შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

დაამსხვრიე „ბორკილები“! -მოსწავლეებთან ერთად გააზრებული ტექსტებით

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში შემიყვარდა დონალდ ბისეტი, როცა მისი „ყველაფერი ყირამალა“ პირველად წავიკითხე. ვერ გეტყვით, ისევე აღვიქვამდი თუ არა ამ პატარა ზღაპრებს მაშინ, როგორც დღეს აღვიქვამ, მაგრამ ფაქტია, რომ მან მასწავლა განსხვავებული ხედვა, მან მასწავლა ფრენა! ბავშვობაში კლასელებისგან განსხვავებულად ვაზროვნებდი და ერთხელ ერთმა მეგობარმა თქვა: „წვეტიანი აზრები აწუხებსო“. კი! დღესაც ასეა, ოღონდ დღეს ამ „წვეტიან აზრებს“ კრეატიულობა და ორიგინალურობა ჰქვია.

მე-3 კლასის „მშობლიურ ენაში“ ნესტან კუპრავას შეტანილი აქვს ბისეტის „როგორ სწავლობდა გოჭი ფრენას“, „დედა წერტილი და შვილი წერტილი“ და „ყიყინა საფოსტო ყუთი“. მე მხოლოდ პირველ ორზე შევჩერდები. მგონია, რომ ამ ორი ტექსტის სიღრმისეული გააზრება ადამიანებს სტერეოტიპებთან ბრძოლაში დაეხმარება, თავისუფლებასა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას ასწავლის, ამასთანავე გაააზრებინებს, რომ ზოგჯერ სურვილების აუსრულებლობა უფრო მეტად გვზრდის, ვიდრე ასრულება.

ამ ქვეტექსტების ამოკითხვას მესამეკლასელი ბავშვი მარტო ვერ შეძლებს, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემეული ხედვა თქვენთვისაც გამეზიარებინა, რადგან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისეთი უნარების ჩამოყალიბება, როგორებიცაა პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ეთიკა, მეოცნებე იკაროსის გარშე, გარწმუნებთ, ნამდვილად უფერული იქნება.

მთელ ტექსტს აქ არ მოვიყვან, მაგრამ პოსტულატებად ჩავდებ იმ წინადადებებს, რომლებზეც ღირსეული პიროვნებები უნდა აღიზარდონ.

ამ ასაკის ბავშვებისთვის ა. წერეთლის „ღამურა“ ცოტა ნაადრევია, ამიტომ კარგი იქნება, თუ ტექსტის დაწყებამდე აყურებინებთ ძველ ქართულ ანიმაციურ ფილმს „ერთი პატარა თაგუნა“. დაუსვით კითხვები: რა აზრი ჰქონდა თაგუნას ვეფხვად, ძაღლად ან კატად გადაქცევას? რა უფრო მნიშვნელოვანია – შიგანი თუ გარეგანი მხარე?

ამის შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, დააკვირდნენ ახალი პერსონაჟის ქცევას ტექსტში.

ზღაპარი იმით იწყება, რომ გოჭს ფრენა უნდა და ჯადოსნურ წყაროსთან მიდის ნატვრის ასასრულებლად. წყაროც ფრინველად გადაქცევას სთავაზობს.

საოცარია გოჭის პასუხი: „არა, მე გოჭობა მინდა! მინდა, გოჭი ვიყო და თანაც ვიფრინო“.

მრავლისმნახველი წყარო კი პასუხობს, რომ გოჭების ფრენა არავის გაუგონია!

აქ ნამდვილად დროული იქნება კითხვა: უნახავთ თუ არა მფრინავი გოჭი? შეიძლება, გოჭი გაფრინდეს? არა? რატომ?

უნდა ვეცადოთ, ბავშვებს გავააზრებინოთ, რომ ოდესმე ყველაფერი სრულდება და ახალი იწყება. წინათ არც თვითმფრინავები არსებობდა, არც მობილურები და მანქანები, მაგრამ ისინი იკაროსისნაირმა მეამბოხე, მშრომელმა და იდეისთვის მებრძოლმა ადამიანებმა შექმნეს! ამ ბრძოლაში შეიძლება დამარცხდე როგორც ჯორდანო ბრუნო, მაგრამ თუ არ დანებდები, იდეას აუცილებლად აქცევ რეალობად.

ამის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე, გოჭი წრუწუნასთვის შეედარებინათ. რა ჯობია: ვეფხვად ქცევა თუ თვითმყოფადობის შენარჩუნება?

ბავშვებს თავიდან გაუჭირდათ პასუხის გაცემა, მაგრამ გავახსენე „პატარა ქალთევზა“ (მე-40 წთ), „პრინცესა და ბაყაყიც“ (21-ე წთ) და დავუსვი კითხვები: რა წაართვა სანაცვლოდ ჯადოქარმა ქალთევზას? რის წართმევას აპირებს წყარო, როცა ეუბნება გოჭს: „თუ ძალიან გინდა, მოგიხერხებ, ოღონდ ამისთვის ჯერ ფრინველად უნდა გაქციოო?“ ბავშვები უმალვე დაინახავენ სწორ არჩევანს!

ამ სამი ზღაპრის დახმარებით ბავშვები მივახვედრე, რომ იოლად არაფერი მოდის და თუ ვინმე განსაკუთრებული სურვილის ასრულებაში დაეხმარება, სანაცვლოდ ძალიან ძვირფას წაართმევს, როგორც სამივე შემთხვევაში მოხდა: სურვილის სანაცვლოდ თავის ძვირფას მეს კარგავენ პერსონაჟები, რაც თავისთავად ახლობლების დაკარგვას ნიშნავს. ამასთანავე, ისინი თავისუფლებასაც კარგავენ, ანუ მონები ხდებიან. თავისუფლების დაკარგვა ფაქტობრივად პიროვნების სიკვდილს ნიშნავს!

აქ მნიშვნელოვანია შემდეგი კითხვების დასმა: როგორ უნდა მოიქცე, აღარ უნდა ინატრო რამე? თუ ჯადოქრობას ან ვინმე ძალიან ძლიერს არ უნდა მიმართო სურვილების ასასრულებლად? თქვენ როგორ იქცევით, როცა რაღაც ძალიან გინდათ? როგორ ფიქრობთ, შეძლებს გოჭი ფრენას თუ ვერა?

თუ ტექსტს დავუბრუნდებით, დავინახავთ, რომ გოჭი ნაწყენია წყაროზე, თუმცა დროს უქმად არ კარგავს და გზადაგზა სურვილის ასასრულებლად ახალ გეგმას სახავს. ამ გეგმაში ახალი პერსონაჟები – ფრინველები ჩნდებიან, და არა ერთი და ორი – ალბათ იმ ტყის ყველა ფრინველი! გოჭი ყველა მათგანთან მიდის და სათითაოდ სთხოვს თითო ბუმბულს (ერთი ბუმბული კი აბა, რა სალაპარაკოა?!). მაგრამ ბუმბულები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გოჭი გაფრინდეს. მაშ, რა ხდება? იკაროსი საფრენი აპარატის – ფრთების შექმნას აპირებს!!! ის აკვირდება ფრინველებს, შეისწავლის მათ ფრთებს და აწყობს თარგს. გოჭი ხვდება, რომ საშიშ ექსპერიმენტს ატარებს და არჩევს მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ადგილს, სადაც კრახი უმტკივნეულო იქნება. იკაროსი ადის ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე და იქიდან ხტება თავისი ფრთების, თავისი გამოგონების გამოსაცდელად. თანაც მარტო კი არ მიდის – ცნობისმოყვარეთა მთელი არმია მიჰყვება, სხვისი თანდასწრებით კი ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა არ არის იოლი, მაგრამ გოჭი ამისთვისაც მზადაა, რადგან გამოცდისა და კრიტიკის გარეშე იდეის სისწორეში ვერასოდეს დარწმუნდება.

ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია – ბავშვებმა უნდა გაიაზრონ გოჭის მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, გონიერება. მას მიზნის მისაღწევად ორი გეგმა აქვს შემუშავებული: მოკლე, რომელიც თრგუნავს, ანგრევს და გრძელი, რომელიც არის ძიების, ცდის, შემოქმედების და მარცხის ან გამარჯვების გზა. ეს უკანასკნელი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა!

აი, იკაროსი კლდიდან გადახტა… და ყველასთვის მოულოდნელად გაფრინდა!.. გოჭი გაფრინდა და ესაა ყველაზე საოცარი დასასრული, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს გოჭმაც და ცნობისმოყვარე ხალხმაც. სწორედ ამ დროს იქცევა პატარა გოჭი უდიდეს გამომგონებლად, წყაროზე ძლიერ ჯადოქრად! მან მეობაც შეინარჩუნა და ნატვრაც აიხდინა! აქ მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ, რომ ყველაზე დიდი ჯადოქარი თვითონ ადამიანია, მხოლოდ მას შეუძლია ყველა სურვილის ასრულება, ოღონდ მისი ჯადოსნობა შრომაა!!!

მოგვიანებით ამ აღმაფრენას უდიდესი ემოცია მოჰყვება, გოჭი ვერ უძლებს დიდ სიხარულს და უფრო და უფრო ზემოთ მიფრინავს. სამწუხაროდ, მზის სიცხე წვავს თოკებს და იკაროსი წყალში ვარდება.

რა მოხდა? როგორ შეაფასებთ გოჭს? – თუ ამ კითხვებს დაუსვამთ მოსწავლეებს, ბავშვები გიპასუხებენ, რომ გოჭი ამპარტავნებისთვის დაისაჯა.

მაგრამ შემოაბრუნეთ ბავშვები იკაროსისკენ და დაუმეგობრეთ მას. გოჭს რომ სცოდნოდა, რომ მისი გამოგონება ასე მაღლა ფრენის საშულებას მისცემდა, იქნებ უფრო შესაფერისი რამე გამოეყენებინა ფრთების დასამაგრებლად?

განა ამხელა სიხარულთან, ამხელა ბედნიერებასთან გამკლავება ასე ადვილია? ის ბედნიერია, მან გამოცდილი და მრავლისმნახველი წყაროს სტერეოტიპი დაამსხვრია! დიახ, ის პირველი გოჭია, რომელიც გაფრინდა!  არ გაუხარდებოდა?!

თქვენ არ გაგიხარდებოდათ მის ადგილას?! – გაგიხარდებოდათ და თანაც როგორ! მიწაზე რომ ყოფილიყო, იხტუნავებდა, მაგრამ ცაში იყო და უნდოდა, მზისთვის ეთქვა თავისი გამარჯვების შესახებ!!! – გაუჩინეთ ემპათია ბავშვებს ბედნიერი (ქართულ სინამდვილეში ხომ ბედნიერები არ უყვართ) და განსხვავებული ადამიანების მიმართ!

ასწავლეთ, რომ დიდ სიხარულთან გამკლავებაც არ არის ადვილი, ზოგჯერ საუკეთესო საქმეს დიდი ემოცია ანგრევს. სწორედ დიდმა სიხარულმა დაავიწყა გოჭს სიფრთხილე! ანუ გოჭი ემოციურია და არა ამპარტავანი!

რა ხდება შემდეგ? სველი, შეშინებული, დარცხვენილი იკაროსი დედასთან გარბის ამბის მოსაყოლად და განაჩენის მოსასმენად, მაგრამ დედა ამშვიდებს და აქებს, ეიბნება, რომ ის გმირია, პირველი მფრინავი გოჭი! ნორჩ გამომგონებელს ეჭვი ღრღნის, ფიქრობს, რომ დედამ დაინდო და სურს, წყაროს აზრი მოისმინოს – მან ხომ პირველმა უთხრა, რომ მფრინავი გოჭები არ არსებობენ! ასეთი სტერეოტიპული აზროვნების საფუძველი ხომ ჯადოსნური წყაროა!

სასოწარკვეთილი, ცრემლმორეული იკაროსი მიდის მის უდიდესებულება ჯადოსნურ წყაროსთან და გულდათუთქული აღიარებს, რომ გოჭების ფრენა მართლაც არ შეიძლება.

საბოლოო სიტყვა კი წყაროზეა. მასზეა დამოკიდებული, გოჭი მომავალში გადახედავს და დახვეწს თავის გამოგონებას თუ აღარასოდეს გაიხედავს მისკენ.

და, ჰოი, საოცრებავ, წყაროს მანამდე არ უნახავს მფრინავი გოჭი, მაგრამ სჯერა, რომ მომავალში მილიონობით მფრინავი გოჭი იარსებებს და ის აქებს პატარა გენიოსს: „ასწიე თავი მაღლა!.. შენ მაინც ყოჩაღი ხარ, იკაროს!“

როდესაც ჩემს პატარებს ვკითხე, რას ფიქრობდნენ გოჭის მომავალზე, იზრუნებდა ის ფრთების გაუმჯობესებაზე თუ არა, ბავშვებმა მიპასუხეს, რომ იკაროსი აღარასდროს გაიმეორებდა ამას!!!

ამ სიტყვებმა დამარწმუნა, რომ ბავშვებს სხვისი აზრის ეშინიათ. შეცდომის ეშინიათ და მე, როგორც მასწავლებელს, მევალება ვასწავლო მათ, რომ საკუთარ აზრს მოუსმინონ, გათვალონ რისკები, ისწავლონ, რომ დიდ იდეებს ბევრი გამკიცხავიც ეყოლება და ბევრი დამარცხებაც მოჰყვება, მაგრამ გამარჯვებისთვის ბრძოლა ღირს! გამარჯვება მხოლოდ რამდენიმე ცდის შემდეგ მოდის.

კარგი იქნება, თუ ბავშვებს დავანახებთ, როგორი იყო იკაროსი ტექსტის დასაწყისში და რად იქცა ბოლოს: პატარა გოჭისგან ის მებრძოლ, მშრომელ გამომგონებლად (ჯადოქრად) ჩამოყალიბდა.

ამის შემდეგ აჩვენეთ პატარებს ქართველი ზვიად ციკოლია და უთხარით, რას ქმნის ის. შეახვედრეთ და გაასაუბრეთ. ბავშვებს აღარასდროს შეეპარებათ ეჭვი, რომ აუცილებლად უნდა იფიქრონ და იოცნებონ!

საინტერესო კომპლექსური დავალებები იქნება: „გოჭის დახასიათება“, „პიროვნების ტრანსფორმაცია იკაროსის მიხედვით“. გააკეთებინეთ ფრთები და დაწერეთ ამ ფრთებზე მათი ყველა ოცნება. ოდესმე დადგება ამ ფრთების გაშლის დრო!

მჯერა, რომ დონალდ ბისეტი თავის იკაროსთან ერთად ახალი გენიოსების თუ არა, მამაცი, დამოუკიდებელი, სტერეოტიპული აზროვნებისგან თავისუფალი ადამიანების აღზრდაში მაინც დაგვეხმარება.

„დედა წერტილი და შვილი წერტილი“ – დედების და, საზოგადოდ, უფროსების შეზღუდვებს უსვამს ხაზს. სამწუხაროდ, დღესაც ცოცხალია აზრი, რომ დედა (ქალი) მუდამ სერიოზულად უნდა იქცეოდეს, რომ მას გართობის უფლება არ აქვს. ფანქრის (სტერეოტიპული აზროვნების) მიერ შემოვლებულ რკალშია დღესაც ქალი და მას მხოლოდ საჭიროებისთვის ათავისუფლებენ. ჩემი მესამეკლასელი გოგონა მეუბნება, დედები ყოველთვის სერიოზულები უნდა იყვნენო. როცა ვკითხე, მასთან ერთად წრეში თამაშისას მჭირდებოდა თუ არა სერიოზულობა ან ნიშნავდა თუ არა ეს, რომ მე ცუდი მასწავლებელი ვიყავი, შეცბა. არა, მასო, – მიპასუხა. ამ გოგონას კლასელი ბიჭი კი მეუბნება, კაცს ყოველთვის ქალზე მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომ ოჯახი არჩინოსო. თითქოს არაფერია ამაში ცუდი, მაგრამ როცა ვკითხე, რა უნდა ქნან იმ ქალებმა, რომლებსაც ქმრები გარდაეცვალათ, მცირე ხელფასით შვილებს დააპურებენ-მეთქი? – დაიბნა. რა თქმა უნდა, ამ პატარებს არასოდეს უფიქრიათ თავიანთ სოციუმში გამყარებული აზრის საწინააღმდეგოდ, მაგრამ როგორც კი ერთ პატარა კითხვას დაუსვამ და დააფიქრებ, მცდარად ჩაბეტონებული აზრი მაშინვე ჩამოიმსხვრევა.

ამ პატარ-პატარა სტერეოტიპების დამსხვრევით ცდილობს ბისეტი დიდი და შეზღუდული აზროვნების დამსხვრევას. ყველა ქვეყანას, ეპოქას თუ საზოგადოებას თავისი სტერეოტიპული ბორკილები ადევს. კარგი იქნება, თუ ბავშვებს მათ გარშემო არსებული სტერეოტიპების დამსხვრევაში დაეხმარებით, ამისთვის კი უპრიანი იქნება, შესთავაზოთ ახალი კომპლექსური დავალება სათაურით: „დაამსხვრიე ბორკილები“. მიეცით კითხვების ჩარჩო, რომლებიც მათ საკუთარ სოციუმში არსებული სტერეოტიპების დანახვაში, გაანალიზებასა და დამსხვრევაში დაეხმარება. წააკითხეთ ისინი კლასის წინაშე და იმსჯელეთ. რამდენიმე კითხვას აქაც შემოგთავაზებთ, თუმცა, ბუნებრივია, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ან გამოაკლოთ რამე:

  1. რომელი სტერეოტიპები დაამსხვრია ბისეტმა?
  2. შენ რას ფიქრობ ამ შეხედულებებზე?
  3. რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული პიროვნების იდენტობის შენარჩუნება?
  4. დაასახელე ერთი ან ორი სტერეოტიპი, რომლებსაც შენ გარშემო ხვდები და დაამსხვრიე.
  5. როგორ უნდა დაამკვიდრო განსხვავებული აზრი?
  6. რა მოუვიდოდა სამყაროს, ყველას რომ სტერეოტიპულად ეაზროვნა?
  7. საკმარისია მხოლოდ ერთი ან ორი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი ფუნდამენტური ცვლილებების მოსახდენად?
  8. შენ მოგწონს სტერეოტიპულად მოაზროვნე საზოგადოებაში ცხოვრება?
  9. რა არის საჭირო სტერეოტიპების დასამსხვრევად?
  10. ურჩიე მეგობრებს, წაიკითხონ ბისეტის „ყველაფერი ყირამალა“, აუხსენი, რატომ უნდა წაიკითხონ და რას ისწავლიან ამ პატარა წიგნით.

მჯერა, რომ ბისეტსა და ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ასე გააზრებული ტექსტებით გაცილებით უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებას შევუწყობთ ხელს, ვიდრე ახლა გვაქვს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი