პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მხატვრული წერის გაკვეთილები მეხუთე-მერვე კლასის მოსწავლეებისთვის

 

ნაწილი მეხუთე

ნაწილი მეოთხე

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

სავარჯიშო მეათე

მეათე გვერდის სავარჯიშო. აიღეთ ნებისმიერი წიგნი თქვენი თაროდან, გადაშალეთ მეათე გვერდზე და მეათე წინადადება გააგრძელეთ თქვენებურად ისე, რომ დაწეროთ მინიმუმ 10 ახალი ლოგიკური წინადადება.

 

მაგალითი: (ნაწყვეტი აღებულია წიგნიდან „ტომ სოიერი“)

„მოხუცმა ხელი შეახო ტომის პერანგს და თქვა: ასე რამ დაგასველა?“ (ციტატა წიგნიდან)

ტომმა უპასუხა: აქვე, მდინარეში ჩავხტი და…

  • და რა, გახიე?
  • არა, მაგრამ, დავასველე!
  • მდინარეში რა გინდოდა?
  • გაგრილება!
  • ტანზე რომ გაგეხადა და ისე ჩამხტარიყავი, არ სჯობდა? – ჰკითხა დეიდამ.
  • ვერ მოვასწრებდი, გოგო იხრჩობოდა.
  • აკი გაგრილებაო? რატომ მატყუებ, ტომ?

 

სავარჯიშო მეთერთმეტე

ჰკითხეთ საკუთარ პერსონაჟს თერთმეტი „რატომ?“, რომელზეც მისი პასუხები ამომწურავი იქნება.

მაგალითი:

შეკითხვა 1: ბუსი, რატომაა შენი საყვარელი ფილმი Star Wars?

პასუხი: იმიტომ, რომ ყველაზე საინტერესო სიუჟეტი აქვს.

შეკითხვა 2: რატომ ემეგობრები ბილს?
პასუხი: ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს.

შეკითხვა 3: რატომ გიყვარს შენი და უფრო მეტად, ვიდრე ძმა?
პასუხი: ბუნებრივია, ასე რომ არის. ჩემი ძმა საერთოდ არ მეკონტაქტება.

შეკითხვა 4: რატომ ცდილობ, ძმა მის მეგობრებთან შეარცხვინო?
პასუხი: ზედმეტად ტრაბახაა და იმიტომ.

შეკითხვა 5: რატომ მოგწონს კომპიუტერული თამაშები?
პასუხი: იმიტომ, რომ ძალიან სახალისოა.

შეკითხვა 6: რატომ გიყვარს ანიმეები?
პასუხი: ძაან მაგარი სიუჟეტი აქვს და სულ ბრძოლებია.

შეკითხვა 7: რატომ მოგწონს ჭადრაკი?
პასუხი: ტვინს მირთობს.

შეკითხვა 8: რატომ ვარჯიშობ?
პასუხი: რომ გავძლიერდე.

შეკითხვა 9: რატომაა შენი საყვარელი კომპიუტერული თამაში Blood Born?
პასუხი: საუკეთესო „ბოსებთან“ ბრძოლებია.

შეკითხვა 10: რატომ გირჩევნია ნარუტო ბორუტოს?
პასუხი: ბორუტო უინტერესოა.

შეკითხვა 11: რატომ გიყვარს ბურგერი?
პასუხი: მმმ. გემრიელია!

სავარჯიშო მეთორმეტე

დაწერეთ ერთი და იგივე ამბავი თქვენი გმირის მონაწილეობით მინიმუმ 5 სხვადასხვა ჟანრში.

სავარჯიშო მეცამეტე

განათლების მინისტრის მიმართვა მშობლებს: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ საკუთარი ქვეყნის განათლების მინისტრი ხართ და ოფიციალური, სატელევიზიო გამოსვლისთვის წერთ მიმართვის ტექსტს, სადაც უნდა ილაპარაკოთ, რა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ნაყინი, კომპიუტერული თამაშები, გართობა და თამაში. გამოიყენეთ რაც შეიძლება ოფიციალური და შაბლონური სიტყვები.

 

სავარჯიშო მეთოთხმეტე

თქვენი პერსონაჟი ელაპარაკება უსინათლოს, რომელიც სთხოვს მას აღუწეროს: ცისფერი, ატამი, ხე, ზღვა, მარტორქა და ტელევიზორი. აღწერეთ ჩამოთვლილი ისე, რომ უსინათლომ გაიგოს.

მაგალითი:

ბუსი: წყალს შეეხე და ჰაერი ჩაისუნთქე, ახლა წარმოიდგინე ფერი. როგორია?

უსინათლო: არ ვიცი. მაგას ვერ აღვწერ. ვერ ვხედავ.

ბუსი: ღიაა?

უსინათლო: ანუ?

ბუსი: როგორსაც ხედავ, სიბნელეს, იმისგან განსხვავებულია?

უსინათლო: კი.

ბუსი: სისუფთავეს მოგაგონებს?

უსინათლო: დიახ!

ბუსი: აი, ეს არის ცისფერი. კარგი, ახლა ატამს აღგიწერ! ოდესმე ატამი გიჭამია?

უსინათლო: რა თქმა უნდა, კი.

ბუსი: ახლა შენს ლოყას შეეხე და ატმის გემო გაიხსენე! გამოვიდა?

უსინათლო: მრგვალია?

ბუსი: სწორად გამოიცანი. ალბათ, მარტო დაჭრილი ატამი გიჭამია, არა?

უსინათლო: დიახ.

ბუსი:ჰოო. მთელი მეც არ მომწონს.

უსინათლო: მშობლები მიჭრიან.

ბუსი: მოდი, ხეს შეეხე. მუქია?

უსინათლო: მე მხოლოდ ერთ ფერს ვხედავ.

ბუსი: წარმოსახვაში ცოტა გააღიავე. გამოვიდა?

უსინათლო: მგონი, კი.

ბუსი: ეს არის ყავისფერი. ამ ფერის ტოტები და ღერო აქვს ხეს, როგორც ჩვენ გვაქვს ხელები და ფეხები. ფოთლები მწვანეა, მაგრამ ამ ფერს ვერ აღვწერ, მწვანილს რომ ჭამ, რა გემოც აქვს მას, ისეთი ფერია ფოთოლი. სასიამოვნო შრიალი ხომ მოგისმენია ფოთლის?

უსინათლო: მომისმენია.

ბუსი: ასეთია ხე. ზოგ ხეს წიწვები აქვს, როგორც ადამიანს თმა, ოღონდ უხეში, დაუბანელი თმა. ზოგს კი ფოთლები აქვს.

უსინათლო: ეგ ვიცი.

ბუსი: წარმოიდგინე?

უსინათლო: კი.

ბუსი: ახლა წამოდი ისევ წყალთან, შევეხოთ. ცისფერი რომაა ხომ წარმოიდგინე უკვე?

უსინათლო: რატომაა წყალი ცისფერი?

ბუსი: ცას ირეკლავს და ცის ფერს იღებს.

უსინათლო: ყველა წყალი?

ბუსი: არა, ბევრი წყალი, მაგალითად, ზღვა.

უსინათლო: წარმოვიდგინე.

ბუსი: ახლა გეტყვი, რომ ზღვა ძალიან ბეეევრი მლაშე წყალია.

უსინათლო: მზადაა!

ბუსი: ახლა მარტორქა. ის დიდია, ნაოჭებიანი, სქელი ტყავი აქვს და გრძელი რქა ცხვირის ნაცვლად. წარმოიდგინე?

უსინათლო: კი.

ბუსი: ახლა ტელევიზორს აგიხსნი. ტელევიზორი… მმ, ეს ყუთია, სადაც ადამიანები და ცხოველები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში, ისინი იმ წუთას იქ კი არ არიან, სხვაგან არიან და ამ ყუთში კი ვუყურებთ.

უსინათლო: უღრმესი მადლობა.

ბუსი: შეხვედრამდე!

უსინათლო: შეხვედრამდე!

სავარჯიშო მეთხუთმეტე

ერთი სრული დღით წაიყვანეთ საკუთარი პერსონაჟი სრულიად უცხო ქვეყანაში, ქალაქში და მიეცით დავალება.

მაგალითი:

ერთ დღეს ბუსი ბილთან და მის ოჯახთან ერთად თურქეთში გაფრინდა დასასვენებლად. იქ უზარმაზარ აკვაპარკში წავიდნენ და ბუსიც წაიყვანეს.

ცურვის შემდეგ ცოტა მოშივდათ და გადაწყვიტეს ბურგერი ეჭამათ. ბილს ადგილის მოძებნა სთხოვეს გარეთ, სადაც ყველანი დასხდებოდნენ ბილის მამა და უმცროსი ძმა კი შენობაში ეძებდნენ თავისუფალ სივრცეს. სამწუხაროდ, ყველაფერი დაკავებული აღმოჩნდა, ამიტომ ბუსი და ბილის დედიკო საჭმლის ქუჩაში საყიდლად წავიდნენ.

თურქული საჭმელი რომ იყიდეს და უკან ბრუნდებოდნენ, ბილის დედას ფეხი აუცურდა და მარჯვენა კოჭი მოიტეხა. ბუსი არ დაიბნა, აკვაპარკის ექიმთან გავარდა, მაგრამ ახლა მას შეემთხვა ცუდი რამ – სხვას შეეჯახა და ხელი გადაიტყავა. ამასობაში ხალხმა სასწრაფო გამოიძახა, თუმცა გაირკვა, რომ ექიმები 20 წუთი ვერ მოვიდოდნენ.

ბუსიმ მოიფიქრა ასეთი რამ: ხმამაღლა ინგლისურად დაიყვირა: ვინმე ექიმი ხომ არაა აქვეო (ასე ენახა, რომ თვითმფრინავში გააკეთეს ერთხელ) და მართლაც, იქვე ტრუსიკიანი კაცი მოვარდა და ბილის დედას რჩევები მისცა, როგორ დამჯდარიყო.

ამასობაში ექიმებიც მოვიდნენ, ბილი, მამამისი და უმცროსი ძმაც იქვე გაჩნდნენ და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბუსის კი ხელი შეუხვიეს.
მერე მთელი კვირა, ყველა ცურავდა, ბუსისა და ბილის დედიკოს გარდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი