პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ომის გრძელი ჩრდილი

დიდხანს ეძებდა მამაჩემი ბაბუაჩემის საფლავს, წერილს წერილზე წერდა და პასუხს მოთმინებით ელოდა. სწამდა, რომ რომელიმე არქივში სულ პატარა ცნობას მაინც მიაგნებდა, რომელიც კვალს აპოვნინებდა. იცოდა, რომ მკვდარი იყო – ომის დროს შეეტყობინებინათ ოჯახისთვის ქაღალდის ნახევზე დაწერილი მოკლე სიტყვებით. ის ქაღალდი კი მაშინვე გამქრალიყო – მგლოვიარეთა თითებში, გაუსაძლისად მძიმე ჰაერში. ჯიუტად ეძება და ბოლოს – 80-იანების შუა წლებში – პასუხი მიიღო: კურსკთან ახლოს, საძმო საფლავში ჩაეწვინათ, რუსული სოფლის მიწად ექციათ.

ჩვენს სახლში ომს ხშირად ახსენებდნენ – არა როგორც დიდი ხნის წინ მომხდარ კატასტროფას, არამედ რაღაც ისეთს, რისთვისაც გუშინდელი დღე მხოლოდ პირობითად დაერქმიათ – მისი უხილავი საცეცები ერთნაირად გვწვდებოდა უფროსებს თუ ბავშვებს.

მახსოვს, როგორც დაწერა ჩემმა ძმამ თორმეტფურცლიანი რვეულის მწვანე ყდაზე:

ომი ღორია

ომი ღორია

ომი ღორია

წერა ახალი ნასწავლი ჰქონდა. წვალობდა.

 

*

რა უნდა უთხრა ბავშვს ომზე? რა დროს უნდა გაჩუმდე, რომ პატარა მხრებით სატარებელი ტვირთი მეტისმეტად არ დაუმძიმო? ის ნაადრევად სწავლობს სიტყვებს, რომლებიც წლების შემდეგ უნდა გაჩენილიყო მის ლექსიკაში; ყურს აჩვევს გამოთქმებს, რომლების ზუსტი მნიშვნელობის გასაგებადაც ცოდნა, გამოცდილება არ ყოფნის. უკიდურესი დაძაბულობის ნიშნები კი ყველგანაა – საყვარელი ადამიანების სახეებზეც და უცნობების გამოხედვაშიც.

24 თებერვლის შემდეგ რამდენჯერ დავუბრუნდი ამ შეკითხვას, რამდენჯერ ვიფიქრე, რომ ვერა, ვერ მოვახერხებდი ომის თავზარდამცემი აბსურდულობის ახსნას, ფრაზების გასაგებად დალაგებას.

ჩემი მეგობრების შვილები – პირველკლასელები, მეორეკლასელები – უკრაინის დროშებს, უკრაინელ მეომრებს ხატავენ. ვხვდები, მათი თვალი ყველაფერს სწვდება, ყველაფერს იმახსოვრებს. რასაკვირველია, მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩებათ დანგრეული ქალაქები, გაუბედურებული ადამიანები, თავჩახრილი ტყვეები, ალმოდებული თვითმფრინავები, მიწისქვეშა თავშესაფრებში გაშლილი ლოგინები, ლტოლვილების უსაშველოდ გრძელი რიგები.

ძნელია, ყოველთვის ზუსტად აწონო სათქმელი, არ დაივიწყო, რომ სიტყვები მათ ყურამდეც მიაღწევს, ვინც რთული, გაუგებარი მოვლენების ახსნას თავისებურად ცდილობენ – ნანახს და გაგონილს ერთმანეთს აწებებენ, ხან სწორად, ხან არასწორად, და პასუხის პოვნა წუთების საქმე ჰგონიათ. ძნელია, ცდუნებას გაუძლო და საკუთარი აზრების ბადეში არ გააბა ნელა მოძრავი პატარა სხეული.

ალბათ ვერც მე შევძლებდი, შვილი რომ მყოლოდა.

*

ომი სიძულვილისაა.

ომში სიძულვილის ძალა ისეთია, წარმოუდგენელს გაფიქრებინებს და გაგაკეთებინებს კიდეც. მაგრამ ბავშვები ამ განცდის თანამოზიარედ არ უნდა იქცნენ, ნგრევას, განადგურებას, სიკვდილს სიკეთედ არ უნდა აღიქვამდნენ.

სწორედ 24 თებერვალს დავიწყე ამერიკაში ემიგრირებული რუსი მწერლის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, სვეტლანა ბოიმის ტექსტის ნაწყვეტის თარგმნა, რომელიც პოსტკომუნისტურ ნოსტალგიას ეხება. ავტორის ყურადღების არეში მრავალ სხვას შორის ვლადიმირ ჟირინოვსკიცაა მოქცეული – ის, ვისზეც ბოლო დღეებში ბევრს ხუმრობენ, ვის სიკვდილსაც შეფარულად თუ შეუფარავად ელიან. მოულოდნელად კი პოლიტიკოსის ამ ავტობიოგრაფიულ ჩანაწერს გადავაწყდი:

„ადგილი არ იყო, სადაც ვითამაშებდი – არც ოთახში, არც დერეფანში. ტუალეტთან ყოველთვის რიგი იდგა და იქაურობა ყარდა, იმიტომ, რომ ტუალეტში მუდამ სუნი დგება, თუ ჰაერი არ იწმინდება… მაგრამ ყოველ დილით რიგში ათი-თერთმეტი კაცი რომ გროვდება, ჰაერის გაწმენდის დრო სად არის… ზოგიერთი იქ ეწეოდა კიდეც, რაც ასევე საზიზღრობა იყო. ბავშვობიდან სულ სიგარეტის შხამიან ბოლში ვიყავი გახვეული. ყველას ფეხებში ვედებოდი, იმიტომ, რომ ყველაზე პატარა ვიყავი საცხოვრებელში. და ასეთ საერთო საცხოვრებლებში უფროსებს წესად აქვთ – ჯავრი ყველაზე პატარაზე უნდა იყარონ. ვინ აღარ მირტყამდა, ვისგან აღარ მესმოდა უხეში სიტყვა… და დამიცავდა ვინმე? არც მამა მყავდა, არც ძმა…“.

სვეტლანა ბოიმის შეფასება, რომელიც ამ სიტყვებს მოჰყვება: „სტაგნაციის სრულყოფილი მეტაფორა. უსახლკარობის, მოუვლელი საცხოვრებლის დრამა მოულოდნელად ვითარდება – კომუნალური საცხოვრებელი ფსევდოსახლია, ნამდვილი სახლი კი დიდი რუსეთია. პირადი წყენა ეროვნულ დონეზე გათამაშდება და უბედური ოჯახის ისტორია ინდივიდუალური ბიოგრაფიის კონტექსტს მოწყდება – ერის ისტორიაში ჩასაწერად“.

ცხადია, ეს ყველაფერი იმის საჩვენებლად არ გადმომიწერია, რომ ძალადობა ძალადობის სურვილს წარმოშობს, ბავშვობისას განცდილმა დამცირებამ კი შეიძლება შემზარავი სახეცვლილება განიცადოს. როცა თუნდაც ყველაზე მიუღებელი პოლიტიკური ფიგურის სიკვდილის წარმოდგენა გვიხარია – სახიფათო ნიშანია. მერე რა, რომ ომის ლოგიკა ბევრ სხვა რამესაც ამართლებს. მერე რა, რომ ომის დამთავრებაზე მეტად არაფერი გვინდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი