შაბათი, თებერვალი 4, 2023
4 თებერვალი, შაბათი, 2023

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისა“ სწავლების ზოგიერთი ასპექტი

ტექსტი, როგორც სასწავლო მასალა, თითქოს ყველა მასწავლებლისთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირ შესაძლებლობებს იძლევა, თუმცა, ამავდროულად, პედაგოგის, როგორც ინდივიდის ხედვა და გამოცდილება, მაინც მკვეთრად აისახება თითოეული ნაწარმოებისა და მასწავლებლის შემთხვევაში. შევეცდები მოგიყვეთ საკუთარი გამოცდილების შესახებ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაზე „ბედი ქართლისა“.

უპირველესად, რა თქმა უნდა, საჭიროა, განისაზღვროს მხატვრული მიმდინარეობა. რომანტიზმის შესახებ პოემის სწავლებისას ზოგადი წარმოდგენა უკვე აქვთ. მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც, როგორც რომანტიზმის მხატვრული მეთოდი, მეტადაა აღბეჭდილი ტექსტში „ბედი ქართლისა“. ერთ-ერთი უმთავრესი ამ თვალსაზრისით, უშუალოდ უკავშირდება პოემის ჟანრობრივ თავისებურებას. აქამდე ჩვენს მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ეპიკური ქმნილებაა. „ბედი ქართლისა“ მათთვის პირველი პოემაა, რომელიც ლირიკულ-ეპიკური ჟანრისაა. საჭიროა, მოსწავლეებს შევახსენოთ, რომ ლირიკულ ნაწარმოებში ავტორის შინაგან ხედვასა და გრძნობებთან ერთად, შესაძლოა, მოცემული იყოს მისი ფილოსოფიური ნააზრევი, მისი მოქალაქეობრივი თუ პატრიოტული პოზიცია. ნიშანდობლივია, რომ ლირიკული პოემა სწორედ რომანტიზმის წიაღში იბადება. ვფიქრობ, ტექსტის გაცნობის შემდეგ მსჯელობა მის ჟანრობრივ კუთვნილებაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან კლასს საშუალებას აძლევს, ტექსტი გადააფასოს ეპიკური და ფილოსოფიური კუთხით და აწონ-დაწონოს, რატომაა ფილოსოფიური დილემა – ოქროს გალია თუ თავისუფლება – უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თვითონ ამბავი, ამბავი ბრძოლისა.

ერთ-ერთი განსახილველი თემა უდავოდ გახლავთ ისტორიული პოემის საკითხი. საერთოდ მოზარდები ახალგაზრდული მაქსიმალიზმით მოითხოვენ ხოლმე – თუკი ნაწარმოები ისტორიულია, ფაქტები უნდა გადმოსცემდნენ ისტორიულ სინამდვილეს. მხატვრული გამონაგონისთვის ისინი საკმაოდ მცირე სივრცეს ტოვებენ ხოლმე და ყოველთვის აშფოთებთ და აკვირვებთ, როდესაც იგებენ, რომ პოემაში „ბედი ქართლისა“ არეულია მოვლენათა ქრონოლოგია და მთავარი ამბავი – სოლომონისა და ერეკლეს შეხვედრა – საერთოდაც გამონაგონია.

ვფიქრობ, ერთ-ერთი საყურადღებო საკითხია თავად სათაური. ტექნიკური თვალსაზრისით, ეს გახლავთ კლასიკური ნიმუში სათაურისა, რომელიც წერისას არ შეიცვლება, რადგან მისი ბოლო სიტყვა სახელობითი ბრუნვის ფორმა არ გახლავთ. როგორც წესი, ამის შეხსენება მოსწავლეებისთვის საჭიროა, რადგან ისინი ხშირად უშვებენ შეცდომას და წერენ „პოემა „ბედი ქართლისაში“ და ა. შ. ამდენად, თავიდანვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

მეორე საკითხი სათაურთან მიმართებით გახლავთ თავად ტერმინი ქართლი, რომელიც, თავის მხრივ, ვიწრო მნიშვნელობით საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა, ხოლო ფართო გაგებით ის მთელ საქართველოს ნიშნავს და ფუძის სახით მოცემულია ქვეყნის დასახელებაში. მით უფრო აქტუალურია საკითხი, რომ პოემა იწყება მიძღვნით „კახთა მიმართ“. თითქოს ერთმანეთს უპირისპირდება გეოგრაფიული ტერმინები „კახთა“ და „ქართლისა“. სანამ ამ საკითხზე იმსჯელებენ, მნიშვნელოვანია შევახსენოთ გიორგი მერჩულეს ისტორიული ფრაზა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების…“. თუ არ ახსოვთ, უნდა შევახსენოთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ ტერმინი მნიშვნელობას იცვლის, ფართოვდება, მთელ ქვეყანას აღნიშნავს და არა ერთ კონკრეტულ კუთხეს. აქვე, შეგვიძლია მივცეთ სავარჯიშოები სიტყვების მნიშვნელობის ცვლილებასთან დაკავშირებით (ქვეყანა, სოფელი… ).

ერთ-ერთი თვალში საცემი საკითხია განსხვავება მიძღვნისა და ძირითადი ნაწილის სალექსო საზომებს შორის.

„ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;“ –

თხუთმეტმარცვლიანი საზომითაა დაწერილი, ხოლო თავად პოემა –

მწყემსო კეთილო, შენს წმინდა სამწყოს

შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს…“ –  ათმარცვლიანი საზომითაა დაწერილი. მიძღვნის დეკლამირებისას აშკარად ისმინება ერთგვარი ჰეროიკული პათოსი, რომელიც, ერთი მხრივ, უპირისპირდება მის შინაარსს, რომ ქეიფიასას მოიხსენიონ „ყარიბი“ პოეტი, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედაც იმსახურებს მეტად ამაღლებულ ტონს, რადგან მათში „აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;“ როდესაც იწყება თავად ტექსტი, თითქოს ამბავი ითხოვს სალექსო ფორმის მეტად მსუბუქ ვარიანტს. ასევე შესაძლებელია მსჯელობა და პარალელების გავლება „მერანთან“, რომელშიც ნიკოლოზ ბარათაშვილს ასევე ორი სალექსო ფორმა აქვს გამოყენებული.

პოემის „ბედი ქართლისა“ რომანტიზმისადმი მიკუთვნებულობა, ჩემი აზრით, ყველაზე მძაფრად გამოხატულია ავტორის სურვილში, შეძლებისდაგვარად მოარღვიოს ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი აზროვნების ჩარჩოები და დაბადოს ეჭვი, რომელიც რომანტიკოსი ავტორისათვის მრავალგვარი განსაცდელის მომტანია, თუმცა, ამავე დროს განვითარების, წინსვლის, ახლებური სამყაროს ერთადერთი გარანტიაა.

ფეოდალიზმი და ფეოდალური ისტორია, ისტორია დაწერილი ამავე კლასის წარმომადგენლების მიერ, ყოველთვის ინახავდა მეფეთა და დიდებულების სახელებს, ხოლო გლეხების, რიგითი მეომრების ხსოვნას უგულებელყოფდა. დღესაც, თავისთავად ცხადია, მხედართმთავრისა და მმართველის სახელები მეტად ისმის, თუმცა უამრავი ისტორია რიგითი მეომრების გმირობის შესახებ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა, აღიწერება, მათ სახელებს დღევანდელობა უკეთ ინახავს. საკლასო დისკუსიისთვის მნიშვნელოვანი თემებია:

  1. როგორ შეიცვალა კაცობრიობა და რამ განაპირობა ინდივიდის, რიგითი მებრძოლისადმი მეტი ყურადღება და პატივისცემა?
  2. როგორ არის ასახული ჩვენს სულზე, ვთქვათ, კრწანისის გმირების ხსოვნა?
  3. რა შეიძლება ვიგულისხმოთ ტერმინში „სული“ („რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის“)?

პოემის „ბედი ქართლისა“ სწავლებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფეოდალური აზროვნების რღვევის დასაწყისია. ის, რაც საუკუნეების განმავლობაში გადარჩენის, ერთიანობის, ეროვნულობის მთავარი ქვაკუთხედი იყო („ვინცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან“), ნელ-ნელა განვითარების, თავისუფლების შემაფერხებელი ხდება, რადგან ტექნიკური პროგრესი და მისი თანამდევი კაპიტალიზმი კარსაა მომდგარი და მსოფლიო ფორმაციების ისტორიაში თავის ადგილს ითხოვს.

სწორედ ამიტომ სოლომონის სინანული მეფის, ერეკლეს, ერთპიროვნული ძალაუფლების გამო სრულიად ლეგიტიმურია:

„მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!
ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,
და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მათს ბედს ისე განაგებს,
ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!“.

თუმცა სოლომონს ჯერ არ შეუძლია ბოლომდე უერთგულოს თავისივე ირონიას, მისთვის მეფის ღვთიურობის საკითხი საკმაოდ წმინდა და ხელშეუხებელია:

„ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის
გონება ყმათა ვერა მიხვდების!”.

თუმცა ეჭვის დაბადება ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ის აუცილებლად მოიკრებს ღონეს და იქცევა შეუვალ ჭეშმარიტებად, რაც, თავის მხრივ, ახალი ეპოქის დასაწყისია, განვითარების მთავარი იმპულსის მომცემია.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აზრი, რაც ტესტში წერია, დამეთანხმებით, შემდეგია:

„სახელმწიფოსა სჯულის ერთობა

არარას არგებს,

ოდეს თვისება ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს“.

 

ერთა შორის თვისებების სხვადასხვაობაზე, ვფიქრობ, სასკოლო ასაკში დისკუსიის, მსჯელობის წარმართვა ვერ ხერხდება. მოზარდებს მთელი ერის, თუნდაც მხოლოდ ქართველი ერის, თვისებების დანახვა და განზოგადება არ შეუძლიათ. აქ, ვფიქრობ, გადამწყვეტია, პედაგოგის როლი, რომელმაც, შეძლებისდაგვარად, ადეკვატურად უნდა ისაუბროს ერების ზოგად თვისებებსა და განსხვავებებზე. სასურველია, დაეყრდნოს ისევ ლიტერატურას და ლიტერატურულ ხასიათებს და რაც შეიძლება, მოერიდოს ამ საკითხის მორალურ ჭრილში გადატანას. უმჯობესია საუბარი ერის ხასიათზე და არა მისი ქება ან ძაგება.

ასევე პრობლემურია დისკუსია თემაზე – რამდენად სწორი იყო მეფე ერეკლე, როდესაც რუსეთისათვის ხელშეკრულების დადება გადაწყვიტა.

ერთი მხრივ, ასეთი დისკუსიისას მოსწავლეები იძენენ კამათისთვის საჭირო უნარებს, ეჩვევიან არგუმენტების მოძიებას, შეტევას, უკან დახევას, მაგრამ, მეორე მხრივ, ესაა საკითხი, რომლის შესახებაც ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელია, რადგან ისტორიაზე ამ კუთხით მსჯელობა უშედეგოა. თუმცა, კამათის ამგვარი გამოცდილებაც სასარგებლოა.

მხატვრული თვალსაზრისით, ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პეიზაჟის როლის ჩვენება პოემის მიხედვით. ის ხან გვამზადებს მოსალოდნელი ამბებისთვის (მზიანი დღეა და ჯარი იმარჯვებს; ხან, პირიქით, კონტრასტის ეფექტის მატარებელია (აღწერილია ლაღი, ცოცხალი მხიარული სურათი არაგვის ჭალებისა და მის ფონზე გამოჩნდება მეფე ერეკლე თავისი მჭმუნვარე აზრებით. ასევე მნიშვნელოვანია ეპითეტის „არაგვიანი“ („მორბის არაგვი არაგვიანი“) ორგვარი ახსნა. ერთი არაგვიანი, ანუ ჩქარი, მეორე – არაგვიანის აკ. შანიძისეული ახსნა, რომ არაგვი მთიულეთში იმდენად თვითკმარი რამაა, თავის თავს თვითონ განსაზღვრავს (როგორც კაცი კაცური). ინტერპრეტაცია მხატვრული ტექსტის ან თუნდაც კონკრეტული მხატვრული სახის ახსნისას ერთ-ერთი უმთავრესია, რაც ლიტერატურის სწავლებისას წინ უნდა წამოვწიოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი