბარი დრო ჰქონდათ;
  • კლასკომპლექტში ახალშემოერთებული მოსწავლეების ჩართვას გარკვეული დრო სჭირდებოდა;
  • მოსწავლეებს უჭირდათ დავალების შესრულება. მათი აზრით, უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება იყო საჭირო;
  • მოსწავლეებისთვის ვირტუალური ლაბორატორიული დავალებები სიახლეა, ამიტომ ამ ეტაპზე მუშაობა გაუჭირდათ.

მასწავლებლისთვის:

  • კლასკომპლექტში მოსწავლეების სისტემატური ცვლა დამატებითი დროის დათმობას საჭიროებს;
  • საგაკვეთილო დროის სიმცირე;
  • ზოგიერთი მოსწავლე უარს ამბობს დავალების ვერბალურად წარდგენაზე;
  • სხვადასხვა პარალელური კლასიდან გადმოსულ მოსწავლეების გამოცდილება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან (ერთ სიტუაციაში დადებითია, სხვა სიტუაციაში უარყოფითი);
  • მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის დაბალი მოტივაცია და ჩართულობა;
  • სუსტად განვითარებული სასწავლო უნარები;
  • ვირტუალურ ლაბორატორიაში სამუშაოდ საჭიროა დამატებითი გზამკვლევის შექმნა.

(საინტერესო იქნება მშობლების პრობლემების გამოვლენაც).

როგორ გადავჭერი პრობლემები:

  • ახალშემოერთებულ მოსწავლეებთან საჭიროების შემთხვევაში მქონდა მიმოწერა;
  • ზოგიერთი მოსწავლის დავალებას ვისმენდი ინდივიდუალურად, რადგან კლასში წარდგენისას უხერხულად გრძნობდნენ თავს (დამატებითი შეხვედრა);
  • მოსწავლეებს (ზოგიერთ შემთხვევაში) ვაწყვილებდი საკუთარი სურვილით, ერთი მეორის კონსულტანტი იყო;
  • გაკვეთილის ჩანაწერები მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა, გაცდენის შემთხვევაში გასცნობოდნენ დამუშავებულ საკითხებს.

რეკომენდაციები:

  • მნიშვნელოვანია კათედრის წევრების, პარალელური კლასებისა და კლასკომპლექტის მასწავლებლის კოორდინირებული მუშაობა;
  • სასურველია, სისტემატური ხასიათი ჰქონდეს მოსწავლის განმავითარებელ შეფასებას, რაც ონლაინ კლასკომპლექტის მასწავლებელს დაეხმარება, მიიღოს მის შესახებ ინფორმაცია;
  • ონლაინ კლასკომპლექტში მოსწავლეების შემოერთებისას მათ დამატებითი შეხვედრები სჭირდებათ;
  • ონლაინ კლასკომპლექტის შემადგენლობა უნდა იყოს მეტ-ნაკლებად მუდმივი, რადგან ის საგაკვეთილო პროცესში მუდმივ რყევებს იწვევს;
  • ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებით საშინაო კვლევების ჩატარება მნიშვნელოვანია მოტივაციის გასაზრდელად;
  • კომპლექსური დავალების პირობა ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ტექსტი იყოს ადვილად გასაგები და ყოველდღიურობასთან კავშირში;
  • უნდა მოხდეს კომპლექსური დავალების საკლასო განხილვა;
  • მასწავლებლის უკუკავშირი უნდა იყოს ძალიან კონკრეტული.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.kritik.io/resources/challenges-of-teaching-online;
  2. https://www.3plearning.com/blog/5-common-pitfalls-distance-teaching-avoid/;
  3. https://tophat.com/blog/online-teaching-challenges/

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი