პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აპათია – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ვფიქრობ, ადვილი არ იქნება ადამიანის პოვნა, რომელსაც თავისი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, საკუთარ თავზე არ გამოუცდია, თუ რას ნიშნავს აპათიურ მდგომარეობაში ყოფნა. მართალია, აპათია დაავადება არ არის, მაგრამ გართულების შემთხვევაში შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს პიროვნებისთვის და კატასტროფულ ცვლილებებამდეც კი მიიყვანოს ის. ბედნიერებისა და წარმატებული ცხოვრებისათვის, წარმატებული საქმიანობისათვის ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება ემოციური სტაბილურობის, ემოციური კომფორტის განცდა. თუმცა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ბავშვებთან უწევთ ურთიერთობა, გამომდინარე იქიდან, რომ ადვილი არ იქნება ბავშვის ემოციური სიმშვიდის უზრუნველყოფა, თუ თავად ჩვენ საკუთარი ემოციური პრობლემები გვაწუხებს და გვიჭირს მისი დაძლევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ იქნება აპათიის სიმპტომების, გამომწვევი მიზეზების და დაძლევის გზების გაცნობა.

აპათიურ მდგომარეობაზე მიმანიშნებელი ძირითადი სიმპტომები:

  • გულგრილობა ყველაფრის მიმართ, რაც გარშემო ხდება. ადამიანი, რომელიც ამ გრძნობის ტყვეობაში ხვდება, არაფრისკენ ისწრაფვის, მოწყვეტილია რეალობას, გარეგნულად არ ავლენს არანაირ ემოციებს – არც დადებითს და არც უარყოფითს;
  • მოტივაციის არარსებობა. აპათიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არაფრის მიმართ არ ავლენს ინტერესს, არაფრის გაკეთების სურვილი არა აქვს, დაკარგული აქვს მიზნის დასახვისა და მისი მიღწევისკენ სწრაფვის სურვილი;
  • ცვლილებები ხასიათსა და ემოციებში. აქტიურობა, მხიარულება, სიცოცხლის ხალისი და დადებითი განწყობები იცვლება გულგრილობით, სიზარმაცით; ჩნდება სრული ინდიფერენტულობა მიმდინარე მოვლენების, მიწოდებული ინფორმაციისა და საკუთარი ცხოვრების მიმართ;
  • მუდმივი მარცხი და წარუმატებლობა სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს. აპათიაში ჩავარდნილი ადამიანი არ არის პროდუქტიული სამსახურში, პრობლემები აქვს კოლეგებთან, ხელმძღვანელთან ურთიერთობაში;
  • ოჯახური ურთიერთობების გაუარესება. ცვლილებები ქცევაში უარყოფითად მოქმედებს პირად ცხოვრებასა და ოჯახში არსებულ ურთიერთობებზე;
  • დაქვეითებული გუნება-განწყობა. ამასთან, შეიძლება დროდადრო ერთგვარ „გამონათებებს“ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ადამიანი გრძნობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი გაჩერებულია;
  • ჩაკეტილობა, რომელიც ვლინდება, როგორც უცხო ადამიანებთან, ასევე ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. აპათიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ სურს გართობა, საუბრები, ცდილობს განმარტოებას. ხშირად ასეთი განმარტოების დროს სევდიანი აზრები უჩნდება, უიმედობის გრძნობა ეუფლება და აშინებს მომავალი;
  • სწრაფი დაღლა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგაც კი ასეთი ადამიანი თავს საშინლად დაღლილად გრძნობს;
  • მადასთან დაკავშირებული პრობლემები. აპათიურ ადამიანს, როგორც წესი, მადა დაქვეითებული აქვს და ამასთან ერთად აღიზიანებს ზოგიერთი საკვები პროდუქტის სუნი და გემო;
  • ყურადღების კონცენტრაციასთან და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ძუნწი მიმიკა. აპათიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სახე არ გამოხატავს ემოციებს;
  • მონოტონური, ბუნდოვანი და ერთგვაროვანი მეტყველება. ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „დიახ“, „არა“, „არა აქვს მნიშვნელობა“, „რა განსხვავებაა“, „სულ ერთია“, ყველაზე ხშირად გვხვდება აპათიური ადამიანების მეტყველებაში;
  • შენელებული რეაქციები, მათ შორის კითხვებზე პასუხის დროს;
  • ავტომატურობა, ინერციით მოქმედება. ასეთი ადამიანი აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას და თავისი მოვალეობების შესრულებას, როგორც სამსახურში, ისე ოჯახში, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ჩამოყალიბებული ჩვევის მიხედვით ხდება, ყოველგვარი შინაგანი სურვილის და კმაყოფილების გარეშე;
  • დაქვეითებული კომუნიკაბელურობა. აპათიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უჭირს საუბრის წარმართვა და დიალოგში შესვლა, თანაგრძნობისა და თანაგანცდის გამოხატვა. ირგვლივ ყველაფერი გულგრილობას იწვევს – როგორც კარგი, ასევე ცუდი ამბებიც. ასეთი ადამიანი თვლის, რომ ამ ცხოვრებაში მასზე არაფერია დამოკიდებული, რაიმეს გაკეთება და ბრძოლა უაზრობაა, ყველა მისი მცდელობა რაიმე გადაწყვიტოს, ან რაიმეს მიაღწიოს, მარცხისთვის, წარუმატებლობისთვის არის განწირული, მაშინ რატომ უნდა ეცადოს, უკეთესია, დაემალოს სინამდვილეს, რეალობას, არაფერი გააკეთოს და არაფერზე იზრუნოს, არაფერზე ინერვიულოს. ასეთმა ფსიქოემოციურმა მდგომარეობამ ადამიანი, მისი, როგორც ორგანიზმი, ასევე ფსიქიკა, შეიძლება სრულ გამოფიტვამდე მიიყვანოს. ჩნდება განცდა, რომ ის კარგავს მთელ თავის სასიცოცხლო ძალებს.

მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ერთმანეთში დროებით დაქვეითებული გუნება-განწყობა და აპათიის სიმპტომები. პირველ შემთხვევაში გუნება-განწყობის გაუარესებას ხანმოკლე და გარდამავალი ხასიათი აქვს, აპათიური მდგომარეობა კი ხანგრძლივი და დომინანტურია. თუ ის 2-3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, საჭირო იქნება დაუყოვნებლივ სათანადო ზომების მიღება, მით უმეტეს, რომ ცვლილებების შეუმჩნევლობა აპათიის დროს უბრალოდ შეუძლებელია იმდენად ადვილად გვხვდება თვალში. მაგრამ იმისათვის, რომ შევძლოთ აპათიური მდგომარეობის დაძლევა, აუცილებლად უნდა გავერკვეთ მის გამომწვევ მიზეზებში. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ აპათიის მიზეზი არ უნდა ვეძებოთ ადამიანის ხასიათსა ან ტემპერამენტში. ყველაზე პოზიტიურ და ოპტიმისტურ ადამიანებსაც კი ხანდახან შეიძლება დაეუფლოს აპათია.

 აპათიის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • პრობლემების სიმრავლე სამსახურში ან პირად ცხოვრებაში. ზოგჯერ ცხოვრება ძალიან ბევრ ამოცანას გვიყენებს. პრობლემები გროვდება სამსახურში, სახლში, ოჯახურ ცხოვრებაში. ადამიანს უფრო და უფრო უჭირს მათთან გამკლავება, ის აპათიაში ვარდება – „ამ ყველაფერს მაინც ვერ გავუმკლავდები, რატომ უნდა ვეცადო?“;
  • სერიოზული სტრესი. ახლობელი და ძვირფასი ადამიანების სიკვდილი ან ავადმყოფობა, არასტაბილური ცხოვრება, ტექნოგენური ან ბუნებრივი კატასტროფები – ყველაფერი ეს დიდ სტრესს იწვევს ადამიანში, ვერ უმკლავდება ასეთ მძიმე ტვირთს და ხდება სრულიად გულგრილი გარემომცველი სამყაროს მიმართ;
  • ყოველდღიური რუტინით გამოწვეული დაღლილობა და სრულფასოვანი დასვენებისთვის დროის ნაკლებობა;
  • ერთფეროვნება, მონოტონურობა, მუდმივი რუტინული განრიგი – „სამუშაო – სახლი – სამუშაო“. დასვენებისა და ახალი შთაბეჭდილებების ნაკლებობა, როგორც წესი, აპათიის სერიოზული მიზეზი ხდება;
  • უეცარი, გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო ცვლილებები ცხოვრებაში – სამსახურიდან გათავისუფლება, განქორწინება, პენსიაზე გასვლა, სხვა საცხოვრებელ ადგილას გადასვლა და ა.შ.;
  • პროფესიული გადაწვა;
  • პერფექციონიზმი – სწრაფვა იდეალური მდგომარეობის მისაღწევად და წარმოდგენა, რომ სამყაროში ყველაფერი უნდა იყოს სრულყოფილი. ადრე თუ გვიან პერფექციონისტი ეჯახება არასრულყოფილ რეალობას და მისი გაუმჯობესების უნაყოფო მცდელობას. ეს კი უკვე პირდაპირი გზაა აპათიისკენ;
  • ცალკეული ფსიქიკური და სომატური დაავადებები – ენდოკრინული დარღვევები, რომლებიც იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს. იმუნოდეფიციტი. ონკოლოგიური დაავადებები და თავის ტვინის ტრავმები.

 რეკომენდაციები აპათიური მდგომარეობის დასაძლევად:

  • პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ აპათიისგან განთავისუფლებაზე ზრუნვა დაუყოვნებლივ, პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა დავიწყოთ;
  • აპათიური მდგომარეობის დასაძლევად სწორი სტრატეგიის შემუშავებაში გამომწვევი მიზეზების გაანალიზება დაგვეხმარება. თუ აპათია ზედმეტი დატვირთვის გამო ფიზიკური და ფსიქიკური დაღლის, გადაჭარბებული სტრესის, პროფესიული გადაწვის შედეგია, ძალების აღსადგენად დროის გამოთავისუფლება და დასვენება იქნება საჭირო;
  • დროებით დავარღვიოთ ჩვენი ყოველდღიური რუტინა, დავკავდეთ იმით, რისთვისაც ყოველთვის საკმარისი დრო არ გვქონია;
  • მინიმუმამდე დავიყვანოთ სტრესული ფაქტორები. შევავსოთ ცხოვრება პოზიტივით, სასიამოვნო ურთიერთობებით, უბრალოდ ვისეირნოთ;
  • ხანდახან აპათია აღმოცენდება იმ არარეალიზებული მოთხოვნილებების პასუხად, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უგულებელვყოფდით, ვახშობდით. ვკითხოთ საკუთარ თავს ჩვენი ცხოვრების რომელ სფეროს მივყავართ იმედგაცრუებამდე, რა გვთრგუნავს. პრობლემა შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს, თვითრეალიზების სფეროს, კომუნიკაციის ნაკლებობას, უსაფრთხოების გრძნობის არარსებობას. დავფიქრდეთ, რის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ ჩვენი მდგომარეობა უკეთესი იყოს – სხვა სამსახურის პოვნა, თვითგანათლებაზე ზრუნვა და ა.შ.;
  • თუ ვინმემ გაგვანაწყენა, გული გვატკინა, ნუ ჩავიკეტებით საკუთარ თავში, შევეცადოთ ჩვენი გრძნობები და ემოციები გამოვხატოთ, გარეთ გამოვიტანოთ. ნუ შევეცდებით ვატაროთ ნიღაბი. გავითვალისწინოთ, რომ საჭიროა რაღაცის შეცვლა, რესურსების აღდგენა, ჭრილობების მოშუშება. თუ ამას ახლა არ გავაკეთებთ, ვრისკავთ ჩავვარდეთ დეპრესიაში, საიდან გამოსვლაც კიდევ უფრო რთული იქნება;
  • შევცვალოთ ჩვენი ურთიერთობების წრე, თუ მასში შედიან პესიმისტები, პანიკიორები, სხვებზე პასუხისმგებლობის გადაბარების მოყვარულები, ადამიანები, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ ცხოვრებაზე. შევეცადოთ, ურთიერთობა დავამყაროთ ადამიანებთან, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილი, ადამიანებთან, რომლებიც დადებითი ემოციებით და იმედით გვავსებენ;
  • შეძლებისდაგვარად, დროდადრო გავუკეთოთ საკუთარ თავს სასიამოვნო საჩუქარი, შევიძინოთ ის, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობდით; შევხვდეთ მეგობრებს, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს, მათ, ვისთან ურთიერთობაც დადებითი ემოციებით გვავსებს;
  • დავალაგოთ სახლი და მოვიცილოთ ყველა ძველი, არასაჭირო და ისეთი ნივთი, რომელიც უარყოფითი ემოციების გამომწვევია ჩვენში.

აპათიის დასაძლევად აუცილებელია, გულწრფელად გვინდოდეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და არ გადავდოთ მომავლისთვის ამის გაკეთება, დავიწყოთ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ გამარჯვებას. და, რაც მთავარია, გვახსოვდეს, რომ დადებითი ემოციები ნებისმიერი სირთულის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი