პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მითოლოგიის გააზრება მუსიკის ესთეტიკაში- კომპლექსური დავალებისთვის

მოგზაურობა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული მეცნიერება, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში გვეხმარება.

ალბერ კამიუ

კულტურა მითოლოგიის გარეშე ნამდვილად ვერ ჩაითვლება ცივილიზაციად. მითოლოგია შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერებად, რომელიც ფუნდამენტურად შეისწავლის არქეტიპულ შეხედულებებს ადამიანის გამოცდილებაზე. იმავდროულად, ის წარმოადგენს კონკრეტული კულტურის ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ თქმულებათა ერთობლიობას, რომელიც ზებუნებრივი მოვლენების ინტერპრეტირებით ცდილობს სიმართლის პერცეფციას.

მეცხრე კლასის მუსიკის საგანში პირველი თავი ეთმობა მითს, რიტუალებს და მათში შინაარსის ამოკითხვის სემანტიკური გააზრების მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემებით ოპერირებას სიუჟეტის გაგებისას. სემანტიკური გააზრების მეთოდი ეფუძნება აიკონს, ინდექსსა და სიმბოლოს, რომელიც კიდევ უფრო მეტ გამომსახველობითობას სძენს მუსიკალური ენის ელემენტებს. სახელმძღვანელოში მითოლოგიური პერსონაჟის მესიანური ფუნქცია მოსწავლეებმა გაიაზრეს რიჰარდ ვაგნერის „ნიბელუნგის ბეჭდის“ კომპლექსური დავალების საფუძველზე. ცოდნის სამივე ფორმა: დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული – დაეხმარა მათ მითის ჭეშმარიტი დროის გააზრებაში. მოსწავლეებისთვის სამივე ცოდნის ხარისხობრივი გრადაცია აისახა პრეზენტაციაში. მოსწავლე ასაბუთებს, რომ მითოლოგიური დრო არის მარადისობის განზომილება, მითში არც წარსულია და არც მომავალი. მასში მხოლოდ ის ,,მყოფობაა“, რაშიც ადამიანი ქმნის კონვენციურ სიმართლეს, დაფუძნებულს ჰუმანიზმზე, სიყვარულზე, სიკეთესა და მეგობრობაზე, რომელიც მუდმივად დიალექტიკურ ცვალებადობაშია სამყაროს ბნელ ძალებთან. სწავლა-სწავლების პროცესი, რომელიც ღირებულებებსა და დამოკიდებულებებზეა აგებული, თავისთავად აწესრიგებს და აყალიბებს მოსწავლეში განცდას, რომ თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად მოდის მისიით, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ცივილიზაციის განვითარებაში. დღეს ესეც მითის შემადგენელი სეგმენტია. მაშასადამე, მითოლოგია ცალკე, განყენებული დრო კი არ არის, არამედ დღევანდელობაა, რომელსაც ჩვენ, კაცობრიობა, დროის ამ მოცემულობაში ვაყალიბებთ.

მეცხრე კლასში, როცა მოსწავლეები სწავლობენ საზოგადოებრივ მეცნიერებებს, ლიტერატურას, ხელოვნების ისტორიას, მეტადრე მუსიკის საგანში მითოლოგიას, ინტეგრირებული და მულტიდისციპლინური სწავლების ფორმით, ისინი უფრო უკეთესად გაიაზრებენ საგანთა შორის კავშირებს, აღმოაჩენენ არქეტიპებს, რომლებიც შეიძლება საერთო იყოს მუსიკის, ხელოვნების, ისტორიისა და სამოქალაქო განათლებისთვის. ამ საკითხის ნათელსაყოფად მოვიყვან ჩემ მიერ განხორციელებულ კომპლექსურ დავალებას თემაზე „მითოლოგია XX-XXI საუკუნეების აკადემიურ მუსიკაში“. დავალების პირობა ასეთია: მოცემული მუსიკალური ნომრების, ტექსტებისა და ყალიბის გამოყენებით მოსწავლებმა უნდა დაწერონ კრიტიკული მიმოხილვა „მითოლოგიური თემები თანამედროვე კომპოზიტორთა შემოქმედებაში, რუსუდან მეიფარიანის ვოკალური ციკლისათვის „ორფეას მოგზაურობა“. იმისთვის, რომ კომპლექსურ დავალებაში მახასიათებლების ზუსტი განსაზღვრა მოხდეს, მოსწავლეები ეცნობიან XX-XXI საუკუნეების კომპოზიტორების: თეა მასგრეივის „ორფევსის“, სალვატორე შარინოს „ჰერმესის“, რიჩარდ დანიელპურის „იკაროსისა“ და ჟერარ გრიზეს „ანუბისი და ნუთის“ სონორული და ალეატორიკული კომპოზიციების ახლებურ ჟღერადობებს, ტემბრალური შესაძლებლობების უსაზღვროებას, დროითი დისტანციის მირაჟირებას საკრავების პრეპარირების გზით, ტემბრალურ ლაქებს, კლასტერებს, ჟღერადობის სივრცის გაფართოებას სემპლირებისა და ცოცხალი შესრულების გზით – ეს ხომ ამ თანადროულობის ჟღერადობის „სიმართლის კონვენციაა“!

საინტერესოა გერმანიაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის რუსუდან მეიფარიანის ვოკალური ციკლის „ორფეას მოგზაურობის“ მხატვრულ-ფსიქოლოგიური და სემანტიკური ანალიზი. დასაწყისში მოსწავლეებს ვუხსნით, რატომ ორფეა და არა – ორფეოსი. ტექსტის გააზრებისთვის აუცილებელია, მოსწავლეები გაეცნონ ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოანალიტიკოსის კარლ იუნგის თეორიას არქეტიპების შესახებ.

იუნგის არქეტიპები პლატონის გამოქვაბულის ალეგორიის ეკვივალენტურია. რას ეფუძნება ეს ალეგორია? – საკუთარი თავის აღმოჩენას, საკუთარ თავში ორი საწყისის, აჩრდილისა და პერსონის არქეტიპების პოვნას.

  • შინაგანი „მე“ – ინდივიდუალიზმი, ეგოსა და ალტერ ეგოს დიალექტიკა;
  • აჩრდილი – ადამიანური სისუსტეები, ნაკლოვანებები, შეცდომები;
  • ანიმა და ანიმუსი – ქალური და მამაკაცური საწყისების უნიფიცირება, გამთლიანება (ორფეა-ორფევსი);
  • პერსონა – განასახიერებს იმას, თუ როგორ წარვუდგენთ ჩვენს თავს სამყაროს; მრავალ ნიღაბთა კრებსი, რომელიც იცავს ჩვენს ეგოს.

ვიდრე ,,ორფეას მოგზაურობაში’’ კომპლექსური დავალების მულტიფუნქციურ მნიშვნელობაზე გადავიდოდი, მოსწავლეებს შევთავაზე ჩემეული გრაფიკული ორგანიზატორი, აგებული მითის მახასიათებლებზე:

  • ერთი დრო – დროული სივრცე; მყოფობა – რეალობის შექმნა; „აქ ვარ, აქ ვიმყოფები“.
  • სინკრეტულობა – ტექსტი + რიტუალი + გამომსახველობითი ხერხები;
  • ირეალურობისა და რეალურობის მთლიანობა;
  • დიალექტიკა – მითში ყველაფერი მოძრაობს; რაღაც რაღაცისაგან იბადება, იცვლება და სრულდება;
  • უნივერსალურობა – ყოველი სიუჟეტი წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების დიად პროცესს სამყაროსა და საზოგადოებაში.

კომპლექსური დავალება შედგება სამი დანართისაგან. დანართ 1-ში მოცემულია სამფაზიანი ტექსტი: განშორება – განსაცდელი – დაბრუნება. დანართის სიმბოლური დატვირთვა ქრისტიანული პარადიგმების იდენტურია. ზოგადქრისტიანულ აზროვნებაში მითოლოგიური საწყისი უცვლელადაა გადმოსული. ტექსტში ვხვდებით საკვანძო სიტყვებს, რომლებიც გმირის, ორფეას, სახის ტრანსფორმაციაში სიუჟეტურ-გამომსახველობით ფუნქციას ასრულებს. ეს სიტყვებია: განშორება – განსაცდელი – დაბრუნება, მოგზაურობა, გზა, ნაკადული, თოკი, ხეები, ჩრდილები, ოქროს ველი, ოცნება, მთესველი, ვარდის დაჭკნობა, ნავი… მოსწავლეებს რეფლექსიისთვის მიცემული აქვთ ციკლიდან ექვსი მუსიკალური ფრაგმენტი, რომლებშიც შეუძლიათ ამოიკითხონ ზემოთ ჩამოთვლილი მეტაფორები და ფსიქოანალიზი მოახდინონ მათზე დაყრდნობით. მოსწავლე ირჩევს მუსიკალურ ფრაგმენტებს და მსჯელობს მათში ახლებურ ჟღერადობებზე, საკრავების შემადგენლობაზე (ფორტეპიანო, ვიოლინო, ჩელო, ორგანი). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მესამე მუსიკალური ფრაგმენტი „იავნანა“. კომპოზიტორი იავნანას რიტუალს სახისმეტყველურ დატვირთვას ანიჭებს. იავნანა კომპოზიციაში აღიქმება როგორც ორფეას სულიერი კათარზისის სიმბოლო. ამ ფრაგმენტში სახეობრივი დატვირთვის მატარებელია პოლიკილოობაც – ერთმანეთს ერწყმის ორიენტალური და დიატონური კილოები, რომლებიც რიტუალის კოსმოპოლიტურ მნიშვნელობაზე მეტყველებს – ყველა ადამიანმა უნდა იპოვოს გზა სულიერი კათარზისისკენ. ქართველი კომპოზიტორის საინტერესო მიგნებაა მუსიკალური ფრაგმენტი N4, რომელშიც ისმის დასავლეთ საქართველოს კილოსა და აკორდული ვერტიკალის სპეციფიკური ჟღერადოობები, რომლებიც შერწყმულია ზოგადევროპულ და თანამედროვე საკომპოზიციო წერის მანერასთან. კომპოზიტორი იყენებს ევროპული აღორძინების ხანის იმიტაციის ხერხებს, რომლებიც საგუნდო ანტიფონარიის ასოციაციას ქმნის. სიუჟეტის ტრიპტიხს წინ უძღვის რიტურნელი. ეს არის ინსტრუმენტული შესავალი, რომელიც მხატვრულ სახეს განაზოგადებს. იგი აღორძინებისა და ბაროკოს ხანის ინსტრუმენტული მუსიკის ერთგვარი თავსართი იყო. გამოირჩევა მელიზმებით, კილოური მოდულაციით, არაკვადრატული ფრაზირებით, რომელიც რიტურნელს ბალადური თხრობის მნიშვნელობას ანიჭებს. დანართი 2 და დანართი 3 არის დაკვირვება მოსმენილ და წაკითხულ მასალაზე, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ კრიტიკული მიმოხილვის/ესეს წერის პროცესში.

რუსუდან მეიფარიანის ვოკალური ციკლი „ორფეას მოგზაურობა“ მითოლოგიური სიუჟეტის თანამედროვე კონტექსტში აღქმისა და გააზრების ორიგინალური ნიმუშია.

კომპლექსური დავალების რეფლექსიის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, თუ როგორი სიღრმისეული წვდომით და, იმავდროულად, მარტივად შეიძლება მივაწოდოთ მოსწავლეს ურთულესი ტექსტი, რომლის გააზრებაში მას დაეხმარება XX-XXI საუკუნის კომპოზიტორების ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებები და მათში აღმოჩენილი ბგერის მოდიფიცირების ახალი შესაძლებლობები.

დაბოლოს, რა არის მითოლოგია?

მითოლოგია კულტურის ისტორიაში აზროვნების ფორმაა, რომლის დემიურგია ადამიანი თავისი ღირსებებით და ფასეულობებით. ამიტომაც არის იგი მარადიული დროსა და სივრცეში. მუსიკა ხომ თავადაა მარადისობა!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი