შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ტოპონიმიკა – სახელების პოეზია

ხშირად ვფიქრობთ, ისეთი თემატიკა შევარჩიოთ, ისე დავგეგმოთ გაკვეთილი, რომ ჩვენს მოსწავლეებს თავიანთი ქვეყანა შევაყვაროთ, თავიანთ ქვეყანაზე ცოტა მეტი ვუამბოთ.

ამისთვის ტოპონიმიკა – მშვენიერი რესურსია, ერთი მხრივ, ენათმეცნიერებაზე, სახელდებისა და სიტყვაწარმოების საკითხებზე, გრამატიკაზე (ვთქვათ, საკუთარი სახელების ბრუნებასა და მრავლობითი რიცხვის წარმოებაზე), ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, გეოგრაფიულ საკითხებზე სასაუბროდ და, რაც მთავარია, სახელების ჯადოსნურობის, პოეტურობის ამოსახსნელად.

დაჰკვირვებიხართ ადგილს, სადაც ცხოვრობთ, რატომ ჰქვია სწორედ ეს სახელი და არა სხვა? ჩვენი გაკვეთილის პირველი საკითხი სწორედ ეს იქნება, რა ჰქვია თქვენს ქალაქს თუ სოფელს, როგორია ამ ტოპონიმის ეტიმოლოგია? შეიცვალა თუ არა? შეგვიძლია თუ არა, დავაკვირდეთ ტოპონიმის წარმოებას, როგორ გაჩნდა ეს სახელი, სიტყვაწარმოების რა ნიუანსებია გამოყენებული და სხვა.

როგორ არქმევს ადამიანი სახელს ადგილს, რომელსაც მოიშინაურებს? რის მიხედვით? რა არის მისთვის მნიშვნელოვანი? როგორ ირჩევს ერთგვარ საზღვარს თუ სახურავს თავისი ყოფიერების სახლისთვის?

რასაკვირველია, თავდაპირველად ტერმინი „ტოპონიმი“ უნდა განვმარტოთ, რა არის ტოპონიმი და ტოპონიმიკა, რა ფუნქცია აქვს მას? გამოგვადგება ეს მშვენიერი დეფინიცია გურამ ბედოშვილის „ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონიდან“ – „ტოპონიმებში მისი შემქმნელი და მომხმარებელი ხალხის ძველი და საინტერესო თავგადასავალია მოთხრობილი”, გაკვეთილის მთავარი კონცეფციაც სწორედ ეს იქნება — ამოვხსნათ ჩვენი ისტორია და თავგადასავალი, რომელიც გეოგრაფიულ სახელებშია ჩამალული. რადგან, როგორც ივანე ჯავახიშვილი წერდა: „გეოგრაფიული სახელების ეტიმოლოგიების წამოყენებისა და პირველადი მნიშვნელობის გამორკვევის დროს მკვლევარმა უპირველესად ამა თუ იმ ადგილის მდებარეობისა და თვისების დამახასიათებელი გარემოებანი უნდა გაითვალისწინოს და ჩაუკვირდეს სხვა იქაურ მსგავსივე გეოგრაფიული სახელების აგებულებასა და მნიშვნელობას“.

დავიწყოთ ჩვენი ქალაქის ან სოფლის სახელწოდებით, ჯერ ავხსნათ სახელდების წესები, რას და როგორ ვარქმევთ, რომელი უძველესი ტოპონიმები ვიცით, შეგვიძლია ძველი ისტორიკოსების ტექსტები მოვიშველიოთ, მაგალითად, „არგონავტიკა“.

შეგვიძლია ხალხური ეტიმოლოგიის შესახებ მოვყვეთ და ბავშვებს გამოსაცნობად მივცეთ ესა თუ ის ტოპონიმი, ერთმანეთს შევადაროთ ეტიმოლოგიის ნამდვილი და ხალხური ვერსია.

საინტერესო იქნება სახელდების პროცესების იმიტაციაც, ამისათვის, რომელიმე უცნობ ქალაქს, სოფელს, მთას ან მდინარეს მოვუფიქრებთ სახელს მისი მდებარეობის, განლაგების ან სხვა მანიშნებლების მიხედვით.

მცირე ექსპერიმენტი უნდა მოვიშველიოთ – ადამიანი ნებისმიერ გეოგრაფიულ ობიექტს სახელს იმისთვის არქმევს, რომ სივრცეში მარტივად მოახერხოს ორიენტირება, შესაბამისად, ირჩევს მთავარ ნიშანს, რომლითაც ამ ერთ ობიექტს მეორისგან განარჩევს. ვცადოთ, სახელი დავარქვათ ჩვენს უბანს, ჩვენს სოფელს, ან სულაც ქუჩას, რომელზეც ვცხოვრობთ.

შეგვიძლია დავაკვირდეთ ლიტერატურულ ტოპონიმებს, როგორც რეალურ, ისტორიულ სახელებს, ასევე გამოგონილ, მხოლოდ ლიტერატურაში არსებულ დასახელებებს.

უფრო ღრმა ლინგვისტური კვლევებით „თამაშიც“ შეიძლება, მაგალითად, ტოპონიმების გარკვეულ ჯგუფზე დაკვირვებით, შეგვიძლია მოსწავლეებს დავავალოთ, ამოიცნონ ტოპონიმის ყველაზე გავრცელებული მაწარმოებელი, ან ტოპონიმების წარმოების დიალექტოლოგიური განპირობებულობა, ხომ არ არის ესა თუ ის წარმოება უფრო გავრცელებული რომელიმე კუთხისთვის, ხომ არ ამოიხსნება ეს იმ კუთხის დიალექტით და ა.შ.

შეგვიძლია ტოპონიმთა შინაარსობრივი კლასიფიკაციის „ბადე“ მოვამზადოთ, სადაც გამოიყოფა გეოგრაფიული სახელები, რომელთა საწარმოებლად გამოიყენება ფლორის, ფაუნის, რელიეფის, ისტორიის, მითოლოგიის, რელიგიის შინაარსის გამომხატველი სიტყვები, ცალკე გამოვყოფთ მემორიალურ ტოპონიმებს, აქ სიციო-ლინგვისტური საკითხებიც შემოგვეშველება, როგორ გადაერქვა სოფლებსა და ქალაქებს უძველესი სახელები წითელი ტერორის დროს, როგორ დაიკარგა შიდა ქართლის სოფლები 2008 წელს და მხოლოდ ტოპონიმებიღა შემოგვრჩა.

შეგვიძლია კონკურსიც გავმართოთ, მოსწავლეებს დავავალოთ, იპოვონ ყველაზე საინტერესო, ლამაზი ან პოეტური ტოპონიმი, იპოვონ სოფლების ისეთი სახელები, რომლებიც სხვადასხვა კუთხეში მეორდება, იმსჯელონ, რატომ ხდება ტოპონიმების გამეორება და სხვა.

შეგვიძლია ტოპონიმები შემოქმედებითი წერის თემადაც გამოვიყენოთ, აბა, გადახედეთ ქართულ ტოპონიმებს, როგორი სახელები გვაქვს : „სამღერეთი“, „ჭივჭავი“, „მზეთამზე“, „სამტრედო“, „საბურეთი“ და რამდენი ასეთი, როგორი კარგი იქნებოდა შემოქმედებითი წერის სავარჯიშოები მოგვეფიქრებინა, მოქმედების ადგილად გვექცია, აღგვეწერა. ვფიქრობ, მოსწავლეებსაც ძალიან მოეწონებოდათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი