სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ჩემი მასწავლებელი

დიდი ხნის წინათ ქუჩაში მოთამაშე ორმა ბავშვმა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის კარიდან გამოსული ჩვენი თანატოლი გოგონა შევნიშნეთ. გოგონა ჩაცმულობით, ან აღნაგობით არ გამოირჩეოდა სხვებისგან, თუმცა ის, რაც ხელში ეჭირა ნამდვილად ანიჭებდა გარეგნულ მომხიბვლელობას. ეს წიგნი იყო. ოღონდ იმ სახელმძღვანელო წიგნებისგან განსხვავებული, რომლებსაც ჩვენი მშობლები წინა სასკოლოდ გაჭირვებით ყიდულობდნენ ხოლმე საკანცელარიო მაღაზიებში. ამ წიგნს გახუნებული ყდა ჰქონდა და უფერული ნახატი ამშვენებდა წარწერით: „საიდუმლო კუნძული“.

დღევანდელი ციფრული რესურსი, რომელსაც გამომცემლობები მხატვრული სათავგადასავლო ლიტერატურის გასაფორმებლად იყენებენ, ფაქტობრივად, შესაძლებლობას ართმევს მკითხველს უფრო მიენდოს თავის წარმოსახვას, აქ კი, ამ მუყაოს უფერულ და გახუნებულ ყდაზე გამოტანილი მინიმალიზმი მხოლოდ ფანტაზიის ამარას გტოვებდა და ბუნებრივად გიჩენდა კითხვებს: თუ რა საიდუმლოს მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ან ეს კუნძული, ან ის კარი, საიდანაც გოგონა წიგნით ხელში გამოვიდა. თავსატეხი ამოსახსნელი იყო და ეს ვერაფრით მოხერხდებოდა თუ ამ კარს მიღმა არ აღმოვჩნდებოდით. ასე შევაბიჯეთ საიდუმლოებისა და ჯადოქრობების დიდ დარბაზში, რომელსაც საბავშვო ბიბლიოთეკა ერქვა და გავიგეთ, რომ ქვეყანაში, სადაც არაფერი იყო უფასო, წიგნებს უფასოდ გვთავაზობდნენ. მას შემდეგ ბიბლიოთეკაში გამომწყვდეული ისტორიების, ორიგინალური ამბების მძარცველები გავხდით, წამოვიღეთ ცოდნა უამრავი ადამიანური ისტორიის, ფათერაკებიანი ზღვების, კუნძულების, მთების, მხედრების შესახებ, სამყაროს შესახებ, რომელიც ჩვენს მიღმა, პარალელურ წარმოსახვით ველში არსებობდა.

„საიდუმლო კუნძულამდე“ რაც წავიკითხე, ეს ჟიულ ვერნის რომანი, „80.000 კილომეტრი წყალქვეშ იყო“, ამიტომ, კაპიტანი ნემოს შესახებ ყველაფერი ვიცოდი. „საიდუმლო კუნძული“ ნამდვილად აღმოჩნდა იმ შთაბეჭდილების წიგნი, რომელმაც დამარწმუნა იმაში, რომ წიგნების კითხვას არასდროს დავასრულებდი. ამ წიგნის ფინალში ნემოს წყალქვეშა ხომალდის პოვნას ლამის პორტალში გასვლის ეფექტი ჰქონდა. ასეთი რამ დამემართა კიშლოვსკის სამი ფერის ამბავში, როცა პერსონაჟებმა სამი სხვადასხვა ფილმიდან, ბოლოს ფინალში მოიყარეს თავი და თუმცა არანაირი კინემატოგრაფიული ცოდნა არ გამაჩნდა, უცებ გავიფიქრე, რომ ამ გენიალურ რეჟისორს ძალიან უყვარდა ვერნი. ეს ამტკიცებდა, რომ წიგნები, ამბები ჩვენს გარშემო ერთმანეთთან ძალიან ახლოს არსებობდნენ და თავისთავად წარმოადგენდნენ რაღაც მთლიანის და საინტერესოს ნაწილს, რასაც არ აქვს დასასრული.

მსგავსი აღმოჩენები იმდენად მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ძალიან გინდა შენი შთაბეჭდილებები ვინმეს გაუზიარო, ისევე, როგორც ამას მაგალითად სპორტული გაზეთებიდან ამოკითხული საფეხბურთო სიახლეების განხილვისას აკეთებ. სპორტული სიახლეების მიმომხილველთა ნაკლებობას თანატოლებში თუ არასდროს ვუჩიოდი, სამაგიეროდ მხატვრული ლიტერატურის ქომაგები სანთლით მყავდა საძებარი, ამიტომ, საკუთარ შთაბეჭდილებებთან ინტერაქციის შესაძლებლობის ძიების გზაზე ხელში კალამმომარჯვებული, მაგიდასთან აღმოვჩნდი. ამ რვეულებში ისეთი გულუბრყვილო რამეები იწერებოდა, როგორების დაწერაც მარტო ბავშვებს შეუძლიათ. აქ იწერებოდა წერილები პორთოსისთვის, მორისისთვის, მარეკ პეგუსისთვის, ჰეკლბერი ფინისთვის, ედმონ დანტესისთვის, მაგრამ გამოხდა ხანი და ამ დიდებული ადამიანების სიას კიდევ ერთი სახელი შეემატა. სახელი, რომელმაც სრულიად განსაზღვრა ჩემი პროფესიული მომავალი, მომცა რწმენა და მაჩუქა იმედი. მას თეონა თეზელაშვილი ერქვა, ქართულ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდა და პორთოსისგან  ან ედმონ დანტესისგან განსხვავებით, ზედმიწევნით განიხილავდა თავგადასავლების გამოგონების ჩემეულ მცდელობებს, ყურადღებით ჩაკირკიტებდა ნებისმიერ უზუსტობას ტექსტებში და დაუზარლად მიბრუნებდა რეკომენდაციებს. ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ჰქონდა ღირსება, რომელიც მარტო თეორიული ცოდნით არ მოიპოვება. მას შეეძლო დაეხსნა მოსწავლე ნებისმიერი ყოფითი აპოკალიფსისგან, გამოეცადა ნებისმიერ ასპარეზზე და ეთქვა: შენ ეს შეგიძლია, ამიტომ, ამის გაკეთებას ერთად გავაგრძელებთ და ყველაფერი უკეთესად გამოგვივა.

ამ პირობებში მუშაობა ნებისმიერ ბავშვს გაუადვილდება. როგორია, ჯერ სადღაც, იფის მივარდნილი ციხესიმაგრის ჯურღმულში გდიხარ ტუსაღ აბატთან, ფარიასთან და ედმონ დანტესთან ერთად, რომელიც ჯერ არ გამხდარა გრაფი მონტე-კრისტო, ებრძვი ჭლექს, ნესტს, მზერას სიბნელეს აჩვევ და მოთმინებას სწავლობ. უთავო მხედარს კვალში უდგახარ და რაღაც ტრამალებში, გაუვალ ეკლებში სუნთქვა გახშირებული მისდევ. ყველგან ხარ და მაინც ვერავინ გხედავს, ყველას აკვირდები და მაინც ვერავინ გამჩნევს. მერე ხურავ წიგნს, შლი რვეულს და ლამპის შუქზე რაღაც შთაბეჭდილებებს იწერ, აგროვებ, თავს უყრი იმ უჩინმაჩინი მკითხველის ემოციებს, რომელიც ერთდროულად აქაცაა, ლამპის შუქით განათებულ ოთახში და წიგნების უკიდეგანო ფანტაზიის სამყაროშიც და შენი ცხოვრების პერსონაჟის ძერწვას იწყებ. სულერთია როგორი გამოგივა, მთავარია ის შეგრძნებები სადმე წაიღო, რომელიც ამ ჯადოსნურმა წიგნებმა გაგვიჩინეს, რამე მოუხერხო ამ სევდას და სიხარულს, რადგან ეს კარგი თერაპიაა, მერე მოუკრა თავი შენი შეგრძნებების ხურჯინს და შენი სკოლის მასწავლებელთან მიიტანო, იმიტომ, რომ იცი, ის ყოველთვის დაგელოდება. არ ვიცი რამდენი ასეთი რვეული დაგროვდა წლების მანძილზე. ცხადია, მათ არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნიათ, ერთადერთი ღირებულება წითელი კალმით შესრულებული ის შენიშვნები და შექებაა, რომლებიც მათში მრავლადაა, და ისიც მხოლოდ ერთი საიდუმლოს გამო. ეს საიდუმლო მდგომარეობს იმ დამოკიდებულებაში, რომელსაც მასწავლებელი მოსწავლისადმი იჩენს და რამდენჯერაც არ უნდა მომინდეს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, იმდენჯერვე შევძლებ მათ ნივთმტკიცებად გამოყენებას.

მას შემდეგ 15-18 წელზე მეტი გავიდა. თეონა მასწავლებელი ისევ სკოლაშია და ასწავლის. მას ჰყავს, ჰყავდა და კიდევ ეყოლება ჩემზე უკეთესი მოსწავლეები, რომლებსაც საკუთარი გზის პოვნაში დაეხმარება, მაგრამ, რომლებსაც მათი წინამორბედის მსგავსად, ერთხელაც აუცილებლად მოუწევთ დაფიქრება იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება დაუბრუნონ ვალი გაწეული ამაგისთვის. და ვერაფერსაც ვერ მოიფიქრებენ, რადგან ამხელა შესაძლებლობები სამყაროში არ არსებობს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი