პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სამყარო, როგორც მებიუსის ფირი

“სხეულებისთვის და ვითარებისთვის არსებობს მხოლოდ ერთი დრო – აწმყო.

მხოლოდ სხეული არსებობს სივრცეში და მხოლოდ აწმყო არსებობს დროში…“

დელიოზი

გერმანელმა ასტრონომმა და მათემატიკოსმა ავგუსტ ფერდინანდ მებიუსმა ერთხელ მოსამსახურეს შენიშნა, რაღაც ლენტი როგორ დააკერა არასწორად. ამ ფაქტმა იგი აღმოჩენამდე მიიყვანა.  ასე შეიქმნა „მებიუსის ფირი/ლენტი“.  არ ვიცით, ეს ამბავი მითია თუ რეალობა, მაგრამ მებიუსის ფირი ნამდვილად რეალობაა და თან ისეთი რეალობა, რომელსაც ახალი რეალობის შექმნაც კი შეუძლია.

დღეს, მებიუსის ფირი და მისი თვისებები ფართოდ გამოიყენება მეცნიერებაში და  ემსახურება ახალი  თეორიების აგებას.

არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, სამყარო უზარმაზარი მებიუსის მარყუჟია. ამას ირიბად მოწმობს აინშტაინის ფარდობითობის თეორიაც, რომლის მიხედვითაც, პირდაპირ მფრინავ გემს შეუძლია დაბრუნდეს იმავე დროით და სივრცით წერტილში, საიდანაც გამოვიდა.

ფიზიკოსების აზრით, მრავალი ოპტიკური კანონი ეფუძნება მებიუსის ლენტის თვისებებს. ასე, მაგალითად, სარკისებური ასახვა – ეს არის დროში განსაკუთრებული გადატანა. ადამიანი თავის წინ ხედავს  თავისივე სარკისებურ  ორეულს.

 

„მეტრო, სახელად მებიუსი“  და „სიბნელის კედელი“

არმინ დეიჩი  ამერიკელი ასტრონომი და მწერალი-ფანტასტია (1918 -1969).  მას აქვს ერთი საინტერესო მოთხრობა – „მეტრო, სახელად მებიუსი“, რომელიც გამოქვეყნდა 1950 წელს, ჟურნალში – Astounding Science Fiction. ამ მოთხრობაზე არაერთი ფილმია გადაღებული, სახელწოდებით: „მებიუსი“. რა ხდება ამ მოთხრობაში, მოკლედ გიამბობთ:

„ბოსტონის მეტროში მატარებელი ნომერი 86 გავიდა  პარკ-სტრიტის სადგურიდან და უკვალოდ გაუჩინარდა მძღოლთან და დაახლოებით 350 მგზავრთან ერთად.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ალგებრის პროფესორი, როჯერ ტუპელო ამ ამბავს გაზეთებიდან გაიგებს და  მიდის ქალაქის მეტროს მთავარ მენეჯერთან, კელვინ უაითთან, რათა მოახსენოს თავისი ჰიპოთეზა მატარებლის გაუჩინარების შესახებ. მისი ვარაუდით, როდესაც ბოსტონის ახალი ხაზი გაიხსნა, მეტროს ტოპოლოგიური თვისებები შეიცვალა და მატარებელი სხვა განზომილებაში შევიდა. მას შეშლილად გამოაცხადებენ და გამოაგდებენ.

უაითი მალევე შეიტყობს, რომ მატარებელი მართლაც სადღაც მეტროშია. ის მოიხმარს ელექტროენერგიას, მაგრამ მას ვერავინ ხედავს, თუმცა მისი ხმაური ისმის. კალვინ უაითი ურეკავს როჯერ ტუპელოს და სთხოვს, დაეხმაროს მატარებლის პოვნაში.

ერთადერთი, რაც გადაწყდება, ახალი ხაზის  დახურვაა, იმ იმედით, რომ მატარებელი დაბრუნდებოდა.

გადის ორი თვე. ერთ დილით, უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე, ტუპელო მეტროში ჯდება და ამჩნევს, რომ მგზავრი კითხულობს გაზეთს, რომელიც დათარიღებულია მატარებლის გაუჩინარების დღით. ის დარბის ვაგონში, ამოწმებს გაზეთების თარიღებს სხვა მგზავრებთან და, მართლაც,  ზოგიერთ მათგანს ორი თვის წინანდელი გაზეთი უკავია… ტუპელო სიგნალს აჭერს და მატარებელი ჩერდება. მათემატიკოსი მგზავრებს და მძღოლს უცხადებს, რომ უკვე ორი თვე გავიდა, რაც ვაგონში არიან და სთხოვს, გადაამოწმონ მისი სიტყვები შემდეგ სადგურზე მანქანაში შესული მგზავრების გაზეთების თარიღით. ტუპელო გვირაბში გადის და ტელეფონით მეტროს მთავარ ოფისს უკავშირდება. ის ატყობინებს, რომ 86-ე მატარებელი საბოლოოდ იპოვა, ყველა მგზავრი ცოცხალია და კარგადაა. უაითთან შეხვედრისას როჯერ ტუპელო სთხოვს მას ბოსტონის ხაზის დახურვას, მაგრამ უაითი პასუხობს: „ძალიან გვიანია. მატარებელი ნომერი 143 გაუჩინარდა ეგლესტონსა და დორჩესტერს შორის ოცდახუთი წუთის წინ“.

მებიუსის თემაზეა არტურ კლარკის ძალიან საინტერესო ტექსტი „სიბნელის კედელი“.

სიუჟეტი ასე ვითარდება: შერვანე და ბრეილდონი ცხოვრობენ პლანეტაზე, რომელიც კდელით არის შემოსაზღვრული. მათ სურთ გაიგონ, რა ხდება კედლის მეორე მხარეს, ამიტომ დაიწყებენ კიბის აგებას. გიგანტური კიბის დასრულებას შვიდი წელი დასჭირდება. როდესაც დაასრულებენ, შერვანემ მარტო კედელს უნდა გადაუაროს, ხოლო ბრეილდონი კიბესთან უნდა დარჩეს. კედელს რომ უყურებს, შერვანე სიშავის გარდა ვერაფერს ხედავს. სიარულისას მან განუწყვეტლივ უნდა იხედოს უკან, რათა ტრილორნის შუქზე ორიენტირება მოახდინოს. სულ მალე, ტრილორნი აღარ ჩანს და შერვანე განაგრძობს გზას მანამ, სანამ შორიდან არ დაინახავს მზის სუსტ შუქს. თავდაპირველად ის ვარაუდობს, რომ სამყაროს უნდა ჰქონდეს ორი მზე და რომ მსოფლიოს მეორე მხარეს უნდა იყოს უცნობი ცივილიზაციები და საცხოვრებელი მიწები. თუმცა, როდესაც ის მიდის, აღმოაჩენს ბრეილდონს და გიგანტურ კიბეს, რომელიც მას კედლის მეორე მხარეს ელოდება.

ანუ ის დაბრუნდება იქ, საიდანაც გავიდა…

როგორც შერვანეს ძველი მასწავლებელი მართებულად ამტკიცებს, სამყარო ჰგავს ფირს, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს. ორგანზომილებიანი ანალოგიით იღებს ფურცელს, ახვევს და შემდეგ ბოლოებს უერთებს. შედეგი არის ცილინდრი, რომელსაც აქვს ზედაპირი, რომელიც მოძრაობს ჯერ ცილინდრის შიგნით, შემდეგ კი მის გარეთ. ამ აღმოჩენის შემდეგ ბრეილდონი და შერვანე ანადგურებენ კიბეს ასაფეთქებელი ნივთიერებებით. მიუხედავად იმისა, რომ შერვანე ფიქრობს, რომ კედლის მეორე მხარეს არის იდენტური შერვანე, რომელიც აფეთქებას უყურებს,  მან იცის, რომ არსებობს მხოლოდ ერთი და რომ სამყარო მხოლოდ თავის თავში იკეცება.

რა საერთო შეიძლება იყოს მებიუსის ფირს, მეცნიერულ თეორიებსა და მხატვრულ ტექსტებს შორის?

ის, რომ სამყარო ერთიანია. ყველაფერში – ყველაფერია…. მიკრო და მაკროკოსმოსი, წვეთი და ოკეანე, ადამიანი და სამყარო, სიკვდილი და სიცოცხლე…

თუ მებიუსის ფირის მეტაფორას განვავრცობთ და სამყაროს აღვიქვამთ, როგორც უზარმაზარ მებიუსის მარყუჟს, მაშინ ყოველდღიურობაში, მეცნიერებასა და მხატვრულ ტექსტებში ბევრი საინტერესო მოვლენა შეიძლება აღმოვაჩინოთ.

მებიუსის ფირი ერთ ზედაპირიანი ზოლია, რომელიც ძალიან ჰგავს უსასრულობის ნიშანს და დნმ-ის სტრუქტურასაც.

წარმოიდგინეთ, რომ ის, რაც ორი იყო, ერთია… შიგნით და გარეთ – გაერთიანდა, შინაგანი და გარეგანიც შეერწყა ერთმანეთს – ეს უკვე ახალი განზომილებაა.

გადავიტანოთ ეს მოდელი აღსანიშნსა და აღმნიშვნელზე, როგორც ეს დელიოზმა გააკეთა: „რა მოხდება, თუ ცნობიერება სეპარატრისაზე იმოძრავებს ისე, როგორც მებიუსის ცალგვერდა ზედაპირზე მოძრაობს ალისა?

დარჩება თუ არა ფრეგეს სამკუთხედზე საერთოდ ადგილი შინაარსისთვის?“ (დელიოზი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი