ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ვუთხრათ ბავშვებს სიმართლე

ერთხელ ერთმა ქალბატონმა შემომჩივლა: „საგონებელში ვარ ჩავარდნილი, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მე და ჩემს მეუღლეს კარგა ხანს არ გვიჩნდებოდა შვილი. ბოლოს გადავწყვიტეთ, აგვეყვანა ახალშობილი და ღვიძლი შვილივით გაგვეზარდა. ორი თვის იყო ჩვენი პატარა, როცა ვიშვილეთ. ამის შესახებ მხოლოდ უახლოესმა ნათესავებმა იციან. საცხოვრებელი ადგილიც კი შევიცვალეთ, რომ მეზობლებისაგან რამე არ გაეგო. მე და ჩემს მეუღლეს გადაწყვეტილი გვქონდა, ბავშვისთვის სიმართლე არასოდეს გვეთქვა, მაგრამ ბოლო ხანს ეჭვი მეპარება ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში. ახლა ბავშვი ხუთი წლისაა და ხანდახან ისეთ კითხვებს გვისვამს, რომ ძალიან გვაბნევს. იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება, სიმართლე სხვისგან გაიგოს და მე და ჩემს მეუღლეს ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა არ გვაპატიოს, თავზარს მცემს“.

მშობლები, რომლებიც ნაშვილებ ბავშვს ზრდიან, ადრე თუ გვიან დგებიან დილემის წინაშე: უთხრან თუ არა შვილს, რომ ის სხვა ქალმა გააჩინა და თავად მისი „ნამდვილი“ მშობლები არ არიან.

დღეს ყველა თანხმდება, რომ ბავშვს აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე თავისი წარმომავლობის შესახებ. მთავარია, როდის და როგორ ვეტყვით ამას.

 

  • მნიშვნელოვანია, ბავშვმა სიმართლე აღმზრდელი მშობლებისგან გაიგოს. თუ ეს ამბავი უცხო ადამიანებისგან შეიტყო, თანაც გარდატეხის ასაკში, მშობლებისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულებას სერიოზული ზიანი მიადგება. დიდი ალბათობით, მათ შორის გაუცხოება და უნდობლობა დაისადგურებს.
  • არ არსებობს ბავშვისთვის სიმართლის სათქმელად საუკეთესო ასაკი, მაგრამ სასურველია, ეს გარდატეხის პერიოდის დაწყებამდე მოხდეს, ვინაიდან, ასაკობრივი სირთულეებიდან გამომდინარე, მოზარდისთვის სიმართლის თქმას შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვეს.
  • კარგი იქნება, თუ ეს მოხდება მაშინ, როცა ბავშვი იწყებს კითხვების დასმას: „საიდან გავჩნდი?“, „როდის მოვედი თქვენთან?“ – და ა.შ. ჩვეულებრივ, ეს პერიოდი 3-4 წლის ასაკში დგება. 5 წლის ბავშვს უკვე ზედმეტი ემოციების გარეშე შეუძლია მიიღოს ის ფაქტი, რომ ნაშვილებია. ამასთან, ის არ ჩაიციკლება სიტუაციაზე და არ დაიწყებს მშობლების დადანაშაულებას, როგორც გარდატეხის ასაკში.
  • შეიძლება, ბავშვისთვის საიდუმლოს გამხელა 8-10 წლამდე გადავდოთ – იმ პერიოდამდე, როცა ბავშვებს ნამდვილად ესმით, რას ნიშნავს შვილად აყვანა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო უმტკივნეულოდ აღიქვამს ასეთ ინფორმაციას.
  • საუბრის დაწყებისას მშობელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბავშვის კითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა, რამაც შეიძლება ჩიხში მოამწყვდიოს. კითხვები შეიძლება იყოს ასეთი: „ე.ი. შენ არ ხარ ჩემი ნამდვილი დედა?“; „რატომ თქვა დედამ ჩემზე უარი, არ უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი და მასთან მეცხოვრა?“; „ბავშვთა სახლში იმიტომ წამიყვანა, რომ ცუდი ვარ?“; „თქვენც ხომ არ წამიყვანთ ბავშვთა სახლში?“; „თქვენ რატომ წამომიყვანეთ ბავშვთა სახლიდან?“
  • მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ პატარამ დაიწყო კითხვების დასმა მისი ამქვეყნად მოვლენის შესახებ, ის უკვე მზადაა მშობლებისგან ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად. მთავარია, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ახლოს იყოს სიმართლესთან. ბავშვს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ატყუებენ.
  • მშობელმა აღნიშნულ თემაზე ბავშვთან საუბარი უნდა დაიწყოს მაშინ, როცა ის კარგ გუნებაზეა; საუბრის დროს მისი ყურადღება სხვა თემაზე არ გადაიტანოს. არ ღირს ბავშვისთვის ასეთი საიდუმლოს გამჟღავნება საღამოს საათებში ან იმ მომენტში, როცა ის სტრესშია. მშობელს შეუძლია, საუბრის წინ ბავშვთან ერთად უყუროს ფილმს ან მულტფილმს ისეთ ოჯახზე, სადაც ნაშვილები ბავშვი ჰყავთ. ასევე შეუძლია, მასთან ერთად შექმნას მისი ცხოვრების წიგნი ნახატებით. შემოქმედებითი მიდგომა ბავშვს სიტუაციის აღქმას გაუადვილებს.
  • საუბრისას მშობელმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. ტირილი და ბავშვისთვის ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის. თუ უფროსი არ შექმნის ტრაგედიას ამ სიტუაციისგან, ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის.
  • მშობელს, რომელიც ბავშვისთვის შვილად აყვანის საიდუმლოს გამხელას გადაწყვეტს, არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ამბის მოყოლა მხოლოდ ერთხელ მოუწევს – ის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მას არაერთხელ გაამეორებინებს.
  • კარგი იქნება, თუ ბავშვს ინფორმაციას შვილად აყვანის შესახებ, ზრდისა და განვითარების პარალელურად, ნელ-ნელა, მცირე დოზებით მივაწვდით. მშობელს უნდა ესმოდეს, რა აინტერესებს მის შვილს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. როდესაც მას დამაზუსტებელი ინფორმაცია დასჭირდება, ის აუცილებლად დასვამს საჭირო კითხვებს.

ამრიგად, ყველაზე სწორი და სამართლიანი სტრატეგია ბავშვისთვის სიმართლის თქმაა. ამასთან, დროულად, მანამდე, სანამ ამას გარეშე პირი გააკეთებს. არ არსებობს საიდუმლო, რომელიც ადრე თუ გვიან არ გაცხადდება. სიმართლის დამალვა იმ მოტივით, რომ ეს ოჯახურ ჰარმონიას დაარღვევს, გაუმართლებელია. მთავარია, ბავშვს სჯეროდეს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც მას ზრდის, ის საყვარელი, სასურველი, ნანატრი შვილია, გრძნობდეს, რომ ის უყვართ, მასზე ზრუნავენ და მომავალშიც ასე იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი