პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ქერიმ ანყოსი – ქართველი ქურთების ლიდერი

ჩვენი ხალხი ცუდად იცნობს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ. მათი ღვაწლი ხშირად შეუმჩნეველი რჩება ან მხოლოდ ერთი ერის შვილებისთვის არის თვალსაჩინო. არადა, ასეთი ადამიანების ცხოვრება, წარუმატებლობები და მიღწევები ქვეყნის ისტორიას აირეკლავენ და საზოგადოების განვითარების დონეზეც მიანიშნებენ. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება, რომ სამოქალაქო განათლების გაკვეთილები სხვადასხვა ეთნიკურის ჯგუფების წინამძღოლთა საქმიანობის განხილვას დაეთმოს.

საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი პერიოდიდან დღემდე სხვა ხალხებთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ ქურთები. ჩვენს ქვეყანაში ქურთთა ყველა ჯგუფს შეხვდებით. თბილისში ერთმანეთის გვერდიგვერდ მოღვაწეობენ ქრისტიანი, მუსლიმი და იეზიდი ქურთები. მათ თვითორგანიზებისა და საზოგადოებრივი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, რაც მეტწილად კონკრეტული ადამიანის – ქერიმ ანყოსის დამსახურება გახლავთ.

ვინ იყო ქერიმ ანყოსი?

თავის ერთ-ერთ გამოსვლაში თბილისის იეზიდური ტაძრის მშენებელმა, ბ-ნმა სულიკო სიმაევმა აღნიშნულ შეკითხვას უცნაური პასუხი გასცა. იეზიდმა მეწარმემ აღნიშნა, რომ ქერიმ ანყოსს ერთი პროფესია არ ჰქონია, ის აკეთებდა ყველაფერს, რაც საქართველოში მცხოვრებ ქურთებს სჭირდებოდათ. თავისი თანამემამულეების საჭიროებებიდან გამომდინარე ქერიმ ანყოსი მრავალმხრივ ადამიანად ჩამოყალიბდა, რომელიც ცდილობდა თავისი სხივები მრავალი დარგისა თუ საქმისთვის მიეწვდინა. თუმცა, პირველი შედეგების მიღწევამდე ქართველ ქურთთა მოამაგემ ურთულესი გზა განვლო.

ქერიმ ანყოსი 1910 წლებში ოსმალეთის იმპერიიდან საქართველოში გამოქცეული ლტოლვილების ოჯახში დაიბადა. მისმა მშობლებმა განადგურების პირას მყოფი სახელმწიფოს უკანასკნელი რეპრესიები საკუთარ თავზე იწვნიეს. თბილისში ჩამოსულებს წლების განმავლობაში უწევდათ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრება. გადმოსახლებულთა შორის ზოგიერთი ავტორიტეტი ღიად უჭერდა მხარს ქურთ-იეზიდთა თემის იზოლაციას, ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის მსურველებს ისინი მოწინააღმდეგეებად და ნაკლებად პრინციპულ ადამიანებად აცხადებდნენ. სიღარიბე, ჩაკეტილობა, მეორე მსოფლიო ომი და მისგან გამომდინარე შედეგები 1937 წელს დაბადებულ ქერიმ ანყოსს განათლების მიღებაში ხელს უშლიდა. ურთულესი წინააღმდეგობების მიუხედავად, დევნილმა ქურთებმა შვილი მაინც მიაბარეს საშუალო სკოლაში, სადაც მოსწავლემ განსაკუთრებული სიბეჯითე გამოავლინა. მომავალმა ლიდერმა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა. ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კი გეზი მეცნიერებისკენ აიღო და აკადემიის ორიენტალისტიკის ინსტიტუტს შეაფარა თავი.

ბ-ნ ანყოსს თავისუფლად შეეძლო წარმატებული საბჭოთა მეცნიერის რუტინით ეცხოვრა, ეკვლია სპარსული ენა და პოეზია, ირანის ისტორია, მაგრამ მან უარი თქვა მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებაზე. ქერიმ ანყოსი ხვდებოდა, რომ მხოლოდ მისი პირადი წარმატება, ინდივიდუალური წინსვლა საქართველოს ქურთების ემანსიპაციისთვის საკმარისი არ იქნებოდა. მისთვის საკმარისი არ გახლდათ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის კეთილდღეობა, ახალგაზრდა აღმოსავლეთმცოდნეს სურდა, რომ გზა დანარჩენებისთვისაც გაეკაფა. აქედან გამომდინარე, სტუდენტობის წლებიდანვე ჩაერთო საქართველოს ქურთებისთვის სასარგებლო საქმეების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ადრეული წლებიდან ღრმა სიბერემდე ბ-ნ ქერიმს მისთვის დაკისრებული მისიისთვის არ უღალატია და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ემსახურებოდა საქართველოსა და თავის ხალხს. მისი ყველა მიღწევის ჩამოთვლა შორის წაგვიყვანს, ამიტომ ლიდერის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები  ჩამოვთვალოთ.

1960-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში არაერთი ქურთული ორგანიზაცია დაუარსებიათ. სტუდენტებზე ზრუნვისთვის არსებობდა „ქურთ ახალგაზრდებთან მუშაობის საბჭო“, მასწავლებელთა მომზადებისა და დარაზმვის მიზნით საქმიანობდა „ქურთ პედაგოგთა საქალაქო ორგანიზაცია“, ცოდნის მასობრივად გავრცელებისთვის შეიქმნა ქურთთა სახალხო უნივერსიტეტი, საქართველოს მხატვართა კავშირის შემადგენლობაში ცალკე სტრუქტურულ ერთეულად გამოიყო ქურთი მხატვრების გაერთიანება და ა.შ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქურთული ორგანიზაციები ერთ ასოციაციად – საქართველოს ქურთ მოქალაქეთა საზოგადოებად შეიკრნენ. თითქმის ყველა ქურთული ორგანიზაციის დამფუძნებელი ბ-ნი ქერიმ ანყოსი გახლდათ. ის იღებდა ხოლმე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას – ერთმანეთთან დაეკავშირებინა ადამიანები, დაენაწილებინა შრომა, საერთო მიზნების მისაღწევად გადაედგა თანმიმდევრული ნაბიჯები.

ორგანიზაციების დაარსებისა და მართვის გარდა, თბილისელი ქურთი უამრავ დროს ხარჯავდა საკუთარი ხალხის ენის, კულტურის, რელიგიისა და ისტორიის კვლევისთვის, შესწავლილი საკითხების საჯაროდ განხილვისა და პოპულარიზებისთვის. ბ-ნ ანყოსს ათობით წიგნი აქვს გამოცემული, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქართველებისა და ქურთების ერთმანეთთან დაახლოებას, მათ შორის ურთიერთპატივისცემის გაღვივებას. მაგალითად, მან შეაგროვა და დაარედაქტირა ქურთი პოეტისა და მწერლის – ჯარდოე ასადის მიერ კურმანჯიზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი, რომელიც 2000-იან წლებში „კავკასიურ სახლში“ გამოიცა. ქერიმ ანყოსი გახლდათ ქურთული ენის არაერთი სახელმძღვანელოს, ანბანისა და ლექსიკონის ავტორი, იეზიდთა რწმენისა და წარსულის შესახებ გამოქვეყნებული მრავალი პუბლიკაციის შემოქმედი.

ქურთი ლიდერისათვის უცხო არ გახლდათ ხელოვნების სფერო. ის თავად წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მთელ მსოფლიოში ცნობილი სიმღერების ტექსტებს. საფუძველს უყრიდა საბავშვო და პროფესიულ ფოლკლორულ ანსამბლებს, თეატრალურ დასებს, ეხმარებოდა მათ ფინანსების მოძიებასა და განვითარებაში, პრესტიჟული გალერეების კარს უღებდა ადგილობრივ ქურთ მხატვრებს და ა.შ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია 1978 წელს საქართველოს ტელერადიო კომიტეტის შემადგენლობაში ანყოსის თაოსნობით შექმნილი ქურთული რედაქცია. საქართველოს რადიოს ქურთულმა რედაქციამ ასობით გადაცემა მოამზადა ქურთი ხალხისა და მისი კულტურის შესახებ და უნიკალური არქივი შემოუნახა მკვლევრებს, რომლებიც საქართველოს იეზიდთა წარსულის შესწავლას გადაწყვეტენ. რადიო მომავალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლიდერთა სამჭედლოდაც იქცა.

საქართველოს რადიოს ქურთული განყოფილების მთავარი რედაქტორი საერთაშორისო მოძრაობის გამორჩეული ფიგურაც გახლდათ. აღმოსავლეთმცოდნე ბევრს მოგზაურობდა სსრკ-შიც და მის ფარგლებს გარეთაც, რათა მსოფლიოს ყველა კუთხეში ქურთთა თვითმყოფადობისა და ერთიანობის დაცვის სასარგებლოდ ექადაგა, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ განხილვებში ქურთთა ინტერესები დაეცვა.

ორი წლის წინ ბ-ნი ქერიმი გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ დაამწუხრა ადგილობრივი იეზიდური, ქურთული თემი. პატარა რეპორტაჟი მოამზადა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. უმრავლესობას არც მისი გზა და არც მისი წასვლა არ შეუმჩნევია. არადა, ქერიმ ანყოსი საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხისთვის შეიძლება იქცეს ნამდვილ იდეალად, საკუთარი თანამემამულეებისა და მრავალეროვანი ქვეყნის ერთგულების ნიმუშად. ჩვენი ქვეყნის ყველა ეთნიკურ ჯგუფს ბ-ნი ანყოსის მსგავსი ლიდერი რომ ჰყავდეს, გაცილებით ახლოს ვიქნებოდით დემოკრატიულ სამყაროსთანაც და უფრო დინამიკური, მშვიდობიანი, საქმიანი საზოგადოების წევრებადაც ვიგრძნობდით თავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი