ხუთშაბათი, ივნისი 30, 2022
30 ივნისი, ხუთშაბათი, 2022

მასწავლებლის ერთი მოთხრობა, რომელიც სასკოლო თემისთვის დაიწერა.

მასწავლებლები ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც რაიმე კონკრეტულ საკითხზე გვიჭირს მხატვრული ტექსტის მოძიება. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მასწავლებელმა მთხოვა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვაზე პატარა მოთხრობა დამეწერა. ეს ამბავი მივიღე როგორც გამოწვევა და დავთანხმდი. ასე შეიქმნა „მზის მეგობარი“, რომელიც შემდეგში უკვე მეც გამოვიყენე. ბავშვებს მოეწონათ, იმსჯელეს, წერილები მისწერეს პერსონაჟებს და ხეებიც დარგეს. გარდა ამისა, თავისთავად გაეცნენ დღიურის ჟანრსაც და სცადეს დღიურების შექმნა. ბუნებასთან ინტეგრირებით მშვენიერი გაკვეთილები გამოგვივიდა, საერთოდაც კვირეული. მოთხრობის გაცნობის პარალელურად ვიმსჯელეთ ხეებზე, გარემოს დანაგვიანებაზე, იმაზე, თუ რა ზიანი მოაქვს ადამიანს ბუნებისთვის. ვნახეთ ანიმაციური ფილმი: „ლორაქსი“, ბოლოს კი „გადასაყრელი“ ნივთებისგან დამზადებული სამკაულებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოვაწყვეთ, მოვიპატიჟეთ მშობლები, მიღებული თანხით და უპატრონო ძაღლთა თავშესაფრის ბინადრებს საკვებით გავუმასპინძლდით. იმდენად საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა ამ პატარა მოთხრობით დაწყებული თავგადასავალი, თქვენც გიზიარებთ.

 

მზის მეგობარი

 

ისეთი ლურჯი და მბზინვარე კანი აქვს, რომ ძნელია საკუთარი თავი არ მოსწონდეს. განსაკუთრებით მაშინ, მზის ოქროსფერი სხივები რომ გადაწყვეტენ ხოლმე მასთან თამაშს. ოჰ, ეს ისეთი სანახაობაა, რომ მერწმუნეთ მის მსგავს ვერსად ვერ ნახავთ.

ეს მზესთან მოთამაშე, ძალიან ლამაზი, ძალიან კეთილი და მხიარული არსება პატარა დელფინი გახლავთ, სახელად ზიზი.

ზიზი ზღვაში ცხოვრობს, სადაც საკუთარი სახლი მოუწყვია, ნიჟარებითა და ათასნაირი წყალმცენარეებით, მარჯნებით, ზღვის ვარსკვლავებით მორთულ-მოკაზმული.

ზიზი, დილით ძალიან ადრე დგება და მაშინვე მზესთან შესახვედრად მიემართება. მისთვის ეს ყველაზე საყვარელი დროა. მზეც სწორედ ამ დროს ამოდის და ერთი სული აქვს, თავის პატარა მეგობარს მიაკითხოს, სხივები მის სველ ტანზე ააცეკვოს, მიეალერსოს, ათასგვარად ააბრჭყვიალოს, შეუღიტინოს, მოკლედ რომ ვთქვათ, კარგად გაერთონ.

ერთხელ, როდესაც პატარა დელფინი მზის სხივებს ეხუტებოდა, კუდზე სამკაულად ზღვის ვარსკვლავი დაებნია, ყელზე კი ნიჟარებში ნაპოვნი მარგალიტების მძივი, სწორედ მაშინ ზიზიმ შეამჩნია, რომ რაღაც ძველებურად ვერ იყო. თითქოს სხივებს მხიარულება და სიხალისე მოჰკლებოდათ, ისე აღარ ბრჭყვიალებდნენ, ზანტადაც კი მოძრაობდნენ დელფინის კრიალა კანზე.

ზიზის, რაღა თქმა უნდა, ბევრი არ უფიქრია და მაშინვე ჰკითხა სხივებს მოწყენილობის მიზეზი:

  • მზეო, მზეო ჯადოსნურო, ბრჭყვიალავ და ოქროსფერო, დღეს რა დაგმართია, რატომ დაჰკარგვია ხალისი შენს სხივებს?
  • ჩემო ტკბილო და კეთილო! ერთ ამბავს შევესწარი, მეტად ნაღვლიანს, ერთ გოგონას, ზღვის ნაპირას ქოხში რომ ცხოვრობს, საყვარელი ლეკვი დაჰკარგვია, ვერ გავუძელი მისი ცრემლების ყურებას. გასამხიარულებლად სხივებიც კი გავგზავნე, მაგრამ სულ ამაოდ.

ამოიოხრა მზემ, და ოხვრას თეთრი ღრუბლის ქულაც ამოაყოლა. თავის ჩაქინდვრაც კი დააპირა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ მზე იყო, თავის დახრით კი დედამიწაზე უამრავ ცოცხალ არსებას მოაკლებდა სითბოს. ამიტომაც, მოიკრიბა ძალები და წითლად გაკაშკაშდა.

შემდეგ კი დაამატა:

  • ამ ამბავში, ყველაზე სევდიანი ის არის, რომ ლეკვს ერთი ხე ჰქონდა ამოჩემებული, მაღალი, ბრტყელ ფოთლებიანი, ამ ხით განსაზღვრავდა ხოლმე სად იყო, ამ ხით იგნებდა ყოველთვის გზას. ერთხელაც, ადამიანებმა ხე – მოჭრეს, მოსპეს სიცოცხლე, იმისთვის, რომ საკუთარი სურვილები აეხდინათ, ფუფუნებაში ეცხოვრათ. ხესთან ერთად უამრავი სიცოცხლე დაიღუპა და დარჩნენ უსახლკაროდ: ხეზე, მცხოვრები ჩიტები, ჭიაღუები, ციყვები. თავად ადამიანებიც ჩავარდებიან ცუდ დღეში, თუ ასე გააგრძელეს, რადგან ხეები სუნთქვისთვის აუცილებელ ჟანგბადს აძლევენ, ქარისგან და მტვრისგან იცავენ. საწყალმა ლეკვმა, კი გზა დაკარგა და ამით პატარა გოგოც ძალიან დაანაღვლიანა.
  • მზეო, ცის გვირგვინო! შენ ხომ ყველაფერს ხედავ მთელ ქვეყანაზე, იქნებ იცოდე, სად იმყოფება გოგონას ლეკვი, იქნებ დაეხმარო, რომ გოგონამ საკუთარი ბედნიერება კვლავ იპოვოს. რა კარგი იქნება დაეხმარო ადამიანებს იმის გაგებაში, რომ დედამიწაზე ნებისმიერ სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ, საკუთარი თავებისთვის, ჩვენთვის. რამდენი ზღვის ბინადარია დაღუპული – იმ საშინელი ნივთებით, საწვავით თუ ნაგვის ნარჩენებით, დაურიდებლად რომ ყრიან წყალში. ერთხელ, რაღაც ბრჭყვიალა ნივთს წავაწყდი ფსკერზე. მინდოდა, გამეგო, რა იყო. მივუახლოვდი. როგორც კი შევეხე, ისეთი ბასრი პირი ჰქონდა რომ კანი გამიჭრა. ძალიან შემეშინდა, უკან მოუხედავად გამოვიქეცი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზღვაში მოსროლილი კონსერვის ქილა იყო.

ზიზიმ ამოიოხრა. ამ საკითხზე ძალიან ბევრს ფიქრობდა და გამოსავალს ეძებდა. მზეს კი მოლოდინით სავსე თვალებით შეჰყურებდა, და გულში კი გაუჩერებლად იმეორებდა: რა მოხდება გოგონამ დაიბრუნოს თავის ლეკვი, რა მოხდება ლეკვი გოგონასთან დაბრუნდესო.

  • მშვენიერო ზიზი, როგორ არ ვიცი. პატარა ლეკვს გზა აბნევია, და ახლა შეშინებული, აკანკალებული, ზედ ზღვის ნაპირზე, მეთევზის ძველი ფარდული რომაა იქ შეყუჟულა, და დაბნეულობისგან აღარ იცის, რა ქნას. უბრალოდ ზის და ელოდება, როდის იპოვიან. მე მზე ვარ და არ შემიძლია, გოგონას რაიმე ვუთხრა, დაველაპარაკო, მივანიშნო. თან უამრავი საქმე მაქვს, სანამ საუბრით ვერთობი, შეიძლება სადღაც ადამიანი, ცხოველი თუ მცენარე იყინებოდეს და მზის სხივებს ნატრობდეს. ადამიანებს კი მუდამ მივანიშნებ, რომ გარემოს გაუფრთხილდნენ, თუმცა ვინ იგებს და ვის ესმის ჩემი ნიშნების! ახლა უნდა დაგტოვო. აბა, ხვალინდელ დილამდე მეგობარო!

ჰოდა, ამის მერე იყო რომ ჩვენმა ზიზიმ გადაწყვიტა: რაც არ უნდა მომხდარიყო, ლეკვს პატრონს აუცილებლად დაუბრუნებდა და მიწაზე ერთ ხეს მაინც დარგავდა, ოღონდ როგორ ეს ჯერ არ იცოდა.

 

ანას დღიურიდან

გამარჯობა დღიურო. ერთი საოცარი ამბავი მინდა მოგიყვე. ხომ გახსოვს, ლეკვი რომ მაჩუქა მამიკომ? როგორ მიყვარდა, როგორ ვუფრთხილდებოდი, სულ მამიკოს მახსენებდა. მამიკო მეზღვაურია, ზღვაშია. ასე მეგონა, თავის რაღაც ნაწილი დამიტოვა. მჯეროდა, რომ თუ ჩემი ლეკვს არ შესცივდებოდა, მამიკოც თბილად იქნებოდა, თუ ლეკვი მაძღარი მეყოლებოდა, მამიკოსაც არ ეშიებოდა. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ ლეკვი დაიკარგა, სად აღარ ვეძებე! ძალიან დავსევდიანდი, მაშინვე გამეფიქრა: მამიკოს ხომ არ უჭირს ნეტა რამე-მეთქი, ღმერთმა დაიფაროს! ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა და ვგლოვობდი: აქეთ ხმელეთზე – ლეკვს და ზღვაში – მამას. აღარც მზის სხივები მახარებდა და აღარც ლურჯად მოკიაფე ზღვა.

ეს დარდი მაქვს გულში, თან ზღვის ნაპირს მივუყვები და რას ვხედავ, ზღვის ნაპირს, ნელი ცურვით მოუყვება პატარა, ლურჯი დელფინი. გავჩერდი. ისიც გაჩერდა. გადავდგამ ნაბიჯს და მომყვება. აი, საოცრება! ვფიქრობ, იქნებ რამის თქმა უნდა, უნდა ვცადო. გადავწყვიტე, გავყოლოდი. გავყევი, ვდიე, ვდიე კარგა ხანს. დაღლილობისგან შევჩერდებოდი ხოლმე, შეჩერდებოდა ჩემი წყლის მეგზურიც და შემდეგ ერთად ვაგრძელებდით გზას. ვიარეთ, ვიარეთ და მივადექით ერთ, ძველ ფარდულს. აქ გაჩერდა ის და ცხვირით რაღაცას მანიშნებს, ვუყურებ და მგონია, თითქოს მიღიმის. დედას გეფიცები ასეთი კეთილი სახე იშვიათად თუ მენახოს. მივუხვდი, რისი თქმაც სურდა. ფარდულს მივუახლოვდი, სადაცაა უნდა გავაღო მისი ჭრიალა კარი, რომ ლეკვის წკმუტუნი არ შემომესმა! სიხარულისგან და გაოცებისგან ლამის გავგიჟდი, შევვარდი შიგნით, იქიდან კი ჩემი პატარა, საწყალი, შეშინებული ლეკვი შემომახტა. სველი ენით მთელი სახე ამილოკა, თან კუდს აქიცინებდა და ბედნიერებისგან თვალები უციმციმებდა. გამოვედით ფარდულიდან, გავიხედე ზღვისკენ, ჯადოსნური რამ ვნახე: ჩემი დელფინი ტალღებზე ცეკვავდა, მალაყებს გადადიოდა, მის სველ, ლურჯ კანზე კი მზის სხივები ოქროსფრად ელავდნენ, ისე ბრჭყვიალებდნენ, რომ თვალი ძლივს გავუსწორე. თითქოს მზე და პატარა დელფინი ერთ დიდ ალმასად ქცეულიყო.

ცოტა ხანში, ასე ცეკვა-ცეკვით ნაპირს მოუახლოვდა, და ჩემს მოლოდინში გაინაბა. მეც მივედი, ერთი ხელით ლეკვს ვიხუტებ, მეორით კი მინდა, დელფინს მივეფერო, მადლობა გადავუხადო. დელფინი არ ინძრევა, ხელი გადავუსვი მის სლიკინა კანს, ის კი პირით მეფერება. ვიგრძენი ხელში რაღაცას მიდებს, მუჭა გავაკეთე. პატარა მარცვლებია, წვრილი კენჭების ტოლა. დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მაგრამ ვიცი, რომ კიდევ შევხვდებით, ის უკვე ჩემი მეგობარია.

ჩემო დღიურო, როგორ უნდა გაგაოცო! დელფინმა კენჭები კი არა, თესლი მაჩუქა, ნამდვილი ხის თესლი. სახლიდან მოშორებით დავთესე ისეთ ადგილას, რომ ზღვიდანაც კარგად მოჩანდეს. ძალიან სწრაფად იზრდება. ძალიან დიდი ფოთლები აქვს. ჩემს ლეკვს ისე უყვარს, რომ სულ მის ჩრდილში ნებივრობს. ბევრი არ მიჯერებს, ამ ამბავს. მაგრამ შენ ხომ მაინც გჯერა?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი