პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

უკან, სკოლაში

ადრეც ასე იყო ეს ამბავი, ეჭვი მაქვს დიდი არაფერი შეიცვლებოდა. აგვისტოს ბოლოს უკვე სკოლაში დაბრუნების დრო დგება და იწყება თავგადასავლების მოფიქრება, რასაც მეგობრებს და მასწავლებლებს მოუყვები, ტანსაცმლის შერჩევა, რომელიც გაზრდილს და გარუჯულს ყველაზე მეტად მოგიხდება, წიგნების მოგროვება და ა.შ. ზოგი ადრე გაღვიძებას არის გადაჩვეული, ზოგს გადაბმით 45 წუთი ჯდომა გაურთულდება, სხვა შეყვარებულით დაბრუნდება და ასე. სექტემბერი ახალ წესრიგზე გადაწყობის დროა, თანაც არა მხოლოდ პატარებისთვის, ჩვენთვისაც, დიდებისთვის, რომლებსაც ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ვინაიდან დიდწილად სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ახალი წესრიგი.

ადრე ასე არ იყო, მაგრამ ახლა აგვისტოს შუა რიცხვებიდან ინტერნეტი სავსეა სტატიებით იმის შესახებ, როგორ უნდა მოხდეს ახალ წესრიგზე გადაწყობა ნაკლებად მტკივნეულად და აქცენტი კეთდება იმაზე, რა ასაკის ბავშვმა უნდა გაიმზადოს თავად საკვები შესვენებებზე საჭმელად, რა მობილური აპლიკაციები უნდა გადმოწერონ მშობლებმა იმისთვის, რომ უკეთ გაანაწილონ დრო ბავშვების საჭიროებების მიხედვით, რა კლასგარეშე აქტივობებია რეკომენდებული სხვადასხვა ტიპის ბავშვებისთვის, უნდა იყვნენ თუ არა ბავშვები ახალი სასწავლო წლისთვის სკოლის მოსამზადებელ (მათ შორის სარემონტო, დასუფთავების და კეთილმოწყობის ) სამუშაოებში ჩართულები, როგორ შეიძლება უკვე გამოყენებული საკანცელარიო მასალების მეორადი გამოყენება, რა არის ის უსარგებლო ნივთები, რომლებსაც სასკოლო ბაზრობებზე აუცილებლად შეხვდებით, მაგრამ გამოყენებით იშვიათად თუ გამოგადგებათ, უნდა უყიდონ თუ არა მშობლებმა ბავშვებს სკოლის პირველი დღისთვის კაშკაშა ნივთები და სათამაშოები და ა.შ.
ამ სტატიების ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ისევე შეუძლია, როგორც მე. ინტერნეტი ხომ ყველასთვის ღიაა, ამიტომ მათ ციტირებებს არ მოვყვები. პირად მოგონებებზე დაყრდნობით რამდენიმე მცირე რეკომენდაციას ჩამოვწერ, რომელიც შესაძლოა მასწავლებლებსაც და მშობლებსაც გამოგადგეთ:
პირველ კლასში 5 წლის მივედი. 6-ის ნოემბრის ბოლოს გავხვდი. იმდროინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობისა და ჩემი სკოლაში მიყვანის გადაწყვეტილების ნაუცბადევობის გამო ჩანთით მეზობელმა უზრუნველმყო, კაბა არ მახსოვს, როგორც ჩანს არც მაშინ ვანიჭებდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ტანსაცმელს. ახლაც მგონია, რომ განსაკუთრებული ნივთები ზრდასრულებისთვის უფროა, ვიდრე ბავშვებისთვის. სოციალური სტატუსის გამყარებას უფრო ემსახურება, ვიდრე ბავშვის საჭიროებას.

სკოლის პერიოდში არდადეგებს მუდმივად ბებია-ბაბუების სოფლებში ვატარებდი და თუ ვინმე კლასელთაგანი, მაგალითად, ზღვაზე დასვენების თავგადასავლებს ჰყვებოდა, ცნობისმოყვარეობის და სულ ცოტა გულდაწყვეტის განცდა მეუფლებოდა, რომ მე ისევ ნაცნობ სოფლებში ვიყავი. ნუ დაელოდებით ბავშვებისგან თავგადასავლების გრძელ სიას ზაფხულის არდადეგების შემდეგ. შესაძლოა მსგავსი არაფერი გადახდენიათ, ან გადახდათ და მათ საკმარისი მნიშვნელობა არ მიანიჭეს. თუ ვინმე იტყვის, რომ მოწყენილი ზაფხული ჰქონდა, ლინდგრენის პერსონაჟების ზაფხულები გაახსენეთ, როგორ მშვენივრად ერთობოდნენ მაგალითად სალტკროკელები იმ რუტინულ ზაფხულს, როცა განსაკუთრებული არაფერიც არ მომხდარა.

ჰკითხეთ ახალი ნაცნობების, მეგობრების ამბები. ახალი ურთიერთობები ხომ გაზრდის საუკეთესო საშუალებებია.
თითქმის 20 წლამდე მეგონა, რომ “კარგი ტიპები” არ საუზმობდნენ, მეტიც, საერთოდ არ ჭამდნენ და ეს გულგრილი დამოკიდებულება საკვების მიმართ, რაღაცნაირად მომხიბვლელია. მარტო არ ვარ, ასეთი ბევრია. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ბავშვებს ავუხსნათ მსუყე საუზმისა და სავალდებულო სამხრის, ჯანსაღი და კომბინირებული კვების მნიშვნელობა და იმაშიც დავარწმუნოთ, სახლიდან ხილის ან სხვა ჯანსაღი სასუსნავის წაღება რომ კარგია.
ყველაზე ერთგული მეგობარი, რომელიც სკოლის წლებში მქოდა, ფოტოაპარატი იყო. თუ რაიმეს ჩუქებას გადაწყვეტთ პატარებისთვის, ისეთი ნივთები აჩუქეთ, რაც მათ უნარებს განავითარებს, ახალ ინტერესებს გაუჩენს.

ჰკითხეთ რაზე ოცნებობენ, რას სურთ მიაღწიონ წლის ბოლომდე, ჩაინიშნეთ მათი სურვილები და გაახსენეთ ერთი, ორი, რამდენიმე წლის შემდეგ. კარგი და მხიარული გასართობია წარსულში დარჩენილ საკუთარ სურვილებს გახედო, მიხვდე, როგორ გაზრდილხარ, რამდენი რამ შეცვლილა. საკუთარი თავის შეცნობის ერთგვარი სავარჯიშოა.

დაბოლოს, იმისათვის, რომ მივიღოთ, უნდა გავცეთ. აუცილებლად დაფიქრდით იმაზე, რას გააკეთებთ წელს ისეთს, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ, რას შესთავაზებთ თქვენს მოსწავლეებს, რას წაიკითხავთ, რის მიღწევას დაისახავთ მიზნად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი