სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

კარი გავუღოთ თავისუფლებას

ვინ აღებს სკოლის კარს? პირდაპირი მნიშვნელობით – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, დარაჯი, სტუმარი თუ სხვა, საგანგებო მიზნით თუ სრულიად უმიზნოდ, შემთხვევით შემოსული. თუ ამ ფრაზას მეტაფორულად, გადატანითი მნიშვნელობით გავიაზრებთ, ის უფრო ღრმა შინაარსით დაიტვირთება. სკოლის კარის გაღება ნიშნავს, შეუძღვე მოსწავლეს ისეთ სივრცეში, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გამოავლინოს თავისი ყველა მნიშვნელოვანი პოტენციური შესაძლებლობა, იგრძნოს, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანია, აღარ დააწვეს ტვირთად ყველაფერი ის, რაც ამ სივრცის გარეთ თრგუნავს – ოჯახური გარემო, ნათესავ-მეგობართა წრე თუ სხვა.

ხშირად არის, რომ მასწავლებელი მოსწავლეს სრულიად სხვაგვარად ახასიათებს, ვიდრე მას მშობელი ხედავს. უკეთესად ან უარესად – ამას მნიშვნელობა არ აქვს. გაოცებული მშობელი ხანდახან იმასაც ამბობს, რომ ბავშვი შინ სულ სხვანაირია, უფრო ზრდილობიანი ან უზრდელი, უფრო მორცხვი ან თავდაჯერებული, უფრო თავშეკავებული, მშვიდი თუ ცელქი, მოუსვენარი, ფეთქებადი და მოუთოკავი… მთავარია, ნებისმიერმა მოზარდმა სასკოლო სივრცეში იგრძნოს, რომ მას მიიღებენ ისეთს, როგორიც არის, ჭკვიანს თუ სულელს, ზარმაცს თუ ბეჯითს.

სასკოლო სივრცეში მოსწავლემ უნდა მოიშოროს ყველა ნიღაბი, რომლებიც მას ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად უგროვდება. როგორც ცნობილია, სწორედ ბავშვობიდან ეჩვევა ადამიანი შენიღბვას, თავისი ნამდვილი მეს გადამალვას, აქედანვე უჩნდება გაუცნობიერებელი შიში საზოგადოებისგან გაუცხოებისა, ამიტომ უმეტესობა ცდილობს, მოერგოს იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს, მოიქცეს ისე, როგორც სხვები უკარნახებენ, სტერეოტიპულ შეხედულებათა და შაბლონურ აღქმათა ჩაკეტილ წრეში ტყვედ იგრძნოს თავი, დღეები იმედგაცრუებით დაიწყოს და დაამთავროს, უსიხარულობის მტანჯველი ერთფეროვნების გაუსაძლის გარემოდ ექცეს სკოლა, სადაც მხოლოდ მშობლების ხათრითა თუ შიშით მიდის. გარემოსთან შესაბამისობა მოსწავლეს ხშირად საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებზე უარის თქმად უჯდება, რაც ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და სტრესებს იწვევს, ყოველივე ეს კი მისი სწავლისა და შემეცნების პროცესზე აისახება. შენიღბვის ჩვევა თანდათან ყოველდღიურობის ნაწილად ექცევა და საერთოდ დაკარგავს საკუთარი თავის აღქმის გზას. გონებადაფანტულობა და უყურადღებობა მისი მთავარი თვისებები გახდება. რაც ყველაზე უარესია, თვითონვე დაეჭვდება საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებში, იმაში, რომ რამის სწავლა შეუძლია. ასე ხდებიან ადამიანები ხელმოცარულები, განწირულები იმისთვის, რომ მუდამ ემუქრებოდეთ გარიყვის საფრთხე. ამიტომ პედაგოგთა უმთავრესი საფიქრალი კონკრეტულ საგანთა სწავლებასთან ერთად ისიც უნდა იყოს, რომ მოსწავლემ თავისუფლების შეგრძნება არ დაკარგოს.

გაკვეთილზე ფართოდ უნდა გაეღოს კარი კრიტიკულ აზროვნებას, მოსწავლის შეცდომა, ულოგიკობა თუ სისულელე დაცინვის საგანი არ უნდა გახდეს. ამერიკელმა პედაგოგმა, განათლების ექსპერტმა ნადია ლოპესმა თავის ერთ საჯარო გამოსვლას ვიქტორ ჰიუგოს მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები წაუმძღვარა ეპიგრაფად: „ვინც სკოლის კარს აღებს, ციხის კარს ხურავს“. ამგვარად, მან ხაზი გაუსვა, რომ მოსწავლეს სკოლა უნდა დაეხმაროს ფუნდამენტური ღირებულებების ჩამოყალიბებაში. მან უნდა იცოდეს, რომ არც წაქცევა და არც დამარცხება სამარცხვინო არ არის, მთავარია, ფასეულობათა სისტემის სახით ჰქონდეს საყრდენი, რომელსაც თავისი იდენტობის მთავარ განმსაზღვრელად მიიჩნევს. სკოლის სახით მას უნდა ჰყავდეს ძლიერი, ერთგული, უღალატო მოკავშირე.

საინტერესო და საგულისხმოა ნადია ლოპესის გამოცდილება. ის ამბობს, რომ მის სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს მკვლევრებს ეძახიან, რადგან სწორედ სასკოლო სივრცეა მათი დიდი მოგზაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მართლაც, სხვადასხვა საგნის შესწავლა ხომ მათი შემეცნების საზღვრებს აფართოებს, საოცნებო, შორეული ჰორიზონტებისკენ ახედებს მათ და გზას უხსნის თავისუფლებას, რომელმაც ისინი ნებისმიერი ოცნების ახდენის შესაძლებლობაში უნდა დაარწმუნოს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პროფესიას აირჩევს მოსწავლე; მთავარია, ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი, მომავალში ის საქმე აკეთოს, რომელიც გამოსდის, უყვარს და ბედნიერებას ანიჭებს.

გაკვეთილზე მასწავლებელმა ათასი გზით შეიძლება გაუღოს კარი თავისუფლებას. ეს მისსავე შინაგან თავისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელსაც ანიჭებს მას შემოქმედებითობა, არაშაბლონური აზროვნება, განათლებისა და შემეცნებისკენ მუდმივი სწრაფვა, სხვათა გამოცდილების გაზიარების უნარი, სიახლეების მუდმივი გაცნობა და მათი დანერგვის წყურვილი, ძველი და ახალი გზების ორიგინალური სინთეზის სურვილი, მეთოდებისა და სტრატეგიების თავისი კლასისთვის მოდიფიცირების ჩვევა და სხვა.

  • მან შეიძლება შესთავაზოს მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის დავალება, რათა მათ იგრძნონ, რომ კი არ აიძულებენ რამეს, არამედ თვითონ ირჩევენ;
  • შეიძლება, მოსწავლეებმა თვითონვე მოიფიქრონ დავალება, რომელიც კონკრეტულ ამოცანასაც მიესადაგება;
  • გაკვეთილზე გამოყოფილ დროში მოიფიქრონ შესასწავლ პრობლემასთან დაკავშირებული თავისუფალი თემა, რათა გამართონ დისკუსია, იმსჯელონ დამოუკიდებლად და თამამად გამოხატონ განსხვავებული თვალსაზრისები;
  • გაკვეთილზე ხშირად მიეცეთ საშუალება, პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ თავიანთი ფოტოები, ნახატები, ვიდეოები;
  • გაკვეთილზე გამოყოფილ დროში წარმოადგინონ ერთმანეთთან ჩაწერილი ინტერვიუები საყვარელ თემებზე, თამაშებსა თუ წაკითხულ წიგნებზე;
  • იმსჯელონ თავისუფალი დროის შესახებ – როგორ პოულობენ მას და რას აკეთებენ იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ;
  • მასწავლებელს არ უნდა დაენანოს დრო ამგვარი თავისუფალი აქტივობებისთვის;
  • პედაგოგი უნდა ეცადოს, ყველა მოსწავლე (ექსტრავერტიც და ინტროვერტიც) ჩართოს პროცესში. ამისთვის სასურველია, მოსწავლეებს თანაბარი სიხშირით მისცეს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფურად გადასაწყვეტი ამოცანები.

განათლების ანალიტიკოსმა სალ ხანმა საჯარო სიტყვაში „ვისწავლოთ დაოსტატებისთვის და არა ტესტის ქულებისთვის“ ყურადღება მიაქცია თანდათან გართულებულ სასკოლო პროგრამებს, სახელმძღვანელოთა გადატვირთულობას. ხანდახან ეს იწვევს საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის დაქვეითებას. მაგალითად, თუ მოსწავლემ რაიმე მიზეზით თავიდანვე არ შეისწავლა ალგებრის ანაბანა, მერე იმდენი ხარვეზი გაჩნდება, რომ შესაძლოა, ამ საგანში ძალიან უნიჭოდ მიიჩნიოს თავი და შეიძულოს კიდეც. სწორედ ამ დროს გამოჩნდება მასწავლებლის სტრატეგიული უნარი, კვლავ დააინტერესოს მოსწავლე, გაათავისუფლოს არასწორი თვითშეფასების ტყვეობისგან და ჩაუნერგოს რწმენა იმისა, რომ საკმაოდ მოქნილი აზროვნება აქვს, რათა მათემატიკა კარგად ისწავლოს.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ცნობილი ფსიქოლოგის პიტერ გრეის სტატია „რატომ არ სურთ ბავშვებს სკოლაში სიარული: ევოლუციური შეუსაბამობა“. ის ეჭვქვეშ აყენებს, საზოგადოდ, სავალდებულო სწავლებას იმ ფორმით, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოშია. მისი აზრით, თანამედროვე სკოლის მოდელი არაეფექტურია, რადგან არ შეესაბამება ადამიანის ბიოლოგიურ მონაცემებს. მისი აზრით, ადამიანს აქვს ინსტინქტები და არაცნობიერი მისწრაფება თავისუფლებისკენ, თვითგანვითარებისკენ. მას სურს, ისწავლოს საკუთარი ინტერესების მიხედვით, რასაც არაფერი აქვს საერთო განათლების ერთიან იძულებით უნიფიცირებულ (ერთგვაროვან) სისტემასთან. იგი ფიქრობს, რომ თანამედროვე სკოლები ბავშვების ინსტინქტებთან თანხმიერებაში კი არ არის, არამედ, პირიქით, მათ წინააღმდეგაა მიმართული. ბავშვების უმრავლესობას არ ეხალისება სკოლაში სიარული და ისინი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ხან თავს მოიავადმყოფებენ, დავალებების მინიმუმს ასრულებენ, ხშირად ამასაც არ აკეთებენ, არღვევენ სასკოლო განაწესს. კარგი მოსწავლეებიც კი ცინიკურად აკრიტიკებენ სკოლას და მიიჩნევენ, რომ სასკოლო ცხოვრების მრავალი ელემენტი თუ პედაგოგთა მოთხოვნები სულელურია.

რა არის მათი ამბოხის მიზეზი?

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თუ მასწავლებლები მოსწავლეებს წარმატების ერთადერთ გზად განათლებას უსახავენ, ისინი მაინც ვერ გრძნობენ მის საჭიროებას, ეს კი მათი ნელი და უხალისო სწავლის პროცესზე აისახება. პიტერ გრეის შემოაქვს „ევოლუციური შეუსაბამობის“ ცნება. ის იხსენებს, რომ კაცობრიობის წინაპართა ოთხმოცდაათი პროცენტი მონადირე-შემგროვებელი იყო. მას შემდეგ გარემო პირობები ძალიან შეიცვალა. ანთროპოლოგები ამტკიცებენ, რომ ერთადერთი სტაბილური წესი ცხოვრებისა, რომელსაც ადამიანთა ბიოლოგიური გვარი ცნობს, არის მონადირეობა-შემგროვებლობა. მიუხედავად კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი ნახტომისა, ბიოლოგიური თვალსაზრისით ადამიანს მაინც მონადირის ბუნება შერჩა, ამიტომ გადარჩენის ინსტინქტი დღესაც განსაზღვრავს მის არსებობას. ბავშვების მარტო დაძინების შიში და მონსტრების საწოლქვეშ წარმოდგენა უძველეს დროში რეალური იყო. მათ ემუქრებოდათ ვეფხვების, ტურების თუ სხვა მტაცებელთა მოულოდნელი სასიკვდილო თავდასხმები. შიშის ის ინსტინქტი დღემდე მკვიდრადაა ფესვგადგმული ჩვენში და მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს ადამიანის არსებაში.

ანთროპოლოგთა მტკიცებით, მონადირე-შემგროვებლებისთვის უმთავრესი ღირებულება თავისუფლება იყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ არ შეიძლებოდა, ადამიანს იძულებით ეკეთებინა რამე.

უძველესი ადამიანები ბავშვებსაც დიდებივით ექცეოდნენ, ამიტომ მიუღებელი იყო ბრძანება და მორჩილების მოთხოვნა. ისინი თვითონ დაინახავდნენ, რა ჯობდა ტომის კეთილდღეობისთვის და შესაბამისად მოიქცეოდნენ. პიტერ გრეის აზრით, ათასობით წლის წინ სწორედ ეს იყო ადამიანთა საზოგადოების მაორგანიზებელი პრინციპი. ნადირობა და მოპოვება-შეგროვება ადამიანისგან ინიციატივასა და შემოქმედებით აქტივობას მოითხოვდა. ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებას ახდენდნენ, რადგან გამოცდილებას უზიარებდნენ. მათ ესმოდათ, რომ ბავშვები გაიზრდებოდნენ თავისუფლები, თავდაჯერებულები, პასუხისმგებლობიანები, შემოქმედებითები. ტომში ცხოვრება კი მათ მორალურ საყრდენს აძლევდა და ქცევის მოდელებს უნერგავდა. ისინი თავისუფალნი იყვნენ, დიდხანს თამაშობდნენ და დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ, შემეცნების არეალს დამოუკიდებლად იფართოებდნენ. რამის სწავლა გულის კარნახით ხდებოდა ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის, ახლის შეცნობისკენ მიდრეკილების, ურთიერთობებისკენ სწრაფვის წყალობით.

დღეს კი ერთ ადგილას ხანგრძლივად ჯდომა, მასწავლებლის მოსმენა, დავალების მორჩილად შესრულება მოსწავლეთა შინაგან სამყაროში პროტესტს იწვევს. შინაგანი ხმა მათ სულ სხვა რამეს უკარნახებს: რომ თვითონ უნდა აკონტროლონ საკუთარი ქცევა, შეიძინონ მხოლოდ ის უნარები, რომლებიც ინდივიდუალურად სჭირდებათ, დამოუკიდებლად მოიძიონ კითხვებზე პასუხები. მათ სურთ, ცხოვრებაში დააკვირდნენ რეალურ ადამიანებს და არა საკლასო ოთახში. უძველეს დროში თუ ბავშვს არ ექნებოდა სურვილი, საკუთარი გზით ესწავლა და ევლო, ის ვერ მოერგებოდა ცხოვრებას და დაიღუპებოდა.

თანამედროვე სკოლისა და, უპირველესად, მასწავლებლის ამოცანა უნდა იყოს, შეუქმნას მოსწავლეს მაქსიმალურად თავისუფალი სივრცე, რათა მან დამოუკიდებლად ისწავლოს და განვითარდეს. მართლაც, როგორც პიტერ გრეი ფიქრობს, განათლება უნდა იყოს არა ვერტიკალური, „ზემოდან ქვემოთ“ მიმართული, არამედ, პირიქით. ინიციატივები მოსწავლეებისგან უნდა მოდიოდეს და ამის წყაროდ თუ საფუძვლად მათივე შინაგანი მოტივაციის გაჩენა თუ გაღვიძება იქცეს. ამას კი სხვადასხვა მეთოდითა და სტრატეგიით წახალისება სჭირდება, რათა სკოლაში და გაკვეთილზე მუდამ ღია იყოს კარი თავისუფლებისთვის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი