შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

დღესასწაულების სევდა

აღდგომის მეორე საღამოს დასავლეთიდან მოვდიოდი მეგობართან და მის ოჯახთან ერთად. რიკოთი რომ გადმოვიარეთ, ათობით კილომეტრზე გადაჭიმულ საცობში აღმოვჩნდით. მანქანების რამდენიმე მწკრივი თითქოს არც აპირებდა ადგილიდან დაძვრას. გამოთვლილი მქონდა _ რვა საათზე თბილისში უნდა ვყოფილიყავი. არ მახსოვს, ბოლოს როდის იყო ჩემს ცხოვრებაში დღე, წინასწარ, საგულდაგულოდ რომ არ მქონოდა გადანაწილებული. ამჯერად სულ ტყუილად. ცხრა საათი რომ შესრულდა და ჩვენ ჯერ კიდევ საცობის შუაგულში ვიდექით, ნერვიულობას თავი დავანებე და მიმოვიხედე.

 


კორტასარის „სამხრეთის გზატკეცილი” ხომ წაგიკითხავთ? ცოტა მეგულება ასეთი მოთხრობა, ასეთი ადამიანური, ასეთი სავსე. ჰოდა, რაღაცნაირად, „სამხრეთის გზატკეცილი” გამახსენდა, ავტობანის მისადგომებს რომ გადავხედე. ადამიანები ბრუნდებოდნენ შინ, ზოგი პირიქით, შინიდან ბრუნდებოდა, ბრუნდებოდნენ და უზარმაზარი სევდა მოჰქონდათ თან, წელიწადში ერთხელ გახსენებული დედების და მამების, ბებიების და ბაბუების, მშობლიური სახლების, ნაწვიმარი მიწის, სადღესასწაულოდ საგულდაგულოდ გაწმენდილ-დავარცხნილი საფლავების, საგანგებოდ ნაყიდი „გამოსასვლელი” სიგარეტის და ასე, დაუსრულებლად.


აღდგომა სევდიანი დღესასწაულია, დღესასწაული ილისა და თაფლის სანთლების მოკრძალებული სურნელით. ერთხელ, წლების წინ, ჩემს ერთ ღრმადმორწმუნე მეგობარს ვუთხარი, აღდგომა არ მიყვარს-მეთქი და თავს მისი მრისხანება დავიტეხე. არადა, ასე არ არის, უბრალოდ, ”არ მიყვარს” არასწორი ფრაზაა ჩემი განწყობისა და შინაგანი მდგომარეობის გამოსახატად. ჩემთვის აღდგომის დღეები იმხელა სევდას იტევს, ყოველ წელს მგონია, რომ ცოტაც და ვეღარ გავუძლებ, ცოტაც და გული გამისკდება.


ჩემი ბავშვობის აღდგომა ასეთი იყო _ ვიბარგებოდით და სოფელში მივდიოდით, სოფელში, სადაც მშვიდი სასაფლაოს ხეების ჩრდილებს ერთი დღით აახმაურებდა ქალაქიდან ჩასული შვილებისა და შვილიშვილების სიცილი, გადაძახილი, ჭიქის ჭიქაზე მიჭახუნება. სევდიანად იყურებოდნენ მიცვალებულები საფლავის ქვებიდან, მე კი ვკითხულობდი მათ დაბადებისა და გარდაცვალების წლებს და ვცდილობდი, წარმომედგინა, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება. მაშინ მეგონა, რომ აღდგომა, ძირითადად, ამისთვისაა და კიდევ იმისთვის, რომ მეზობლებმა და ნათესავებმა ერთმანეთს საფლავებს შორის გადაფენილი პურ-მარილი შეუფასონ, პასკები დაუგემოვნონ და გოჭის ხორცის ავკარგიანობაზეც თქვან ორიოდე სიტყვა.


დიდი ხანია, სოფელში არ ვყოფილვარ, დიდი ხანია, ფეხი არ მიმიდგამს სასაფლაოზე, სადაც ბაბუაჩემის გვერდით მშვიდად განიხვენებენ მისი პირველი ცოლი და მეორე ცოლი, ანუ ბებიაჩემი. ეს კიდევ სხვა სევდაა, ცალკე მოსაყოლი და დასაწერი, ყველა ოჯახს რომ აქვს თითო ცალი და გულდაგულ უფრთხილდება. რაც გავიზარდე, ვერიდები შორეულ ახლობლებთან შეხვედრას, ვერიდები ბავშვობაში ხშირად გაგონილი ფრაზის _ ”კარგი გოგოა, მაგრამ დედამისისთანა ვერ არის” მოსმენას. საერთოდაც, იმათ რიგებში ჩავეწერე, ვინც ვალდებულებებს არ აღიარებს, სინამდვილეში კი ასე საკუთარი თავის დაცვას ცდილობს ემოციებისგან, დარდისგან, სევდიანი დღესასწაულებისგან.


ახლა ჩემი აღდგომა ასეთია: ვიბარგები და ქუთაისში მივდივარ, იქ, სადაც შაბათ საღამოს, ქუჩაში ერთი გავლით, ყველას ნახულობ, ვისი სახეც მეხსიერებამ შემოინახა, იქ, სადაც აღდგომა მართლაც ზეიმია, რადგან ბავშვობის მეგობრები სახლებში ვბრუნდებით და ერთად ყველაზე ბედნიერები ვართ, იქ, სადაც წლების მოკლებაც ადვილია და ყველაზე დიდი პრობლემების დავიწყებაც.


ოდესღაც იყო ჩემს ცხოვრებაში სხვანაირი აღდგომაც, რომელიც ჩემი ცნობიერის მიღმა დარჩა, აღდგომა აფხაზეთში, ოჩამჩირის სოფელ არადუში, სასაფლაოზე, რომელიც არ მახსოვს. არ მახსოვს, რას ამბობდნენ ჩემზე იქაური ნათესავები, როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს, როგორი შეგრძნებაა, როცა ქართველები და აფხაზები ერთმანეთს ულოცავენ. იქიდან თითქმის არაფერი მახსოვს, მამაჩემის საფლავის ბუნდოვანი კონტურების გარდა, მაგრამ რაც ვიცი და რაც ძლივს შემოუნახავს ჩემს გონებას, ფიქრისა და დღეების დასამძიმებლად საკმარისია.


ახლა, როცა ჩემი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ინტენსიურად მაქვს ურთიერთობა დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებთან, მსგავსი ისტორიების მოსმენა ხშირად მიწევს. მე მხოლოდ ერთერთი ვარ იმ უამრავს შორის, ვისაც აღდგომას საფლავებთან დაბრუნების უფლება წაართვეს.


ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, რა მოხდება, ერთ აღდგომას უცნაური გადაწყვეტილება მივიღო, ბევრი ვიარო და ე.წ. საზღვართან მივიდე, მივადგე მესაზღვრეებს და ვუთხრა, რომ აუცილებლად უნდა გადავიდე „იქით”, სადაც ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოა, სადაც მეკუთვნის ყოფნა, მარტო მე კი არა, კიდევ ბევრ ჩემისთანას. მერე კი სასწაული მოხდეს და თუნდაც ერთი დღით, საზღვარი გამიხსნან.


რას არ იფიქრებს ადამიანი.


ხომ გითხარით, აღდგომა სევდიანი დღესასწაულია.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი