პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ შევთხზათ მოთხრობა?

მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება სასკოლო განათლების მიზნებს შორის ერთ-ერთი უპირველესია. ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის მასწავლებლებს გვმართებს განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ ბავშვებს ხელი შევუწყოთ შემოქმედებით აზროვნებაში, დავხვეწოთ და განვავითაროთ მათი შემოქმედებითი აღმქმელობა. შემოქმედი ნატურა სულით თავისუფალია, შორსაა აგრესიისა და სწორხაზოვნებისგან, ჰუმანურია, აქვს მზაობა თანამშრომლობისა და სოლიდარობისთვის, მასთან ურთიერთობა საინტერესოა და იმპულსები – გადამდები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებელს მართებს დიდი სიფრთხილე შემოქმედებითი უნარების განსავითარებელი დავალებებისა და აქტივობების დაგეგმვის დროს.

მინახავს მეექვსეკლასელი მოსწავლე, რომელსაც ლიტერატურის მასწავლებელმა ბალადის დაწერა დაავალა, როცა სასკოლო პროგრამით ხალხური ბალადა შეისწავლეს. ბავშვი ცრემლმორეული იჯდა საათების განმავლობაში და ეძლეოდა თვითგვემას, ამბობდა, რომ უნიჭოა, რადგან ბალადის დაწერას ვერ ახერხებს. ლექსის, პოემისა და ბალადის შეთხზვა საშინაო დავალებად სრული აბსურდია და მიუტევებელი უვიცობაა მასწავლებლის მხრიდან, პოეტური ტექსტების შექმნას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება და მოსწავლეთა უმრავლესობა ამ სირთულეს ვერ დაძლევს, თუმცა ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია, რომ მცირე ფორმის პროზაული ტექსტების შექმნის მასტერკლასების ჩატარების შემდგომ მსგავსი საკლასო და საშინაო აქტივობები დაგეგმოს.

ბრწყინვალე ნიმუშები მიმიღია მოსწავლეებისგან, როცა ვცადეთ ზღაპრის, ნოველისა ან მოთხრობის შეთხზვა. უბრალოდ ამას წინ უძღოდა შრომატევადი სამუშაო, სადაც დეტალურად ვიხილავდით ამ ტიპის კლასიკური ტექსტების სტრუქტურას, შინაარსს, ყველა ტიპის მახასიათებელს, ვქმნიდით ახალ-ახალ ნიმუშებსა და სქემებს და მხოლოდ ამის შემდგომ ვბედავდით, რომ მოსწავლეს დამოუკიდებლად ემუშავა ამგვარ დავალებებზე. ბავშვებისთვის ეს უაღრესად საინტერესო პროცესი და გამოწვევა იყო, რომელსაც კლასის დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად გაართვა თავი. ბავშვები ისევ და ისევ ითხოვენ ამგვარ დავალებებს.

მსურს გაგიზიაროთ დაწყებით საფეხურზე, მეექვსე კლასში, ჩატარებული ამ ტიპის გაკვეთილის გამოცდილება.

როგორ შევთხზათ მოთხრობა? – ისმის კითხვა და სანამ ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში ფანტაზიორობას დავიწყებდეთ, კარგად უნდა გავერკვეთ მოთხრობის ძირითად საიდუმლოებებში. რა გვჭირდება საიმისოდ, რომ მოთხრობა საინტერესო, დამაინტრიგებელი, დამაფიქრებელი და მხატვრულად ღირებული გამოგვივიდეს.

ი დ ე ა

მხატვრულ ტექსტს ბევრი მახასიათებელი აქვს, მაგრამ მისი მთავარი სათქმელი, ანუ იდეა გადამწყვეტია. ჯერ იბადება იდეა და შემდეგ – სიუჟეტი, სახეები. იდეა უნდა იყოს ამაღლებული, ჰუმანისტური, ნათელი, შესაძლოა შეფარვით იყოს მინიშნებული, მაგრამ მისი ამოცნობა მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს. მსოფლიო მწერლობაში გავრცელებული იდეებიდან ახალბედა ავტორებსაც შეუძლიათ ისესხონ თემები.  შეგვიძლია ბავშვებს ვურჩიოთ, რომ თავიანთი ნაწარმოების იდეებში ამოირჩიონ: პატრიოტიზმის, ამაღლებული სიყვარულის, მეგობრობის, სიკეთის, უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის, სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნების, პიროვნების თვითრეალიზაციისა და თვითძიების, ესთეტიზმის (სამყაროსა და ხელოვნების მშვენიერების) იდეები.

ს ა ხ ე ე ბ ი

ჩვენს „დებიუტანტ“ ავტორებს ასევე უნდა ვურჩიოთ, რომ მათი შემოქმედებითი ოსტატობის უპირველესი საზომი შთამბეჭდავი მხატვრული სახის შექმნაა. უნდა მოიფიქრონ დაუვიწყარი პერსონაჟი, რომლის სახელი, გარეგნობა, წარმომავლობა, ოჯახი საინტერესოდ უნდა წარმოაჩინონ, დააკისრონ მას ამაღლებული მისია, ან თუ ანტაგონისტია – ორიგინალურად დახატონ მისი უარყოფითი მახასიათებლები. პერსონაჟი მისი საინტერესო თავგადასავლების თხრობის დროს ბუნებრივი, გულწრფელი, დამაჯერებელი უნდა იყოს, უნდა მეტყველებდეს დასამახსოვრებლად, მის ყოველ ფრაზასა და სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა უნდა მივცეთ. ის შეიძლება ჰყვებოდეს ამბებს პირველ პირში, ან მესამე პირით გადმოსცეს ავტორმა პერსონაჟის თავს გადახდენილი ამბები. პერსონაჟი ორგანულად უნდა „იჯდეს“ იმ დრო-სივრცეში, რომელსაც ავტორი მოიფიქრებს, სადაც ხდება მოქმედება.  პერსონაჟი შეიძლება იყოს მთავარი, მეორეხარისხოვანი, ეპიზოდური, პასიური, თუმცა ყოველ მათგანს თავისი მისია უნდა დააკისროს ავტორმა.

დ ა მ ა ი ნ ტ რ ი გ ე ბ ე ლ ი    ფ ა ბ უ ლ ა

მოთხრობას, ნოველას, ლიტერატურულ ზღაპარს უპირველესად სჭირდება კარგად გამართული, მიმზიდველი, დამაინტრიგებელი ფაბულა. ავტორმა ფაბულა წინასწარ უნდა შეთხზას და შემდგომ შეუძლია ის განავრცოს. ფაბულაში თხრობის მიმდინარეობა, ანუ ნაწარმოების არქიტექტონიკა გარკვეული წესრიგით უნდა იყოს აგებული. ავტორმა უსათუოდ უნდა დაიცვას სიუჟეტის აგების უძველესი, მაგრამ კარგად გამოცდილი და უცვეთი ხაზი: შესავალი – ექსპოზიცია – კვანძის შეკვრა – მოქმედების განვითარება (1) – კულმინაცია – მოქმედების განვითარება (2) – კვანძის გახსნა – მოქმედების განვითარება (3) – ფინალი. ეს სქემა უნივერსალურია და მისი დაცვა აუცილებელია, რომ სიუჟეტი თანმიმდევრული, ლოგიკური ჯაჭვებით დაკავშირებული და დინამიკური იყოს მკითხველისთვის. რომელიმე ნაწილის დაკლება/ამოგდება ან გაწელვა იწვევს თხრობის თანმიმდევრობის რღვევას, რაც მკითხველს არ გამოეპარება.

ე მ ო ც ი უ რ ი    ფ რ ა ზ ე ბ ი

განსხვავებული, ინდივიდუალური თხრობის მანერა, სიახლე მეტყველებაში აუცილებელია, რომ ავტორის ხელწერა მისაღები იყოს მკითხველისთვის. შეგვიძლია გამოვიყენოთ დიალექტური ან არქაული ენა, ასევე ქალაქური მეტყველება (სლენგები), მთავარია, რომ ენა ორგანულად ესადაგებოდეს პერსონაჟის ხასიათს. შეგვიძლია გამოვიყენოთ მონოლოგები, დიალოგები, პოლილოგები, ავტორისეული ჩართვები. სასურველია, რომ ტექსტი გავამდიდროთ ემოციური ფრაზებით, რომლებიც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას მიანიჭებს. ფრთიანი ფრაზები ლიტერატურული ტექსტებიდან განსაკუთრებით უყვარს მკითხველს, მათ იმახსოვრებენ, იმეორებენ, სხვა ტექსტებში აცოცხლებენ.

როცა მიმდინარე სასწავლო წელს შემოქმედებითი წერის გაკვეთილი დავგეგმე მეექვსე კლასში, ბავშვებმა მთხოვეს, რომ მათთან ერთად ნიმუშის სახით მეც შემეთხზა ტექსტი, რათა მოთხრობის აგების ტექნიკას იოლად დაუფლებოდნენ. გთავაზობთ ამ ტექსტს, როგორც მარტივ ნიმუშს ნარატიული ტექსტის შეთხზვისა. მას არ აქვს ამბიცია, რომ გამორჩეული და მაღალმხატვრული ნაწარმოებია ან უმნიშვნელოვანესი სიახლეა, თუმცა მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ შეთხზული ამგვარი ტიპის ტექსტები სტიმულსა და ბიძგს მისცემს, რომ თავადაც იოლად ჩაიფიქრონ ახალი და ახალი მხატვრული ნაწარმოებები

 

ო ფ ო ფ ი ნ ა ს   ფ ი ქ რ ე ბ ი

ოფოფინას დედა და ჩემი დაიკო ოფა მეძახიან, თორემ ისე ოფოფი ვარ, ტანმოხატული, გვირგვინოსანი, სხარტი და მოუსვენარი. თაშის ტყეში დავფრინავ და ყველაზე მეტად ტყის სიახლოვეს მცხოვრებთა ეზოებში ჩაფრენა მიყვარს. საკენკი ტყეშიც ბლომად მოიპოვება, ტყე ხომ არასოდეს გაძუნწდება ზოგიერთი ადამიანივით,  თუმცა სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ყოველთვის არის ხოლმე ბლომად სასუსნავი! ო, ეს სიტყვა როგორ უყვართ! ოღონდ აჭამე! ბუნებას კი არასდროს უგდებენ ყურს. განა ტყეში გაისეირნებენ? ცხოველს ან ფრინველს თუ დაინახავენ, აუცილებლად უნდა ხელი სტაცონ, შეჭამონ ან გალიაში დაამწყვდიონ. ღმერთო, რანაირები შექმენი ადამიანები?! ლამაზი ყვავილის დანახვაზეც კი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიან, მაშინათვე მოგლეჯენ და ლარნაკებისკენ გააქანებენ. რომელი ფიქრობს, რა უნდა ყვავილს? სურს კი მას მშობლიური ნიადაგიდან მოწყვეტა, მეგობრებთან სამუდამოდ დამშვიდობება და 2-3 დღის სიცოცხლე ვიღაცის ორიგინალურ ლარნაკში, ოთახის გასალამაზებლად? რატომ ავიწყდებათ თავიანთი დიდი პოეტის დახატული დობილები, ია და სასუტელა? მათი გამეტება შეიძლება?

ერთი ეზო ამოვიჩემე. ლამაზი სახლია, შუშებიანი და აივნებიანი. ეზოში დიდი აუზია, ფირუზისფრად ლივლივებს ხოლმე წყალი. ულამაზესი ხუჭუჭა გოგონა გამოდის და მტრედებს საკენკს უყრის ხოლმე. როცა მტრედები გაფრინდებიან, მეც მივეპარები საკენკს. სახლს ლამაზი ბაღი აკრავს, სადაც დიდი, ღონიერტოტებიანი, გაბარჯღული კომშის ხე დგას. პირველად რომ ჩავფრინდი, მაშინათვე შევამჩნიე, შოშიებს იმ ხეზე ბუდე ჰქონდათ და ოთხი ბარტყი ჰყავდათ.

ხუჭუჭა გოგოს მეზობლად ბიჭი ცხოვრობს, ზუკას ეძახიან. ისეთი შუშის თვალები აქვს და გამყინავი მზერა, მზარავს მისი დანახვაც კი. ყველას მისი სახელი პირზე აკერია: „ზუკა, ნუ ურტყამ“, „ზუკა, არ გატეხო“, „ზუკა, არ დაანგრიო“, „ზუკა, არ წააქციო“, „ზუკა, ნუ უყვირი“, „ზუკა, შეეშვი“…

ხუჭუჭა ნიტა და ზუკა სულ ჩხუბობენ. რამდენჯერ მის ეზოში გადმოსულა და მოულოდნელად აუზში გადაუგდია გოგო. იცით, როგორ მიკვირს, რომ ნიტა მაინც უშვებს სახლში? ის კი არა, ნაყინები, შოკოლადები, ბურგერები, ბანანები და წვენები გამოაქვს ხოლმე, ჩამოსხდებიან კაკლის ხის ძირას მრგვალ მაგიდასთან და ნეტარებენ. ამ დროს ზუკა იკრიჭება და აგრესიული არ არის, მაგრამ სხვა დროს კი, უჰ!.. მე ეგეთ ადამიანს ზუკას კი არა, მავნეს დავუძახებდი.

ნიტა ჩემს დანახვაზე გაიხარებს ხოლმე, მაშინათვე ტელეფონს ეცემა და ფოტოებს მიღებს. მის ტელეფონში ჩემი ათასი ფოტოა. მასთან მიახლოების არ მეშინია, აი, ზუკასთან მიკარებას კი არავის ვურჩევ! ამასწინათ ნიტას უთხრა: ეს სულელი ოფოფი, აქ რომ მოდის, არ გინდა დავიჭიროთ, გავპუტოთ, გავჭრათ და ვნახოთ ერთი, რანაირიაო? ნიტამ თავში მაგრად უთაქა, ხომ არ გაგიჟებულხარ, სადისტი კი არ ვარო!

კვირას რომ ჩავფრინდი ნიტას ეზოში, გოგონა არ ჩანდა. დავინახე, რომ ბეტონის მაღალ გალავანზე ზუკა მოცოცავდა. ნიტას კომშის ხეზე გადავიდა. შოშიების ბუდისკენ წავიდა ჯოხით ხელში. კანკალმა ამიტანა. რა უნდა მექნა? ნიტა არსად იყო. ეზოშიც არავინ ჭაჭანებდა. ძაღლთან მივფრინდი, რომ ყეფა აეტეხა. ყეფის ხმაზე კი ნიტა გამოვიდა აივანზე. მოაჯირზე შევფრინდი. ნიტამ ფოტო გადამიღო. ნელ-ნელა კომშის ხისკენ მივიწევდი და ნიტა კამერის წკაპუნით უკან  მომდევდა. მალე კომშის ხის ძირას აღმოვჩნდით.

  • აქ რა გინდა, ზუკა? – დაიყვირა ნიტამ.

ზუკას შოშიის ბუდე ხელში ეჭირა და ბარტყები საცოდავად ჭყიოდნენ.

  • ახლავე დააბრუნე თავის ადგილზე, თორემ მამიკოს დავუძახებ და განანებს, იცოდე! – მა-მაააა!!! – იკივლა ნიტამ…

ზუკამ ბუდე ფრთხილად ჩააბრუნა კომშის გაბარჯღულ ტოტებში.

ეს ამბავი შარშანწინ მოხდა. წელს კი ზუკას და ნიტას სულ ერთად ვხედავ. ზურგჩანთამოკიდებულები სახლიდან ერთად მიდიან სადღაც, ერთად ვიდეოებს უყურებენ. ნაყინებისა და ბურგერების ერთად ჭამასაც არ ივიწყებენ, აუზშიც კი ერთად ხტებიან. ზუკა უკვე ხელს არ კრავს ნიტას, პირიქით, ჩასვლა-ამოსვლისას ხელს უწვდის, ეშველება. ველოსიპედებითაც ერთად დაქრიან ტრასაზე… არ ვიცი, შესაძლებელია, რომ ზუკასნაირი ბიჭი შეიცვალოს? ადამიანები ასე ამბობენ: სიყვარულს ყველაფერი შეუძლიაო.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი