ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მეტერლინკი და ვაჟა-ფშაველა  

ბელგიელი სიმბოლისტი მწერლის, მოაზროვნის, ნობელიანტის, მორის მეტერლინკის შემოქმედებაში გამორჩეულია მხატვრულ-დოკუმენტური ესეისტური ნაშრომი „ყვავილთა სიბრძნე“, რომელიც ენათესავება ვაჟა-ფშაველას პოეტურ-ესთეტიკურ მსოფლმხედველობას. „ლურჯი ფრინველის“ ავტორისგან არც არის გასაკვირი ასეთი ნაზი, სულისშემძვრელი დამოკიდებულება ბუნებასთან. სათაურიდანვე ჩნდება ასოციაციური გადაძახილი ვაჟა-ფშაველას ცნობილ სტრიქონებთან: „ნისლი ფიქრია მთებისა, / იმათ კაცობის გვირგვინი“ („ბახტრიონი“). ვაჟას ალტერ-ეგოები, ლექსთა ლირიკული გმირები თუ პროზის მთხრობელნი, დიალოგს მართავენ ბუნებასთან და ამ გზით საკუთარ თავსა თუ სამყაროს შეიმეცნებენ. ეგზისტენციალურ პრობლემათა ჭრილში წარმოჩნდება ადამიანის სატკივარი, საკუთარი არსებობის საზრისის ძიება. კითხვებს, რომლებიც მის შემოქმედებაში გამოიკვეთება, ვაჟასავე ნაწარმოებებში მოეპოვება პასუხები: „არა გაქვთ აზრი? იდეა? გრძნობა? არ ოცნებობთ? როგორ არა! მაშ რაა ის მშვენიერი ყვავილები, თქვენ რომ გულმკერდს გიმშვენებთ? ეგაა თქვენი ოცნება, იმედი, ნუგეში… ელიან, ვის? ან რას? რაღაცას. დიაღ, რაღაცას. ეს რაღაცაა უნახავის დანახვა. ჰნახეს და გაათავეს, რასაც იმათი თვალი და გული მისწვდებოდა. სხვა ახალი მოსწყურებია იმათ თვალსა და გულსა“ („მთანი მაღალნი“). შეუცნობლისკენ სწრაფვა, ბედისწერის საზღვრების გადალახვა, დაუმორჩილებლობა, წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოთა რღვევა ბუნებასაც თავის უპირველეს მიზნად დაუსახავს. ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის ტრადიციით, ღირსეული ადამიანი ყოველთვის გრძნობს განუყოფელ ერთობას ბუნებასთან, ეს მისი ფუნდამენტური ღირებულება და იდენტობის განმსაზღვრელია. ამგვარ განცდას სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენენ მწერლები, მათ შორის, მეტერლინკი და ვაჟა-ფშაველა.

„აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა;

ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა;

უბრძანა: „გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა,

მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა“, – წერს რუსთაველი ავთანდილზე, რომელსაც ენატრება თინათინი, მაგრამ რადგან შორსაა, მის ნაცვლად ვარდებს ელაპარაკება. ამგვარად, ის, სხვა ღირსებებთან ერთად, ბუნების მესაიდუმლედაც წარმოგვიდგება. ამასვე მოწმობს ისიც, თუ როგორ უსმენს მის ნამღერს ბუნება:

„რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,

მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან“.

მინდიას, ვაჟას ყველაზე გამორჩეულ პოეტურ ნიღაბს, ბუნება თავის საიდუმლოს უჟღავნებს. მკითხველს სჯერა ბუნების ყველა პერსონაჟისა, რომლებიც თავიანთ ტკივილსა თუ სიხარულზე ელაპარაკებიან („ია, „მთის წყარო, „ხმელი წიფელი“, „ფესვები“ თუ სხვ.).

„მე ყვავილები მესიზმრებოდა და ყვავილებს მე ვესიზმრებოდი“, – წერს გალაკტიონი და მკითხველი გრძნობს იდუმალ მიუწვდომელ სიბრძნეს, რომელსაც ფლობდა პოეტი. მას თავისი პოეტური სახეებით, მეტაფორებით გავყავართ ისეთ განზომილებაში, რომელშიც სხვა გზით ვერ მოვხვდებოდით.

მეტერლინკი, ერთი შეხედვით, ამ უცნაურსა და მომაჯადოებელ წიგნში („ყვავილთა სიბრძნე“) შეგვიძღვება ბუნების სამყაროში. ყვავილები აქ აღარ არიან მეტაფორები თუ სიმბოლურ-ალეგორიული სახეები, არამედ რეალური მოაზროვნე არსებები, რომლებიც თავისებურად აღიქვამენ და განიცდიან სიცოცხლეს. ისინი რომ გონიერი არსებები არიან, ვაჟა-ფშაველა და მეტერლინკი სხვადასხვა გზით, მაგრამ ერთნაირი გზნებით გვარწმუნებენ ამაში. ამას მოწმობს ფორმულასავით ჩამოქნილი სტრიქონები, მინდია რომ ამბობს „გველისმჭამელში“:

„რაც კი რამ დაუბადია

უფალს სულიერ-უსულო,

ყველასაც თურმე ენა აქვს,

არა ყოფილა ურჯულო“.

რა თქმა უნდა, ამ თემაზე ფიქრისა თუ მსჯელობისას ბარათაშვილის ცნობილი სტრიქონები გვახსენდება:

„მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,

და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!“ („ჩინარი“).

„გველის მჭამელის“ მხატვრულ სივრცეში ბუნებას გააზრებული აქვს საკუთარი ეგზისტენცია. მან იცის, რისთვის არის დაბადებული. მისი არსებობის საფუძველი სიკეთე და სიყვარულია. ამას გრძნობდა გულთმისანი ვაჟა, როდესაც წერდა: „რამ შემქმნა ადამიანად,/ რატომ არ მოველ წვიმადა?“.

„უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე“, – შესთხოვდა ღმერთს ბიბლიური დავითი (50-ე ფსალმუნი). ამ უჩინარ სიბრძნეს შეიგრძნობენ ვაჟა-ფშაველაცა და მეტერლინკიც და თავისებურად გადმოგვცემენ.

მეტერლინკის ესეისტურ ნაშრომში ირეკლება მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის არსებული სამეცნიერო ცოდნა. დარვინისეული „ბრძოლა არსებობისთვის“ აქაც წამყვანი იმპულსია სიცოცხლისა. მეტერლინკი ყვავილთა ამბებს, თავგადასავლებს, მათ ცხოვრებისეულ დრამებს გვიყვება. 1907 წელს დაწერილ ამ წიგნში მეტერლინკი საკუთარ დაკვირვებებზე დაყრდნობით ხატავს ყვავილთა ფიქრებით სავსე ფერადოვან სამყაროს. ისინიც ცდილობენ გამრავლებას, ადგილის მოპოვებას ამ სამყაროში და ამისთვის ათას გზასა და ხერხს მიმართავენ. მეტერლინკი წარმოაჩენს მათ მახვილგონივრულ ეშმაკობებს, რომელთა საშუალებით ისინი ცდილობენ, გადაურჩნენ სიკვდილსა და დავიწყებას. ცნობილია, რომ მწერალს ყვავილების მშვენიერი ბაღი ჰქონდა და თვითონვე აკვირდებოდა მცენარეთა საიდუმლო ცხოვრებას. იგი აღწერს თაიგულებად ქცეულ მინდვრებს, სადაც იების, ვარდების ნარგიზების, მიხაკების, სუმბულების, ჟასმინთა სურნელი და ფერები დაუსრულებელ ღვარებად მოედინება გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა თუ ზამთრის დღეებსა და ღამეებში. სწორედ ყვავილთა ეს მრავალფეროვნება ბადებს სამოთხისეული ნეტარების განცდას.

მეტერლინკი მკითხველს არწმუნებს, რომ ეს მცენარეული სამყარო, რომელიც ასეთი მშვიდი, ბედსმინებებული გვგონია და რომელშიც თითქოს მხოლოდ სიჩუმე, მორჩილება, შინაგანი კონცენტრირებაა, პირიქით, სწორედ ისეთი სამყაროა, სადაც ამბოხი ბედისწერის წინაშე უდიდესია: „შეუდარებელ სანახაობას წარმოადგენს მისი იდეა-ფიქსი ენერგიაც, რომელიც მისი ფესვების წყვდიადიდან ამოდის, რათა საბოლოოდ მოიწესრიგოს თავი და გაიფურჩქნოს ყვავილი სინათლეში. ის მთელი არსებით იძაბება ერთადერთი განზრახვის აღსასრულებლად: ზემოთ გაექცეს ქვედა ფატალობას, გვერდი აუაროს, დაარღვიოს ბნელი და მძიმე კანონი, გათავისუფლდეს, დაამსხვრიოს შეზღუდული სივრცე, გამოიგონოს ან მოუხმოს ფრთებს, გაიქცეს, რაც შეიძლება შორს, დაამარცხოს სივრცე, სადაც ბედისწერა ამწყვდევს, მიუახლოვდეს საუფლოს, შეაღწიოს ცოცხალ და მოძრავ სამყაროში. იქამდე მისვლა ხომ მისთვის ისეთივე შეუდარებელი იქნება, როგორც ჩვენთვის დროის მიღმა გასვლაა, ან შეღწევა მატერიის ყველაზე მძიმე კანონებისაგან თავისუფალ საუფლოში“. ბედისწერის გადალახვის ეს ჟინი გაგვახსენებს ვაჟა-ფშაველას არაერთ მოთხრობას, რომლებშიც ხატოვნად წარმოჩნდება ბუნების დაფარული გონივრული მოძრაობები. ასე შევყავართ მწერალს ხმელი წიფლის ფიქრების ნაკადებში: „ფიქრობს ხმელი წიფელი თავის თავზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე; გულში თითქო ღრმად ჩასჭედვია მწუხარება. ხანდახან გადმოაცქერდება მის ერთ ფესვის ბოლოზე ამოსულს პატარა დასახულს ყლორტს, რომელიც მზეს და წვიმას უცდის, რომ გაიზარდოს“ (ვაჟა-ფშაველა, „ხმელი წიფელი“).

მეტერლინკის აზრით, ყვავილი ადამიანს აძლევს დაუმორჩილებლობის, გამბედაობის, შეუპოვრობისა და გამომგონებლობის სასწაულებრივ მაგალითებს. ისეთ გარდაუვალობათაგან თავდასახსნელად, როგორებიცაა ჩვენთვის, მაგალითად, ტკივილი, სიბერე და სიკვდილი: „რომ შეგვძლებოდა იმის ნახევარი ენერგიის დახარჯვა, რასაც ჩვენს ბაღში ამოსული ერთი პაწია ყვავილი ხარჯავს, შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ ჩვენი ხვედრი დიდად განსხვავებული იქნებოდა იმისგან, რაც დღეს არის“.

მწერალი მსგავსებას ხედავს ადამიანისა და ბუნების სწრაფვებს შორის. ბუნებაც იმავე მეთოდს, ლოგიკას მიმართავს, მიზანსაც იმავე საშუალებებით აღწევს, ყოყმანობს, ცდება, შეცდომას ასწორებს, თავიდან იწყებს, მარცხს არ ეგუება, მთელი მონდომებით ცდილობს, ებრძვის გარემოსა და საკუთარ არსებას, იდეალებს ისახავს. ის არა მხოლოდ უსასრულო რესურსებს ფლობს, არამედ ამოიცნობს სასწაულებრივი ძალების საიდუმლოსაც. თავისი „ინტელექტით“ სამანებს სცდება. ამიტომ დაასკვნის მწერალი, რომ ადამიანი სწორედ ის არსებაა, რომელშიც მჟღავნდება „სამყაროს დიადი სურვილი“.

მცენარე უამრავ მახვილგონივრულ ხერხს, ეშმაკობას მიმართავს, რათა ამ სამყაროში თავი დაიმკვიდროს. მაგალითად, ყვავილი თესლს აკრავს დაშაქრულ გარსს, რათა ჩიტუნამ თან პირი ჩაიტკბარუნოს და სხვა გარემოში გადაიტანოს გასახარებლად. მწერალი აღმოაჩენს მცენარეთა სივრცის დაპყრობისკენ მიმართულ უზარმაზარ ძალისხმევას, თესლთა საჰაერო გადატანის განსაცვიფრებელ სისტემებს, ნეკერჩხლის საჰაერო სპირალს, ბაბუაწვერას ჰაერში სალივლივო მექანიზმს, რძიანას ფეთქებად ზამბარებს და ათას სხვა მოულოდნელ და გამაოგნებელ მექანიზმს.

მეტერლინკს განსაკუთრებით ხიბლავს ორქიდეის გონების სრულყოფილი და ყველაზე ჰარმონიული გამოვლინება: „ამ უცნაურ და გატანჯულ ყვავილებში მცენარის გენია თავის უმაღლეს მწვერვალებს აღწევს“. იგი იმოწმებს ჩარლზ დარვინის წიგნს „მწერთა მიერ ორქიდეების დამტვერვის შესახებ“, რომელშიც „ყვავილის სულის ყველაზე ჰეროიკული ძალისხმევის განსაცვიფრებელი ისტორიაა მოთხრობილი“. როგორც მეტერლინკი შენიშნავს, ეს არის „მდიდარი და ფეერიული ეპოპეა“. იგი საინტერესოდ აღგვიწერს ყვავილის მეთოდებსა და გონებრივ ჩვევებს, აიძულოს ფუტკარი ან პეპელა ზუსტად ისე მოიქცნენ, როგორც თვითონ სურს.

მწერალი მკითხველს სთავაზობს წარმოიდგინოს პლატონისეული გამოქვაბული უფრო დიდი მასშტაბით. მას მოამარაგებენ ყველაფრით, რაც ცივილიზაციას მოეპოვება და ადამიანებიც დაბადებიდან მისი ტუსაღები იქნებიან, „რაკი სინათლე არასოდეს უნახავთ, არც უსინათლობა შეაწუხებთ“. ბუნებასთან შეხება წყვდიადის გარღვევა იქნება. ის სინათლის სხივია, რომელიც გამოქვაბულში შემოაღწევს. მისი აზრით, ყვავილები და ადამიანი თანასწორნი არიან: „ჩვენ ერთსა და იმავე სამყაროს ვეკუთვნით. ამიერიდან ჩვენ ვმეგობრობთ არა მიუწვდომელ ღმერთებთან, არამედ ძმურ და დაფარული ნებასა თუ ნებელობებთან, რომლებიც უნდა გავშიფროთ და წარვმართოთ“. ვაჟა-ფშაველა მცენარეებს თავის „ძუძუმტეებად“ აღიქვამდა და მშობელ მთებს ასე მიმართავდა:

„თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ,

ღალიან-ბარაქიანი,

ნუმც გაჯავრდება პირიმზე,

ნუმც დამწყევლიან იანი,

რომ იმათ დედის ძუძუთა

ვსუქდები ცოდვილიანი“ („ბახტრიონი“). ეს მხოლოდ მეტაფორული თქმა კი არა, იმ საიდუმლოს სიტყვებით გაცხადებაა, რომელსაც ფლობდა პოეტი.

ვაჟა-ფშაველა მედიუმია და ასე „გვითარგმნის“ იის ნათქვამს: „მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიანს კლდესა, სუნელებას მივაფრქვევ არე-მარეს“. იას „გააზრებული“ აქვს, რა ადგილი, როლი და ფუნქცია აქვს ამ თვალუწვდენელ მრავალფერიან სამყაროში. ეს მას თავდაჯერებულობასა და რწმენას მატებს, სიცოცხლის აუცილებლობას შეაგრძნობინებს. აკაკი წერეთელი გვახსენდება, რომელიც ყვავილთა სურნელს მათ ენად აღიქვამს: „ყვავილთა ენა – არს სუნნელთ ფშვენა,/ საგალობელად აღმა კმეული“. ყვავილი სურნელის ენით ლაპარაკობს. ეს ეხმიანება ბარათაშვილის სტრიქონებსაც: „და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!“ („შემოღამება მთაწმინდაზედ“).

„ბუნებასაც მიზნად აქვს ბედნიერება, სრულქმნილება, გამარჯვება იმაზე, რასაც ჩვენ ბოროტებას, სიკვდილს, წყვდიადს, არარაობას ვუწოდებთ“, – წერს მეტერლინკი. ამ სტრიქონებს ეხმიანება ღვთისთვის აღვლენილი ფესვების ვედრება: „ვინ იცის, იქნება გიჟმაჟმა მდინარემ გაგვრიყოს სადმე უდაბურს ადგილას და მწვავე მზის სხივებმა დაგვაჭკნოს, გაგვახმოს, გააქროს ჩვენი ხსენება! ღმერთო, ნუ დაგვკარგავ! ბედო, ნუ გვიმტყუნებ. დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა! სიცოცხლე და შრომა გვწყურია, გვინდა კიდევ ვიშრომოთ, ეგები კიდევ გავზარდოთ ჩვენს ფესვებზე შვილი, ეგები კიდევ ვიგრძნოთ სიხარული. ბუნების ძალნო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა“ (ვაჟა-ფშაველა, „ფესვები“).

მეტერლინკი მკითხველს წარმოუჩენს ბუნების სამყაროში მიმდინარე გასაოცარ ამბებს, ვაჟა-ფშაველას მხატვრულ ნაწარმოებებში კი არა მხოლოდ ბუნების, არამედ, უპირველესად, ადამიანური სატკივარი გამოიკვეთება. ორივე მწერალი კი სხვადასხვა გზით მიგვიძღვება ბუნების ბოლომდე ამოუცნობსა და იდუმალ სანახებში, რათა შევიგრძნოთ დედამიწის ყოველ „არსთა“ ერთიანობა, სიცოცხლისა და სიკვდილის განუყოფლობა. მადლიერებით უნდა აღვნიშნოთ, რომ მეტერლინკის „ყვავილთა სიბრძნე“ დავით აკრიანმა თარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი