შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

რუსეთ-უკრაინის ომის თემა სკოლაში

ამ წერილს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას ვწერ. დღეს, 13 მარტს, უკრაინაში, ირპენში მოკლეს „ნიუ-ორკ ტაიმსის“ ჟურნალისტი, ზურგიდან ესროლეს რუსმა სამხედროებმა, როდესაც კოლეგებთან ერთად გაქცევას ცდილობდა.

ეს არის ბოლო ინფორმაცია, რომელიც ომიდან ამ წუთას ვიცით.

არ არსებობს ომზე დიდი ბოროტება და ყველა, ვინც ომს რამენაირად ამართლებს, ბოროტების მხარეს დგას.

როცა მოძმე ქვეყანაში ომია, როცა ბავშვებსა და ქალებსაც კი ხოცავენ, როცა მილიონობით ადამიანმა დაკარგა ახლობელი, სახლი, ქონება, აქ, საქართველოში წერა და ლაპარაკი იმაზე, როგორ განვიცდით, როგორ ველით თითოეულ სიახლეს, უხერხულიც კია. თუმცა ჩვენთან ერთად განიცდიან ჩვენი ბავშვები, ჩვენი მოზარდები, ჩვენი მოსწავლეები. მასწავლებლების უმეტესობას გვიწევს მათთან ამ საკითხებზე საუბარი. მნიშვნელოვანია, დისკუსიები ომის შესახებ სწორად წარიმართოს.

ერთი მხრივ, უკრაინელმა ხალხმა გამოაღვიძა მხედრული, იდეალისტური სული ევროპაში, რომ უნდა დაიცვა შენი სამშობლო, რომ რამეს თუ აქვს აზრი დედამიწაზე, ეს სწორედ „განწირული სულისკვეთებაა“. გამოაღვიძა ევროპა და ჩვენი მოსწავლეებიც უფრო გრძნობენ სამომავლო პასუხისმგებლობას, უყვარდეთ და დაიცვან სამშობლო, თუ საჭირო გახდა, შეებრძოლონ ურჩხულს, შეებრძოლონ გოლიათს, რადგან თუ შენკენაა რწმენა და სიმართლე, საბოლოოდ ბოროტება ყოველთვის მარცხდება.

მეორე მხრივ, საშინლად მძაფრდება მტრის ხატი. ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ვაჟა-ფშაველა, ქართველების ვაჟკაცობისა და ადამიანობის უპირველესი მასწავლებელი, მოსახლეობის დიდ ნაწილს მცდარად აქვს გაგებული. თავისთავად ცხადია, მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, სტუმარ-მასპინძლობა, მტრისათვის შესაფერისი დახვედრა, ადამიანის, პიროვნების როლი და მნიშვნელობა.

მოზარდებისათვის განსაკუთრებით საფრთხილოა, არ მიმართონ თავიანთი აგრესია რუსი ეროვნების ადამიანებისადმი, რომელთა სიმრავლე თვალშისაცემია. თავისთავად ცხადია, რუსეთის მოქალაქეობა არ ნიშნავს, რომ შენ ვინმეზე ნაკლები ადამიანი ხარ. ახლაც, ამ 13 მარტს, მოსკოვის მოედნიდან ვრცელდება კადრები, როგორ აპატიმრებენ საშუალო ასაკის მამაკაცს, რომელიც ომონის მანქანაში ჩატენვამდე განწირულად, ხმის ჩახლეჩამდე მღერის უკრაინის ჰიმნს. ეს მამაკაცი ნამდვილი ადამიანია, ის ისეთივე გმირია, როგორიც უკრაინელები. მას რუსულ ციხეში ცემა და წამება ელის და მაინც მღერის. ასევე ყველამ ვნახეთ რუსი ბებიის დაპატიმრების სცენაც, ორი ტრანსპარანტით ხელში რომ იდგა, თუმცა ისიც ვიცით, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი პროპაგანდით ტვინგამორეცხილია და პუტინის აგრესიას მხარს უჭერს.

თავისთავად ცხადია, ვინ როგორი მოქალაქე და ადამიანია, ამას დღეს ჩვენ ვერ გავარჩევთ. კარგი იქნებოდა, ამის გარჩევის პასუხისმგებლობა აეღო ჩვენს მთავრობას და შერჩევით შემოეშვა რუსეთის მოქალაქეები (რა თქმა უნდა, აქცენტი გაეკეთებინა მათზე, ვისაც იქ რეალური საფრთხე ემუქრება).

მეთერთმეტე კლასში ჩვენს სკოლებში „ბახტრიონს“ სწავლობენ. ვაჟასთვის უპირველესი გმირი ლუხუმი, მტერს თან ხოცავს და თან არასდროს უუხეშდება სული, მუდმივად სდის ცრემლი ყოველი მოკლულის გამო.

„შენ შეგებრალა ურჯულო,

მოგიწყლიანდა თვალები,

უთუოდ, საით ენახე,

შეგაფურთხებდენ ქალები“ _

ეუბნება მას ძმობილი ზეზვა გაფრინდაული. ზეზვა გაფრინდაული გმირია, დიდი გმირიც, მაგრამ მისი ფილოსოფია სხვაა:

„ვისაც ჩვენ არ ვებრალებით,

ჩვენ შავიბრალოთ რისადა,

სიკვდილი თვითონ უფალსა

გაუჩენია მტრისადა“.

 

თავისთავად ცხადია, ჩვენთან შემოსული რუსეთის მოქალაქეები იარაღით არ მოდიან, მაგრამ ისინი მტრული სახელმწიფოს შვილები არიან. ვფიქრობ, მათ ამ ქვეყანაში უნდა იგრძნონ გარკვეული დისკომფორტი თავიანთი სახელმწიფოს გამო. ვინც ანტიპუტინისტური განწყობისაა, სწორად გაიგებს და თავადაც იგივე ფიქრი ექნება, ვინც არა, დაე, იგრძნოს თავი უხერხულად.

ამის გაკეთება, ვფიქრობ, ძალადობისა და უპატივცემულობის გარეშეც შესაძლებელია. მაგ. ყველას გვქონდეს რაღაც ატრიბუტი, რომელიც მათ ჩვენთვის წართმეულ 20 პროცენტს ან უკრაინის ომს გაახსენებს. მაგრამ ამგვარი გამოხატვის დროსაც არ უნდა დაგვავიწყდეს ლუხუმის ცრემლები, ტკბობაში არ უნდა გადავცვივდეთ, უნდა თავადაც გვაწუხებდეს, რომ სხვას ვარცხვენთ, ვახსენებთ, რომ ოკუპანტი ქვეყნის შვილია, რომ ის სხვა, შეიძლება, ჩვენზე ნაკლები ადამიანი არაა:

„ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტონ ჩვენ გვზრდიან დედანი“.

ჩვენი თვითგამოხატვა ეროვნული ღირსების დაცვა უნდა იყოს და არა სხვისი სიძულვილი.

ვფიქრობ, ამ თემებზე დისკუსიები დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია ქართულ სკოლაში. მასწავლებელმა უნდა შეძლოს ეროვნული ღირსების ისე გაღვივება, რომ მტრის სიძულვილმა ადამიანის დანახვის საშუალება არ დაუკარგოს მომავალ თაობებს.

პ. ს. რახან „ბახტრიონს“ შევეხე, აქვე კვირიასაც გავიხსენებ, ყველაზე ღატაკ გმირს. მას არაფერი აბადია – არც მიწა, არც ცოლი, არც შვილი, არც მშობლები. მისი ბრძოლა და თავგანწირვა ყველაზე უანგაროა. ლელაც კი, რომელიც მასთან ერთად უეჭველ სიკვდილზე მიდის, პირადი შურისძიების გრძნობითაცაა სავსე. ამ დღეებში გავრცელდა ფოტოები, როგორ აგროვებენ უკრაინელი მაწანწალები ბოთლებს და აკეთებენ მოლოტოვის კოქტეილებს. მათაც ალბათ სამშობლოს იდეის იქით არაფერი აბადიათ, ისინიც ჩვენი კვირიასავით ყველაზე უანგაროდ ირჯებიან. არ მინდა ომის რომანტიზაცია გამომივიდეს, მაგრამ რა მაგარია, როცა ნაგვისგან შეგიძლია შექმნა შენი სამშობლოს დასაცავი იარაღი, ჩვეულებრივს ჯადოსნური ძალა მიანიჭო, როგორც ზღაპრებშია.

დიდი იმედი მაქვს, ზღაპრის გმირებივით უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ.

 

გამოყენებული ილუსტრაცია –  https://www.facebook.com/photo/?fbid=516842973336901&set=pb.100050336086693.-2207520000..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი