ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ მუხრან მაჭავარიანის „ვახტანგმა წყალი ისურვა“

ქართულის მასწავლებლის გამოწვევებს შორის ლირიკის სწავლება ალბათ ყველაზე რთული ამოცანაა, თანაც დაწყებით საფეხურზე, თანაც თუკი საქმე გვაქვს ორიგინალურ ლირიკოსთან, მრავალფეროვანი, ინდივიდუალური, განუმეორებელი პოეტური ხმითა და ხედვით. მეექვსე კლასში გაკვეთილის თემაა ნაწყვეტი მუხრან მაჭავარიანის პოემა „ვახტანგიდან“, რომელიც დასათაურებულია ასე – „ვახტანგმა წყალი ისურვა“.

საიდან და როგორ დავიწყო ამ ტექსტის მიტანა ბავშვების გულებამდე? – ვკითხე საკუთარ თავს, როგორც პოეტი გვეკითხება პოემის დასაწყისში და… უპირველესი ლირიკული ტექსტის არტისტულად წაკითხვაა, ხოლო ამ ლექსის დასასრულს რომ ავტორს ჯადოქრული რიტმიკა აქვს, თანამედროვე რეპის სტილის სასიმღერო ტექსტის საუკეთესო ვერსია, თუ იმასაც წამღერებით და შესაბამისი მოძრაობებით წაუკითხავთ ბავშვებს, მათი აღტაცება და საამური ჟივილ-ხივილი გარანტირებულია.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში პოეზიის გრანდებისა და ქურუმების, გალაკტიონის, ცისფერყანწელების, გოგლას, ლადოს, მირზას და სხვების მიერ დამკვიდრებულ პოეტურ ტრადიციებს ხომ ღირსეული გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა? საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ლირიკას დიდად გაუმართლა… დაიძრა პოეზიის ლავა და ნელ-ნელა გამოჩნდნენ: მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, მორის ფოცხიშვილი, ანა კალანდაძე, მიხეილ ქვლივიძე, გივი გეგეჭკორი, დავით წერედიანი, ოთარ ჭილაძე, ტარიელ ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე, ბესიკ ხარანაული, ტარიელ ხარხელაური, ლია სტურუა. საოცარი ამ პოეტებში ის არის, რომ ყველას ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებული, ორიგინალური ხმა, სტილი და ხედვა ჰქონდა. მათ წარმოუდგენლად გაამდიდრეს ქართული პოეზია.

მუხრან მაჭავარიანი უკვე 50-იანი წლებიდან იწყებს აქტიურ პოეტურ მოღვაწეობას და 60-იან წლებში ჟურნალ „ცისკრის“ გარშემო შემოკრებილ მწერალთა შორის გამორჩეულია. „ცისკრელები“ – ასე ვიხსენიებთ ამ ავტორებს. უახლესი ქართული მწერლობის ამ  პერიოდის ავტორთა შემოქმედების შესწავლა და ანალიზი თანამედროვე კრიტიკისა და ლიტმცოდნეობისთვის მიმდინარე პროცესია.

პოემა „ვახტანგი“ არ არის დიდი მოცულობის, თუმცა საინტერესოა მისი სტრუქტურა. ის დაყოფილია 6 თავად, ორიგინალური დასათაურებებით:  „ვახტანგმა წყალი ისურვა“, „სპილოები“, „თავმომწონე მხედარი და სხვა“, „ორბის ფრთა ეტყვის ცერასა“, „უჯარმით კაცი აფრინეს“, „ვითარცა მტკვარი“… პოემის ეს ნაწყვეტები ცალკე ლექსებადაც ქვეყნდებოდა და ძალზე პოპულარული იყო, განსაკუთრებით ფინალური ნაწყვეტი „ვითარცა მტკვარი“… ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ამ პოემას სრულად გააცნობს კლასს და არაპროგრამულ ნაწილზეც ერთობლივად იმუშავებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ მოსწავლეთა ინტერესი არ განელდება.

იმისთვის, რომ მეექვსეკლასელებთან მასწავლებელმა ეფექტურად ახსნას ეს უაღრესად მიმზიდველი პოემა, საჭიროა გავიაზროთ მთავარი, რაზე გავაკეთოთ აქცენტები, რა მიმართულებით წარმოვაჩინოთ ამ ნაწარმოების პოეტური ღირსებები.

ორიგინალობა და პოეტის არქაული ენა

მუხრან მაჭავარიანისთვის, როგორც შესავალშიც აღვნიშნეთ, დამახასიათებელია ორიგინალური, უცხო პოეტური ხმა, ყველასგან განსხვავებული სინტაქსური წყობა, რომელიც ძველი ქართული ენის საუკეთესო ტრადიციებითაც არის ნასაზრდოები. არქაიზმები მისი საყვარელი ენობრივი მასალაა, განსაკუთრებით კი ისეთ ტექსტებში, სადაც ძველი ეპოქის რეალიები, ამბები, მეფეები, გმირები და წმინდანები ცოცხლდებიან. ეს პოეტის მიერ საგანგებოდ შერჩეული ხერხია, რათა ენობრივი ქსოვილით მკითხველი წარსული ეპოქის კოლორიტს აზიაროს. ეს ხერხი ნამდვილად ეფექტურია, თანაც ძველი ქართული ენა პოეტის ელვარე ნიჭის წყალობით მკვდარი, უცხო და მოძველებული ფორმით კი არ გვხვდება, არამედ ახლებურად გაცოცხლებული, ახალსულშთაბერილი, თანამედროვე და სულში ჩამწვდომია. შევეცადეთ პოეტის მიერ იშვიათი გემოვნებითა და რუდუნებით შერჩეული არქაული ლექსიკა და ენობრივი ფორმები გარკვეული გრამატიკული სტრუქტურით დაგველაგებინა. მივიღეთ ამგვარი სქემა:

მაკავშირებელი სიტყვები და ზმნიზედები სით, ვითარცა, მარტოდენ, მუნთქუესვე, ყველაყა, ნამეტურ
ნართანიანი მრავლობითი ვაზირნი, ხელმოცარულმან, ცხენთ დაუყარეს, ულაყთა ლაგამწაყრილთა, თვალნი გამიხდნენ ფართონი, კაბა-ჯუბანი, პირჯვრის წერანი, ბაგენი, იყავნ ქალაქნი
ზმნების არქაული წარმოება გადინადირა, აღმოხდა, ეწადა, წარვედ, ვიგულმავიწყე, აღაღო
სახელები ესე, ულაყი, მწუხრი, ღრანტე, ხვითქი, იჩქითი,  კაბა-ჯუბა, ჩქერალი, ტაგანი, უღაღი, ჯანაბა, ჯალაბი, ნიშატი, ბაგე, ჩორთი, თოხარიკი
კომპოზიტები (სიტყვათწარმოება) ყოვლისმხედველი, ლაგამწაყრილი
მითოსური სახეები (არაგრამატიკული ნაწილიც აქვე დავიმოწმეთ, რადგან არქაულია სამივე სახე) წერამწერალი, მკვდარი მზე, მწუხრის ვარსკვლავი
მსაზღვრელ-საზღვრულის შებრუნებული წყობა ქედი მაღალი, ულაყთა ლაგამწაყრილთა, გზანი უღაღნი, სიტყვა მეფის
ორიგინალური სინტაქსური წყობა გავარდეს ჯანი, ადუღდა რომელიც, შენიშნა რამეთუ

 

მინი-პოემის სიუჟეტი და ამბის ორიგინალობა

პოემა უპირველესად დამაინტრიგებელი და საინტერესოა თავისი სიუჟეტით, ამბით, რომელიც თბილისის დაარსებაზე პოპულარული და გავრცელებული ლეგენდის ორიგინალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. პოემის შესავალში აკი მოგვმართა კიდეც ავტორმა და მიგვანიშნა თავის სურვილზე, რომ ამბავი არ ყოფილიყო უკვე ასგზის გადაღეჭილი ნარატივის გამეორება:

„დავიწყო ისე, როგორც სხვები იწყებენ ხოლმე, _

რატომღაც გული არ მაძლევს ნებას.

არადა, უშნოდ რომ მოვედვა ღობეს და ყორეს _

ეს შეიძლება?! _ რა თქმა უნდა _ არ შეიძლება!“

ნადირობის ნარატივი ლეგენდაშიც მთავარია და პოეტიც მას დაეყრდნო, თუმცა ხოხბისა და მიმინოს მდუღარე წყალში ჩაფუფქვის ცნობილ ეპიზოდს მუხრან მაჭავარიანის მოცემულ ტექსტში ვერ შეხვდებით. პოეტმა შემოიტანა ინტრიგა: ნადირობით დაღლილ მეფეს წყალი მოსწყურდა და მის მოსატანად ვაზირი გაიქცა. მან წყაროს ვერ მიაგნო და გადაწყვიტა მეფის მოტყუება, იფიქრა, ღელის წყალს მივუტან, რას მიმიხვდებიანო და როცა ღელეზე დაიხარა ტაგანით წყლის ამოსაღებად, აღმოაჩინა, რომ წყალი ცხელი, მდუღარე იყო. თავზარდაცემულ ვაზირს ეგონა, რომ სიცრუისთვის, საყვარელი მეფის მოტყუების მცდელობისთვის უფალმა დასაჯა და აღელვებული თავადვე ითხოვდა სასჯელის დამძიმებას. ვაზირის განწყობა, მისი თვითირონია და თვითკრიტიკა, მეფისა და მხლებელთა რეაქციები უაღრესად ცოცხლად, შთამბეჭდავად და რეალისტურად არის დახატული, ხალისსა და ინტრიგას მატებს სიუჟეტს.

სიმბოლოები, ალეგორიები და ალუზიები

ზოგადად, მხატვრული ტექსტი წარმოუდგენელია სიმბოლურ-ალეგორიული პლასტების გარეშე. მუხრან მაჭავარიანი ამ მხრივაც დიდოსტატია. პოემაში იკვეთება  დამაფიქრებელი სიმბოლურ-ალეგორიული  ქმედებები ლირიკული გმირებისა, მათ შორის გამორჩეულია მეფის ნადირობა და წყლის წყურვილი, აგრეთვე თბილისის მზე და მცხეთის ჩრდილი, ასევე სიმბოლურია თითქოსდა მოულოდნელად ნახსენები 2 უცხო ლირიკული გმირი – შოშიტა და შიოში.

მოგეხსენებათ, ნადირობა თითქმის ყველა მითოსურ თუ მხატვრულ ტექსტში სიმბოლურ-ალეგორიული აქტია, რომელიც ახლის ძიებასთან, დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებასთან, ახალი ძალებით ავსებასთან, განწმენდა-კათარსისთან, ახლის აღმოჩენა-მიგნებასთან არის ასოცირებული. „ვეფხისტყაოსანში“ ყოველ ნადირობას დიდი სიახლე და გარდატეხა მოჰყვება ხოლმე. სანადიროდ მიდიოდნენ მეფეები დიდი საქმეების დაწყებისა და დასრულების ჟამს. ასე მოიაზრებოდა, რომ ისრის გატყორცნით ადამიანი თავიდან იშორებდა დაგროვილ უარყოფით ენერგიას, კლავდა მხეცს ანუ ამით ეშმაკს ამარცხებდა და ღვრიდა სისხლს, რომელიც განწმენდის, კათარსისის, ახალი ენერგიით ავსების სიმბოლო იყო. მეფე ვახტანგის ხელმოცარული ნადირობა სიმბოლური და სიმპტომატურია და აი, უძლეველმა მეფემ, ზეკაცმა, „იალბუზზე ფეხს რომ შედგამდა და დიდი მთები იდრიკებოდნენ“, გადაწყვიტა გული არ გაიტეხოს, შეისვენოს, დაფიქრდეს, ჩაუღრმავდეს თავის წარუმატებელ ნადირობას და დალიოს წმინდა წყალი – ახლის ძიების, ღვთის შემეცნების, პოზიტიური ენერგიის სიმბოლო. გულთმისანმა გმირმა გამოიცნო, რით უნდა დაეძლია ნადირობაში ხელის მოცარვა. და აი, მიეცა კიდეც სიახლე. აღმოაჩინა ცხელი წყალი, ღვთაებრივი ნიშატისა, რომელზეც თბილი ქალაქი, თბილის-ქალაქი გააშენა. სიმბოლურია ისიც, რომ ვაზირმა ვერ იპოვა წყაროს წმინდა წყალი, რომელიც ჩაანაცვლა ახალმა კონცეპტმა – ცხელმა წყალმა, რომელიც ახალი იდეის, ახალი სიცოცხლის, ახალი ქალაქის  სახე-ხატია.

ლამაზი და ემოციურია თბილისის – ახლად აგებული ქალაქის, ერის ძალთა გაერთიანების სიმბოლოს მზისა და ძველი წმინდა დედაქალაქის – მცხეთის ჩრდილის ალეგორიაც. ამბობდნენ, რომ ვახტანგმა თბილისი ააგო, როგორც მცველი, მფარველი დედა-მცხეთისა, სიწმინდეთა შემნახველი პატარა ქალაქისა და ბუნებრივია, რომ თბილისს უნდა მიეშუქებინა მზე მცხეთისთვის და მცხეთა ჩრდილივით განუყოფელი უნდა ყოფილიყო ახალი დედაქალაქისგან, როგორც ეს არის დღემდე, ურყევი ერთობისა და სულიერი მთლიანობის სიმბოლო.

მოულოდნელად გაკრთება ტექსტში 2 ევფონიური, კეთილხმოვანი ანთროპონიმი – შოშიტა და შიოშ…  „სიტყვა მეფის, საქმე შენი – შოშიტა და შიოშ… – რაღა გვინდა აწი წყნეთში, ანდა მცხეთაშიო!“… პოეტი ულამაზეს ალიტერაციას გვთავაზობს აქ და თან დაგვაფიქრებს: ვინ არიან შოშიტა და შიოშ, რომელთაც ეროვნული ენერგიის სიმბოლოდ წარმოგვიდგენს?.. გავრცელებული გლეხური სახელები სიმბოლურ-ალეგორიულად განასახიერებენ ქართველ ხალხს, გლეხობას, რომელიც ყველა ეროვნული იდეის, ყოველი პროგრესული საქმის აღმასრულებელი, ქვეყნის იმედი, ძალა და საყრდენია.

ლექსში ვხვდებით ორ ალუზიას – მითოსურსა და  გრიგოლ ორბელიანისეულს და ისინი საოცრად მოიხდინა ამ ახალმა ტექსტმა. ალუზიის ფუნქცია ხომ ყოველ ტექსტში სწორედ ის არის, რომ ახალი მშვენებით, ახალი კონოტაციითა და ქვეტექსტებით გაცოცხლდეს და გაამდიდროს მკითხველის ფანტაზია. ვახტანგის ნადირობის თხრობას პოეტი ასე იწყებს: „ვახტანგმა გადინადირა ქედი მაღალი, ტყიანი, ვერ მოკლა ფური, ვერც ხარი“… ფრაზა პირდაპირ გადმოტანილია ხალხური ბალადიდან „ავთანდილ გადინადირა“. ეს ბალადა თავისთავად უნდა იყოს „ვეფხისტყაოსნის“ ალუზია და ტარიელის ძიებაში დატანჯული ავთანდილის ნადირობის გამოძახილად გვესახება… ასევე ქალაქის აშენების იდეა პოეტმა გრიგოლ ორბელიანის პოემა „სადღეგრძელოში“ დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ფრაზებით გაამდიდრა. გრიგოლ ორბელიანი ასე გადმოსცემს დავით მეფის აღმაშენებლურ ძალას:

„დავით ჰსთქვი: „იყავნ ქალაქნი!“ და აღმოცენდნენ ქალაქნი!
განჰვლე უდაბნო ოხერი, – სავსედ დაბებით შეჰქმენი!
დაჰკარ წერაქვი და აღჩნდნენ ტაძარნი, ტურფად ნაშენნი,
მუნ შენთან ღმერთსა ჰმადლობენ გალობით შენნი ივერნი!“

„წარმოსთქვა: – იყავნ ქალაქი! და… აღმოცენდა ქალაქი”, – ასე ოსტატურად გამოიყენა პოეტმა თავისი წინამორბედი რომანტიკოსი პოეტის ფრაზები.

მხატვრული სახეები/ლირიკული გმირები

უაღრესად საინტერესო მასალას იძლევა მუხრან მაჭავარიანის „ვახტანგმა წყალი ისურვა“ ლირიკულ გმირთა პორტრეტების დეკოდირებისთვის. ავტორი უდიდესი ოსტატობით ხატავს საკუთარ თავსაც, უძველესი ეპოქის მეფესაც, ემოციურ ვაზირსაც და შოშიტასა და შიოშის სახით გაერთიანებულ ქართველი ხალხსაც, რომელიც დაირაზმა მეფის იდეის გარშემო. მართალია, პოემა მოკლეა, არ არის ვრცელ სიუჟეტში გაწელილი, მაგრამ ვირტუოზული და ფილიგრანული პოეტური   ტექნიკით არის გაცოცხლებული ყველა სახე, მიგნებული ლირიკული შტრიხებით, მინიმალისტურად გადმოცემულია უღრმესი იდეები. სახეობრიობა ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია ავტორის ოსტატობის შესაფასებლად. აქ იხატება ლაღი, თავდაჯერებული, ბრძენი მეფე, ღირსეული სიმბოლო თავისი ხალხისა და ქვეყნისა. უაღრესად მომხიბვლელია ვაზირი, გულწრფელი, ემოციური, სხარტი, თავდაუზოგავი, მაცნე საოცარი ამბისა. შოშიტა და შიოშ თითქოს მოუძღვიან იმ ეროვნულ ენერგიას, რომელიც ახლომახლო სოფლებიდან ახალ დედაქალაქში შემოიტანა ჩვენმა ხალხმა. თითქოს ყოველ ქვასა და ძელს ამ ადამიანებმა თავიანთ ჯადოქრული ოსტატობითა და მონდომებით შთაბერეს სული და იშვა ჩვენი ყველაზე თბილი ქალაქი, თბილის-ქალაქი.

 

ლექსის ტროპული სამყარო და რიტმიკა

მრავალი ღირსება აქვს მუხრანის ამ ლექსს, მაგრამ მის ტროპულ სამყაროზე, რითმასა და რიტმზე ცალკე რომ არ ითქვას, შეუძლებელია.

„სიტყვა მეფის, საქმე შენი – შოშიტა და შიოშ…

– რაღა გვინდა აწი წყნეთში, ანდა მცხეთაშიო!…

მცხეთით, წყნეთით, თუხარისით;

ჩორთით, ოთხით, თოხარიკით –

უხალისოდ, თუ ხალისით მოაშურა ხალხმა თბილისს…

ქვამ ქვა იგრძნო. ძელმა – ძელი. ჩაიყარა საძირკველი.

დაიბადა თბილისელი. სტუმარს დახვდა მასპინძელი”…

ჩვენი პოეტები ხშირად გვაოცებენ ლექსის ვირტუოზული მუსიკალურობით, მაგრამ მოცემულ ნაწყვეტში მიღწეული რიტმიკა ნამდვილად ჯადოქრული და უიშვიათესია. თითქოს თანამედროვე ენერგიული რეპ-კომპოზიციის ტაქტებით არის აგებული ტაეპები, სიტყვა მღერის და მკითხველს უბიძგებს, რომ სიმღერითა და საცეკვაო მოძრაობებით გადმოსცეს ტექსტი. თუკი კლასში გვყავს მხატვრული კითხვის უნარით გამორჩეული ნიჭიერი მოსწავლეები, შეგვიძლია შთავაგონოთ, რომ საკუთარი აუდიოინტერპრეტაციებითა და იმპროვიზაციებით წაიკითხონ ეს ნაწყვეტი, შეუხამონ მას ცეკვა და ნაირფეროვანი პერფორმანსი. აქ არის ალიტერაციაც, რაღაცნაირი ენერგიული რიტმულობაც, საკვირველი რითმებიც („შიოშ – შიო“, „თუხარისით – თოხარიკით – თუ ხალისით“, „ძელმა ძელი – საძირკველი – მასპინძელი“).

ვფიქრობ, ზედმეტია დაწვრილებით მარკირება ლექსში გამოყენებული ტროპული ხერხებისა, მაგრამ არ შემიძლია, არ გამოვყო ერთი მეტაფორა და ერთიც ლიტოტესი. „აღმოხდა მწუხრის ვარსკვლავი – მკვდარი მზის მაჩანჩალა”… წარმოვიდგინოთ სცენა: ნადირობით დაღლილი მეფე და მისი მხლებლები, უცხო და უცნობი ველები, ხელმოცარული ნადირობის სევდა და უცებ… ღამდება… სევდა ღრმავდება და ამ დროს მწუხრის ვარსკვლავი ამოანათებს, იმედის სიმბოლო, ოღონდ ის პოეტმა წარმოიდგინა, როგორც მკვდარი მზის მაჩანჩალა. უდავოდ მორიგი პოეტური ჯადოქრობაა ეს მეტაფორა. მკვდარი მზე, დაისის მზე, ჩამავალი მზე, წითელი მზე მრავლისმთქმელი მხატვრული სახეა მითოსშიც, ხოლო მწუხრის ვარსკვლავი, რომელიც ამოანათებს მისი ჩასვლის შემდეგ, როგორც მკვდართა მზის მიმდევარი და მაჩანჩალა, საოცარი სახე-სიმბოლოა, გაპიროვნებულიც არის, მეტაფორულიც არის, დაისის პეიზაჟის ხედვაც აქვე არის…

ასევე ემოციური ლიტოტესია გამოყენებული ვაზირის სახის დასახატავად: „დამსაჯეთ! ჩემზედ ახია გზანი უღაღნი ჯანაბის, ახია ჩემზე გაშავდეს ჩემი სახლი და ჯალაბი!” – ითხოვს აღელვებული ვაზირი. არქაული ეპითეტი „უღაღი“ აქ ძალიან საინტერესოდ ჯდება, ხოლო მთელი ფრაზა არის ლიტოტესური სემანტიკისა, ლამაზად და რითმულად არის ასევე ფრაზაში ჩასმული სიტყვა „ჯალაბი“.

დიდი ძალა აქვს პოეტურ ტექსტს. მას შეუძლია სასიკეთო გავლენა მოახდინოს მოზარდების ემოციურ ინტელექტზე, მათ ფაქიზ მსოფლაღქმაზე, ხელი შეუწყოს გემოვნების დახვეწას მრავალი მიმართულებით. მუხრან მაჭავარიანის ეს ლექსი საუკეთესო მასალაა მოსწავლეებში ამ უნარების განსავითარებლად.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი