შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვახო

ყოველთვის, როცა ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტის გახსენებას ვცდილობ, გონებაში კინოფირივით გაირბენს ხოლმე ერთი და იგივე მომენტი: ადრეული ზამთრის გვიანი საღამოა. მეცხრე ბლოკი მკვდარია. უხელფასო ელექტრიკოსები მის გაცოცხლებას შეეცდებიან, მაგრამ არა დღეს, არც ხვალ, ალბათ უფრო ზეგ. ჩაბნელებული ტელევიზორის ოთახში მწვანე ქურა ანთია, რომლის საწვავიც სულ ცოტა ხნის წინ მოვიტანეთ მამამ და მე დასახლებიდან. ნაჩუქარ სამხედრო ქურთუკში გახვეულმა, ქუდჩამოფხატულმა კაცმა სახელურმიმაგრებული 1 ლიტრიანი ქილით ჩაგვისხვა კოკა-კოლას ბოთლებში. მამაჩემს თვალი არ მოუშორებია მისთვის და პირთამდე გადაავსებინა. ქურასთან სხედან: დედა, ბებია, ჟუჟუნა დეიდა, დალი დეიდა, ლილი დეიდა, ეკა, რომელიც ფურცელზე კაცუნებს ხატავს ჩემთვის და ვახოსთვის. ოდნავ მოშორებით ეთერი ნათლია ზის. მალე ალბათ  შემოგვიერთდებიან – სევრო ბებო, ლია მეტრეველი, ციალა კვიჟინაძე და ნათელა დონაძე. მწვანე ქურა ბჟუტავს და სინამდვილეში მეზობლები ერთმანეთს ათბობენ. ბებიაჩემი ტყემლის მარაგზე დარდობს და სხვებიც ეთანხმებიან. მათ სახეებს ლამპიდან ძლივს გამოსული სინათლე და მწვანე ქურის მოციმციმე ალი დროდადრო ანათებს. მე და ვახოს სითბო არ გვჭირდება. ჩვენ მისაღებ ოთახში დავძრწით, რომელსაც ტელევიზორის ოთახისგან მხოლოდ თხელი ფარდა გამოყოფს და მუშკეტერები ვართ. მე ზურგზე ძველისძველი ფარდა მაქვს შემოხვეული, რომელიც ბებიამ საკერებლად ვეღარ გამოიყენა. თავზე მამაჩემის ქუდი მახურავს, ხელში ცაცხვის ტოტი მიჭირავს, ხმალს გამალებით ვიქნევ, ვებრძვით ბალიშებს და მე შიგადაშიგ ვყვირი – „ანთროსი ვარ”. ყოველ წამოყვირებას ჩემზე 4 წლით უფროსი ვახო პასუხობს: „ათოსი, ბიჭო, ათოსი”. ვახოს ზურგზე ძველი ფარდის შემოსხმა და ქუდის ჩამოფხატვა არ სჭირდება. ვახო ისედაც მუშკეტერია. ვახო დიდია.
ვახო დიდია – ეს სიტყვები ჩემს ცხოვრებას ყოველთვის რეფრენად გასდევდა, მაშინაც, როცა ძონძი მუშკეტერის მოსასხამი მეგონა და დღესაც, როცა ამაზე ღიმილით და სევდით წერა შემიძლია. ერთი შეხედვით, ადამიანს არ უნდა გსიამოვნებდეს, როცა ვინმეს, თუნდაც უფროსი ძმის ჩრდილქვეშ ხარ, მაგრამ არსებობენ ძმები, რომელთა ჩრდილი შენთვის არა დაბრკოლება, არამედ სახურავია. ვახო ასეთი ძმაა. ვაზისუბანში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ჩემი სახელი – დათო – ცოტა ხნის წინ გაიგეს და გაიკვირვეს, რადგანაც იქამდე მათთვის არსებობდა ორი ერთი და იგივე გვარის მქონე ბიჭი – ვახო გორგილაძე და ვახოს ძმა გორგილაძე. მე ამას სრულად ვაცნობიერებდი ამით ვამაყობდი კიდეც. ეს იყო ჩემი საშვი და ალიბი. ეს იყო ჩემი ბილიკი და გზამკვლევი.
ხშირად, როცა რაიმე საჩოთირო საკითხს წავაწყდებით და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებს პოზიციის ჩამოყალიბება გვიჭირს, სხვა, ჩვენთვის ავტორიტეტული ადამიანები ჩვენზე ზეგავლენას ახდენენ. ამ დროს, Facebook-ის უღიმღამო თვალიერებისას, წავაწყდებით მათ კომენტარებს, ან სულაც სტატიებს და მათი აზრი, ჩვენდა უნებურად ჩვენი აზრი ხდება, ან როგორც მინიმუმ რამდენიმე გრადუსით მაინც გადაგვხრის თავისკენ. ეს ისეთი მაგნიტია, რომლის ძალასაც ხშირად ვერ ვეწინააღმდეგებით. ვახო ოდითგანვე ასეთი, მაგნიტური ადამიანი იყო ჩემთვის. მის აზრს ძალაუნებურად ვიმეორებდი ყველგან – სახლში, სკოლაში, ბირჟაზე, ვაზისუბნურ დაბადების დღეებზე. ამას მოსაუბრეებიც ამჩნევდნენ და იმჩნევდნენ.
ჩვენ, ისევე როგორც იმ თაობის სხვა ქართველი ძმები, „ბლანკოს ქვრივის” ეპოქაში ვიზრდებოდით. დიეგო და ამადორ ბლანკოების ძმობა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობრივი იყო იმასთან, რასაც გვასწავლიდნენ, რითიც გვკვებავდნენ. ჩვენ ვერ ვხსნიდით, როგორ შეიძლებოდა ძმები ისეთი უცხოები ყოფილიყვნენ ერთმანეთისთვის როგორც დიეგო და ამადორი იყვნენ, თუნდაც იქ, სადღაც, შორეულ ქვეყანაში. ამის გამო, ყველაფერი, რასაც კი სამხრეთამერიკულ სერიალებში ვხედავდით, გვეგონა რომ ისეთივე ზღაპარი იყო, როგორიც ბევრი წაგვეკითხა დედაჩემის მიერ შეგროვებულ დიდ ბიბლიოთეკაში. სამაგიეროდ, საინტერესოდ მეჩვენებოდა ტყუპების – ფილიპესა და დიუვანის ურთიერთობა. ამიტომ გადავწყვიტე, სწორედ ისინი ყოფილიყვნენ მისაბაძები, ვიდრე მათი მამა-ბიძა. თუმცა ჩემი ენთუზიაზმი ვახოსთვის უცხო გახლდათ, რადგანაც 4-წლიანი სხვაობა მაინც თავისას შვრებოდა. ნელ-ნელა მას სულ უფრო ნაკლებად იტაცებდა ჩვენ მიერ გამოგონილი თამაშები და ძალით ივიწყებდა იმ ათასობით ბრძოლას, რომელიც ერთად გადავიხადეთ ჩვენი სახლის სხვადასხვა კუნჭულში. ნელ-ნელა დათო გორგილაძე მარტო რჩებოდა იმ სამყაროში, რომელიც ძმასთან ერთად შექმნა. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ამ დროს ვახო სხვა, პარალელურ სამყაროს ქმნიდა, რომლის ასაშენებლადაც მე არც ძალა მქონდა და არც გამოცდილება მყოფნიდა, თუმცა იქ ჩემი ადგილიც მოიძებნებოდა. ეს იყო სამყარო, რომელშიც ჩემი ძმა მასწავლებელი იყო, მე – მისი მოსწავლე. სწორედ ამ სამყაროში ჩამოყალიბდა ჩემი გემოვნება, რომელიც ვახომ გამოძერწა. საპნის ოპერებიდან ჩემი ყურადღება MTV-სკენ გადააგორა; ხმალაობიდან კომპიუტერული თამაშებისკენ. მოსწონდა ვახოს 2Pac-ი? მოსწონდა დათოს 2Pac-ი; უსმენდა ვახო Eminem-ს? ვუსმენდი მეც Eminem-ს; გადაერთო ვახო Metallica-ზე? Metallica-ს რა ჯობია, კაცო.
თუმცა MTV-ის მიღმა ხომ ნამდვილი ცხოვრება იყო. ცხოვრება, იმ დროს ღვთისგან და კაცისგან მივიწყებული დედაქალაქის კიდევ უფრო მივიწყებულ გარეუბანში. ვაზისუბანში მოქცევის წესებსაც, გაგიკვირდებათ და – სწავლა უნდოდა. პირველი ნაბიჯების გადადგმისას აქ ყველანაირი რადიკალიზმი დამღუპველი იყო – ერთი მხრივ, იარლიყმიკრული ბოთე იქნებოდი, მეორე მხრივ – იარლიყმიმკვრელი კაი ბიჭი. ვახომ მასწავლა როგორ გამევლო ოქროს შუალედი ისე, რომ ბოლოს საუკეთესო პოზიციაში აღმოვჩენილიყავი; როგორ შემძულებოდა ბირჟა, თუმცა არა ერთი ხელის მოსმით, არამედ ბირჟაობის მახინჯი მხარეების თვალნათლივ დანახვით; როგორ უნდა მელაპარაკა ჩემზე უფროსთან, ჩემს თანატოლთან, მოგვიანებით კი იმ გოგოებთან, რომლებიც მომწონდა. რაც ჩემნაირი, წარბებგადაბმული, არაძველიბიჭი, არასპორტსმენი, სათვალიანი ბიჭისთვის დიდად გამოსადეგი უნარ-ჩვევა იყო.
სისუფთავეზე გადაგებულ ჩემს ძმას ნაირ-ნაირი სუნამოები ჰქონდა გარდერობში, მისი იმდროინდელი შეყვარებულისა და ახლანდელი ცოლის – თამთას შერჩეული, რომელიც სუნამოების ექსპერტია. რა თქმა უნდა, როცა შევამჩნიე, რომ სისუფთავის გარდა, სასიამოვნო სურნელი გოგონებთან დამატებით უპირატესობებს გაძლევს, ჩუმ-ჩუმად დავიწყე მათი მიპკურება. სურნელი ოხერი რამეა, საკმარისია ერთხელ მაინც გქონდეს შესუნთქული, რომ თუგინდ 100 წელი გავიდეს, სადმე, ქუჩაში იგრძნობ თუ არა, გონებაში რევოლუციას გიწყობს და მივიწყებულ მოგონებას, ადამიანზე ან ცხოვრების რომელიმე მომენტზე, ცხვირწინ ამოგიგდებს. აბა, თუ მაგარი ბიჭი ხარ გვერდი აუარე. ვერ იზამ. ბევრ ასეთ სურნელთაგან, ვახოს მაინც ტრუსარდის Python-ის სურნელთან ვაიგივებ:
პაემანისთვის საათ-ნახევრიანი მზადების შემდეგ, ვახო სახლიდან გავიდა. საღამო იყო, დასუსტებული, თითქმის ჩასული  მზე სასიამოვნო სითბოს ტოვებდა. სახლიდან გავიდა თუ არა, მე მისი სუნამო ძუნწად ვიპკურე, რათა ვერ მიმხვდარიყო და ეზოში გავვარდი. მე-10 კორპუსთან ერთი გასაპრანჭი ობიექტი შემხვდა, რომელსაც სპეციალურად მივუახლოვდი, სურნელი რომ ეგრძნო. მიზანს მალევე მივაღწიე, თუმცა მოულოდნელი შედეგი დადგა. გოგო შემომიბრუნდა და მითხრა: „შენს ძმას გაუვლია აქ”.
…და ასეა სულ: მთელი ჩემი ცხოვრებაა ვახოს კვალს მივყვები – ვირტუალურ ბრძოლებშიც, ქუჩაშიც, სკოლაშიც და პროფესიაშიც. ჟურნალისტიკა, გულზე ხელის დადებით რომ ვთქვა, მარკესის, კიზისა და კაპოტეს გამო კი არა, ვახოს გულისთვის ავირჩიე, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვა გზების მსგავსად, იმედი არც აქ გამიცრუვდებოდა. ხანდახან დგება მომენტები, როცა შენი შესაძლებლობები ნულს უტოლდა, როგორც ვიდეოთამაშებში მოსდის ხოლმე გმირებს; როცა არაფრის გაკეთება აღარ შეგიძლია გარდა იმისა, რომ მოდუნდე და ღრმა ტბის ფსკერისკენ მშვიდად წახვიდე, როგორც ეს ფილმებში ხდება. ასეთ დროს გჭირდება ადამიანი, რომელიც საქმეს შენ ნაცვლად გააკეთებს და როცა გამოფხიზლდები, ყველაფერ აჟურში, ის ეპიზოდი კი ცხოვრებიდან ამოჭრილი დაგხვდება. ასეთ დროს გჭირდება.
როცა უფროსი ძმები ქორწინდებიან, ხვდები, რომ კიდევ ერთმა სამყარომ ამოწურა თქვი და ამიერიდან კიდევ უფრო მოწიწებითა და პატივისცემით გმართებს მასთან მოქცევა. ვახოს ახლა უკვე ორი შვილი ჰყავს – ნიკოლოზი და ზურა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სათამაშო ხმლების ნაცვლად ცაცხვის ტოტებს არ იყენებენ; არც ბაბუას გიტარაა მათთვის გემი (უფრო პლასტმასის ხმლებითა და iPad-ით იქცევენ თავს), მაინც მგონია, რომ ჩვენ ერთი ვიდეოთამაშის მონაწილეები ვართ, უბრალოდ, ნიკუშას და ზუკას განახლებულ ვერსიაში მოუწიათ ყოფნა და ასე უკეთესია. რამდენიმე დღის წინ შევესწარი, როგორ დაუთმო ნიკუშამ ზუკას მანქანა და გამახსენდა უძველესი დრო, როცა ვახომ დამითმო იმ დროს ყველაზე სანუკვარი რამ ჩვენს ცხოვრებაში – თავისი წილი კარტოფილის ჩიფსი. ხანდახან, როცა ჩემს ძმიშვილებს ვუყურებ, ვგრძნობ, რომ ოჯახები წრეებზე დადიან, ოღონდ ეს წრეები ნელ-ნელა ფართოვდება. მძულს, როცა ბავშვებს გენიოსებად ზრდიან. ადამიანი თავად ირჩევს, ვინ უნდა გახდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფლება მაქვს ვიწინასწარმეტყველო, რომ ისინი კეთილი, პატიოსანი და ჭკვიანი ადამიანები იქნებიან. მე ეს ვიცი. სხვანაირად შეუძლებელია, რადგანაც მე მათ მამას კარგად ვიცნობ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი