ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

როგორ დავნერგოთ ინტერკულტურული განათლება სასწავლო პროცესში

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას დღეს დემოკრატიული სამყაროს წინაშე, არის ინტერკულტურული ურთიერთობები. სწორედ ამ საკითხს მინდა შევეხო და, შეძლებისდაგვარად, გავაანალიზო ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი რგოლის – მასწავლებლის როლი.

ინტერკულტურული ურთიერთობა – ეს არის კულტურათაშორისი კავშირი, ურთიერთობა ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი თუ სხვა ნიშნით განსხვავებულ კულტურებს შორის, რომლებიც ერთ სოციუმში ცხოვრობენ. დღესდღეობით, როდესაც გლობალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ამგვარი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია.

ინტერკულტურული განათლების მიზანს წარმოადგენს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენელი მოზარდების წარმატებული ინტეგრაცია თანამედროვე მრავალეთნიკურ საზოგადოებაში. ინტეგრაცია გულისხმობს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შეთვისება-აღიარებას, ყველა კულტურის თანაბრად დაფასებას, უმრავლესობისა და უმცირესობისთვის თანაბარი მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

ინტერკულტურული აღზრდის მიზანია, ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა: ჰუმანურობა, სოლიდარობა, ურთიერთგაგება, კულტურათა პატივისცემა, ტოლერანტობა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მასწავლებელი) უნდა უღვივებდეს მოსწავლეებს განსხვავებულის მიმღებლობისა და თანასწორობის განცდას. მინდა, ვილაპარაკო ინტერკულტურული სწავლების რამდენიმე მიდგომისა და მეთოდის შესახებ.

კონტრიბუციული მიდგომა – სასწავლო გეგმაში ეს მიდგომა არის საწყისი დონე მულტიკულტურული განათლებისთვის. მას გმირებისა და დღესასწაულების შესახებ მიდგომასაც უწოდებენ. სასწავლო გეგმაში ხდება მცირედი შინაარსობრივი ცვლილებები, მაგ., კულტურული მრავალფეროვნების დღის დამატება, რაც ეხმარება მოსწავლეებს, მიიღონ ინფორმაცია სხვა კულტურის შესახებ.

ტრანსფორმირებული მიდგომა – ეს მიდგომა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, რაიმე საკითხს სხვადასხვა კულტურული პერსპექტივიდან შეხედოს. ამ დროს მას მიეწოდება მრავალმხრივი ინფორმაცია, თვალსაზრისი საკითხის შესახებ – როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიურიც, მოვლენათა ანალიზსა და შეფასებას კი თავად ახდენს. ამ დროს მოსწავლე დამოუკიდებელია და გამოხატავს საკუთარ აზრსა და პოზიციას მთელი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

სოციალური ქმედებების მიდგომა – ამ მიდგომის დროს მოსწავლე არა მარტო აანალიზებს საკითხს სხვა კულტურული პერსპექტივიდან, არამედ მზად არის, დაიცვას განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანთა უფლებები. მისი მთავარი მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი და ხელი შეუწყოს დემოკრატიული სახელმწიფოს აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას.

 

სიმულაციური თამაშები

სიმულაციური თამაშები მიზნად ისახავს საზოგადოების მრავალფეროვნების გაცნობიერების ხელშეწყობას. ასეთი თამაშები ქმნის თანამშრომლობით გარემოს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააცნობიერონ საკუთარი შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარი.

სიმულაციური თამაშების გამოყენება ინტერკულტურული სწავლების პროცესის წარმართვას უწყობს ხელს. მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შედეგების გაცნობიერების უნარი, ასევე ეცნობიან სხვა კულტურის ადამიანების ცხოვრების წესს.

 

როლური თამაში როგორც მეთოდი

როლური თამაში სწავლების აქტიურ მეთოდს წარმოადგენს და მონაწილეთა გამოცდილების შესწავლას ეფუძნება. მისი ძირითადი მიზანია, მონაწილეებმა მეტი ცოდნა მიიღონ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით. სცენარით განსაზღვრული აქტივობა შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს მონაწილეებისთვის.

 

უმცირესობაში მოხვედრა:

ამ სავარჯიშოს მიზანია, მოსწავლეებს შესძინოს უმცირესობაში ყოფნის გამოცდილება და გააცნოს კულტურული განსხვავებები.

მრავალკულტურულ საზოგადოებაში ადამიანებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, პატივისცემა და თანამშრომლობა. ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი ედგარ ფორი (1908-1988) გვახსენებს, რომ „სწავლება ნიშნავს, დაეხმარო ადამიანს ცხოვრების სწავლაში“. მასწავლებელი როგორც ცვლილებების მთავარი ინიციატორი ვალდებულია, შეუქმნას მოსწავლეებს ღია სასწავლო გარემო და ხელი შეუწყოს ყველა კულტურის მონაწილეობას დემოკრატიული პრინციპების დაცვით. მაშასადამე, ინტერკულტურული განათლება დღეს ყველა სკოლის მიზანი უნდა იყოს.

 

ინტერკულტურული განათლების გაკვეთილებისთვის შესანიშნავი რესურსია გორგი ჭაუჭიძის „დიდი ნუნუ“. ნუნუ მეორეკლასელი გოგონაა. მისი კლასი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნაწარმოებში მასწავლებელიც და მოსწავლეებიც, მათ შორის – თავად ნუნუც, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მეგობრობენ სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებთან. მთავარი პერსონაჟის საუკეთესო მეგობარი გაიანე ვოსკანიანია. ჩემმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,დიდი ნუნუ“ შექმნეს საინტერესო პრეზენტაციები განსხვავებული ინტერპრეტაციებით. ნუნუ, მისი ოჯახი და მასწავლებელი დაახასიათეს, როგორც მეგობრულები და ტოლერანტულები.

მასწავლებელს შეუძლია, ამ წიგნის და ზემოთ მოცემული აქტივობების დახმარებით დაგეგმოს შესანიშნავი სასწავლო პროცესი ინტერკულტურული გაკვეთილებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  • შალვა ტაბატაძე, ნათია ნაცვლიშვილი. „ინტერკულტურული განათლება“
  • ალექსანდრა რიკოვა, კლაუდია შაჰინგერი. ,,კულტურათშორისი სწავლება და ევროპული ფასეულობები“
  • სოფიკო ლობჟანიძე. „ინტერკულტურული განათლების ძირითადი პრინციპები“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი