ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

განმავითარებელი შეფასება როგორც კომპასი  

მასწავლებლები სასწავლო პროცესში ხშირად იყენებენ განმავითარებელ შეფასებას, თუმცა ზოგჯერ არ გამოყოფენ მას ცალკე, როგორც კომპონენტს. ალბათ ამის გამოცაა, რომ პირად საუბრებში, სემინარებზე, კონფერენციებზე, როდესაც მასწავლებლებს ვეკითხებით, იყენებენ თუ არა განმავითარებელ შეფასებას, ისინი გვპასუხობენ: ვიყენებთ, მაგრამ ბევრი დრო მიაქვს… ასეთი პასუხი ყოველთვის საუბრის გაგრძელების სურვილს ბადებს იმის დასადგენად, მართლა არ იყენებს მას მასწავლებელი თუ იყენებს და პრობლემა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის სახელდებაა… საუბრის გაგრძელება იმის გარკვევის საშუალებასაც იძლევა, რამდენად ინტენსიურად იყენებს მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს და ახდენს შეფასების შედეგებზე ადეკვატურ რეაგირებას.

2021 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებელთა საგნობრივ ჯგუფებში მცირე ონლაინგამოკითხვისას  გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები განმავითარებელ შეფასებას ძირითადად აღიქვამენ როგორც მოსწავლეთა დავალებებზე გაკეთებულ ზეპირ და წერილობით კომენტარს. სულ გამოიკითხა 620 მასწავლებელი. მათი 25,8% ამბობდა, რომ განმავითარებელ შეფასებას ინტენსიურად იყენებდა, 62,9% კი, მათივე თქმით – საშუალო ინტენსივობით.

გამოკითხული მასწავლებლების 71% აღნიშნავდა, რომ ძირითადად იყენებდა ზეპირ კომენტარებს, 12,9% – წერილობითს, ხოლო 12,9%-ისთვის სტიკერები, ჯილდოები და ამგვარები იყო პრიორიტეტული, მათ ესეც განმავითარებელ შეფასებად მიაჩნდათ.

რეალობა მოწმობს, რომ ნებისმიერი აქტივობა თუ სწავლების სტრატეგია შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად.

მაგალითად, თუ სწავლების ესა თუ ის სტრატეგია ეხმარება მოსწავლეებს:

  1. გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ და რატომ;
  2. გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები;
  3. ნათელი წარმოდგენა შეექმნათ იმაზე, რა გზით უნდა წავიდნენ სასურველი შედეგის მისაღებად,

– ეს ყველაფერი შეიძლება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად იქცეს.

ერთი და იგივე აქტივობა ან სტრატეგია ზოგჯერ შეიძლება ემსახურებოდეს განმავითარებელი შეფასების პროცესს, ზოგჯერ კი – არა.

მაგალითად, ზოგ შემთხვევაში კითხვების დასმა ქმნის განმავითარებელი შეფასების საფუძველს, ზოგ შემთხვევაში კი – არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გვაძლევს საშუალებას კითხვები, გავიგოთ მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონე.

მაგალითად, კითხვა „რას ეწოდება ჰომეოსტაზი?“ არ ემსახურება განმავითარებელ შეფასებას, მაგრამ კითხვა: „იმსჯელეთ იმ ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებზე, რომლებიც იცვლება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს. რა ემართება ამ მაჩვენებლებს ფიზიკური დატვირთვის შეწყვეტიდან ერთი საათის შემდეგ?“ – შეიძლება გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების მიზნით. როცა მოსწავლეებმა ჰომეოსტაზის არსი იციან, ასეთი კითხვა დაგვანახებს, რამდენად ღრმად აქვთ გააზრებული საკითხი.

განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტი შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების პროცესის ნაწილად.

მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, ტესტზე მუშაობა ჩავრთოთ განმავითარებელი შეფასების პროცესში, თუ ტესტში ქულებს კი არ დავწერთ, არამედ მოსწავლეებს წყვილებად დავყოფთ და ვთხოვთ, პასუხები შეადარონ, აარჩიონ ის პასუხი, რომელიც, მათი აზრით, უფრო ადეკვატურია და ახსნან, რატომ ჩათვალეს ასე, – ეს უკვე შეიძლება განმავითარებელი შეფასების პროცესად ჩაითვალოს. ამ პროცესის საფუძვლადწორედ განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტი იქცა.

 

მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მიზანმიმართულად მიაწოდოს მოსწავლეებს საიმედო უკუკავშირი.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში (B. W. Tuckman, 1999) ერთნაირი მიდრეკილების მქონე მოსწავლეებმა ჩააბარეს საგამოცდო ტესტი ერთსა და იმავე მასალაზე. ტესტირებამდე ამ ჯგუფებში მასწავლებელი სხვადასხვა სტილით მუშაობდა. ერთ ჯგუფს წინასწარ დაანონსებულ ყოველკვირეულ მოკლე ტესტზე ამუშავებდა და ყოველი ასეთი ტესტირების შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლისგან იღებდნენ საიმედო უკუკავშირს. მეორე ჯგუფის წევრებს საშინაო დავალებებს ასრულებინებდა, ხოლო მესამე, საკონტროლო ჯგუფს არც ტესტი და არც დავალება არ შეუსრულებია. ყველა ჯგუფი გავიდა საბოლოო გამოცდაზე. იმ ჯგუფის შედეგები, რომელიც მოკლე ტესტებზე მუშაობდა, 16%-ით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე საშინაო დავალებაზე მომუშავე ჯგუფისა და 24%-ით უკეთესი, ვიდრე საკონტროლო ჯგუფისა. დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა შორის განსხვავება კიდევ უფრო მკაფიო აღმოჩნდა ტესტებზე მომუშავე ჯგუფის სასარგებლოდ. გამოვიდა, რომ ყოველკვირეულ მოკლე ტესტებზე რეგულარულმა მუშაობამ და მასწავლებლის ასევე რეგულარულმა საიმედო უკუკავშირმა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება გამოიწვია (J. Ruscio, 2001; B. Thorne, 2000). აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ ტესტირების განრიგი და თემატიკა. კვლევები მოწმობს, რომ როდესაც მასწავლებელი თუნდაც მცირე ტესტირებას გაუფრთხილებლად და შეუთანხმებლად ატარებს, იზრდება მოსწავლეთა ემოციური დაძაბულობა და ეს ნეგატიურად აისახება შედეგებზე.

 

რით ეხმარება განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს?

განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონე და შესაბამისად დაგეგმოს სწავლების პროცესი. მასწავლებელს შეუძლია, დაფიქრდეს სასწავლო პრაქტიკაზე და თითოეული ბავშვის მიღწევებზე, იმაზე, თუ რა დაეხმარება მას თითოეული მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

 

შეიძლება თუ არა, განმავითარებელი შეფასება გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში როგორც კომპასი?

ამ კითხვაზე საპასუხოდ განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები.

ამბავი პირველი (შემჩნევა): მესამე კლასის მასწავლებელმა სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ეზოპეს იგავის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს მისცა წერითი დავალება – „წერილი ეზოპეს“. ნამუშევრების გადახედვისას მან შეამჩნია, რომ მოსწავლეთა ნაწილს არ ჰქონდა დაცული წერილის სტრუქტურა. სიტუაციის რაოდენობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთი მოსწავლეების წილი კლასში 30% იყო.

ამბავი მეორე (დაგეგმვა): მესამე კლასის მასწავლებელმა გადაწყვიტა, შემდეგ გაკვეთილზე ერთობლივი წერის სტრატეგია გამოეყენებინა და მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი წერილის დაწერა შეეთავაზებინა („კიდევ ერთი წერილი ეზოპეს“).

ამბავი მესამე (განხორციელება): მასწავლებელი კლასს კიდევ ერთხელ შეახსენებს შესწავლილ იგავს, აცნობს დავალებას. ერთობლივი წერის ფორმატში, წერის საფეხურების დაცვით (იდეები, შავი ვარიანტი და ა.შ.) ბავშვები წერენ წერილს.

ამბავი მეოთხე (გადამოწმება): მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა, ერთობლივი ნამუშევრის მიხედვით შინ შეედგინათ წერილის საკუთარი ვერსია (რათა მეორე დღეს, ნამუშევრების გადამოწმებისას, დარწმუნებულიყო, რომ ყველა მოსწავლემ გაითვალისწინა წერილის სტრუქტურა).

 

ამ პროცესებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ თანმიმდევრულ ქმედებას, რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებს მასწავლებელი და რომლის გეზურობა განპირობებულია განმავითარებელი შეფასებით:

  1. პრობლემის შემჩნევა;
  2. პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტივობის დაგეგმვა;
  3. დაგეგმილი აქტივობის განხორციელება;
  4. შედეგების გადამოწმება.

იმისთვის, რომ მასწავლებელს არსებითად ჰქონდეს გააზრებული განმავითარებელი შეფასების დანიშნულება, აუცილებელია, მას ჰქონდეს პასუხი კითხვაზე:

– რამდენად აუცილებელია, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი იძლეოდეს მოსწავლეთა გაგება-გააზრების შეფასების შესაძლებლობას?

 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ კონკრეტული სიტუაცია: მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს სასწავლო მასალა. შესაბამისად, ბევრ დროს უთმობს გაკვეთილის დაგეგმვას.

ახალი მასალის ახსნისას ის დეტალურ განმარტებებს აკეთებს და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები. პერიოდულად ეკითხება მოსწავლეებს, რამდენად კარგად გაიგეს საკითხი. ისინი უმეტესად პასუხობენ, რომ ყველაფერი გასაგებია.

აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელ ტესტირებამდე რამდენიმე დღით ადრე მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს ტესტირებაზე შეტანილი დავალებების მსგავს დავალებებს.

მიუხედავად ამისა, მოსწავლეთა დიდ ნაწილს შემაჯამებელ ტესტირებაში დაბალი შედეგები აქვს, რაც თავად მოსწავლეებისა და მათი მშობლების უკმაყოფილებას იწვევს. მოსწავლეები ხშირად ამბობენ, რომ მასწავლებელი მათ კარგად ვერ ასწავლის. მასწავლებელიც იმედგაცრუებულია, რადგან მიაჩნია, რომ მის მიერ გაწეული შრომა წყალში გადაიყარა და მოსწავლეებს უბრალოდ არ აინტერესებთ სწავლა.

 

სად არის პრობლემა?

 

აღწერილი მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ მასწავლებელი არ ახორციელებს განმავითარებელ შეფასებას. მის მიერ დასმული კითხვა („გაიგეთ, ბავშვებო?“) ვერ ჩაითვლება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, რადგან არ იძლევა მოსწავლეთა გაგება-გააზრების შეფასების შესაძლებლობას. შესაბამისად, მასწავლებელს არ აქვს სრული ინფორმაცია მოსწავლეთა მიერ საკითხის ათვისების დონის შესახებ და არც მათ აძლევს საშუალებას, აქტიურად ჩაერთონ საკუთარი სწავლის შეფასების პროცესში. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სრულფასოვნად გამოიყენოს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს, განახორციელოს საჭირო ინტერვენცია რეალურ დროში.

 

შევაჯამოთ:

  • განმავითარებელი შეფასება ხდება უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს.
  • განმავითარებელი შეფასება არის ინტერვენცია რეალურ დროში.
  • განმავითარებელი შეფასება გვეხმარება, დროულად აღმოვაჩინოთ მოსწავლის სუსტი მხარეები და მიმართულება მივცეთ მას, სანამ ქულით შევაფასებთ (ამის საჭიროების შემთხვევაში).

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ 2018-2024
  2. https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf
  3. Trumbull, E., & Lash, A. (2013). Understanding formative assessment: Insights from learning theory and measurement theory. San Francisco: WestEd.
  4. https://www.edutopia.org/blog/tech-friendly-formative-assessment-tools-monica-burns
  5. Marzano, R. (2001).Classroom Assessment and Grading the Work.Alexandria, VA: ASCD.
  6. Ruscio, J. (2001). Administering quizzes at random to increase students’ reading. Teaching of Psychology, 28, 204-206.
  7. Thorne, B. (2000). Extra credit exercise: A painless pop quiz. Teaching of Psychology, 27, 204-205.
  8. Tuckman, B. W. (1999, August). A tripartite model of motivation for achievement: Attitude/drive/ strategy. Paper presented at the Annual Meeting of the American Psychological Association. Boston.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი