პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვები”

1879-1885 წლებში ყოველთვიურ ჟურნალ „ივერიაში” რედაქტორი ილია ჭავჭავაძე რეგულარულად ბეჭდავდა ნოვატორული პუბლიცისტური ჟანრის წერილებს, რომლებიც დასათაურებული იყო, როგორც „შინაური მიმოხილვები“. ამ წლების განმავლობაში დაიბეჭდა 30 ამგვარი წერილი, რომლებშიც ილიას ბასრი კალმისთვის დამახასიათებელი ხელწერით შუქდებოდა მისი თანამედროვე საქართველოს ყოფის ყველა აქტუალური პრობლემა, რომელთა თემატიკა ეროვნული თვითგამორკვევითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით იწყებოდა და მთავრდებოდა საქალებო სკოლაში გამართული ქალთა კრების ან სამედიცინო საზოგადოებაში ავჭალის წყლის საკითხებისადმი მიძღვნილი შეკრების გაშუქებით.

შინაური მიმოხილვების რეგულარულობა იშვიათად ირღვეოდა ხოლმე. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ცარისტულ ცენზურას წერილი საერთოდ შეუჩერებია ან დაუჩეხია. მიმოხილვა იკავებდა ჟურნალის ბოლო ნაწილს და მოცულობით დაახლოებით 7-დან 24 გვერდამდე მერყეობდა. მიმოხილვები სტილურადაც და იდეურადაც უზადო და დახვეწილია.

თემატიკა და გეოგრაფია შინაური მიმოხილვებისა მრავალფეროვანია: მინავლული ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქართული ენის სიწმინდის დაცვა, სამღვდელოების როლის გამოკვეთა და ზრუნვა მოძღვართა განათლებაზე, სკოლების დაარსება და განვითარება, ქართული პრესისა და თეატრის მდგომარეობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება, განუწყვეტელი ზრუნვა უმწვავესი სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვა და ა.შ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ილია დროს საუკუნეებით უსწრებს. „შინაურ მიმოხილვებში” ის უბრალოდ პრობლემების გამშუქებელი როდია, არამედ საზოგადოებას სთავაზობს საკუთარ ხედვას მათი გადაჭრის გზებზე. ის მედიატორია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. მაგალითად, 1882 წლის „ივერიის” მესამე ნომერში ილია ეხმიანება მთავარმართებლად დუნდუკოვ-კორსაკოვის დანიშვნას და მის წინაშე საკუთარ მისიასაც გვამცნობს: „ჩვენი წმინდა მოვალეობა დღეს ის არის, რომ მთავრობამ ჩვენგანა ჰსცნოს ჩვენი გულის-ტკივილი და ჩვენის ნატვრის საგანი”. ილია აღნიშნავს, რომ ამ მისიისთვის დიდკაცობა გამოუსადეგარია, რადგან „ჭკუა-გონებას გული გამოღვიძებული უნდა”… ილია კი ახალი მთავარმართებლის გასაგონად შენიშნავს – მას დიდი იმედი აქვს, რომ ახალი მმართველი შეისმენს ქართველობის ხმას.

1862 წელს ჟურნალ „საქართველოს მოამბის” გამოცემისადმი მიძღვნილ მეთაურ წერილში ილია შეუფარავად აცხადებდა, მეცნიერება და ხელოვნება საშუალებაა საიმისოდ, რომ ერი სიბნელიდან სინათლეში გამოიყვანოსო. მას მიაჩნდა, რომ „ცხოვრება ძირია, ხოლო ხელოვნება და მეცნიერება მასზედ ამოსული შტოები არიან, რომელთაც ცხოვრების ნაყოფი უნდა მოისხან ახალი ცხოვრების გამოსაკვანძად”. ილია ასე ხედავს ხელოვნების დანიშნულებას: „დროა, ხელოვნებამ თავი დაანებოს უგემურ ღმეჭასა და თვალების სრესასა, ეგება ცრემლი მამივიდესო. დროა, ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგმდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის. იქ, ცხოვრების ძირში, ის იპოვის ბევრ მარგალიტსა და უფრო ბევრს ლექსა და ლაფსა. არც ერთის გამოხატვა არ უნდა აშინებდეს ხელოვნებასა და არც მეორისა!”.

პრესას ყოველ ეპოქაში საზოგადოებრივი პროგრესის გზაზე უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება, მაგრამ XIX საუკუნის საქართველოსთვის გაზეთი – ეს იყო პური სულისა. წარმოვიდგინოთ, რა სირთულეს წარმოადგენდა პირველი ქართული ჟურნალისტური სკოლის შექმნა და გაზეთის გამოცემა მაშინ, როცა არანაირი ფინანსური სახსარი არ არსებობდა, როცა ცარისტული ცენზურა სულს ხდიდა თავისუფალ აზროვნებასა თუ ეროვნულ იდეოლოგიას.

1879 წელს „ივერიაში” გამოქვეყნებულ ერთ-ერთ „შინაურ მიმოხილვაში” ილია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სკოლებში ქართველი ბავშვები ვერ შედიან მიზეზთა გამო და მეცენატებს მოუწოდებს: ხსნა მხოლოდ „ჩვენი საკუთარი სასწავლებლის” გახსნაშია, რასაც 2500-3000 თუმანი თუ დასჭირდება და ეს იმხელა თანხა არ არის, რომ ორმა ბანკმა ვერ მოიძიოს.

როცა შინაური მიმომხილველობის სირთულეზე წერს, ილია გულისტკივილით შენიშნავს, რომ მწერლობის „დაუმონავ საღერღელს” არავინ იოკებს ქართულ ნიადაგზე. მწერლობა და პუბლიცისტიკა იმდენად გაღარიბებულან, რომ თემებსა და იდეებს მხოლოდ უცხოური რეალობიდან იღებენ. მწერლებს არა აქვთ მასალა, რადგან ქართული სინამდვილე მათთვის გაუცხოებულია. ილია ჩვეული ბასრი ენამახვილობითა და მეტაფორულობით აღწერს ქართულ სინამდვილეს: „თვითონ ცხოვრება სად არის ჩვენში, რომ ცხოვრებამ გკითხოს და შენ პასუხი აძლიო? ჩვენი ცხოვრება ზურგგადაღლეტილ და დავარდნილ სახედარსავით გდია უძრავად სადღაც კუთხეში და სიცოცხლეს მარტო იმით იჩენს, რომ იცოხნება, როგორც პირუტყვი”…

„საქართველოს მოამბის” საპროგრამო წერილში ილია წერდა: „ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა. მისი გამომჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია”. ამ იდეითაა ნასაზრდოები ყოველი წერილის პათოსიც. „შინაურ მიმოხილვებში” ის ეხებოდა ქართველობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა პრობლემას.

ზოგიერთ ნომერში „შინაურ მიმოხილვას” ვერ ნახავთ. 1882 წლის „ივერიის” პირველ ნომერში ტრადიციული მიმოხილვა არ გვხვდება, მაგრამ ვაწყდებით რედაქციის უაღრესად საინტერესო წინასიტყვაობას, რომელიც ჟურნალის კონცეფციაზე გვიქმნის წარმოდგენას. აქ ხაზგასმულია მნიშვნელობა შინაური მიმოხილვებისა და რედაქციის დამოკიდებულება მისადმი: „განსაკუთრებული ყურადღება ექნება მიქცეული „შინაურს მიმოხილვას”. რედაქცია ყოვლის ღონის-ძიებით ეცდება, რომ არავითარი საინტერესო მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში უყურადღებოდ არ დასტოვოს და შეძლებისამებრ ჩვენი ქვეყნის ყოველს კუთხეში იყოლიოს სანდო პირნი ცხოვრებისათვის თვალ-ყურის სადევნელად”.

ილია შინაური მიმომხილველობის სირთულეზეც ხშირად საუბრობს: „შინაური მიმოხილვისთანა ძნელი საქმე ჩვენებურს მწერალს არა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენში შინაური საქმე ისეთი საგანია, რომლისთვისაც ჯერ ხელი სხვას არავის უხლია, რომელზედაც არავითარს მსჯელობას, არავითარს მოსაზრებას, არავითარს დასკვნას სხვა ქვეყნების ლიტერატურაში ვერ ინახულებთ… შინაური მიმოხილვები ჯერ კიდევ გაუკეთებელი ხორბალია ხოლმე, რომელიც უნდა ჩვენ თვითონ გავანიავოთ, გავცხრილოთ, დავფქვათ, მოვზილოთ და საკუთარის ჭკუის თონეში გამოვაცხოთ”…

ვფიქრობთ, შინაური მიმოხილვები აუცილებლად უნდა გამოიცეს ცალკე წიგნად, რათა ჩვენს მომავალ თაობებსა და ქართველ ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში რამდენად დახვეწილი, პროფესიონალური და ზნეობრივი იყო ჟურნალისტიკა და რამდენად უსწრებდა იგი დროს. ამ წერილების ხელწერას ნათლად ეტყობა ბეჭედი გენიოსისა.

ვფიქრობ, „შინაური მიმოხილვები“ თანამედროვე ჟურნალისტებისთვის სახელმძღვანელოს მისიასაც შეასრულებს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა შეძლოს პროფესიონალმა ჟურნალისტიკის ჩაყენება ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.

პავლე ინგოროყვა „ივერიის” შინაური მიმოხილვების შესახებ სამართლიანად შენიშნავს, რომ „ეს მიმოხილვები ახალ ეპოქას აღნიშნავს ქართული პუბლიცისტიკის ისტორიაში… მთელი რიგი მიმოხილვები – ეს არის საპროგრამო წერილები, რომლებიც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეების პროპაგანდას ემსახურება”…

შინაური მიმოხილვების მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, აუცილებელია დავინახოთ ილია, როგორც რედაქტორი. ქართული ჟურნალისტიკის სათავეში რომ ილია დგას, ეს სადავო არ უნდა იყოს. მას ჯერ კიდევ თავის ეპოქაში ეძახდნენ „ქართული ჟურნალისტიკის მამათავარსა” და „კავკასიური პრესის ვეტერანს”. ჟურნალ „ფალანგში” დახატული იყო მეგობრული შარჟი, სადაც ილიას ატატებული ჰყავს ორი ყრმა – სერგეი მესხი და ივანე მაჩაბელი და ქვემოთ მინაწერი გვაუწყებს: „ქართული ჟურნალისტიკის ძიძა”.

1863 წლიდან ილია უძღვებოდა „საქართველოს მოამბეს”, 1877-1901 წლებში კი – „ივერიას”. პარალელურად, 1880-1881 წლებში სერგეი მესხთან ერთად „დროებას” რედაქტორობდა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ პრესის გამოცემა იმ ეპოქაში ვერ იქნებოდა მომგებიანი საქმე. იაკობ გოგებაშვილს თავის მოგონებაში დაუწერია, რომ „ივერიას” ილია რამდენსამე ას თუმანს თავისი ჯიბიდან ადებდაო.

1881 წლის სექტემბრის „შინაურ მიმოხილვაში“ ილია გაზეთ „შრომის” გამოცემისა და „დროების” გუნდიდან მათი განცალკევების საკითხს ეხმიანება და ადასტურებს, რომ საქართველოში საგამომცემლო საქმე წამგებიანია: „შრომამ” და „დროებამ” ცალ-ცალკე არ უნდა ზიდონ ტვირთი მწერლობისა! ჩვენში ჟურნალი და გაზეთი, ხარჯისა და გარჯის მეტს, არაფერს გამორჩომას არ უქადის მწერალსა!”.

ილია-რედაქტორი წარმოგვიდგება, როგორც თანამედროვე ადამიანი, თავისუფალი აზრის ფლაგმანი. ის ქმნის მონოლითურ სარედაქციო გუნდს, სადაც ჟურნალისტები მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით შეირჩევიან. მას გააზრებული აქვს საზოგადოების მოთხოვნა. ის აბალანსებს ურთიერთობებს, საოცრად ობიექტურია. ხშირად იმეორებს და ერთხელ სოფრომ მგალობლიშვილისთვისაც უთქვამს, რომ პრესაში არ უნდა ჩნდებოდეს პიროვნების შეურაცხმყოფელი პუბლიკაციები. რედაქციამ უნდა დაიცვას ჰუმანურობის პრინციპები და თუ რომელიმე თანამშრომელი მათ დაარღვევს, არ მოვერიდები მის კრიტიკას და კავშირის გაწყვეტასაც კიო, – უთქვამს მას.

ერთხელ თედო ჟორდანიას ექვთიმე თაყაიშვილის მაკომპრომეტირებელი მასალა გამოუქვეყნებია. გულნატკენ ექვთიმეს საპასუხო წერილი მიუტანია ილიასთან. მისი დაუბეჭდაობა ილიას მხრიდან მიკერძოება გამოდიოდა, მაგრამ ილია მიხვდა, რომ გამოქვეყნების შემთხვევაში ეს პოლემიკა აქ არ შეჩერდებოდა და შეიძლებოდა მწვავე დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. რედაქტორს ექვთიმესთვის მეგობრულად უთხოვია, ახლა შენი ოპონენტი მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმიანობით არის დაკავებული და თუ ამ პასუხს გამოაქვეყნებ, იძულებული გახდება, გიპასუხოს. ამით კი მისი სამეცნიერო საქმიანობა შეფერხდება, ამიტომაც თავი შეიკავეო. ექვთიმემაც, რა თქმა უნდა, დაუჯერა!

თანამედროვე დემოკრატიის პირობებში ძნელი წარმოსადგენია, რამდენად რთული იქნებოდა, ოფიციალურ ორგანოდ ჩამოყალიბებულ ცენზურასთან ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეების შეთავსება. როგორც ჩანს, ილია გაწვრთნილი იყო ცენზურისთვის თვალის ასახვევი მეთოდების შერჩევაში. ის ზოგჯერ საოცარ დიპლომატიას იჩენდა იმპერიის დამქაშებისადმი და ოსტატურად გააპარებდა სათქმელს. კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე გაკელი აღნიშნავდა: ილია ჭავჭავაძე ცენზურის მითითებების სრული იგნორირებით, მედგრად და შეუპოვრად განაგრძობს გამოქვეყნებას სტატიებისას, რომლებიც მიმართულია განუვითარებელი და უკიდურესად მგრძნობიარე ადგილობრივი ახალგაზრდობის გამოღვიძებისკენო.

ილიას ესმოდა, რომ ახალი ამბების ოპერატიულად გაშუქება პერიოდული ორგანოს მთავარი ამოცანაა. ამიტომაც 1886 წლიდან მან ჟურნალი „ივერია” ყოველდღიურ გაზეთად გადააკეთა. მისი ტირაჟი წლიდან წლამდე იზრდებოდა. 860 ეგზემპლარიდან 1905 წლისთვის უკვე გაზეთის ტირაჟი 6000-მდე გაიზარდა. მუდმივად ცდილობდა, გაეფართოებინა კორესპონდენტთა ქსელი, წაეხალისებინა ახალგაზრდა ავტორები, წარმოუდგენლად მძიმე ფინანსურ პირობებშიც კი გაეცა სოლიდური ჰონორარები. შექმნა ძლიერი ჟურნალისტური გუნდი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: გრიგოლ ყიფშიძე, სოფრომ მგალობლიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი, არტემ ფირალოვი, ალექსანდრე ყიფშიძე, არტემ ახნაზაროვი და სხვები.

„ივერიის” რედაქტორი თავისი საპროგრამო, მეთაური წერილებით ქმნიდა ატმოსფეროს და გეზს აძლევდა თანამშრომლებს, მიუთითებდა ძირითად აქცენტებზე. მანვე დაამკვიდრა გუნდური მუშაობის პრინციპები. შინაური მიმოხილვების თემატიკისა და აქცენტების შერჩევაში მთელი რედაქცია მონაწილეობდა. ილიას ჰქონდა რუბრიკა „დამაკვირდი”, სადაც ასევე საჭირბოროტო საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას. ხუთშაბათობით რეგულარულად მართავდა ლიტერატურულ საღამოებს, სადაც ყურადღებით ისმენდა გაზეთის კრიტიკას. მან დაიახლოვა ახალგაზრდა ტელეგრაფისტი ქალი, გვარად აგლაძე, რომლის მეშვეობით „ივერიას” შეეძლო თბილისურ რუსულ გაზეთებზე ადრე გაეშუქებინა ცხელ-ცხელი ამბები. მალე აგლაძე გაზეთის აქტიური თანამშრომელი გახდა და უცხოეთში, რუსეთსა და საქართველოში მომხდარ ცინცხალ ამბებს აწვდიდა რედაქციას. ილიას თხოვნით მან ტელეგრაფისტად მუშაობას თავი არ დაანება. ახალი ამბები თემატურად ძალიან მრავალფეროვანი იყო. მაგალითად, გრიგოლ ყიფშიძეს 1888 წელს მიწერილ ერთ-ერთ წერილში ავალებდა: სამედიცინო საზოგადოებაში კრებაა ავჭალის წყლის საკითხებზე, ხვალ კი საქალებო გიმნაზიის ზალაში ქალთა კრებაა, ანასტასია თუმანიშვილი თავმჯდომარეობს და გთხოვ, ამ მოვლენების გაშუქება არ დაიზაროო.

იმპერიული პოლიტიკის მხილებას ილია ეწევა ყველა სფეროში. 1879 წლის #7-8 „ივერიაში” ილია საზოგადოებას ამცნობს, რომ ვინმე ლებედევის მეთაურობით „მოღვაწე”, ე.წ. „ობშესტვო ბერეჟლივოსტი” თურმე მთავრობის წინაშე წარადგენს პროექტს საქართველოში პურის ცხობის შესახებ და მოითხოვს, რომ ხაბაზები მოიწვიონ რუსეთიდან. ილია უმოწყალოდ ამათრახებს ამ ინიციატივას და ქართველთათვის შეურაცხმყოფელად მიაჩნია პურის მცხობელთა რუსეთიდან მოწვევა მაშინ, როცა ჩვენში ამის დიდი გამოცდილება და ცოდნა ისედაც არსებობს. „ვაი, ჩვენი ბრალი! პურის ცხობის უცოდინარობაც კი შეგვწამეს და ხაბაზიც ამას იქით მოსკოვიდამ უნდა დავიბაროთ ხოლმე. ქვეყნის გაბიაბრუება და დაბრიყვება იქნება და ასეთი? მოსკოვიდამ ხაბაზებიო? ჭკუას როცა ურიგებდნენ, ნეტა ამათ სად მოჰგვიანებიათ, რომ ვერ მოუსწვრიათ. იქნება ცივილიზაციის გასავრცელებლად ამ მხეცს ქვეყანაში მოსკოვის ხაბაზებიც საჭირო იყოს!”. იქვე ილია იგონებს, რომ მთავრობამ სოფლებში ასევე ცივილიზაციის შეტანის შირმით რამდენიმე ცხენი დაარიგა, მაგრამ მათ გლეხებამდე არ მიუღწევია. ილიას სატირა გასაგებია: „ცხენები ვერაფერი პიონერები არიან ცივილიზაციისა! გლეხობისთვის ცხენების ჩუქებამ ნაყოფი ვერ გამოიღო – ფურგონი და პოვოსკა არ გაჩნდა, გლეხამდე ვერ მიაღწია და ურემი ვერ შეცვალა. რაკი ცივილიზაციის საქმე ცხენებზე და ხაბაზებზე მივარდნილა, ახლა ფიქრი ნურაფრისა გვაქვს!”.

ილია იმპერიის ელიტას მიანიშნებს, რომ ქართველთა განვითარება მათ ინტერესშიც უნდა შედიოდეს და მოუწოდებს მთავრობას, რომ შეეწიოს ქართული პრესის მიერ წამოწეული პრობლემატიკის გადაწყვეტას. მნიშვნელოვან როლს აკისრებს ქართველ ქალებსაც. იგი თვალ-ყურს ადევნებს საქალებო სკოლებში სწავლების საკითხებს და ხშირად აშუქებს იქ არსებულ მდგომარეობას. 1881 წლის „ივერიის” მეცხრე ნომრის „შინაურ მიმოხილვაში“ ილია გორის ახლად დაარსებული საქალებო სკოლის შესახებ საუბრობს: „ნურავინ ნუ დაივიწყებთ, რომ საქართველოში საქალებო სკოლამ ქართველს უნდა გაუზარდოს ქართველი ქალი, ქართველი დედა, ქართველი და, ქართველი დედა-კაცი. თუ სკოლა ამას არ იქმს, ის სკოლა წყალსაც წაუღია, ჩვენ ბევრს არას ვინაღვლით. თუ ღვთის მადლით, გორის საქალებო სკოლას ეს საგანი დაუდვია თავისის პროგრამის სარჩულად, მაშინ სიხარული გვმართებს, რომ გორში საქალებო სკოლა გაიმართა და თუ არა, ღმერთმა შეინახოს, ჩვენ იმისთანა სკოლისა არც მოტანილი გვინდა, არც გატანილი. გვეყო, რაც ჩვენმა საქალებო სკოლებმა ვნება მოგვიტანეს. ის საქმე დაგვმართეს, რომ ჩვენი ოჯახისშვილი სკოლის დასრულების შემდეგ ჩვენს ოჯახში ისე შემოდის, როგორც უცხო თესლის ადამიანი. ცოლად შემოდის, დად თუ რძლად, იმას ჩვენი აღარა გაეგება რა და ჩვენ იმისა. ამის გამო დაირღვა ჩვენი ოჯახობა, გაწყდა ურთიერთობის კავშირი, ოჯახი თავზედ ჩამოგვექცა და ჩვენც გავწყალდით და მიწასთან გავსწორდით. გვეყო და გვამყოფინეთ, ღვთის გულისათვის!.. მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულის და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი! ნუ გაურევთ სკოლის უწმინდესს საქმეში სხვა საქმეს, რომელიც სკოლას არ შეეფერება. ნუ გადუდგებით მტკიცედ დადგენილს კანონებს პედაგოგიისას! მოგვეცით სასწავლებელი ქართველის ქალისა, ქართველის დედისა, ქართველის ოჯახის დედა-კაცისა!”.

არ დარჩენილა საქართველოს გლეხობისთვის მტკივნეული და საჭირბოროტო თემა, რომელსაც „შინაურ მიმოხილვებში“ ილია არ შეხებოდეს. იგი ხშირად მიმართავს მთავარმართებელსა და იმპერიის ცენტრალურ მთავრობას, რომ გლეხობას შეუმსუბუქონ გადასახადები, ერთ-ერთ შინაურ მიმოხილვაში კი აპროტესტებს არყის გამოხდაზე მაღალი გადასახადის დაწესებას, რის შედეგადაც მიგვიღია ის, რომ მსხვილი მემამულეებისა და არყის დიდი ოდენობით მწარმოებელთა გარდა, არყის გამოხდა გლეხისთვის საზარალო გამხდარა, მისთვის ჯიბიდან ამოუცლიათ შემოსავლის მესამედი თუ მეოთხედი.

ილია ეხება გზების მშენებლობის აუცილებლობას და შენიშნავს, რომ სამხედრო გზები ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან საქართველოში მშვიდობიანობა დამყარებულა, მაგრამ აუცილებელია საეკონომიო გზების მშენებლობა, ეს ხელს შეუწყობს „გამსყიდავისა და მსყიდველის” დაახლოებას, ბაზრის გაიაფებას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს და ამ საქმეში რჩევა უნდა ჰკითხონ არა ჩინოვნიკებს, არამედ – ადგილობრივ მოსახლეობას.

30 შინაური მიმოხილვა – ეს არის მატიანე XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის საქართველოსი, სარკე იმ ეპოქის საზოგადოებისა და სახე ამ საზოგადოების გაკეთილშობილებისთვის მებრძოლი ლიდერისა, რომელსაც შეუძლია ძირის ძირამდე შეიგრძნოს საქვეყნო სატკივარი.

ვფიქრობ, ილიას „შინაური მიმოხილვები“ დიდი ტირაჟით უნდა გამოიცეს ცალკე წიგნად, ასევე უნდა მომზადდეს და ინტერნეტსივრცეში განთავსდეს მისი ელექტრონული ვერსიები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი