პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

განმავითარებელი შეფასების სისტემა, მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის

თანამედროვე განათლების სისტემაში გასული ათწლეულის განმავლობაში მოხდა ცვლილებები – განათლების მთავარი აქცენტი საგნობრივი ცოდნიდან, უნარებიდან და შესაძლებლობებიდან ზოგადსაგანმანათლებლო უნარების ჩამოყალიბებაზე, საგანმანათლებლო მოქმედებების დამოუკიდებლობის განვითარებაზე გადავიდა, რამაც გამოიწვია შეფასების სისტემის ცვლილება.

მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე საზოგადოება განათლების სისტემას აკისრებს, არის აქტიური პიროვნების ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გარკვეული სიტუაციების დამოუკიდებლად შეფასება. სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობიანი ადამიანების აღზრდა, რომლებსაც შეუძლიათ სწორი ორიენტირება და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნა. მასწავლებლის დღევანდელი ამოცანაა არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ თვითგანვითარების უნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბება. ყოველივე ამას ხელს უწყობს განმავითარებელი შეფასების სისტემა.

შეფასების პროცესი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით უნდა ასახავდეს მოსწავლეთა მიღწევებს. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მუსიკალური განათლების მიზანია მოსწავლეების მუსიკალური კულტურის ფორმირება, როგორც მათი კულტურის ნაწილი. ასე რომ, მოსწავლეების ჩამოყალიბებული მუსიკალური კულტურა სასწავლო პროცესის საბოლოო პროდუქტად უნდა იქცეს.

განათლების მოდერნიზაციის კონცეფციის ერთ-ერთი საკითხია მოსწავლეების მიღწევების შეფასება. თანამედროვე პირობებში შეფასება უნდა გახდეს უფრო ინფორმაციული, ობიექტური და დიფერენცირებული.

  • შეიძლება თუ არა განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლითაც შესაძლებელია მუსიკალური განათლების შედეგების შეფასება?
  • როგორ გავზომოთ მუსიკის გავლენა ბავშვის შინაგან სამყაროზე?

მასწავლებლის შეფასება მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობის სტიმულირებისკენ. ბავშვებს ძალიან უნდათ, რომ მათი შრომა მასწავლებელმა დაინახოს და შეაფასოს.

მუსიკის საგნის სწავლების პროცესში შეფასება –

– არის ბუნებრივად ინტეგრირებული მიმდინარე პროცესი;

– მისი მიზანია იმ შედეგების მიღწევა, რომლებიც შეესაბამება სასწავლო მიზნებს;

– შეფასების კრიტერიუმები წინასწარ არის ცნობილი როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის და შესაძლებელია მათი ერთობლივად შემუშავება.

განმავითარებელი შეფასებით ვაფასებთ მოსწავლეთა ემოციურ, ღირებულებით დამოკიდებულებას მუსიკალური ხელოვნების მიმართ. ამით ფასდება, რამდენად შეუძლია მოსწავლეს მუსიკაზე ფიქრი, მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოხატვა, მუსიკალური ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრა.

მასწავლებელი ვალდებულია, მუსიკის გაკვეთილზე შექმნას მეგობრული, მშვიდი, შემოქმედებითი ატმოსფერო. მომთმენი, ინტელექტუალური, ტაქტიანი და ფაქიზი მასწავლებელი ყოველთვის დაეხმარება მორცხვ მოსწავლეს, გაამხნევებს მას; შეძლებს დავალების დიფერენცირებას ისე, რომ მოსწავლეებიც განვითარებასაც შეუწყოს ხელი. მუსიკის მასწავლებლის მთავარი „იარაღი“ შექებაა.

საჯარო სკოლაში გამოიყენება შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარების სხვადასხვა ხერხი:

  • სიმღერის შესრულება;
  • მუსიკალური ნაწარმოების რიტმული თანხლება;
  • ვოკალური და ინსტრუმენტული იმპროვიზაცია;
  • ნაწარმოებების შედარება.

საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან მეხუთე კლასის მეორე სემესტრამდე იწერება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, შემდეგ კი შემოდის განმსაზღვრელი, 10-ქულიანი შეფასების სისტემა.

  • როგორია აკადემიურ მოსწრებაზე განმავითარებელი შეფასების როლი?

ეს კითხვა აწუხებს როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს. წარმატებული სწავლისთვის აუცილებელია თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკის მონიტორინგი, სასწავლო პროცესის დროული კორექტირება. ჩემი აზრით, პირველკლასელებს შორის სწავლისადმი გაუცხოებული დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, თამაშიდან საგანმანათლებლო რეალობაზე გადასვლა, ანუ მისი წარმოჩენა.

სკოლამდელ ბავშვს აქვს თამაშის გამოცდილება. მოსწავლის წარმატებისთვის აუცილებელია სრულფასოვანი საგანმანათლებლო გამოცდილების შეთვისება. ეს გამოცდილება კი გულისხმობს ბავშვისთვის შესაძლებლობების შექმნას:

  • მოსწავლე ითვისებს კლასის სტრუქტურას, მასწავლებელთან და ბავშვებთან ურთიერთობის ტიპებს, საგნობრივ მასალასთან მუშაობის ფორმებს;
  • მოსწავლეს აქვს საკუთარი მოტივები და მიზნები ზოგიერთი დავალების შესასრულებლად;

დაუშვებლად მიმაჩნია პირველკლასელის ცოდნის შეფასებისას, როგორც განმსაზღვრელი შეფასების, ქულის, ასევე რაიმე ნიშნის სიმბოლიკის გამოყენება. საჭიროა გამოვიყენოთ მხოლოდ დადებითი, სტიმულის მომცემი სიტყვიერი შეფასება.

მასწავლებლის შეფასებითი საქმიანობა მიზნად ისახავს მოსწავლეთა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობის სტიმულირებას. 6-7 წლის ბავშვებს ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვთ, რომ მათი შრომა მასწავლებელმა დააფასოს.

 მუსიკის გაკვეთილზე ჩემი სიტყვიერი შეფასებებია:

„ყოჩაღ!”

„შესანიშნავია!”

„ჭკვიანი!”

„მომწონს შენი შესრულება!”

„სასიამოვნო იყო შენი მოსმენა!”

„შენ ყველაფერი გამოგივა!”

„შენ მიაღწევ წარმატებას!”.

ვამყარებ არავერბალურ კომუნიკაციასაც:

ღიმილი;

თავი დაქნევა;

კეთილგანწყობილი ინტონაცია;

ეს ყველაფერი სტიმულს აძლევს მოსწავლეს. სამოდელო მოქმედებები ასწავლის ბავშვებს შედეგის დანახვასა და მის შეფასებას.

ვთხოვ მოსწავლეებს:

„იმღერე ჩემსავით!”;

„მოისმინე და გაიმეორე ჩემ შემდეგ”.

 

განმავითარებელი შეფასებისთვის ვიყენებ „ინდივიდუალური მიღწევების ფურცელს“. ეს საშუალებას მაძლევს, დავაფიქსირო თითოეული ბავშვის ინდივიდუალური პროგრესი, აღვნიშნო ბავშვის საგანმანათლებლო მიღწევების დონე სხვადასხვა გზით.

ინდივიდუალური მიღწევების ფურცელი

ბავშვის გვარი და სახელი ______________________________

ასაკი _________________________________________________

თარიღი: დადგენის ეტაპი (1) ___________________________

შუალედური ეტაპი (2)__________________________________

საკონტროლო ეტაპი (3) _________________________________

მოსწავლეთა ჯგუფური შეფასება

მუსიკის გაკვეთილებზე ვამოწმებ მოსწავლის მიერ ტექსტის ცოდნასა და სიმღერის სწორი ინტონაციით შესრულებას. ამისთვის ვთხოვ მათ სოლო-სიმღერის შესრულებას. დანარჩენი მოსწავლეები ხდებიან ექსპერტ-მსმენელები. მათ ეძლევათ დავალება, შეაფასონ თანაკლასელის შესრულება. ბავშვების წინაშეა კითხვა: რისთვის შეაქებდით მას?

რამდენიმე პასუხიდან ყოველთვის არჩეულია ერთ-ერთი, მაგალითად:

  • სიმღერის ზუსტი შესრულება;
  • ინტონაციის სისუფთავე;
  • ტექსტის ცოდნა;
  • ემოციურობა.

გაკვეთილზე თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, მიიღოს „დაჯილდოების ფურცელი”, რომელზეც წერია, რისთვის შეაქეს. (დღეს ყველამ ძალიან კარგად იმუშავა. მინდა, თითოეულ თქვენგანი შევაქო, მაგრამ თითოეულს აქვს თავისი უპირატესობები. ნია, ირაკლი და დათა ძალიან კარგად მღეროდნენ. მარიამმა და გიორგიმ ზუსტად ამოიცნეს ჟანრები. ქეთიმ, ლიკამ და მაშომ ზუსტად განსაზღვრეს ბგერების რაოდენობა და ა.შ.).

მედლები „ყველაზე აქტიური“, „საუკეთესო შემსრულებელი“, „საუკეთესო მსმენელი“ ბევრი ბავშვისთვის ძლიერი სტიმულია. ეს ეხმარება ბავშვებს, გააკონტროლონ, შეაფასონ საკუთარი თავი და შემსრულებელი, განივითარონ მეტყველება. მასწავლებელი შეფასებისას თავიდან ყურადღებას ამახვილებს შესრულების დადებით მხარეებზე და აღნიშნავს იმ დადებითი ემოციის შესახებ, რომელიც სიმღერამ მასში გამოიწვია:

„მე მომეწონა…”

„მე გამახარა…”

„მოხარული ვარ…”

– მე მომეწონა, როგორ შეასრულა ლიკამ სიმღერა. მან ყველა სიტყვა სწორად იმღერა. შეასრულა გამომსახველად.

– მე მომეწონა საბა როგორ მღეროდა, მაგრამ მას სიტყვები დაავიწყდა, ჩუმად მღეროდა, სიმღერა კი მხიარული და ხალისიანია, უნდა იმღეროს ხმამაღლა და ა.შ.

და მხოლოდ ამის შემდეგ მათ უნდა გამოხატონ შენიშვნები, კომენტარები კეთილგანწყობილი ფორმით:

„მე ვისურვებდი…”

„კიდევ სცადე…”

„გაიმეორე ჩემ მერე…”.

განმავითარებელი შეფასების თავისებურება არის ის, რომ მოსწავლის თვითშეფასება წინ უნდა უსწრებდეს მასწავლებლის შეფასებას.

– ლუკა, მოგეწონა შენი შესრულება? ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც შენ გინდოდა? რაღაცის შეცვლა გინდა?

– მე კარგად გამომივიდა!

– მეც გამიხარდა შენი სიმღერა, მაგრამ მინდა, უფრო გარკვევით წარმოთქვა სიტყვები, რათა კარგად გაიგოს მსმენელმა, რომელმაც ეს სიმღერა არ იცის. შეეცადე, იმღერო უფრო აქტიურად.

განხილვის საგანი ხდება ამ ორ შეფასებას შორის შეუსაბამობა. შეფასებისა და თვითშეფასებისთვის მხოლოდ ისეთ დავალებებს ირჩევენ, სადაც არის შეფასების ობიექტური ცალსახა კრიტერიუმი (მაგალითად, მუსიკალური ბგერების რაოდენობა) და არ არის შერჩეული ის, სადაც შეფასების სუბიექტურობა გარდაუვალია (მაგალითად, შესრულების ექსპრესიულობა).

ბავშვებისთვის ყველაზე რთულია – საკუთარი თავის შეფასება, შეცდომების აღმოჩენა და მათი გამოსწორება, რითაც განუვითარდებათ შეფასების უნარი.

წარმატებული სწავლის ერთ-ერთი მთავარი პირობაა ბავშვების ინტერესი, მათი ცოცხალი, ემოციური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რასაც ისინი სწავლობენ მუსიკის გაკვეთილებზე. მუსიკალური განათლების ამოცანა დაკავშირებულია ბავშვის მორალური და ესთეტიკური გრძნობების, შემოქმედებითი და მუსიკალური შესაძლებლობების განვითარების მთელ სპექტრთან.

შეფასება განათლების პროცესის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია, რადგან ასრულებს უკუკავშირის ფუნქციას, ავლენს მოსწავლეების განვითარების დონეს, მოქმედებს როგორც მარეგულირებელი ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს მთლიანობის ერთიანობის შენარჩუნებას.

პედაგოგიური კონტროლი და შეფასება გულისხმობს მოსწავლეთა წარმატებებისა და წარუმატებლობის თანაბრად გათვალისწინებას. აუცილებელია კონტროლის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინტერესისა და მოტივაციის გაზრდას.

ზოგადად მიღებულია, რომ შემოქმედებითი პროცესი მუდმივი ძიებაა. საჯარო სკოლაში მუსიკის გაკვეთილზე შეფასების სისტემის ახალი მიდგომები ეხმარება მასწავლებელს, მიაღწიოს პედაგოგიური საქმიანობის ინდივიდუალური სტილის გამომუშავებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ელექტრონული ჟურნალი https://mastsavlebeli.ge/;
  2. ბავშვის უფლებათა კონვენცია;
  3. ესგ 2018-2024;
  4. მარიანა ხუნძაყიშვილი. სარა ბივერი (2018) „განმავითარებელი შეფასება,დიფერენცირებული სწავლება”;
  5. ნ. ედიშერაშვილი, (2016). შეფასების რუბრიკების მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში და მათი ტიპები. ჟურნალი „მასწავლებელი,“ N5;
  6. ს. გორგოძე, (2016). ეფექტური განმავითარებელი შეფასება. ჟურნალი „მასწავლებელი,“ N5 ;
  7. https://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/jurnali1.pdf;
  8. https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf;
  9. https://www.edutopia.org/blog/tech-friendly-formative-assessment-tools-monica-burns;
  10. Trumbull, E., & Lash, A. (2013). Understanding formative assessment: Insights from learning theory and measurement theory. San Francisco: WestEd;
  11. Ruscio, J. (2001). Administering quizzes at random to increase students’ reading. Teaching of Psychology, 28, 204-206;
  12. Tuckman, B. W. (1999, August). A tripartite model of motivation for achievement: Attitude/drive/ strategy. Paper presented at the Annual Meeting of the American Psychological Association. Boston.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი