პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წიგნები, რომლებიც მოსწავლეებმა აღმომაჩენინეს

თამუნა, მარიამი, გიორგი, გუკა, დიანა ჩემი მოსწავლეები არიან. ისინი სამ სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ. თამუნასა და მარიამს სოფელ უწერის საჯარო სკოლაში ვასწავლიდი, გიორგისა და გუკას – წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში, დიანას თბილისის 59-ე საჯარო სკოლაში.

სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა სტატიაში ერთი მიზეზით მოიყარეს თავი – თითოეულმა ახალი წიგნი აღმომაჩენინა. ჩემთვის ამაღელვებელია მოსწავლის რეკომენდაციით წიგნის წაკითხვა, მით უმეტეს მაშინ, როცა მის მკითხველად ჩამოყალიბებისთვის ზრუნვა არ დაგიკლია.

მოსწავლეთა რჩევების მიხედვით წაკითხული თუ წასაკითხი წიგნების ავტორები, სათაურები, ჟანრი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა, თითოეული ჩემთვის სწორედ იმ ნიშნით არის გამორჩეული, რომ ის ჩემმა მოსწავლემ აღმომაჩენინა.

ჯ. რ. რ. ტოლკინის „ჰობიტი“

თამუნა 11 წლის იყო, რომ გავიცანი. უწერის სკოლაში პირველი გაკვეთილის ჩასატარებლად საკლასო ოთახისკენ მივეშურებოდი. კართან ჭაღარათმიანი ქალი დამხვდა, თამუნას ბებიად გამაცნო თავი და უზარმაზარი კეთილგანწყობა გამოხატა. შავი ქვედაბოლო, თეთრი პერანგი და მარგალიტისთვლებიანი შაბიამნისფერი ჟაკეტი მეცვა. ოთახში სამი მერხი დამხვდა, მერხებთან – კესო, თამუნა და მარიამი. მე და ბავშვებმა ჯერ არ ვიცოდით, რა ჯადოსნური თავგადასავლები გველოდა წინ. ისინი ინტერესით მელოდნენ. ფიქრობდნენ, რომ კვლავ ასაკოვანი მასწავლებელი ეყოლებოდათ. ფილმის კადრებივით მახსოვს ჩემი ცხოვრების შესანიშნავი დღე – ტანსაცმლის ფერები, ბავშვების გამომეტყველება, გაუბედავი ღიმილი, მზისგან აჭრელებული მთები. თამუნას დედა მაშინ საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული. გამძაფრებული პასუხისმგებლობა ჩამომიყალიბდა მწვანეთვალება, ხორბლისფერთმიანი გოგონას მიმართ.

მერე იყო ერთად ყოფნის სამი დაუვიწყარი წელი, საინტერესო გაკვეთილები, ერთმანეთისთვის დაწერილი წერილები და შერჩეული საჩუქრები. სამ წელს კიდევ ოთხი წელი მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ ეროვნული გამოცდების შედეგებმა გვამცნო, რომ თამუნა სტუდენტი გახდა. ის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე აბარებდა. ქართულის გამოცდისთვის მარიამთან და ჩემს ძმისშვილთან, ლუკასთან, ერთად ვამეცადინებდი. დისტანციურად, მესენჯერში მიგზავნიდა ესეებს, ვმართავდით პრეზენტაციებს, ერთმანეთს ხმამაღლა ვუკითხავდით „ვეფხისტყაოსანს“ . თამუნამ 48 ქულა მიიღო. მეტს ველოდით. მერე მომწერა, მე მიყვარს ჩემი 48 ქულაო და დარდი შევწყვიტე. უმაღლეს შეფასებამდე რედაქტირებაში 2 ქულა დააკლდა, ესეიში – 1, „ოთარაანთ ქვრივის“ ანალიზის წერისას გამოცდაზე კალმები აუჯანყდა – 5 კალამი გამოცვალა, არცერთი არ წერდა. ძლივს გაართვა თავი. არადა, თამუნას ულამაზესი, წვრილი თითები აქვს და როცა წერს ან როცა ხატავს თითები სულ ოდნავ, შეუმჩნევლად უკანკალებს. რაც მთავარია, ერთად დავრწმუნდით, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით შესაძლებელია ეროვნული გამოცდებისთვის თავის გართმევა.

ზოგჯერ მგონია, რომ თამუნა ერთ-ერთია, ვისთვისაც რაჭაში აღმოვჩნდი. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ განდალფი მყავს – კეთილი ჯადოსანი, რომელმაც მხრებში ხელები მომკიდა და ქალაქიდან სოფლად ჩამიყვანა.

გალდალფი კი თამუნამ გამაცნო და შემაყვარა. მეექვსეკლასელ გოგონებს რიონის პირას ნოდარ დუმბაძის „ძაღლს“ ვუკითხავდი, მერე იყო „მწვანეთითება ტისტუ“, „ოლივერ ტვისტი“ და მათთვის აღმოჩენილი ბევრი წიგნი თუ პერსონაჟი. მალე როლები შეიცვალა და თავად გახდნენ ახალი ავტორების აღმომჩენები.

ჯ.რ.რ. ტოლკინის „ჰობიტი“ თამუნამ გამაცნო. ხშირად მოჰყავდა პარალელად ბილბო აბგელი, ხშირად ახსენებდა ჯუჯებსა და განდალფს. მისი აღფრთოვანების მიზეზის გასაგებად მეც კითხვა დავიწყე, ოღონდ ხმამაღლა და ჩემს შვილებთან ერთად.

„ჰობიტი“ მალევე თავდავიწყებით შემიყვარდა და ჩემს გულში სამუდამოდ დაიდო ბინა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ნიკა სამუშიას შესანიშნავი თარგმანი, ლექსები კი ქალბატონ ციცო ხოცუაშვილს უთარგმნია.

ჰობიტები ჯადოსნური არსებები არიან – პატარა, სრული ტანით, ბანჯგვლიანი ფეხებით, სიმშვიდის მოყვარულები მიწისქვეშა გათხრილ სოროებში ცხოვრობენ.

ბილბო აბგელის ცხოვრება ერთ საღამოს სრულიად შეიცვლება – მას ჯადოსანი, გრძელწვერა განდალფი ესტუმრება და თავგადასავალიც იწყება. ბილბო აბგელს დიდი მისია დაეკისრება – ჯუჯებს დაკარგული განძის დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს.

ბილბო ზღაპრის გმირივით, ოდისევსივით, ავთანდილივით სახლიდან გადის და უკან გაწეული თავდადებისთვის ოქროთი სავსე სკივრითა და დიდი ცოდნით ბრუნდება. მერე ჯდება და წიგნის წერას იწყებს.

ბილბოსთვის ადვილი არ აღმოჩნდება კომფორტის ზონიდან გასვლა, ჩვენ გულიანად გვეცინებოდა ყოველ ჯერზე, როცა ბატონი აბგელი შინ ყოფნასა და ნოყიერ საჭმელს ნატრობს.

ჯუჯებიც ეჭვის თვალით უყურებენ, ხშირად უსამართლოდ სტკენენ გულს. ყოველი ასეთი შემთხვევისას განდალფი ჩნდება და ხმას იღებს, ის ბილბოს იცავს და არა მარტო ჯუჯებს, არამედ თავად ბილბოსაც არწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებში.

მთელი გულით ვიყვარებ კეთილ ჯადოსანს, რომლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით და დიდი სურვილი მიჩნდება, რომ ის ჩემს ცხოვრებაშიც საჭირო დროსა და ადგილას გაჩნდეს, ხმა ამოიღოს, ისეთი საქმის კეთებისკენ მიბიძგოს, მეც რომ გამზრდის პიროვნულად და სხვასაც სიკეთეს მოუტანს.

 

„სუადი – ცოცხლად დამწვარი“

მარიამს ხვეული თმა, მუქი თაფლისფერი თვალები აქვს და სიცილისას თავს უკან წევს ხოლმე. მამას თივის დადგმაში ეხმარება, ცხენსაც დააქროლებს და დედასთან ერთად კარტოფილსაც საგულდაგულოდ არჩევს მიწიდან. ჩვენი ურთიერთობა თამართან და კესოსთან ერთად დაიწყო. მარიამი უფრო თამამია და გაკვეთილი მისი კომპლიმენტებით იწყებოდა. ახლა ხშირად მახსენებს, პირველ გაკვეთილზე რომ გვითხარით, გემის კაპიტანიც ვყოფილვარ, წყალქვეშ და კოსმოსში მიმოგზაურია – ყველაფერი, სულ ყველაფერი დაგიჯერეთ სოფლის ბავშვებმაო და გულიანად იცინის.

მარიამმა ორი წლის წინ სუადის ამბავი წაიკითხა, მერე სკოლის ყველა მასწავლებელს, დირექტორს, დამლაგებლებს წააკითხა და რადგან უმეტესობა ქალია, ფემინისტური მოძრაობის წამოწყება გამოუვიდა. მერე უწერიდან თბილისში გამომიგზავნა. ერთი სული ჰქონდა, როდის გავიზიარებდი მის განცდებს.

„სუადი მქვია, პალესტინელი ვარ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები ბავშვი, ჩემს დასთან ერთად ცხვრებსა და თხებს ვმწყემსავ… ვირსაც კი არ ამუშავებენ ჩემსავით“, – სუადი გვიამბობს თავისი ცხოვრების შესახებ და რასაც კითხულობ, ძალიან მტკივნეულია.

17 წლის სუადს ოჯახის წევრებმა ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. ცეცხლმოკიდებული გოგონა გაიქცა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. სუადის დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ მას შეუყვარდა და მიატოვეს.

თანამედროვე სამყაროში მდინარე იორდანეს ნაპირებზე ახლაც ცხოვრობენ კაცები, რომლებიც ქალებს ცხოველებად თვლიან; ქალები, რომლებიც გოგო შვილებს ცხვრის ტყავში გუდავენ; ოჯახები, რომლებიც ღირსების სახელით ცოცხლად წვავენ და ქოლავენ გოგოებს, ქალებს.

სუადი გადარჩა და მთელ მსოფლიოს უამბო თავისი ტრაგედიის შესახებ. მან ხმა ამოიღო, თუმცა, დასახიჩრებული სხეული ტრაგედიის დავიწყების საშუალებას არ აძლევს და ტრავმებს ახლაც ებრძვის.

სუადის სულისშემძვრელ ამბავში ბევრი ნათელი ადამიანია, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით თავდადებით იბრძვიან უკეთესი მსოფლიოსთვის. ჟაკლინი ახლო აღმოსავლეთში, ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობს.

„დასავლური გონებისთვის, განსაკუთრებით დღეს, დაუჯერებელია, რომ ძმას ან მამას და და ქალიშვილი შეუძლია იმიტომ მოკლას, რომ ის შეყვარებულია. დასავლეთში ქალები თავისუფლები არიან, ისინი არჩევნებში ხმას აძლევენ…“, – წერს ჟაკლინი.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა მკითხა, რა გატირებს ხოლმეო, რეალობასა და წიგნებშიც ჟაკლინისნაირი ადამიანები მატირებენ – უფრო რომ დავაზუსტო, სიკეთის გამოვლენა, სიმამაცე, სხვისი კეთილდღეობისთვის ზრუნვა, მეგობრობა.

„სუადი – ცოცხლად დამწვარი“ ყველას გამოაფხიზლებს და სხვისი თავისუფლების სადარაჯოზე ყოფნას მოასურვებს.

მარიამმა მომწერა, ერთი მასწავლებელი სუადის ამბის წაკითხვის შემდეგ ქმარს „აუჯანყდა“, მარტო მე აღარ მოვწველი ძროხებსო.

 

ემი იტერანტა – „ნაქსოვი ქუჩების ქალაქი“

გიორგის სკოლა 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა. მეხუთე კლასიდან სწავლა მან წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში განაგრძო. იქ გავიცანით ერთმანეთი. ლიტერატურული კაფეებს ვმართავდით და წაკითხული წიგნების ირგვლივ ვსაუბრობდით.  მეხუთე კლასის დასრულების შემდეგ მშობლები დაითანხმა და რამდენიმე დღე სოფელ უწერაში გვესტუმრა. საზაფხულო სკოლის გაკვეთილებსა და მთაში გამართულ ლიტერატურულ კაფეს  დაესწრო. ძალიან კარგად წერდა, განსაკუთრებით, თვითირონია და იუმორი ეხერხებოდა და სკოლის ბლოგზე ხშირად ვაქვეყნებდით წერილებს.

ერთხელ წიგნის ფესტივალზე ემი იტერანტას „ნაქსოვი ქალაქების ქუჩა“ მიყიდა და მაჩუქა.  ფინელი მწერლის სადებიუტო რომანის – „წყლის საიდუმლოს“ – შესახებ  ლიტერატურულ კაფეში ვისაუბრე, გიორგის მწერლის სახელი და გვარი დაამახსოვრდა.  დისტოპიურ რომანში გამოგონილი სამყაროა აღწერილი. მთავარი პერსონაჟი, ელიანა, პირველივე გვერდზე  ენაამოგლეჯილ გოგოს პოულობს. მქსოველთა ქალაქში ყველას ეშინია და სიზმრის ნახვა აკრძალულია.  რომანში ამბები მოთხრობილია ულამაზესი შედარებების ფონზე. „ნაქსოვი ქუჩების ქალაქის“ წაკითხვა პანდემიის დაწყების პერიოდს დაემთხვა და კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვამდი ელიანას დარდს. ჩემი აზრით, რომანის მთავარი სათქმელი ალეგორიულია – შეიძლება, სიზმრების ნახვა აკრძალული არ გვაქვს, მაგრამ ხმამაღლა სიმართლის გაჟღერება ჩვენს საზოგადოებაშიც უდიდეს გამბედაობას მოითხოვს. ერთი ეპიზოდი ხშირად მახსენებს თავს – მარჯნების საპოვნელად ადამიანებს ყვინთვას აიძულებენ, რაც გაუსაძლისია. თვითგადარჩენისთვის კი მაინც მიცურავენ წყლის სიღრმეში. ერთი გოგონა წყალქვეშ გაუჩინარდება, ამოყვინთვას დააგვიანებს და ელიანა მას გამალებით ეძებს წყალმცენარეებს შორის. „ნაქსოვი ქუჩების ქალაქი“ ისეთი წიგნია, რომლის წაკითხვას თამამად ვერ გირჩევთ. მასთან დამოუკიდებლად უნდა მიგიყვანოთ ცხოვრებამ საჭირო დროსა და ადგილას. მე კი მუდამ გიორგის გამახსენებს.

 

ალექს ფერგიუსონი – „ჩემი ბიოგრაფია“

გუკა გიორგის კლასელია. ფეხბურთელობის პარალელურად კარგად სწავლობს და კითხვაც უყვარს. ერთი წლის წინ მომწერა, რომ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფია წავიკითხეო. ჩემს მეგობარს, ზვიად კვარაცხელიას მოვუყევი გუკასთან მიმოწერის ამბავი და რამდენიმე დღეში წიგნი მაჩუქა.

ალექს ფერგიუსონის გაცნობამდე ჩემთვის ფეხბურთის სამყარო უცხო იყო. წიგნს „ჩემი ავტობიოგრაფია“ ჰქვია და სერ ფერგიუსონი თავისი ცხოვრების შესახებ ნაბიჯ-ნაბიჯ გვიამბობს.

შოტლანდიელი მწვრთნელის კარიერა გლაზგოში იწყება, სადაც ლუდხანის მართვის პარალელურად მწვრთნელად იწყებს მუშაობას. ჩვენც, მკითხველებიც ჯერ გლაზგოში ვართ და ბავშვობის მეგობრებთან და მეუღლესთან, კეტისთან ერთად წიგნის ბოლო გვერდამდე დიდი ინტერესით მივყვებით.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად სწორედ იმ წელს იწყებს მუშაობას, მე რომ დავიბადე – 1986 წელს და 26 წლის განმავლობაში ქმნის უზარმაზარ ისტორიას თავისი მარცხითა და გამარჯვებებით.

წიგნის წაკითხვის შემდეგ ალექს ფერგიუსონის გაგონებისას რამდენიმე სიტყვა მახსენდება – მადლიერება, გამბედაობა, ხასიათი, ამბიცია, შეუპოვარი, გამჭრიახობა, ოჯახი, საქმე, სიყვარული, პატრიოტიზმი.

ალექს ფერგიუსონი დიდი მადლიერებით იხსენებს ადამიანებს, რომლებმაც მის ცხოვრებაში თუნდაც პატარა როლი ითამაშეს. საკვირველი ის არის, როგორი დიდი პატივისცემით ახასიათებს მოწინააღმდეგეებს. მუდამ აღნიშნავს თითოეული მათგანის ღირსებას. ცდილობს, საქმიანი უთანხმოებები პიროვნული დაპირისპირებისგან გამიჯნოს, მაგალითად, ეს შეფასება: „მიუხედავად ჩვენ შორის არსებული პიროვნული უთანხმოებისა, სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვა, რომ ბენიტესს ჰქონდა უნარი თავის მოთამაშეების მობილიზება მოეხდინა და საბრძოლოდ განეწყო. ამისთვის, ცხადია, ის, როგორც გუნდის მწვრთნელი, შექებას იმსახურებს“.

მწვრთნელობა მასწავლებლობას ჰგავს – „იმისათვის, რომ ფეხბურთელებს ჩემ მიმართ რწმენა და ერთგულება ჰქონოდათ, საჭირო იყო, პირველ ყოვლისა, თავად გამჩენოდა მათდამი ასეთი გრძნობები. ეს ის ქვაკუთხედია, რომელზეც მტკიცე ურთიერთობები უნდა აშენდეს. ამ ყოველივეს მისაღწევად დაკვირვების უნარი დამეხმარა. ხანდახან ადამიანი ოთახში შედის და ვერაფერს ამჩნევს. საჭიროა თვალები ფართოდ გავახილოთ. სწორედ ამას ვიყენებდი ფეხბურთელების ვარჯიშის, განწყობისა და ქცევების შესწავლისას“, – წერს იგი და მეც დიდ ძალას ვგრძნობ ჩემი მოსწავლეების დაფარული შესაძლებლობების აღმოჩენის გზაზე.

ალექს ფერგიუსონი უდიდესი სიყვარულით საუბრობს თავის გაზრდილ ფეხბურთელებზე. რაიან გიგზი, ნევილი, დევიდ ბექჰემი, კრიშტიანუ რონალდუ – ჩემთვისაც ახლობელი ადამიანები გახდნენ. ფეხბურთის ერთდროულად მშვენიერ და სასტიკ სამყაროში, დიდი გამარჯვებების პარალელურად, ყოველი მარცხისას გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების დაუნდობლობა მწვრთნელსაც მყისიერი, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს.

მწვრთნელი გულღიად წერს, რომ ვერასდროს უხელმძღვანელებდა ინგლისის ნაკრებს, რადგან შოტლანდია მისთვის მუდამ პირველ ადგილას იქნებოდა.

ალექს ფერგიუსონი იხსენებს 21 წლის ასაკში გარდაცვლილ ფეხბურთელს, ჯიმი დევისს. ერთ-ერთი ღონისძიების ბოლოს მინისტრი მომიახლოვდა და ჯიმის საფლავზე წასვლა შემომთავაზაო. დაუვიწყარია, როცა მოქალაქეებს – მწვრთნელსა და მინისტრს – სხვა ადამიანის ხსოვნისადმი პატივისცემა აერთიანებს.

დაძაბული რეჟიმისგან განსამუხტად ცხენები, ღვინის შეგროვება და კითხვა შეიყვარა. „წიგნების კითხვა მშვენიერი საშუალებაა ყოველდღიური სტრესისგან თავის დასაღწევად“. – წერს ფერგიუსონი და საინტერესოა მის მიერ ჩამოთვლილ ავტორებზე დაკვირვება. პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შესახებ დაწერილ წიგნებს აგროვებს და დიქტატორების ცხოვრებას იკვლევს. ჩემს ყურადღებას იქცევს წიგნი სახელად „ახალგაზრდა სტალინი“, საიმონ სებაგ მონტეფიორეს ავტორობით.

ასეთივე დიდი გულწრფელობით წერს ლივერპულთან და ბარსელონასთან გამართულ თამაშებზე და მოწინააღმდეგე გუნდების ღირსებებზეც თამამად აღნიშნავს.

ავტობიოგრაფიული წიგნების წერა სახიფათოა. საკუთარი ცხოვრების შეფასებისას მკითხველის გაღიზიანებისგან ალექს ფერგიუსონს ობიექტურობა, სხვისი აღიარება, გამარჯვებისა და მარცხისადმი თანაბარი დამოკიდებულება იცავს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალექს ფერგიუსონის „ჩემი ავტობიოგრაფია“ ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა. ხშირად ვუბრუნდები და ვკითხულობ, რადგან ფეხბურთის სამყარო ცხოვრებას ჰგავს. შოტლანდიელი მწვრთნელის თავგადასავალი ქმედებისკენ გიბიძგებს. დიდი მადლობა გუკას ამ წიგნის აღმოჩენისთვის და ზვიადს, წაკითხვის შესაძლებლობისთვის.

 

 

მარიანე კაურინი „ჩვენი სამხრეთი“

დიანა მეშვიდე კლასშია. მეორე წელია მისი ქართულის მასწავლებელი ვარ. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მადლობას მიხდის, რაც ძალას მმატებს. უყვარს მათემატიკა, ფიზიკა, ჭადრაკი და კითხვა. ზაფხულის არდადეგებამდე სკოლაში მარიანე კიურინის „ჩვენი სამხრეთი“ მოიტანა და მასზე იმდენად ემოციურად ილაპარაკა, წაკითხვის სურვილი გამიჩნდა. ამ წიგნის შესახებ შორენა ტყეშელაშვილმა და ნასტასია არაბულმა Mastsavlebeli.ge-სთვის უკვე დაწერეს.

წიგნის ბოლოს საკვანძო საკითხები თეზისებად მქონდა ჩამოწერილი:

  1. ნუთუ იმას ვამჩნევ, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი?
  2. გვინდოდა, წარსულ დროზე გაგსაუბრებოდით.
  3. შენი აზრი გქონდეს.
  4. როდის ვითვლით დროს?
  5. ვის ვუშლით გულს?

თუმცა, მთავარი სათქმელისა და დასამახსოვრებელი პერსონაჟების პარალელურად, ეს წიგნი ჩემთვის უძვირფასესი სულ სხვა მიზეზით გახდა. ბოლო გვერდები მქონდა დარჩენილი, წიგნი ჩანთაში ჩავიგდე და ჩემს ძმასთან, ზურასთან გლდანის ფსიქიატრიულ კლინიკაში წავედი. იმ დღეს მე და ზურა „ფსიქიატრიულში“ ბოლოჯერ შევხვდით ერთმანეთს. საღამო იყო. ვისხედით ზაფხულის ხვატისგან ჩახუთულ ოთახში და ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით. მაშინ ვკითხე ბავშვობაში წაკითხული წიგნების შესახებ. ჩანთიდან „ჩვენი სამხრეთი“ ამოვიღე და ფანქრით ავტორებსა და სათაურებს ვიწერდი. ზურას ბავშვობის წიგნების ჩამონათვალი ამგვარია:

„მონტესუმას ასული“, დედოფალი იყო ფერადკანიანი, ხელი გადაიჭრა საქმრომ;

„ამერიკის შვილი“, ბიგერი, ბალიში დააფარა, გაგუდა;

„აივენჰო“ – არ დამიმთავრებია;

„საიდუმლო კუნძული“ – საჰაერო ბუშტით მიფრინავდნენ. ტყის თამბაქოს აგროვებდნენ. პურის მარცვალი დათესეს და მოიყვანეს;

„პატარა მაწანწალა“;

„თეთრი თათმანი“ – აღარაფერი მახსოვს;

„15 წლის კაპიტანი“ – კუზენი ბენედიქტი იყო.

როცა შარშან „15 წლის კაპიტანს“ ჩემს მოსწავლესთან, ანდრიასთან ერთად ვკითხულობდი, კუზენი ბენედიქტი გამუდმებით ჩემს ძმას მახსენებდა. ზურა და კუზენი ბენედიქტი ბავშვური გულუბრყვილობითა და გულწრფელობით ერთმანეთს უზომოდ ჰგვანან.

შეიძლება ფიქრობთ, რომ ფსიქიატრიული კლინიკა სასჯელია ოჯახის წევრებისთვისა და პაციენტისთვის. მე კი ვფიქრობ, რომ ის იყო ჩემი და ზურას, საერთოდ, ჩვენი ოჯახის, „ჩვენი სამხრეთი“ – ადგილი, სადაც ზოგჯერ ერთმანეთს ვხვდებოდით, ვეხუტებოდით, ვეფერებოდით, ვკოცნიდით, ვესაუბრებოდით.

 

ამგვარია მოსწავლეების გავლენით წაკითხული წიგნების ჩემეული ამბები, რომლებმაც დრო ხელშესახებ მოცემულობად აქცია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი